პირველი ქართველი ფოტოგრაფი – ალექსანდრე როინიშვილი
2011-04-07, 6:43 PM

ლექსანდრე როინიშვილი – პირველი მესურათხატე დაიბადა დუშეთში, ღარიბი ხელოსნის ოჯახში… მან იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, დროებით კი დასახლდა თელავში. ფეხით მოიარა დაღესტანი, სადაც თემირ-ხან-შურაში (ახლანდელი ქ. ბუინაქსკი) რვა წელი იცხოვრა და ქართული კულტურის მრავალ საყურადღებო წყაროს წააწყდა. მოგზაურობისას იღებდა გეოგრაფიულად თუ ეთნოგრაფიულად საინტერესო მასალას. ალექსანდრე როინიშვილის შემოქმედების ძირითადი თემა ქართველი ერის ცხოვრება, მათი ეკონომიკური და სოციალური ყოფა იყო. გამოსცა ძველი ლიტერატურისა და ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა დიდი ფორმატის სურათები, შექმნა რუსთაველის პირველი გრაფიკული პორტრეტი, რომლის ათასობით ფოტოასლი გავრცელდა ხალხში. 1887 ა. როინაშვილმა შექმნა კიდეც მოძრავი მუზეუმი, წაიღო იგი ქ. ასტრახანში, სარატოვში, ხოლო შემდეგ პეტერბურგში. საქართველოს სიძველეთა ამსახველ მრავალ ფოტოგრაფიულ და სტერეოსკოპულ ფოტოსურათებთან ერთად გამოფენილი იყო ძველებური იარაღი და სამხედრო აღკაზმულობა, სპილენძის და ვერცხლის ჭურჭელი, ნუმიზმატიკური კოლექცია და სხვა ქართული და აღმოსავლური კულტურის ამსახველი ნიმუშები. გამოფენებს დიდი წარმატენა ჰქონდა, რამაც ა. როინაშვილს აფიქრებინა თავისი მოძრავი მუზეუმის საზღვარგარეთ გატანა. ეს ჩანაფიქრი განუხორციელებელი დარჩა.
ალექსანდრე როინიშვილმა შთამომავლობას დაუტოვა მდიდარი ფოტოკოლექცია სადაც აღწერა იმდროინდელი საქართველოს და კავკასიის ხალხების ყოფა, კულტურა ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ფოტო პორტრეტები.

ას წელზე მეტი გავიდა ალ. როინაშვილის გარდაცვალებიდან. მისმა თანამედროვეებმა კარგად იცოდნენ თუ ვინ გამოაკლდა საზოგადოებას. ილია ჭავჭავაძე "ივერია”-ში წერდა:

"ალექსანდრე როინაშვილი მოუკვდა თავის ერს, მოუკვდა ქართველობას, რომლის ბედი და უბედურება თავის საკუთარ ბედად და უბედობად გაიხადა და ამის გარე სხვა საგანი აღარ ჰქონდა”.

ეს სიტყვები ეხებოდა გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში დუშეთიდან თბილისში ჩამოსულ გლეხის ბიჭს, რომელიც მიაბარეს ფოტოგრაფ თ. ხლამოვს მოწაფედ. სწორედ თ. ხლამოვის ფოტოსახელოსნოს მხატვრულ ატმოსფეროში ყალიბდებოდა ალ. როინაშვილი – მხატვარი, პირველი ქართველი პროფესიონალი ფოტოგრაფი, რომელმაც გახსნა საკუთარი ფოტოსახელოსნო 1875 წელს თბილისის ცენტრში, სასახლის ქუჩაზე.

ა. როინაშვილის გადაღებული ისტორიული ძეგლების ხედებით და ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეებისა და მწერლების პორტრეტებით შევიდა ფოტოგრაფია ქართველი ინტელიგენციის სახლებში, დაიკავა სასტუმრო ოთახებისა და კაბინეტების კედლები.

ა. როინაშვილს მიმოწერა ჰქონდა ცნობილ ისტორიკოს და არქეოლოგ დ. ბაქრაძესთან, რომელსაც უზიარებდა ქართული სიძველეების მოძრავი მუზეუმის შექმნის გეგმებს, რისთვისაც მან რამდენიმე ასეული ექსპონატი შეიძინა. ექსპონატთა ძიებას ის აგრძელებდა დაღესტანშიც, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა.

ა. როინაშვილი იყო ერთ-ერთი ინიციატორი თბილისის მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოების შექმნისა, რომლის დამფუძნებელი შეკრება ჩატარდა ა. როინაშვილის ფოტოატელიეში 1893 წლის აპრილში. ა. როინაშვილი ირიცხებოდა თბილისში მოქმედ ყველა კულტურული და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრად. აქვეყნებდა პუბლიცისტურ სტატიებს, აწყობდა თეატრალურ რეპეტიციებს თავის ატელიეში, უფასოდ უგზავნიდა წიგნებს სოფლის ბიბლიოთეკებსა და სკოლებს, იგი ჩქარობდა გაეკეთებინა რაც შეიძლება მეტი… მისი სიცოცხლე 52 წლის ასაკში შეწყდა. ალექსანდრე როინაშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი ქონება ტავისივე ანდერძის მიხედვით, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცა. მალევე, მისი ფოტოსალონიც დაიხურა და ფოტოებისა და ნეგატივების უმეტესობა გაიყიდა, სამუზეუმო ექსპონატები კი სხვადასხვა მუზეუმებს გადაეცა.

დასაფლავება საზეიმო ელფერს ატარებდა. სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელმა ბატონმა ივანე რატიშვილმა გამოსათხოვარი სიტყვა წარმოსთქვა და მოიხსენია ა. როინაშვილის სახელოსნო, როგორც ქართული საზოგადოების კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრი: "იქ იწვრთნებოდა მთელი დასი ახალგაზრდებისა. შენ თვითონ იყავ მათი მწვრთნელი, შენა ზრუნავდი გულითა მხურვალითა, რომ მოგემზადებინა ისინი ღირსეულად ცხოვრების სასარგებლო სარბიელისათვის და დაგეყენებინა ისინი პატიოსანი გამრჯელობის გზაზედ. ეხლა იგი ახალგაზრდობა მწარედ დასტირის შენს კუბოს და აღარ იცის, როგორ განაგრძოს, შენგან დაწყებული, მაგრამ არ-გათავებული დიდად ღირსეული საქმე” ("ივერია”, 1898 წ, 16 მაისი, N 101).

კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1124 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]