ზურაბ ჭავჭავაძე
2011-07-15, 12:57 PM

ზურაბ ჭავჭავაძე

ზურაბ ჭავჭავაძე – Zurab Chavchavadze

ქართველი დისიდენტი, 1980-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭავჭავაძე დაიბადა 1953 წლის 5 თებერვალს.

განათლებით ქიმიკოსს ნაშრომები ჰქონდა ფილოლოგიაში. ზურაბ ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის მხატვრული თარგმანის კოლეგიის რედაქციას. 70-იანი წლების მიწურულს ზურაბ ჭავჭავაძე კათალიკოს- პატრიარქის რეფერენტად იწყებს მოღვაწეობას. 1979 წელს სწორედ ზურაბ ჭავჭავაძის ინიციატივით მოხერხდა რომის პაპის, იოანე-პავლე მეორის, შეხვედრა ილია მეორესთან.
ზურაბ ჭავჭავაძემ გრიგოლ ფერაძეზე შეაგროვა მასალა, დაინტერესებული იყო ქართული სასულიერო ლიტერატურით. თავის სამეცნიერო ნაშრომშირომელიც ეძღვნებოდა დავით აღმაშენებლის "გალობანი სინანულისანი” ამტკიცებდა, რომ იგი არა ნაწარმოების სახელს, არამედ ჟანრის დასახელებას.

ამავდროულად ჩართული იყო დისიდენტურ მოძრაობაში. 1987 წლის 31 ოქტომბერს თბილისში შეიქმნა პირველი არაფორმალური პოლიტიკური ორგანიზაცია "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება”, რომლის ერთ-ერთ წევრად მიიღეს ზურაბ ჭავჭავაძე. „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება" საქართველოს დამოუკიდებლობას, დემოკრატიის იდეალებსა და კაპიტალიზმზე გადასვლას უჭერდა მხარს.

1988 წელს ჭავჭავაძე ამ საზოგადოების მმართველობის წევრი, ხოლო გიორგი ჭანტურიას მომხრეთა („მეოთხე დასი") განცალკევების შემდეგ ფაქტიური ლიდერი გახდა. ჭავჭავაძე შედარებით ზომიერ, ლიბერალურ პოზიციაზე იდგა. ერთ-ერთ გამოსვლაში ზურაბ ჭავჭავაძე ამბობდა: "ჩვენი მოვალეობა ის კი არ არის, ვინც გვიყვარს, იმასთან მოვნახოთ საერთო ენა, ჩვენი მოვალეობა არის, საერთო მოვნახოთ იმასთან, ვინც ჩვენდამი მტრულადაა განწყობილი, ეს არის პოლიტიკური მოღვაწეობის ხელოვნებაც და აუცილებლობაც.”

ეს ის დრო იყო, როცა საქართველოში დაიწყო ოსების გაუცხოების მიზანმიმართული კამპანია. ზურაბ ჭავჭავაძემ "ანტიქართულად” შერაცხული ორგანიზაციის, "ადამონ ნიხასის” ლიდერ ალან ჩოჩიევთან მშვიდობიანი დიალოგის წარმართვა მოახერხა. 1990 წლის ივლისში "ადამონ ნიხასმა” და "ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ” ოსი და ქართველი ხალხებისადმი ერთობლივ მიმართვას მოაწერეს ხელი.

"დღეს, როდესაც შიშის დათესვის მეშვეობით ცდილობენ ჩვენს ურთიერთიზოლაციას, კი არ უნდა გავუცხოვდეთ, კი არ უნდა გვეშინოდეს ერთმანეთის, არამედ, პირიქით, უნდა დავამყაროთ ერთმანეთთან უშუალო კონტაქტები და ვეძებოთ ის, რაც გვაერთიანებს და არა ის, რაც განვასხვავებს ერთმანეთისგან… ჩვენი ურთიერთობის გაუარესებით დაინტერესებულია ორივე ჩვენი ხალხის მტერი.”

1989 წლის 21 ივლისის შეხვედრაზე საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ოსების პოზიცია ძირეულად შეიცვალა. ოსები მიხვდნენ, რომ საქართველოში არიან პოლიტიკოსები, რომლებთანაც შეიძლება ლაპარაკი… ამ პოლიტიკოსებისათვის ქვეყნის ყველა მოქალაქის სიცოცხლე – ოსი იქნებოდა ეს, ქართველი თუ აფხაზი – ერთნაირად ფასეული იყო.
აფხაზეთში "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება” ატარებდა არა ანტიაფხაზურ არამედ ანტიიმპერიალისტურ მიტინგებს. მიტინგების დედაარსი ქართველთა შევიწროებისათვის ხელის შეშლა იყო. 1988 წლის 3 დეკემბერს ზურაბ ჭავჭავაძე აფხაზურ ენაზე მიმართავდა:

"არ არსებობს ისეთი აფხაზური პრობლემა, რომელიც ეწინააღმდეგებოდეს ქართულენოვან პრობლემას და პირიქით. ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღებთ ილიას საზოგადოებაში ჩვენს აფხაზ ძმებს და ამოვუდგებით მხარში აფხაზური პრობლემების მოგვარებაში…

1989 წლის აპრილში "ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ” ქართველებსა და აფხაზებს შორის შეტაკების პროვოცირების თავიდან ასაცილებლად წინააღმდეგობის ცენტრის თბილისში გადატანა გადაწყვიტა. 4 აპრილიდან თბილისში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო, რამაც შოკში ჩააგდო კომუნისტური ხელისუფლება. თავდაპირველად აპრილის აქციების მთავარ მოთხოვნად აფხაზეთის პრობლემის მოგვარება იდგა. 4 აპრილის საყოველთაო გაფიცვის შედეგად კომუნისტებმა ადლეიბა თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რადგან ადლეიბა ლიხნის შეკრების აქტიური მონაწილე იყო. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ ოზგანისა და იმ პირების დასჯასაც, ვინც აფხაზეთში მომიტინგეებს დაესხა თავს. აქციები ამ მოთხოვნით გაგრძელდა. მაგრამ, ეროვნული მოძრაობის მეორე ნაწილმა გამოაცხადეს, აფხაზეთის პრობლემა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე მოგვარდებაო და აქციის მთავარ მოთხოვნად საქართველოს დამოუკიდებლობა იქცა.

1989 წლის 13 ოქტომბერს სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრასაზე შემზარავი ავტოავარია მოხდა. ადგილზე დაიღუპა ეროვნული მოძრაობის ლიდერი მერაბ კოსტავა, მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში მიიყვანეს ზურაბ ჭავჭავაძე. ჭავჭავაძე გარდაიცვალა საავამდყოფოში ოფიციალური დიაგნოზით „A ჰეპატიტი". მყისვე გაჩნდა ვერსიები მისი მოკვლის თაობაზე. ერთი ვერსიით საავადმყოფოში შეუმოწმებელი სისხლის გადასხმის შედეგად განგებ მოწამლეს. მეორე ვერსიით კი, ექიმის დაუდევრობას ემსხვერპლა.

ზურაბ ჭავჭავაძე დაკრძალეს ყვარელში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ჭავჭავაძეთა საგვარეულო ეკლესიაში.

წყარო:

    • http://www.tavisupleba.org
    • http://ka.wikipedia.org/wiki/ზურაბ_ჭავჭავაძე
  • კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
    ნანახია: 999 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
    სულ კომენტარები: 0
    კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]