2011-04-05, 10:10 PM | |
ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი, ჟაკ ლაკანი დაიბადა 1901 წლის 13 აპრილს (გარდაიცვალა 1981 წელს). მისი ნაშრომები ინტერდისციპლინური კვლევის მეთოდით გამოირჩევა, სადაც ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ენათმეცნიერებას, ფილოსოფიას და მათემატიკას. ლაკანზე დიდი გავლენა მოახდინეს ფროიდის, სოსიურის და ლევი-სტროსის ნაშრომებმა. ლაკანმა ფროიდის ნააზრევი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა სტრუქტურალისტური და პოსტსტრუქტურალისტური თეორიების ჭრილში, რითაც ფსიქოანალიზი პოსტსტრუქტურალისტურ თეორიად აქცია. ლაკანმა მოღვაწეობა დაიწყო, როგორც პრაქტიკოსმა ექიმ-ფსიქიატრმა. 1932 წელს დაიცვა დისერტაცია პარანოიდალურ მოშლილობებზე. მაგრამ ლაკანს არ მოსწონდა მაშინდელი ფსიქიატრიის მეთოდები, რომელიც ეყრდნობოდა ფარმაკოლოგიას, რამაც იგი ფროიდის ფსიქოანალიზთან მიიყვანა. თუმცა 1953 წელს იგი გამოვიდა საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციიდან და გახდა საფრანგეთის ფსიქოანალიტიკოსთა საზოგადოების წევრი. 1963 წელს ჟაკ ლაკანი გარიცხეს ამ საზოგადოებიდან, რომლის შემდეგ ლაკანმა დაარსა ფროიდიზმის პარიზის სკოლა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სიკვდილამდე. ლაკანის მთავარი დამსახურებაა ფროიდის ფსიქოანალიზის სტრუქტურალისტური რევიზია. ლაკანის მოღვაწეობა სამ სტადიად შეიძლება დავყოთ: რთულია ლაკანის შემოქმედებაზე საუბარი,
რადგან იგი მრავალშრიანია. თავისი იდეები მან გადმოგვცა არა წერილობითი
სახით არამედ სემინარების მეშვეობით, რომლის მასალებიც მხოლოდ მისი
გარდაცვალების შემდეგ დაიბეჭდა. თვით ლაკანი მიიჩნევდა, რომ თავის
მოძღვრებაში ყველაზე მთავარია სქემა – "რეალური”, "წარმოსახვითი” –
"სიმბოლური”. აღნიშნული სქემის შემუშავება მან 1953 წლიდან დაიწყო და
რომელიც დაწვრილებით გადმოსცა თავის ცნობილ სემინარებზე (1974-1975). საერთოდ ლაკანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა
ტოპოლოგიას, რომელსაც ხშირად სრულიად ფანტასტიკური სახით გამოსახავდა.
აღნიშნული სქემა ლაკანმა თავის თავზე გამოიყენა: პირველი ეტაპი,
სტრუქტურალისტურამდელი, მიეძღვნა "წარმოსახვითს”, მეორე ეტაპი,
სტრუქტურალისტური, – "სიმბოლურს”, ხოლო მესამე ეტაპი,
პოსტსტრუქტურალისტური, – "რეალურს”; გარკვეული მიმართებით აღნიშნული სქემა
შეესაბამებოდა ფროიდის ტრიადას "მე” – "ზე-მე” – "ის”. ლაკანის თანახმად ”მე” ვერასდროს დაიკავებს არაცნობიერის ადგილს და ვერც ვერასდროს შეძლებს მის მართვას, ვინაიდან ”მე” მხოლოდ და მხოლოდ ილუზიაა, თვით არაცნობიერის წარმოსახვის ნაყოფია. ლაკანისეული ფსიქოანალიზის მიხედვით, არაცნობიერი ყველაფრის საფუძველია. ლაკანი ცდილობს გაარკვიოს, თუ როგორ უყალიბდება ჩვილს ილუზია საკუთარი თავის, როგორც ერთიანი ცნობიერი არსების შესახებ, რომელიც სიტყვა ”მე”-თი გამოიხატება. ლაკანისთვის ცენტრალური კონცეფციაა არაცნობიერი, რომელიც ადამიანის არსებობის ყველა ფაქტორს მართავს და ენას ჰგავს. | |
ნანახია: 947 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |