ზვიად გამსახურდია: "ღია წერილი ედუარდ შევარდნაძეს"
2011-02-20, 6:07 PM

ზვიად გამსახურდია: "ღია წერილი ედუარდ შევარდნაძეს" (I ნაწილი)ავტ.: გეორგიანელი : 3/17/2005


საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია

ღია წერილი ედუარდ შევარდნაძეს

”უსამართლო ძლიერებას საუკუნო არ აქვს ძალი,
უძლეველი საბოლოოდ არის მხოლოდ სამართალი”.

აკაკი წერეთელი

გადავწყვიტე, წერილობით მოგმართოთ, ვინაიდან მრავალი ჩვენს ურთიერთობაში გარკვევას საჭიროებს, როგორც ქართველი ხალხისათვის, ასევე მსოფლიოსათვის. ეს წერილი მიზნად არ ისახავს თქვენს განქიქებას, ან თქვენი როგორც პიროვნების შეურაცხყოფას. იგი ასახავს მხოლოდ ობიექტურ რეალობას. მე ვთვლი, რომ ის რაც ხდებოდა თქვენი მმართველობის დროს საბჭოთა პერიოდში, სახეცვლილად გრძელდება დღესაც და ასახავს ურთიერთობას საქართველოსა და იმპერიულ ცენტრს შორის, რომელმაც იმთავითვე დაგაკისრათ ფუნქცია საქართველოს ჟანდარმისა. ამიტომ მსურს გაგახსენოთ ყველაფერი უმცირეს დეტალებში და მოგახსენოთ ჩემი დასკვნები; მზად ვარ აგრეთვე მოვისმინო თქვენი კონტრარგუმენტები. დანარჩენი კი ერმა და საზოგადოებრიობამ განსაჯოს.

მართალია, პიროვნულად ჯერ კიდავ 60-იანი წლებიდან გიცნობდით, მაგრამ ჩვენი პირველი საქმიანი შეხვედრა მოხდა 1970 წელს. იმხანად თქვენ შინაგან საქმეთა მინისტრი იყავით და მამაჩემის, კონსტანტინე გამსახურდიას მეგობრად და კეთილისმსურველად სახავდით თავს. ამან გამაბედინა თქვენთან მოსვლა, როდესაც მამაჩემმა საახალწლოდ მიიღო ანონიმური წერილი ვითომდაც ,,რუსი და სომეხი ნაცისტებისა”; კუთხოვანი ასოებით დაწერილი ქართულ ენეზე, რომელიც ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდა მამაჩემს და მთელ ქრთველ ერს. ამ წერილში ნათქვამი იყო, რომ ქართელი ერი გადაგვარებისა და მოსპობის გზაზეა დამდგარი, და რომ ამას დააჩქარებენ რუსი და სომეხი ,,ნაცისტები”. მათი თქმით, აღმოსავლეთ საქართველო უნდა გადასულიყო სომეხთა და აზერბაიჯანელთა ხელში, დასავლეთ საქართველო კი რუსეთის ხელში. კონსტანტინე გამსახურდია, როგორც ეროვნული მოღვაწე, ამ ,,ნაცისტებს” უმთავრეს დაბრკოლებად ესახებოდათ ამ მიზნის მიღწევის გზაზე და ემუქრებოდნენ სიკვდილით. წერილში იყო ასეთი ფრაზა: "მოველით იმ წუთს, როდესაც დავიწყებთ ქართველთა სისხლის დაღვრას, ხოცვას ახალგაზრდებიდან დავიწყებთ”.

დიდხანს ვცდილობდი თქვენთან დაკავშირებას; მაგრამ ამაოდ. თქვენი მისაღები ხან მპასუხობდა თათბირი აქვსო, ხანაც რაიონშიაო წასული. სჩანს წინდაწინ იცოდით თუ რა საკითხზე მსურდა თქვენთან დაკავშირება. ბოლოს, როგორც იქნა, მწერალთა კავშირიდან მთავრობის აპარატით დაგიკავშირდით და მიმიღეთ. თქვენ წაიკითხეთ წერილი, განცვიფრება გამოხატეთ და დაავალეთ გამოძიება შსს ერთერთ გამომძიებელს. თანაც მითხარით ათიოდე დღეში გამოიარეთო. ამასთან რაოდენ დიდი იყო ჩემი განცვიფრება, რომ თქვენ საუბარზე დაისწარით ქალაქის მილიციის საგამომძიებლო განყოფილების ყოფილი უფროსი (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ), რომელმაც კინაღამ სიცოცხლეს გამოგვასალმა მე და მერაბ კოსტავა 1959 წელს საპატიმროში რეციდივისტი მკვლელების ხელით. აი, ასე გამეცით ,,სიმბოლური " პასუხი ჩემს კანონიერ მოთხოვნაზე, რომ გამოგეძიებინათ იმ ანონიმური წერილის ავტორის ვინაობა და როგორც ჩანს, გამოხატეთ თქვენი პოზიცია. ცხადია, შემდგომში არც არაფერი გამოიძიეთ და მიაფუჩეჩეთ საქმე. მრავალი რამ ამ ,,ნაცისტების” მუქარიდან თანდათან რეალობად იქცა მომდევნო წლებში, განსაკუთრებით კი უკანასკნელ წელს (1992 წ-ს.), საქართველოში დატრიალებული სისხლიანი მოვლენების დროს, მაგრამ ამაზე ქვემოთ ვისაუბრებ. ახლა კი, ჩვენი ურთიერთდამოკიდებულების სხვა მომენტებს დავუბრუნდები.

მჟავანაძისეული პერიოდის კორუფციისა და განუკითხაობის დროს ქართველი საზოგადოება გამოსავალს ეძებდა. თქვენ აცხადებდით, რომ იბრძოლებდით პატიოსნებისა და პრინციპულობისთვის, უშველიდით ქართულ კულტურას, მოუღებდით ბოლოს მაფიის თარეშს (ცხადია, დამოუკიდებლობასა და თაისუფლებაზე ოცნებაც კი გამორიცხული იყო მაშინ). ამიტომ მრავალი მიესალმა თქვენს მოსვლას ხელისუფლების სათავეში 1972 წელს და მეც იმედი გამიჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი დისიდენტი და საბჭოთა სისტემის მტერი. ახლა ვხედავ, რომ ეს იყო ახალგაზრდული გამოუცდელობა და კომუნისტური დემაგოგიის ვერშეცნობა ჩემის მხრით. რა უნდოდა იმის დანახვას, რომ კორუფციასთან ბრძოლის დროშა ააფრიალა ყველაზე მეტად კორუმპირებული სამინისტროს ხელმძღვანელმა და რომ პოლიტბიურო მხოლოდ საგანგებოდ შერჩეულ და შემოწმებულ კარიერისტ კოლაბორაციონისტებსა და რუსიფიკატორებს ნიშნავდა ნაციონალური რესპუბლიკების ხელმძღვანელებად? თურმე თვით მჟავანაძეც კი ,,ნაციონალისტად” მიაჩნდათ თქვენთან შედარებით, ვინაიდან მან (თავისი სისუსტით და არა პატრიოტიზმით) ვერ გამოუცხადა ომი საკუთარ ერს, მის ენასა და კულტურას, მის თვითმყოფადობას. ამიტომ იყო აღნიშნული პოლიტბიუროს ცნობილ დადგენილებაში მისი პერიოდის ,,ნაციონალისტური” გადახრები. ხელისუფლებლის სათავეში თქვენი მოსვლის შემდეგ მალე გაქარწყლდა ილუზია, რომ თქვენ კომუნისტური და რუსოფილური ნიღაბი გჭირდებოდათ მოსკოვის მისატყუებლად, რათა ეროვნული საქმისათვის მიგეხედათ. თქვენ დაიწყეთ რუსიფიკაციის კამპანია ისეთი მასშტაბით, როგორიც არ მოსწრებია ჩვენს მრავანტანჯულ საქართველოს თვით ცარიზმის შავბნელი რეაქციის წლებშიც კი. თქვენ განდევნეთ ქართული ყველა სახელმწიფო დაწესებულებიდან, რუსული ენა კი ფაქტიურად სახელმწიფო ენად აქციეთ. დაიწყეთ კამპანია ეროვნული სულის ყოველგვარი გამოვლინების წინააღმდეგ; თვით ისტორიულ თემაზე წერასაც კი ,,ნაციონალიზმად” ნათლავდით, ხოლო თქვენი მწერლები და კინორეჟისორები აშკარად გადავიდნენ ისტორიის გაყალბებაზე, საქართველოს რუსეთთან შეერთების, როგორც უაღრესად პროგრესული მოვლენის აპოლოგიაზე, ,,საბჭოთა პატრიოტიზმის”, შერეული ქორწინებების პროპაგანდაზე. ,,ინტერნაციონალიზმის” დროშით დაიწყო ქართული მოსახლეობის არნახული შევიწროება, სოფლად თუ ქალაქად, არაქართველთა პრივილეგიების პარალელურად. დაიწყო ბრძოლა ,,მავნე ჩვეულებებისა და ტრადიციების (!)” წინააღმდეგ, რაც ფაქტობრივად ნიშნავდა რელიგიურ წეს-ჩვეულებებთან ბრძოლასაც; პარალელურად კი ნერგავდით კომუნისტურ, საბჭოთა ,,დღესასწაულებს”, სადაც ღრეობისა და მუცელღმერთობის გარდა არაფერი ხდებოდა, ნერგავდით ,,ახალ რიტუალებს”, ე.ი. ახალ საბჭოთა, კომუნისტურ რელიგიას.

დღეს, კრიმინალიურ – ტერორისტული ხუნტის მოწვევით საქართველოში ჩამოსულს თქვენ და თქვენისთანა პარტოკრატებს ხშირად გხედავენ ეკლესიებში, სადაც სანთლებს ანთებთ ხოლმე. შთამომავლობამ უნდა იცოდეს, თუ როგორი იყო თქვენი დამოკიდებულება საქართველოს ეკლესიასთან; როგორ მართავდა მას თქვენი რწმუნებული, როგორ ფიქრობდა მის გადაქცევს სუკ-ის ფილიალად, როგორ არბევდნენ თქვენი კომკავშირლები მორწმუნე ახალგაზრდობას, განსაკუთრებით აღდგომის დღესასწაულებზე. მათ, ეკლესიების გვერდით გახსნილ კომკავშირულ შტაბებში შეჰყავდათ ახალგაზრდები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულზე ეკლესიაში ბედავდნენ მოსვლას. ამ შტაბებში ხდებოდა მათი ტერორიზება, ,,დამუშავება”, აღტიცხვაზე აყვანა, ხოლო შემდგ ამას მოსდევდა რეპრესიები, სასწავლებლებიდან გარიცხვა, ოჯახების დაწიოკება და სხვა. როგორ დაიწყეთ ეკლესია-მონასტრების გადაკეტება თეატრებად, საკონცერტო დარბაზებად, როგორ გააუქმეთ, მაგალითად, შიო-მღვიმის მონასტერი 1980 წელს, როგორ დაამწყვდიეთ მისი წინამძღვარი, მოხუცი კაცი ეკლესიის შენობაში, ზამთრის ყინვაში, რის შედეგადაც მას კინაღამ სული აღმოხდა, როგორ იმსხვერპლა სუკ-ის ტერორმა მრავალი სამღვდელო პირი და ეკლესიის მსახური, როგორ უწყობდით ხელს ,,ზაკვო”-ს სამხედროებს ჩვენი კულტურის უნიკალური ძეგლების, განსაკუთებით დავით-გარეჯისა და გელათის განდგურებაში, რაც იმპერიის გეგმის მიხედვით ხორციელდებოდა.

საყოველთაოდ ცნობილია, თუ როგორ თანდათანობით ზრდიდით რუსული ენის საათებს ქართულ სკოლებში ქართული ენის ხარჯზე; როგორ კრძალავდით საქართველოს ისტორიის სწავლებას, როგორ დააპირეთ 1976 წელს უმაღლესი სასწავლებლების რუსიფიკაცია, ძირითად საგნებში ლექციების რუსულ ენაზე კითხვის დაკანონება, რამაც გამოიწვია დიდი აღშფოთება შეგნებული ქართული საზოგადოებისა. ამავე წლებში ბრეჟნევისეულ გიგანტომანიას, გიგანტური ჰესებისა და საწარმოო ობიექტების მშენებლობას ყველაზე აქტიურად თქვენ დაუჭირეთ მხარი, რაც იყო გამოვლინება საქართველოს წინააღმდეგ ეკოლოგიური ომისა და საბოლოო ჯამში მიზნად ისახავდა ქართველი ხალხის გენოციდს. ეს აჩქარებდა აგრეთვე ქართველი ხალხის ასიმილაციას, ვინაიდან ასეთი მასშტაბების მშენებლობებს ეროვნული კადრებით არა თუ საქართველო, არამედ თვით უკრაინა და ყაზახეთიც ვერ აუდიოდა. თქვენ იყავით ერთერთი ინიციატორი ავადსახსენებელი როკის გვირაბის გაყვანისა, რის შედეგაბსაც ახლა იმკის საქართველო და რამაც დაგვაკარგინა შიდა ქართლი და სამაჩაბლო. თქვენ, ავადსახსენებელი სუსლოვის ინსტრუქციების შესაბამისად, ყველაფერი იღონეთ იმისათვის, რომ აფხაზეთში ყოველნაირად გაძლიერებულიყო სეპარატისტული მოძრაობა და მომზადებულიყო სისხლიანი ეთნოკონფლიქტი.

თქვენს მიერ გაჩაღებულმა კამპანიამ ნეგატიური მოვლენების წინააღმდეგ, კორუფციასთან მოჩვენებითბა ბრძოლამ, საშუალო და დაბალი ფენა დააზარალა, მსხვილ მექრთამეთა ,,ელიტა” კი ხელშეუხებლად დატოვა. იმ დროს, როდესაც ხაბეიშვილისა და მგელაძის კორუმპირებული მაფია მილიონებს ატრიალებდა, რომელსაც უხვად უგზავნიდით პოლიტბიუროს. თქვენ წონაში მოტყუებისა და უმცირესი სამეურნეო დანაშაულისათვის ციხეებში ყრიდით და აციმბირებდით ათასობით უბრალო ადამიანს. როგორც ერთმა პოეტმა შეგნიშნათ, თქვენს დროს აქლემის ქურდი ნემსის ქურდს ასამართლებდა, ხოლო თქვენ ამ აქლემის ქურდებს სხვადსხვა დიდი თანამდებობებით ჯილდოებდით, ციხეებში დანერგეთ არნახული სადისტური წამების მეთოდები, თქვენს მიერ შექმნილ სპეციალურ მეორე კორპუსში სადისტმა გამომძიებლებმა და აგენტმა პატიმრებმა დაასახიჩრეს და დახოცეს ასობით ადამიანი, ჩვენებისა და ფულის გამოძალვის მიზნით, გააუბედურეს ასობით ოჯახი (ცირეკიძე – უსუპიანის საქმე, ფროლოვის საქმე, ოპერის საქმე და სხვა). დღეს ბევრი მათგანი აღდგენილია და იმავე ადგილზე მუშაობს; ალბათ, ახალ დატვირთვებს მისცემთ მათაც. ,,ნეგატიურ მოვლენებთან” ბრძოლის პარალელურად თქვენ თავად ნერგავდით კრიმინალურ პრაქტიკას საწარმოო-სამეურნეო სფეროში. კახეთში თქვენს მიერ ღვინის ფალსიფიკაციის მიზნით შეტანილმა შაქარმა სახელი გაუტეხა ქართულ ღვინოსა და ქართველ მეღვინეს. სამაგიეროდ ამგვარმა ფალსიფიკაციამ და მიწერებმა მოგიტანათ გარდამავალი დროშები, სოციალისტური შრომის გმირის ორდენები და გზა გაგიკაფათ კრემლის დიდებისაკენ.

იმ წლებში საზოგადოების მორალური დეგრადაცია იმითაც დაჩქარდა, რომ თქვენ თანამდებობის მოპოვების თუ საზღვარგარეთ მივლინებით წასვლის მთავარ პირობად სუკ-ის აგენტობა აქციეთ, რის შედეგადაც სუკის აგენტურულ ქსელში ჩაითრიეთ ქართველი ინტელიგენციის, ახალგაზრდობის და სამღვდელოების მნიშვნელოვანი ნაწილი. საერთოდ, სუკ-ის აგენტების რაოდენობამ თქვენი მმართველობის პერიოდში რეკორდულ ციფრს მიაღწია, რასაც თქვენ ,,პიროვნების სოციალიზაციას” უწოდებდით და როგორც ჩანს განზრახული გქონდათ უდიდესი ნაწილის ჩაბმა ამ შავბნელი ორგანიზაციის სამსახურში.

თქვენ აღმართეთ თბილისის ცენტრში მოღალატე ორჯონიკიძის უდიდესი ძეგლი, ხოლო ოზურგეთში ძეგლი დაუდგით ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ორგანიზატორს ფილიპე მახარაძეს, ყოველნაირად ნერგავდით კომუნისტი ძმათამკვლელებისა და რენეგატების კულტს, ლენინის ძეგლების რაოდენობით ხომ საქართველომ ყველა საბჭოთა რესპუბლიკას გადააჭარბა. სტალინის კულტსაც ფარულად უწყობდით ხელს, ვინაიდან სტალინი ოფიციალურად დაგმობილი იყო. თქვენ არაერთხელ გითქვამთ ვიწრო წრეში, რომ სტალინი თქვენი მოძღვარი იყო, რასაც საქმით ამტკიცებთ ყოველ ნაბიჯზე. ამავე დროს საქართველოში ძეგლები არ ეღირსათ დავით აღმაშენებელს, თამარ მეფეს, გიორგი ბრწყინვალეს და მრავალ დიდ საზოგადო მოღვაწეს.

საბჭოთა კავშირში და მთელს მსოფლიოში თქვენ სიტყვა ,,ქართველი” ხაზინის ქურდის, მექრთამის, სპეკულანტის სიმბოლოდ აქციეთ, იმ დროს როდესაც კორუფცია და სპეკულაცია იმპერიის სხვა რეგიონებში კიდევ უფრო მეტად ყვაოდა.

თქვენ ებრძოდით საქართველოში ჭეშმარიტ ეროვნულ მწერლობასა და მეცნიერებას, სამაგიეროთ აყვავეთ ,,მურტალო-კუკარაჩებისა” და ,,შემწვარი ნეკების” ცრუ ლიტერატურა და ანტიეროვნული მეცნიერება. თქვენ არნახული სისასტიკით სდევნიდით არა მარტო დისიდენტურ მოძრაობას, არამედ თვით უმცირეს მისწრაფებასაც თავისუფლებისადმი, რაზეც აქ განსაკუთრებით უნდა შევჩერდე.

1976 წელს თქვენ დახვრიტეთ ქართველი პატრიოტი ვლადიმერ ჟვანია, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი, რომელმაც მოაწყო საპროტესტო აფეთქებები მთავრობის შენობის წინ თბილისში, ქუთაისში და სოხუმში; 1983 წელს თქვენი ბრძანებით წამებით მოკლეს ქ. თბილისის ფსიქიატრიულ სავადმყოფოში პირუთვნელი ჟურნალისტი ქალი ნაზი შამანაური, თქვენი მაფიის მხილებისათვის; 1983 წელს დაახვრეტინეთ ცნობილი ,,თვითმფრინავის საქმეზე” დაპატიმრებული ახალგაზრდები, თუმცა სხვა რესპუბლიკებში მინიმალურ სასჯელს აძლევდნენ ასეთი დანაშაულისათვის; მათთან ერთად დახვრიტეთ უდანაულო მღვდელი თევდორე ჩიხლაძე, როგორც ვითომდაც მათი ,,იდეური ხელმძღვანელი”, სინამდვილეში კი იმის გამო, რომ არ ისურვა სუკ-ის აგენტობა.

საქართველოს სავალალო მდგომარეობამ, თქვენმა დრაკონულმა რეპრესიებმა, ანტიქართულმა და ანტიდემოკრატიულმა პოლიტიკამ გამოიწვია საპროტესტო მოძრაობა, რომელსაც მე და მერაბ კოსტავა
ჩავუდექით სათავეში. ერთხანს ჩვენ ვცდილობდით იატაკქვეშა მოძრაობის პარალელურად გამოგვეთქვა ჩვენი აზრი, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალ-გაზეთების რედაქციები დაკეტილი იყო ჩვენთვის, გწერდით წერილებს, განცხადებებს, ქართული ენის, კულტურის ძეგლების, ქართული ეკლესიის მდგომარეობაზე.

მიღებაზე მუდამ უარს გვეუბნებოდით, განცხადებებზე კი არავითარი რეაქცია არ ჩანდა, გარდა იმისა რომ, თქვენს გამოსვლებში დაუსახელებლად ხშირად გვიწოდებდით ანტისაბჭოთა დემაგოგებს, სამშობლოს მოღალატეებს (ცხადია სოციალისტურ სამშობლოს გულისხმობდით, რადგანაც სხვა სამშობლო არასოდეს გწამდათ და არც გწამთ). ბოლოს მთლიანად გადავედით იატაკქვეშა ბრძოლაზე და დავუკავშირდით საბჭოთა კავშირის დემოკრატიულ მოძრაობას,
ვინაიდან მაშინ ჩვენი ბრძოლა ერთ მიზანს ისახავდა. ამას მოჰყვა ჩვენი დევნა სუკ-ის მიერ, დაბარებები, გაჩხრეკები, დაკავებები, ბოლოს კი ჩვენს წინააღმდეგ გაჩაღდა უპრეცენდენტო ცილისმწამებლური კამპანია პრესითა და ტელევიზიით, ხოლო 1977 წელს დაგვაპატიმრეთ. სუკ-ის ჯურღმულები არ გვაკმარეთ და ფსიქიატრიულ ციხეებში გვიკარით თავი: მე მოსკოვში, სერბსკის ჯალათ-ფსიქიატრთა ,,ინსტიტუტში”, ხოლო მერაბ კოსტავას თბილისის ორთაჭალის ციხის საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში. შეშლილებად გსურდათ ჩვენი გამოცხადება თქვენი დრაკონული რეჟიმისა და სიმართლის თქმისათვის. ბოლოს ჰონოლულუს ფსიქიატრთა მსოფლიო კონგრესზე საბჭოთა
სადამსჯელო ფსიქიატრიის დაგმობამ გვიშველა, აგრეთვე საფრანგეთის ფსიქიატრთა პროტესტმა, წინააღმდეგ შემთხვევაში დნეპროპეტროვსკის ფსიქიატრიულ ციხეში ამოგვხდიდნენ ორივეს სულს.

სუკ-ში პატიმრობისას წელიწადნახევრის მანძილზე მიწევდნენ შანტაჟს, მემუქრებოდნენ ამერიკის დაზვერვის აგენტად გამოცხადებით, სამშობლოს ღალარის მუხლით გასამართლებით, ოჯახის წევრების ფიზიკური განადგურებით, მოსალოდნელი ახალგაზრდული დემონსტრაციების გაჟლეტით, ხოლო მოსკოვში პატიმრობისას ავადსახსენებელი სუსლოვის ემისრები საქართველოდან აფხაზეთის ჩამოშორებითაც კი მემუქრებოდნენ თუ არ მოვინანიებდი. ჩემი მეუღლე კი, ძუძუთა ბავშვის დედა, დეკრეტულ შვებულებაში მყოფი სამსახურიდან მოახსნევინეთ, რაც არც ჰიტლერს და არც სტალინს არ ჩაუდენიათ. დღეს თქვენი აგენტები აყალბებენ ჩემი ე.წ. ,,მონანიების” არსს, იყენებენ ამას ჩემი დისკრედიტაციისათვის, თითქოს არ იცოდნენ საქმის რეალური ვითარება. ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია კიდევ ერთხელ განვმარტო ჩემი ტაქტიკური უკანდახევა სასამრთლოზე 1978 წელს.

ჩემი დაპატიმრების შემდეგ ეროვნულ მოძრაობას განადგურების საფრთხე დაემუქრა. აღარავინ რჩებოდა გარეთ დასავლეთის ქვეყნებთან ხიდის გამდები, თვითგამოცემებისა და იატაკქვეშა მუშაობის ორგანიზატორი. ბოლოს მე და მერაბ კოსტავამ მოვილაპარაკეთ, რომ მე ,,მოვინანიებდი” ჩემს ზოგიერთ ქმედებას, გამოვიდოდი ციხიდან და გარეთ გავაგრძელებდი საქმიანობას, შევინარჩუნებდი თვითგამოცემას, შევინარჩუნებდი საინფორმაციო ხიდს დასავლეთთან, ხოლო მერაბ კოსტავამ თავად იტვირთა ციხეში დარჩანა, თანაც გააკეთა წერილობითი განცხადება, რომ ჩემი ე.წ. ,,მონანიება” აუცულებლობით იყო გამოწვეული ჩვენი საერთო საქმის ინტერესებიდან გამომდინარე. მე გამოვიტანე ეს განცხადება ციხიდან, მაგრამ არ გამომიქვეყნებია, ვშიშობდი რამე ზიანი არ მიმეყენებინა მეგობრისთვის. ბოლოს, განთავისუფლების შემდეგ მან თავად გამოაქვეყნა იგი 1987 წელს მოსკოვის ჟურნალ ,,გლასნოსტის” მეხუთე ნომერში (რედაქტორი ს. გრიგორიანცი). ამგვარი შინაარსის წერილი მისწერა მან ე. ბონერსაც სახაროვისათვის გადასაცემად ქსნის კოლონიიდან იმავე წელს. მაგრამ ჰოი საოცრებავ, დღეს თქვენ და თქვენი დამქაშები ჩემს ამ ტაქტიკურ უკანდახევას ,,ღალატად” ნათლავთ, თითქოს მერაბ კოსტავაზე დიდი მორალური ავტორიტეტები იყოთ და ეროვნული მოძრაობის თავკაცები. მაგრამ თქვენ სულ სხვა მიზეზის გამო არ გასვენებთ ჩემი ,,მონანიება”. საქმე ის გახლავთ, ჩემი ,,მონანიება” და ციხიდან გამოსვლა რომ არ მომხდარიყო, არ იქნებოდა არც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობა, არც 9 აპრილი და არც იმპერიის ბატონობის დასარული 1990 წლის 28 ოქტომბრის თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების სახით, ამიტომაც ვერ მოგინელებიათ ჩემი ,,მონანიება” და კბილებს აღრჭიალებთ მისი გახსენებისას.

ბოლოს გადამასახლეთ ნოღაეთის ნახევარუდაბნოში, სადაც ქართველმა მწყემსებმა გადამარჩინეს შიმშილითა და სიცივით სიკვდილს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თქვენმა დამქაშებმა გამივრცელეს ჭორი, თითქოს მე თქვენი აგენტი გავხდი, რაც ერთხანს ირწმუნა საზოგადოების ნაწილმა და რასაც დიდხანს იმეორებდნენ ჭანტურია და სხვა მოღალატენი, ვიდრე თავად არ გამოვლინდნენ, როგორც თქვენი აგენტები. თანაც საზოგადოებამ დაინახა, რომ ისევ მე ვიყავი ერთადერთი კაცი რომელიც მსოფლიო საზოგადოებას ვაწვდიდი ინფორმაციას საქართველოს შესახებ, ვახერხებდი თვითგამოცემას, ვაწყობდი საპროტესტო აქციებს ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად. ბოლოს ის ახალგაზრდებიც ჩამომაშორეთ და მტრებად მიქციეთ ისინი სუკ-ის ჯოჯოხეთური მანქანის მეშვეობით. გარდა ამისა ყველა ხედავდა, რომ სუკის ყველაზე დიდი დევნისა და მეთვალყურეობის ობიექტი ისევ მე ვიყავი, ხელახალ დაპატიმრებას კი ვეღარ ბედავდით, რადგანაც უცხოეთში ძალზე გახმაურდა ჩემი სახელი.


ჰო, მაგრამ, მეტყვიან თქვენი დამქაშები, თქვენ შევარდნაძის წარსულზე საუბრობთ, მაგრამ დღეს იგი აღარ არის ის, რაც იყო, შევარდნაძე გადემოკრატდა. იგი ხომ ,,პერესტროიკის” ერთ-ერთი ავტორია. მან თავისი წარსული შეცდომები დაგმო, კომპარტიიდან გავიდა, ნუღარ იხსენებთ მის წარსულს, მის აწმყოზე ილაპარაკეთ. კეთილი და პატიოსანი.

განვიხილოთ თქვენი მოღვაწეობა ,,პერესტროიკის” შემდეგ. მართალია, თქვენ და გორბაჩოვი იძულებული გახდით მსოფლიო საზოგადოებრიობის დაწოლით დაგეწყოთ შედარებითი ლიბერალიზაცია, მაგრამ მიუხედავად პოლიტპატიმრებისა და რუსი დისიდენტების რეაბილიტაციისა, გრძელდებოდა ქართველი დისიდენტების დევნა და საზოგადოებიდან იზოლაცია. ჩემს წინააღმდეგ ისევ მძვინვარებდა კამპანია 1987-89 წლების საბჭოთა პრესაში, მაგრამ ამანაც ვერ შეაჩერა ეროვნული ძალების აზვირთება საქართველოში, რისი კულმინაციაც იყო 9 აპრილი, როდესაც თქვენ და გორბაჩოვმა უკანასკნელად სცადეთ სამხედრო ძალით გაგენადგურებინათ ეროვნული მოძრაობა საქართველოში. დამახასიატებელია ის, რომ თქვენ 9 აპრილს დამსჯელი ოპერაციის ერთ-ერთი ავტორი და დამგეგმავი, საქართველოში მოგავლინეს და მოგახსნევინეს კომენდანტის საათი (თუმც დღეს მოსკოვის მიერ მოწყობილი პუტჩის შემდეგ ისევ თქვენ დააწესეთ უსასრულო კომენდანტის საათი, რომლის მოხსნასაც აღარ აპირებთ). ბოლოს საქართველოში გაიმარჯვა დემოკრატიამ, ჩატარდა თავისუფალი, მრავალპარტიული არჩევნები, რომელიც თქვენი და თქვენი პარტიისათვის კრახით დამთავრდა. იმ დღიდან თქვენ გულში ჩაიდეთ რევანში და ყველაფერი იღონეთ იმისთვის, რომ ეს მონაპოვარი გაგენადგურებინათ და მიაღწიეთ კიდეც ამას იმპერიული ძალების დახმარებით. ხალხისათვის თვალის ასახვევად თქვენ მომილოცეთ ტელეგრამით არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ რამდენად გულწრფელი იყო ეს მოლოცვა დაადასტურა შემდგომი დროის მოვლენებმა. თქვენ შექმენით მოსკოვში შტაბი, რომელშიც გააერთიანეთ საქართველოდან გაქცეული ყველა რენეგატი-პარტოკრატი და გააჩაღეთ უპრეცენდენტო კამპანია მთელს მსოფლიოში საქართველოს ახალი ხელისუფლებისა და პირადად ჩემს წინააღმდეგ. თქენს მიერ მოსყიდულ ყოფილ დისიდენტებტან და ეროვნული მოძრაობის მოღალატეებთან ერთად არწმუნებდით მსოფლიოს, რომ საქართველოში დამყარდა ტოტალიტარული რეჟიმი, ფაშისტური დიქტატურა, რომლის დამხობაც აუცილებელია. რა დიქტატურაზე შეიძლებოდა საუბარი, როდესაც გამოდიოდა 20-ზე მეტი
ოპოზიციური გაზეთი, ტელევიზიით იკრძალებოდა მხოლოდ ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, თავისუფლად დათარეშობდნენ უკანონო შეიარაღებული ფორმირებები და პარტიები, დავაპატიმრეთ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც სჩადიოდნენ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს, ბანდიტიზმს, ქუჩების გადახერგვას ბარიკადებით, ტელევიზიის აღების მცდელობას.

თქვენ იყენებდით საბჭოთა იმპერიასა და დასავლეთს შორის დამყარებულ ალიანსს საკუთარი ქვეყნის გასანადგურებლად, მისი ლიბანიზაციის დასაჩქარებლად, სისხლიანი პუტჩისა და გადატრიალების მოსაწყობად. თქვენი მეცადინეობით ჩვენს წინააღდეგ ამოქმედდა კრემლის უზარმაზარი პროპაგანდისტული მანქანა, რომლის პირისპირ ჩვენი საინფორმაციო საშუალებები უძლური აღმოჩნდა. პარალელურად კრემლი აძლიერებდა საქართველოში თავის მიერ შექმნილ შეიარაღებულ ,,ოპოზიციას” და მის მოკავშირე კრიმინალურ ბანდებს, რომელთაც აიარაღებდნენ საოცარი ინტენსივობით. ხოლო როდესაც ჩვენ კანონი ავამოქმედეთ, დასცეს განგაში პოლიტიკური რეპრესიების შესახებ.

ამასთან თქვენ და გორბაჩოვი ყოველნაირად უჭერდით მხარს ოს სეპარატისტებს, რაც ხელს უწყობდა შიდა ქართლის კონფლიქტის გაღვივებას და საუკეთესო საშუალება იყო ჯარის შემოყვანისა და საქართველოს ხელახალი ანექსიისა. ამასთან ყოველნაირად ინიღბებოდით და მალავდით კავშირს ამ მოვლენებთან. თქვენ თითიც არ გაანძრიეთ იმისათვის, რომ ეს საფრთხე აშორებოდა საქართველოს. შეგახსენებთ ერთადერთ სატელეფონო საუბარს, რომელიც შედგა ჩვენს შორის 1991 წლის გაზაფხულზე, როდესაც გორბაჩოვმა დააპირა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შიდა ქართლის მთელს ტერიტორიაზე, რაც საქართველოს ხელახალ ოკუპაციას მოასწავებდა. მაშინ ჯერ კიდევ ვფიქრობდი რომ შეგებრალებოდათ თქვენი ქვეყანა და სწორ ინფორმაციას მაინც მივიღებდი თქვენგან ამ საშინელი საფრთხის შესახებ. როდესაც ტელეფონით დაგიკავშირდით თქვენ მითხარით, რომ მე უნდა დამერეკა გორბაჩოვისადმი და მეთხოვა შეეჩერებინა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ეს იმას მოასწავებდა, რომ გორბაჩოვი სანაცვლოდ მომთხოვდა საკავშირო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას, ამიტომ ცხადია, აღარ დავურეკე მას. შემდეგ მე მოვითხოვე თქვენგან დაგვხმარებოდით საქართველოს გამოყოფაში სსრ კავშირიდან, თანაც შეგახსენეთ, რომ თქვენ თქვენი სამშობლოს მეტი არაფერი დაგრჩენოდათ და უნდა გეფიქრათ მის კეთიდღეობაზე. ,,დამანებეთ თავი, მე ერთი პენსიონერი კაცი ვარ და ნუ მთხოვთ იმაზე მეტს, რაც შემიძლია”- ასეთი იყო თქვენი პასუხი; მე გკითხეთ აგრეთვე, მიეცით თუ არა ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას 31 მარტის რეფერენდუმზე, რაზედაც თქვენ დუმილით მიპასუხეთ. ახლა საყოველთაოდ ცნობილია, რომ თქვენ მხოლოდ 17 მარტის ე.წ. საკავშირო რეფერენდუმში მიიღეთ მონაწილეობა და ხმა მიეცით საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას, ხოლო 31 მარტს საქართველო და მისი დამოუკიდებლობა არც გაგხსენებიათ. მაგრამ თქვენი ყველაზე დიდი დანაშაული მაინც არის საქართველოში კრიმინალური რევოლუციის შემზადება და განხორციელება, რასაც პრეცენდენტი არ გააჩნია მსოფლიო ისტორიაში. თქვენ, ერთდროს დამნაშავეობასთან ვითომდაც მებრძოლი, დაუკავშირდით დამნაშავეთა სამყაროს და მისი მეშვეობით მოახდინეთ გადატრიალება საქართველოში. დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლები _ ჯ. იოსელიანი თავისი ,,მხედრიონით” და თ. კიტოვანი თავისი კრიმინალური ,,გვარდიით”, რომელმაც უღალატა კანონიერ ხელისუფლებას, თქვენი დადასაყრდენი არიან დღესაც. თქვენს მიერ შექმნილმა კრიმინალურმა ხუნტამ, საქართველოში ,,ზაკვო”-ს ჯარების დახმარებით, დაატრიალა იგივე რასაც სჩადიოდნენ მურვან-ყრუს, ჯალაჯედინის, თემურ-ლენგის, შაჰაბასისა და აღა-მაჰმად ხანის ურდოები. ხუნტაში დამნაშავე სამყაროსთან ერთად გაერთიანდენენ მაფიოზი პარტოკრატები და თქვენს მიერ პრივილეგირებული კომუნისტური ინტელიგენციის წარმომადგენლები, ის ინტელიგენტები, რომელთა მიერ იარაღის ხელში აღებას თქვენ მიესალმეთ თვითმფრინავის ტრაპიდანვე საქართველოში ჩამოსვლისას. აი, ის სოციალური ფენები, რომელთაც თქვენ ეყრდნობით დღეს და რომელთა ხელითაც აპირებთ საქართველოს მომავლის ,,აშენებას”. საქართველოს ციხეებიდან და კოლონიებიდან თქვენი ,,ამნისტიით” გამოშვებული 4 ათასამდე კრიმინალის დიქტატის ქვეშ არის დღეს მილიცია და პროკურატურა, მთელი სამართალდამცავი ორგანოები, რომელნიც ხელს უწყობენ მათ ახალ-ახალი სისხლიანი დანაშაულების ჩადენაში. თქვენი და ამ კრიმინალების დავალებით შეთითხნა პროკურატურამ ,,საქმეები” ჩემს წინააღმდეგ, უზენაესი საბჭოს დეპუტატებისა და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ, ხოლო ნამდვილ დამნაშავეთა საქმეები გააუქმა და მათი რეაბილიტაცია მოახდინა. პატიმრობიდან გაათავისუფლა ქართველი ხალხის მოსისხლე მტერი, ბოროტმოქმედი ტ. ყულუმბეგოვი, რამაც ახალი აღმავლობა გამოიწვია ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ-ტერორისტული მოძრაობისა და საბოლოოდ დაგვაკარგვინა შიდა ქართლი.
კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 969 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]