უინსტონ ჩერჩილი, ციურიხის უნივერსიტეტში 1946 წლის 19 სექტემბერს წარმოთქმული სიტყვა
2011-02-22, 7:38 PM

მინდა გესაუბროთ ევროპის ტრაგედიაზე, ტრაგედიაზე იმ კეთილშობილი კონტინენტისა, რომელიც წარმოადგენს დასავლეთის სამყაროს მშობელი რასების სამშობლოს, ქრისტიანული სარწმუნოებისა და ეთიკის ფუძემდებელს, ძველი და თანამედროვე დროის კულტურის, ხელოვნების, ფილოსოფიისა და მეცნიერების აკვანს. ევროპა რომ გაერთიანებულიყო მისი საერთო მემკვიდრეობის კოლექტიური მოხმარების მიზნით, საზღვარი არ ექნებოდა 300 თუ 400 მილიონი ადამიანის ბედნიერებას, კეთილდღეობასა და დიდებას. მაგრამ ევროპაში გაჩნდა საზარელი ნაციონალისტური მოძრაობაც, რომელსაც საფუძვლად დაედო ტევტონური ერების სწრაფვა ძალაუფლებისკენ _ ამ მოძრაობამ მე-20 საუკუნეში თვალნათლივ დაგვანახა მშვიდობისა და კაცობრიობის სამომავლო პერსპექტივების რღვევა.

რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ევროპა? ზოგიერთმა პატარა სახელმწიფომ ნამდვილად მოახერხა, თავი დაეღწია კრიზისისათვის, თუმცა კონტინენტის უზარმაზარ ნაწილში დარჩა აურაცხელი რაოდენობის გაწამებული, მშიერი, პრობლემებით გატანჯული, დაბნეული და დამფრთხალი ადამიანი, მშობლიური ქალაქებისა და სახლების ნანგრევებიდან შიშით რომ გაჰყურებს ბნელ ჰორიზონტს და ტირანიისა და ტერორის ახალ გამოვლინებას ელის. გამარჯვებულები ხმამაღლა ზეიმობენ, ხოლო დამარცხებულთა შორის უიმედობის დამთრგუნველი სიჩუმეა გამეფებული. ერთმანეთის დაქუცმაცების და ნგრევის შედეგად სწორედ ეს მიიღეს უძველესი ისტორიის მქონე სხვადასხვა სახელმწიფოებში მცხოვრებმა ევროპელებმა და მათ შორის გერმანულმა რასებმა. მაგრამ ვინაიდან ატლანტის ოკეანის გადაღმა მდებარე უზარმაზარი სახელმწიფო მიხვდა, რომ ევროპის დაქცევა ან დამონება მის ბედ-იღბალზეც იმოქმედებდა და ბნელი დრო შეიძლებოდა დაბრუნებულიყო მთელი თავისი სისასტიკითა და გაჭირვებით, მან დახმარების ხელი გაუწოდა ევროპას. მაგრამ ეს ბნელი და სასტიკი დრო შეიძლება კვლავაც დაბრუნდეს.

მიუხედავად ამისა, არსებობს ხსნის გზა. თუ ადამიანების უმრავლესობა საყოველთაოდ და ნებაყოფლობით მიიღებს და დაადგება ამ გზას, ეს სასწაულებრივად შეცვლიდა მთლიან სურათს და სულ რამდენიმე წელიწადში მთელი ევროპა ან მისი უდიდესი ნაწილი ისეთივე თავისუფალი და ბედნიერი გახდებოდა, როგორც დღეს შვეიცარიაა. რას წარმოადგენს ეს არაჩვეულებრივი გზა? ეს არის ევროპული შენობის შეძლებისდაგვარად აღდგენა და მისი იმგვარად მოწყობა, რომ ადამიანებს მიეცეთ მშვიდობიანად, უსაფრთხოდ და თავისუფლად ცხოვრების საშუალება. ჩვენ უნდა ავაშენოთ ევროპის შეერთებული შტატები. ამ გზით ასობით მილიონ მშრომელს გაუჩნდება შესაძლებლობა, განიცადოს სიამოვნებისა და იმედის გრძნობა, რომელიც აზრს სძენს ადამიანის სიცოცხლეს. თავად პროცესი მარტივია. უბრალოდ ასეულობით მილიონმა ადამიანმა მართებულად მოქმედება უნდა მოისურვოს, რის შედეგადაც ისინი შეჩვენების ნაცვლად კურთხევას მიიღებენ.

ამ მიმართულებით დიდი სამუშაო გაწია პანევროპულმა კავშირმა, რომლის წინაშეც უსაზღვრო დამსახურება მიუძღვის გამოჩენილ ფრანგ პატრიოტსა და სახელმწიფო მოღვაწეს, არისტიდ ბრიანს. არსებობს, აგრეთვე, უზარმაზარი ორგანიზაცია, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საყოველთაო იმედის ხანაში წარმოიშვა. ეს არის ერთა ლიგა. ლიგის წარუმატებლობის მიზეზი არ იყო მისი პრინციპები და კონცეფცია: წარუმატებლობას საფუძვლად დაედო ის ფაქტი, რომ ამ პრინციპებს უღალატეს მათივე ავტორმა სახელმწიფოებმა, ვინაიდან ამ სახელმწიფოთა მთავრობებს შეეშინდათ ფაქტებისათვის თვალის გასწორება და მოქმედება მაშინ, სანამ ჯერ კიდევ იყო ამის დრო. ასეთი კატასტროფა აღარ უნდა განმეორდეს. ასე რომ, დაგროვილია დიდძალი ცოდნა და მასალა, რომელიც გამოდგება შენებისათვის, გვაქვს მიღებული მწარე და ძვირად მოპოვებული გამოცდილებაც ამ მშენებლობისთვის სულის ჩასადგმელად.

არ არსებობს ევროპის რეგიონული ორგანიზაციის გაერთიანებული ერების მსოფლიო ორგანიზაციასთან წინააღმდეგობის მიზეზი. პირიქით, მე მჯერა, რომ უფრო დიდი მასშტაბის სინთეზს სიცოცხლის პერსპექტივა მაშინ ექნება, თუ მას საფუძვლად ფართო ბუნებრივი დაჯგუფებები დაედება. დასავლეთ ნახევარსფეროში უკვე არსებობს ამგვარი ბუნებრივი დაჯგუფება, ჩვენ, ბრიტანელებსაც, გვაქვს საკუთარი თანამეგობრობა, რომელიც არათუ ასუსტებს, არამედ უფრო აძლიერებს მსოფლიო ორგანიზაციას და, ფაქტობრივად, მის საყრდენს წარმოადგენს. რატომ არ უნდა არსებობდეს ევროპული დაჯგუფებაც, რომელიც ამ ძლიერი კონტინენტის დაძაბუნებულ ხალხებს უფრო ფართო მასშტაბის პატრიოტიზმისა და საერთო მოქალაქეობის გრძნობას შესძენდა? რატომ არ უნდა დაიკავოს მან კუთვნილი ადგილი სხვა დიდ დაჯგუფებებს შორის, ანდა რატომ ვერ უნდა შეძლოს თავისი წვლილის შეტანა კაცობრიობისთვის ღირსეული ბედ-იღბლის გამოძერწვაში? ამის განსახორციელებლად სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე მილიონობით ოჯახმა შეგნებულად უნდა გამოხატოს ნდობა და მზადყოფნა.

ყველამ ვიცით, რომ ორი მსოფლიო ომი, რომელიც გამოვიარეთ, წარმოშვა გერმანიის თავკერძა სურვილმა, მსოფლიო ბატონობა მოეპოვებინა. უკანასკნელ ომში დანაშაულმა და მასობრივმა მკვლელობამ ისეთი მასშტაბი მიიღო, რომლის მსგავსი კაცობრიობას მე-13 საუკუნეში მონღოლთა შემოსევის შემდეგ არ ახსოვს. დანაშაული უნდა დაისაჯოს. გერმანიას უნდა ჩამოერთვას ხელახალი შეიარაღების უფლება და ახალი აგრესიული ომის გაჩაღების საშუალება. მაგრამ როდესაც ეს გაკეთდება, ბოლო უნდა მოეღოს შურისგებას და დამყარდეს, როგორც ამას ბევრი წლის წინ ბატონმა გლადსტონმა უწოდა, «დალოცვილი ამნისტია”. ყველამ ზურგი უნდა ვაქციოთ წარსულის საშინელ მოვლენებს და ყურადღება მომავლისაკენ მივაპყროთ. ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას, წინ წავიდეთ იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს ისევ წარსულის ჭრილობებზე აღმოცენებული სიძულვილი და შურისგება მივიღოთ. დაუსრულებელი უბედურებისა და საბოლოო დაღუპვისაგან ევროპის გადასარჩენად ევროპულმა ოჯახმა უნდა გამოხატოს ნდობა და დავიწყებას მისცეს წარსულის დანაშაულები. შეუძლიათ ევროპის ხალხებს სულიერების, ინტუიციისა და გაბედულების სიმაღლეების მიღწევა? თუ ისინი ამას შეძლებენ, წარსულის შეცდომები და ტკივილი ადამიანების მიერ გამოვლილ უბედურებებს წაჰყვება. არსებობს კი შემდგომი აგონიის აუცილებლობა? ნუთუ ისტორიამ მხოლოდ ის გვასწავლა, რომ ადამიანი ვერასოდეს ისწავლის ჭკუას? დაე, დამკვიდრდეს სამართლიანობა, გულმოწყალება და თავისუფლება. თუ ადამიანები ამას მოინდომებენ, უსათუოდ მიაღწევენ გულის წადილს.

ალბათ გაგაოცებთ ის, რის თქმასაც ახლა ვაპირებ. პირველი ნაბიჯი ევროპული ოჯახის აღდგენის გზაზე უნდა იყოს პარტნიორობა საფრანგეთსა და გერმანიას შორის. მხოლოდ ამ გზით შეძლებს საფრანგეთი ევროპის მორალური და კულტურული წინამძღოლის როლის დაბრუნებას. ევროპა ვერ აღორძინდება სულიერად ძლიერი საფრანგეთის და სულიერად ძლიერი გერმანიის გარეშე. ევროპის შეერთებული შტატების სტრუქტურა ისეთი უნდა იყოს, რომ ცალკეული სახელმწიფოების მატერიალურ ძლიერებას ნაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდეს. მცირე ერებსაც ისეთივე მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, როგორც დიდებს, და თავიანთ ღირსებას ისინი იმ წვლილის მიხედვით უნდა იხვეჭდნენ, რომელიც საერთო საქმეში შეაქვთ. გერმანიის უძველეს სახელმწიფოებსა და სამთავროებს, რომლებიც ხელსაყრელობის გამო ნებაყოფლობით გაერთიანდნენ ფედერალურ სისტემაში, ევროპის შეერთებულ შტატებში ინდივიდუალური ადგილების დაკავება შეუძლიათ.

აქვე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ შეიძლება ძალიან ცოტა დრო გვქონდეს დარჩენილი. დღეს ჯერ კიდევ არსებობს იმედი. აღარ ისმის სროლის ხმა, შეწყდა ბრძოლა, მაგრამ საფრთხე არ გამქრალა. თუ გვინდა ევროპის შეერთებული შტატების (ანდა რა სახელიც არ უნდა დაერქვას) ჩამოყალიბება, ახლავე უნდა დავიწყოთ. რაგინდ უცნაურად და საეჭვოდ არ უნდა ჟღერდეს, დღევანდელ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ატომური ბომბის ფარის და, მე ვიტყოდი, დაცვის ქვეშ. ჯერჯერობით ატომური ბომბი მხოლოდ ისეთი ერის ხელშია, რომელიც, ჩვენ ვიცით, არასოდეს გამოიყენებს მას, თუ საქმე არ შეეხება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვას. თუმცა რამდენიმე წელიწადში მასობრივი განადგურების ეს საშინელი იარაღი შეიძლება გავრცელდეს და გამოყენებული იქნეს მეომარი სახელმწიფოების მიერ, რაც არა მხოლოდ დაასამარებს იმას, რასაც ჩვენ ამჟამად ცივილიზაციას ვუწოდებთ, არამედ ნაწილებად დაშლის თვით დედამიწასაც.

ახლა ვეცდები შევაჯამო თქვენთვის წარმოდგენილი წინადადებები. ჩვენი მუდმივი მიზანი უნდა იყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შენება და გაძლიერება. მსოფლიო მასშტაბის ამ კონცეფციის გათვალისწინებით ჩვენ ხელახლა უნდა შევქმნათ ევროპული ოჯახი რეგიონული სტრუქტურით, რომელსაც შეიძლება დაერქვას ევროპის შეერთებული შტატები, ხოლო პირველი პრაქტიკული ნაბიჯი უნდა იყოს ევროპის საბჭოს ჩამოყალიბება. თუ თავდაპირველად ევროპის ყველა სახელმწიფო არ ისურვებს ან არ ექნება შესაძლებლობა, შეუერთდეს ამ კავშირს, უნდა გავაერთიანოთ ისინი, რომლებსაც ექნებათ ამის სურვილი და შესაძლებლობა. იდეა, რომელიც გულისხმობს ყველა რასისა და სახელმწიფოს ადამიანების გადარჩენას ომისა და დამონებისაგან, უნდა ემყარებოდეს მტკიცე საფუძველს და ყველა ქალისა და მამაკაცის მზადყოფნას, უმალ დაიხოცონ, ვიდრე ტირანიას დაემორჩილონ. ამ გადაუდებელ სამუშაოს წინ საფრანგეთი და გერმანია უნდა გაუძღვნენ. დიდმა ბრიტანეთმა, ბრიტანულმა თანამეგობრობამ, ძლევამოსილმა ამერიკამ და, ჩემი ღრმა რწმენით, საბჭოთა რუსეთმა (ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება) ახალ ევროპას მეგობრობა და თავდებობა უნდა გაუწიონ და დაიცვან მისი არსებობის უფლება. ამიტომ მოგიწოდებთ: «ავაშენოთ ევროპა!”


კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1252 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]