ნიკო ჭავჭავაძე – ბიოგრაფია (1923 – 1997 წწ.)
2011-07-13, 3:30 PM

ნიკო ჭავჭავაძე


ნიკო ჭავჭავაძე – ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
ნიკო ჭავჭავაძე დაიბადა 1923 წელს. მამა – ზურაბ ჭავჭავაძე არაერთხელ იქნა დაპატიმრებული საბჭოთა მთავრობის მიერ. ნიკო ჭავჭავაძე იგონებდა: "მამაჩემი მსოფლმხედველობით ტოლსტოველი იყო, ამიტომ იარაღით მას არ უბრძოლია, მაგრამ ქაქუცა ჩოლოყაშვილთან მეგობრობის გამო 1924 წელს დააპატიმრეს. მე მაშინ ერთი წლის ვიყავი – მე და დედაჩემს მამა-პაპის კარი დაგვატოვებინეს და ყვარელში ცხოვრება აგვიკრძალეს. მთელი ზაფხული ტყეში, ნასახლარში, ვცხოვრობდით.”
ზურაბ ჭავჭავაძე გაათავისუფლეს, მაგრამ 1929 წელს ისევ დააპატიმრეს. გადასახლებამდე მამა ბავშვმა სამჯერ ნახა. 6 წლისას ნიკო ჭავჭავაძეს უკანასკნელი შეხვედრა ჰქონდა მამასთან. ზურაბ ჭავჭავაძე ურალში გადაასახლეს, სადაც 36 წლისა გარდაიცვალა. რეპრესიებს ომი მოჰყვა. 13-ჯერ დაჭრილი, ომგამოვლილი ნიკო ჭავჭავაძე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ჩამოყალიბდა გამოჩენილ ფილოსოფოსად.
ნიკო ჭავჭავაძე 30 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახ. ფილოსოფიის ინსტიტუტს საქართველოში. ნიკო ჭავჭავაძე ფილოსოფიას და სარწმუნოებას ათავსებდა თავის თავში. ამიტომ მარქსიზმ-ლენინიზმის დამცველი ქართველი ფილოსოფოსები მოსკოვში საჩივარს საჩივარზე გზავნიდნენ. ერთხელ მოსკოვიდან კომპარტიის სპეციალური კომისია ჩამოვიდა, რომელსაც უნდა დაესაჯა ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი. მაგრამ ნიკო ჭავჭავაძე თურმე ისე მშვიდად ლაპარაკობდა, ისეთი იუმორით, რომ ყველა გაოგნდა. მეგობართა მოგონებების მიხედვით, როცა დაიძაბებოდა ვითარება, როცა ამბობდნენ, ნიკო ახლა ციმბირს ვერ გადარჩებაო, ისე იხუმრებდა სოკრატულად, რომ მაშინვე ამარცხებდა იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეებს.
ნიკო ჭავჭავაძის ხელშეწყობითა და თაოსნობით განვითარდა ფილოსოფიური ანთროპოლოგია, კულტურის ფილოსოფია, აქსიოლოგია. ნ. ჭავჭავაძის გარშემო გაერთიანდა ახალგაზრდა, პროგრესულად მოაზროვნე ფილოსოფოსთა თაობა, რომელსაც შემდგომ "ახალი ფილოსოფიური ტალღის” სახელით მოიხსენიებდნენ არა მხოლოდ იმდროინდელ საბჭოთა სამეცნიერო წრეებში, არამედ უცხოეთშიც. ეს იყო მთელი ეპოქა, რომელმაც დატოვა "კვალი ნათელი”.
მისი ძირითადი შრომებია: "ესთეტიკის საკითხები”, "ესთეტიკური საგნის ბუნებისათვის”, "კულტურა და ღირებულებები”.

კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1487 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]