გოეთე
2011-02-20, 11:10 PM


იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე

გოეთეს ხელმოწერა

იოჰან ვოლფგანგ გოეთე

იოჰან ვოლფგანგ გოეთე (გერმ. Johann Wolfgang von Goethe; *28 აგვისტო. 1749, მაინის ფრანკფურტი - † 22 მარტი. 1832, ვაიმარი), გერმანელი მწერალი და მოაზროვნე.


ბიოგრაფია 

დაიბადა შეძლებული ბიურგერის ოჯახში. სწავლობდა ლაიფციგისა და სტრასბურგის უნივერსიტეტებში. სტრასბურგში დაუახლოვდა "ქარიშხლისა და შეტევის" მოძრაობას, მალე მისი აღიარებული თავკაცი გახდა. "ქარიშხლისა და შეტევის" პერიოდის გოეთესეულ გმირებში ერთი-მეორეს ერწყმის თავისუფლების პათოსი და უკიდურესი ინდივიდუალიზმი.

დრამის "გეც ფონ ბერლიხინგენის" (1773) გმირის ტრაგედია ისაა, რომ იგი ვერც ფეოდალებს მოსწყდა და ვერც ხალხს დაუკავშირდა ჯეროვნად. რომანში "ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი" (1774) აისახა ტრაგიკული ვითარება იმჟამინდელი გერმანიისა, სადაც "ძალა უსულო იყო, ხოლო სული უძალო" (ენგელსი). ვერთერის ტრაგედია ისაა, რომ ძალზე ბევრი სურს და ძალზე ცოტა შეუძლია. იგი ზედმიწევნით რბილი და "ლირიკული" პიროვნებაა საიმისოდ, რომ ყოფიერების ტრაგიკ. ასპარეზზე ღირსეული მორკინალობა შეძლოს. "ქარიშხლისა და შეტევის" პერიოდში გოეთე წერდა ფილოსოფიურ ჰიმნებს ("პრომეთე", "მეეტლე კრონოსი", "განიმედი" და სხვ.). მათ გასდევს გოეთესეული "ნათელი ერესის" კადნიერი იდეა, ღმერთთან ადამიანის სწორფრობის ტენდეცია. მძაფრი პანთეისტური მსოფლგანწყობითვეა გაპირობებული ამ ჰიმნთა სალექსო ფორმა: თავისუფალი, შინაგან ექსპრესიას დაქვემდებარებული, რითმის უგულვებელმყოფელი რიტმიკა.

1775 გოეთე ვაიმარის სასახლის მინისტრი გახდა. გოეთეს ვაიმარული ცხოვრების პერიოდი "მომთმენიანი წინააღმდეგობით" აღიბეჭდა; იძულებით კომპრომისზე წასვლა, "რეზინიაცია" ერთადერთი გზა აღმოჩნდა საიმისოდ, რომ გოეთეს მტრულ ცხოვრებისეულ გარემოცვაში "ფაუსტისა" და სხვა შედევრების შექმნა დასცლოდა. 1786 გოეთე ფარულად იტალიას გაემგზავრა. იტალიაში მან შეძლო ხელოვნებისა და მეცნიერების სიღრმეთა წვდომა. "ქარიშხლისა და შეტევის" იდეოლოგიის რკალის გარღვევა და სინამდვილისადმი რეალისტური-პოზიტიური მიმართების დამყარება. იტალიაში მოგზაურობა საფუძვლად დაედო გოეთეს ვაიმარულ კლასიციზმს.

შემოქმედება 

გოეთემ ყველა სხვა კლასიცისტზე უკეთ შეძლო ანტიკური ხელოვნების სახეთა მოდერნიზაცია, მათი შევსება საკუთარი შინაარსით ("იფიგენია ტავრიდაში", გამოქყვენდა 1787; "პანდორა", 1808). იტალიაში დაწერა გოეთემ ციკლი "რომაული ელეგიები". ამ პერიოდში შეიქმნა ნაშრომი "იტალიური მოგზაურობა" (ტ. 1-3, გამოქყვენდა 1816-29). 1788 გოეთე იტალიიდან დაბრუნდა. მის "ვაიმარულ" ნაწარმოებებში მკვეთრად გამოვლინდა რეზინიაციის პრობლემა, თუმცა პირველ ხანებში გოეთე სავსებით და ერთბაშად მაინც არ გასდგომია "ქარიშხლისა და შეტევის" სულისკვეთებას (დრამები "ეგმონტი", 1788; "ტორკვატო ტასო", გამოქყვენდა 1790; რომანი "შერჩევითი ნათესაობა", 1809 და სხვ.).

გოეთეს ყველაზე ტრაგიკული, თავისი ჩანაფიქრით შემზარავი პიესაა "ტორკვატო ტასო". გენიალური ხელოვანი ტასო, რომელსაც სასახლის კარზე იახლოვებენ, არ სჯერდება მასხარად ყოფნას და ჰერცოგის დასაც კი შეიყვარებს. ესაა მისი ტრაგიკული დანაშაული, რომლის არსს გამოხატავს პირფერი კარისკაცის ანტონიოს "სიბრძნე": ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს. დრამას ქვეტექსტად გასდევს: გოეთე მხოლოდ მწარე გამოცდილების კარნახით ეთანხმება ანტონიოს, გულით კი ტასოს თანაუგრძნობს, რომლის კადნიერ პრეტენზიას მისივე ადამიანური დიდბუნებოვნობა ასაზრდოებს. მაღალი ტრაგიკული პათოსი, რითაც გაგიჟებული ტორკვატო საკუთარ დანაშაულს ცნობს, ააშკარავებს, თუ რა მწვავედ განიცადა გოეთე-გენიოსმა ვაიმარის კარისკაცად თავისი გარდასახვის აუცილებლობა. 1789 საფრანგეთის რევოლუცია საკუთარ ფილოსოფიურ-მეცნიერულ ძიებასთან ერთად გოეთეს მსოფლმხედველობრივი მრწამსის წყაროდ იქცა.

გოეთემ რევოლუციურ თემას უძღვნა ნაწარმოებები: "მოქალაქე გენერალი" (1793), "აჯანყებულნი", "ვენეციური ეპიგრამები" (1796), "ჰერმანი და დოროთეა" (1798), "რაინეკე მელა" (1794), "უკანონო ასული" (1799-1803) და სხვ. ყოფიერების რევოლუციის რიტმის ტრაგიკული ხასიათს გამოხატავს გოეთეს "ფაუსტის" ძირითადი კონცეფციის შემცველი ექსპოზიცია "პროლოგი ცაში" (1797-1800). გოეთეს დამოკიდებულება რევოლუციისადმი არც აპოლოგეტურია და არც ნიჰილისტური. იგი მოვლენის ანალიტიკურ-კრიტიკულ განსჯას ემყარება და საბოლოოდ პოზიტიურია. გოეთეს რწმენით, ყოველი დიდი იდეა ტირანულად მოქმედებს თავისი დამკვიდრების პროცესში. "იაკობინურ ძალდატანებას" იგი პრინციპულად არ უარყოფდა. გოეთე მის მიმართ კრიტიკულად განეწყო 90-იან წლებში, როცა იაკობინელთა საქმიანობა რევ. ამაღლებულ იდეათა პროფანაციად აღიქვა. 1796 გოეთემ შილერთან ერთად გამოაქვეყნა ეპიგრამების ციკლი "ქსენიები". ამ პერიოდში დაწერა რომანი "ვილჰელმ მაისტერი" ორ ნაწილად: "ვილჰელმ მაისტერის განსწავლის წლების" (1796) გმირი ინდივიდუალიზმითაა შეპყრობილი და ობიექტურ სინამდვილესთან გადაუჭრელი წინააღმდეგობის გამო სულიერი კრახის წინაშე დგება; "ვილჰელმ მაისტერის მგზავრობის წლები, ანუ ხელის ამღებნი" (1829) გვიჩვენებს ეგოისტის გარდასახვას ჭეშმარიტ ადამიანად, კაცურ კაცად.

გოეთემ მუშაობა დაიწყო ავტობიოგრაფიულ წიგნზე "პოეზია და სინამდვილე" (ნაწ., 1-4 გაბოქვეყნდა 1811-1833), დაწერა დრამა "ეპიმენიდეს გამოღვიძება" (1815), ლექსების ციკლი "დასავლურ-აღმოსავლური დივანი" (1813-1819). "დივანს" ბოლომდე გასდევს სამყაროს ერთიანობისა და "მშვენიერი ადამიანის" იდეა; გოეთე არ კმაყოფილდება ბუნებასთან ღმერთის მხოლოდ პანთეისტური გაიგივებით. იგი ადამიანს აღაზევებს ბუნება-ღმერთზე და "მსოფლიო გონთან" მორკინალ არსებად წარმოგვიდგენს. ადამიანის ეს გაღმერთება გვევლინება ხანდაზმული გოეთეს მთელი ფილოსოფიური პოეზიის, როგორც ლირიკის, ისე "ფაუსტის", ზეიდეად.

"ფაუსტი" 

გოეთეს შემოქმედების მწვერვალია "ფაუსტი"( I ნაწ. 1801, გამოქვეყნდა 1808, II ნაწ. 1832), რომელსაც იგი თითქმის მთელი სიცოცხლე წერდა. "ფაუსტში" გარდამავალი ეპოქის მრავალსაუკუნოვანი კულტურული მემკვიდრეობაც ჯამდება და მომავალ ისტორიულ ეტაპთა პროფილიც ისახება. მსოფლიო პოეზიის ერთ-ერთი უღრმესი რეალისტური ქმნილება სიმბოლურ-ალეგორიული სტილის ნაწარმოებია; სახეთა და ეპოზოდთა უმეტესობა სიმბოლური ხასიათისაა და ორ აზრს შეიცავს ― პირდაპირსა და გადატანითს, რომელიც ღრმა ფილოსოფიურ აზრს გამოხატავს. ჭარბად გვხვდება ალეგორიული, ქარაგმული სახეები, რომლებიც უზოგადეს იდეებსა და მოვლენებს მიანიშნებენ (მაგ., ტრაგედიის ექსპოზიცია და ფინალი, რომელთა ერთიანობა ნაწარმოების დედააზრს გამოხატავს); ფაუსტი განასახიერებს ადამიანის სულის კადნიერ ლტოლვას თავისი ემპირიული ყოფის შეზღუდულობათა დასაძლევად. მაღალი ჰუმანისტური იდეალისათვის, ახლისათვის ჭიდილი მიმდინარეობს "უკანასკნელ საზღვარზე", "ყოფიერების კიდეზე".

ფაუსტის გენიალური ძალთახმევა მოქმედებს ყოველგვარი კომპრომისის გარეშე, მთელი სისრულით, აბსოლუტური მასშტაბებით. ფაუსტის ანტაგონისტურად გვევლინება ბოროტი სული მეფისტოფელი. მისი სამყარო ცინიზმისა და უნაყოფო გონებამახვილობის, ნიჰილიზმისა და უსულგულობის ნიშნითაა დადაღული. მეფისტოფელის ერთადერთი ღირებულება ისაა, რომ მისი ნეგატიურობა ფაუსტს იმპულსად ექცევა პოზიტიურისაკენ სწრაფვაში. ნაწარმოების I ნაწილში ფაუსტი ინდივიდუალისტად გვევლინება, რომელიც თვითდადგინებისაკენ სწრაფვას საკუთარი სურვილით საზღვრავს. II ნაწილში ფაუსტს ცდომილებათა დაძლევის გზაზე თანდათანობით მოთხოვნილებად ექცევა "საზოგადო თავისუფლების" პრინციპი. მას ბუნებისა და საზოგადოების გარდაქმნის იდეა მოიცავს. ამ "დიადი საქმის" განხორციელების ჟამს ფაუსტს აუცილებლობად ექცევა რადიკალური ზომების მიღება (ბავკიდასა და ფილემონის ეპიზოდი).

ფაუსტის "მშვენიერი წამის" პოტენციურ არსად გვევლინება "თავისუფალ მიწაზე თავისუფალი შრომის" დამკვიდრება. ტრაგედიის I ნაწ. ხალასი პოეზიით, ემოციურობითა და დინამიკით აღსავსე შედევრია ხელოვნებისა; II ნაწ., თ. მანის თქმით, სანახევროდ ფეერიას წარმოადგენს და სანახევროდ მსოფლიო ეპოსს, რომელშიც გერმანული ენის ყველა წყარო ჩქეფს. მისი ყოველი ეპიზოდი გასაოცარია და ბრწყინვალე, ღრმა აზრითა და დიდებულებით გამორჩეული. სცენა ფარსალიის ველებზე და პენეისზე, ელენეს ლეგენდის ჰუმორისტული წარმოდგენა ისეთი მხიარულებითა და სიმსუბუქით ბრწყინავს, რომ ამ ნაწარმოებთან ყოველი შეხება აღგვაფრთხოვანებს, ხელოვნების წყურვილს გვიღვიძებს.

ფილოსოფია 

გოეთე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ფილოსოფიური პოეტია. სპინოზას მსგავსად, იგი ღმერთთან გაიგივებულ ბუნებას მიიჩნევს causa sui-დ ანუ ყოველივეს მიზეზად. უმთავრესი, რასაც გოეთე "სპინოზიზმს" მატებს, არის ის, რომ ბუნება-სუბსტანციას არსებითი თვისების სახით აკუთვნებს მოძრაობას. გოეთეს მოძრაობა წარმოდგენილი აქვს არა მექანიკური დინამიკის, არამედ სიმპათიური და პოეტური "მისწრაფების", სამყაროს "სასიცოცხლო სულის" სახით. მოძრაობის გამოსახატავად გოეთე იყენებს არისტოტელესა და ლაიბნიცის ტერმინს "ენტელექიას", ოღონდ ისე, რომ ამ იდეალისტურ ცნებას საკუთრივ შინაარსს უკარგავს. გოეთემ ბუნების დიალექტიკური კონცეფცია შეიმუშავა. მისი დიალექტიკის პრინციპია დაპირისპირება და აღმასვლა, ცენტრალური ცნებებია "მეტამორფოზა" და "პირველფენომენი". გოეთეს მატერიალური-დიალექტიკური სინთეზისათვის არ მიუღწევია, მაგრამ მძლედ იკაფავდა გზას მისკენ. ესთეტიკაში გოეთე იზიარებს არისტოტელესეულ "მიმეზისის" ანუ ბუნებისადმი ხელოვნების "მიბაძვის" კლასიკურ-რეალისტურ თეორიას.

ბუნებისმეტყველება 

გოეთეს ისტორიული მნიშვნელობის შრომები აქვს ბუნებისმეტყველობის დარგში. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოეთეს მიერ ყბათაშორისო ძვლის აღმოჩენა (1784), მისი ნაშრომი მცენარეთა მეტამორფოზის შესახებ (1790); მანვე შემოიღო ტერმინი "მორფოლოგია". მცენარეთა და ცხოველთა ორგანიზმების აგებულების შესახებ გამოთქმული უმნიშვნელოვანესი დებულების გამო გოეთეს თავის დიდ წინამორბედად თვლიდა ჩ.დარვინი. გოეთეს მეცნიერულ შესწავლას საფუძველი ჩაუყარა მარქსიზმის კლასიკოსებმა.

საქართველოში 

გოეთესადმი ინტერესი საქართველოში XIX საუკუნეში გამოვლინდა და დღითი დღე იზრდება. ამას მოწმობს პოეტის ნაწარმოებთა თარგმანები, მისი ღრმად ჰუმანისტურ პრობლემატიკის მრავალასპექტოვანი ძიებანი და მეცნიერული შესწავლის წარმატებითი ცდები. ჩვენში გოეთეს მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრის გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების ქართული განყოფილება.


კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1188 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]