ონორე დე ბალზაკი
2011-02-20, 10:53 PM

ონორე დე ბალზაკი (დ. 20 მაისი, 1799, ტური ― გ. 18 აგვისტო, 1850, პარიზი), ფრანგი მწერალი. ნამდვილი სახელია ონორე ბალზაკი, ნაწილაკს „დე", რომელიც მაღალი დონის წოდებას გამოხატავს, ბალზაკი 1830 წლიდან იყენებს.


ბიოგრაფია 

მამამისმა, ქ. ტურის მერის თანაშემწემ, გლეხური გვარი მალსა არისტოკრატიულ დე ბალზაკად გადაიკეთა. დედა პარიზის წვრილბურჟუაზიული ოჯახიდან იყო გამოსული. 1803 წლიდან ბალზაკი მიაბარეს ერთ-ერთ პანსიონში, 1807 წლიდან კი ვანდომის სასულიერო კოლეჟში. 1814 წელს ოჯახი პარიზში გადასახლდა. ბალზაკი ჯერ ნოტარიუსის კანტორაში მუშაობდა, თან ლიტერატურის ლექციებს ისმენდა სორბონის უნივერსიტეტში, 1816 წელს იგი მამის ნებართვით სამართლის სკოლაში შევიდა, რომელიც 1819 წელს დაამთავრა, მაგრამ ოჯახს განუცხადა, რომ მისი მოწოდება ლიტერატურა იყო, განმარტოვდა მანსარდში და წერას შეუდგა.

ადრეული შემოქმედება 

პირველი ლიტერატურული ცდა — ტრაგედია „კრომველი" (1820) სუსტი აღმოჩნდა. 1822 წლიდან ბალზაკმა გზა გაიკვლია მკითხველისაკენ: ფსევდონიმით გამოაქვეყნა რამდენიმე მოდური რომანი, რომლებიც შემდგომ თვითონვე უარყო. ხელმოცარულმა კომერციულ საქმეებს მიჰყო ხელი. ბედი სცადა გამომცემლისა და მესტამბის როლში, მაგრამ ეს ცდა იმით დამთავრდა, რომ ვალი დაედო, რომელმაც შემდეგ მისი ლიტერატურილი ჰონორარის უდიდესი ნაწილი ჩანთქა. პირველი რომანი, რომელიც ბალზაკმა თავისად აღიარა და საზოგადოებაშიც გახმაურდა, იყო „შუანები" (1829). მას მოჰყვა: „ქორწინების ფიზიოლოგია" (1830), „გობსეკი" (1830), „უცხო შედევრი" (1831), „შაგრენის ტყავი" (1831), „ოცდაათი წლის ქალი" (1831). ბალზაკმა შესანიშნავი მთხრობელის სახელი მოიხვეჭა; მას დაუმეგობრდნენ გავლენიანი პირები, არისტოკრატი ქალები, რომელთა მეოხებით მაღალი წრის კარი გაეღო; მოსდიოდა მკითხველთა უამრავი წერილი. ერთ-ერთმა ასეთმა წერილმა, 1832 წელს, სათავე დაუდო პოლონელი თავადის ცოლთან ე. ჰანსკასთან ბალზაკის ხანგრძლივ რომანს, რომელიც 18 წლის თავზე, მწერლის გარდაცვალებამდე 5 თვით ადრე, მათი შეუღლებით დამთავრდა.

წარმატება 

1832 წლის შემდეგ ბალზაკმა დაწერა შემდეგი რომანები და მოთხრობები: „სოფლის ექიმი" (1833), „ეჟენი გრანდე" (1833), „სერაფიტა" (1833), „აბსოლუტის ძიება" (1834), „მამა გორიო" (1834-1835), „ცელქი მოთხრობები" (1832-1837). მან სამწერლო დიდების მწვერვალზე შედგა ფეხი, მცირე ხნით აისრულა კიდეც „ბრწყინვალე ცხოვრების" ნატვრა, ნამდვილი ბალზაკების გერბიც მიითვისა და ნაწილობრივ გოროზი არისტოკრატიული წრეების აღიარებასაც მიაღწია. 1834 წლიდან ბალზაკმა პერსონაჟთა გამეორება დაიწყო სხვადასხვა ნაწარმოებში: მას მოუმწიფდა გეგმა, თავისი თხზულებებით შეექმნა ერთიანი „ადამიანური კომედია", რომელშიც 137 ნაწარმოები უნდა შესულიყო. 1834 წლის შემდეგ მის მიერ დაიწერა: „გამქრალი ოცნებანი" (1837-1839), „ნუსინგენის სახლი" (1838), „კურტიზანების ბრწყინვალება" (1838), „კურტიზანების ბრწყინვალება და სიღატაკე" (1839-1847), „გლეხები" (1844), „კუზინ ბეტი" (1846), „კუზენ პონსი" (1847) და სხვა. ბალზაკი მწირივით ცხოვრობდა, ალყაშემორტყმული ულმობელი კრედიტორების მიერ, ჩქარობდა შეესრულებინა თავისი გეგმა და ვალებიც გაესტუმრებინა; ამავე დროს, თავს არ ანებებდა სარდინიაში ვერცხლის მადნის მოპოვებისა და პოლონეთ-საფრანგეთს შორის ხე-ტყის აღებ-მიცემობის წამოწყების ფანტასტიკურ პროექტებს. ამ პროექტების მიმართ მან გამოიჩინა არაადამიანური შრომისმოყვარეობა, 16-18 საათს მუშაობდა დღე-ღამეში და რკინის ჯანმრთელობა უძილობითა და გადამეტებული ყავის სმით გაინადგურა.

მემკვიდრეობა 


ბალზაკის საფლავი, პერ-ლაშეზის სასაფლაო (პარიზი)

ბალზაკმა მოასწრო 85 რომანისა და მოთხრობის დაწერა და დატოვა 50-მდე თხზულების მეტ-ნაკლებად სრული მონახაზი; შექმნა 2000-პერსონაჟიანი ეპოპეა — მთელი საზოგადოება, რომელსაც საკუთარი გენეალოგია, გეოეგრაფია და ცხოვრების ფილოსოფია აქვს. ეს ფილოსოფია გამომდინარეობს მწერლის მატერიალისტური მსოფლმხედველობიდან, რომელიც ზოგი რამით შუა საუკუნეების მისტიკურ მატერიალიზმს წააგავს. იგი შთაგონებული იყო ბიუფონის, კიუვიეს, სენტ-ილერის საბუნებისმეტყველო მოძღვრებებითა და მეთოდებით, რომლებიც მხატვრულ პროზაში გადაჰქონდა. თავისი თხზულებებისათვის ბალზაკმა უამრავი ფაქტი შეაგროვა ბურჟუაზიული საზოგადოების ყოფიდან, ღრმად შეისწავლა დედაქალაქის, პროვინციისა და სოფლის, ბირჟის, ბანკის, ნოტარიუსის კანტორების, რედაქციების, სასამართლოს, ბუდუარისა თუ სალონის ცხოვრება მათი უწვრილმანესი დეტალებით.

ავტორისავე კლასიფიკაციით, „ადამიანური კომედია" შედგება ზნე-ჩვეულებათა, ფილოსოფიური და ანალიტიკური ეტიუდებისაგან. თავის მხრით, ზნე-ჩვეულებათა ეტიუდებში შემავალი ნაწარმოებები ქმნიან კერძო, პროვინციული, პარიზის, სამხედრო, პოლიტიკური და სოფლის ცხოვრების სცენებს. „ადამიანური კომედია" ბალზაკმა დანტეს „ღვთაებრივი კომედიის" საპირისპიროდ შეარქვა თავის ქმნილებას. მან აქ მხატვრული ასახვის ობიექტად მოგვცა ამქვეყნიურობა, ე. ი. თანამედროვე ბურჟუაზიული საზოგადოება, მისი მხატვრული სინთეზი. „მე ვადგენ ბიწიერებისა და სათნოების ინვენტარს, აღვნიშნავ ვნებათა ღელვის უმთავრეს გამოხატულებად, ვხატავ ხასიათებს, აღვნუსხავ საზოგადოების ცხოვრების უმთავრეს მოვლენებს. მე, შესაძლოა, დავწერე ისტორია, რომელიც დავიწყებულია ისტორიკოსების მიერ, სახელდობრ, ზნე-ჩვეულებათა ისტორია", — წერდა ბალზაკი; მან შექმნა ფინანსისტებისა და ბირჟის სპეკულანტების, ნოტარიუსებისა და ადვოკატების, სამხედრო პირებისა და მოხელეების, რესპუბლიკელებისა და მონარქისტების, მეცნიერთა და ხელოვანთა, კარიერისტი ახალგაზრდებისა და გადაგვარებული არისტოკრატების, გამყიდველი ჟურნალისტებისა და საეჭვო ზნეობის დედაკაცთა ტიპების გალერეა. ამ საზოგადოებაში მატერიალური ინტერესი ჩრდილავს ყველაფერს; მამოძრავებელი ღერძი აქ ფულის სიყვარულია. მაგრამ, თუ ბალზაკი რეალისტია ფაქტების დაგროვებაში, სოციალური გარემოსა და ადამიანის ცხოველური ინსტინქტების ასახვაში, თუ მისი რომანები საფრანგეთის სამი თაობის — პირველი იმპერიის, რესტავრაციისა და ივლისის მონარქიის მხატვრულ სურათს წარმოადგენს, მეორე მხრივ, მას ახასიათებს რომანტიკული ინტერესი იდუმალი თუ არაჩვეულებრივი მოვლენებისადმი, რთული ინტრიგები, ცოტა არ იყოს მელოდრამის სიყვარულიც. მისთვის დამახასიათებელია აგრეთვე ფილოსოფიური ტირადები, მსჯელობანი სოციალურ თუ მორალურ თემებზე, რის გამოც მოთხრობის მსვლელობა ხშირად ფერხდება.

ბალზაკის სტილი თანაბარი არ არის. მკვეთრი, გონებამახვილი აფორიზმების საოცრად ორიგინალური და ელვარე სახეების გვერდით გვხვდება გაზვიადებული მეტაფორებიც, მაღალფარდოვანი და ფუყე გამოთქმებიც. მაგრამ მას ბადალი არ ჰყავს სიძუნწის, სიხარბის, უძღებობის, ავხორცობის, პატივმოყვარეობის, სიძულვილის, სიყვარულის, მამაშვილური გრძნობების, სულიერი სიმტკიცის, სიკეთის, ერთი სიტყვით, ყველა იმ ძლიერ ვნებათა ღელვის გადმოცემაში, რომლებიც მის გმირებს ხასიათის სიდიადეს ანიჭებს მათი მორალური ან ფიზიკური სიმახინჯის მიუხედავადაც. სოციალურ პლანში ბალზაკის შემოქმედება მიუკერძოებლად ადასტურებს არისტოკრტიის დაცემას, ბურჟუაზიის გაბატონებას და მომავლისათვის ფრიად რადიკალური დასკვნების გამოტანის წინამძღვრებს იძლევა. თავისი შემოქმედებით ბალზაკმა მსოფლიო ლიტერატურაში სათავე დაუდო ახლებურ, მონუმენტურ, კრიტიკულ რეალიზმს. ერთგვარი ავტონომიური ადგილი უკავია ბალზაკის შემოქმედებაში პიკანტური ნოველების კრებულს „ცელქ მოთხრობებს", ეს არის უბადლო მოვლენა გასული ეპოქების — აღორძინებისა და შუა საუკუნეების — კულტურის შეგრძნების თვალსაზრისით. ბალზაკის შემოქმედებას იცნობენ მთელ მსოფლიოში, იგი მრავალ ენაზეა თარგმნილი. ქართულ ენაზე მის თხზულებათა თარგმნას XX საუკუნის 30-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა გ. ქიქოძემ.


კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1138 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]