მოსე ჯანაშვილი – “ვაჟა-ფშაველას წმ. კუბოსთან”
2011-03-17, 4:37 PM

თავზარი დაგვცა ვაჟას სიკვდილის ამბავმა. მეორე დღეს დილითვე გავეშურე ძვირფას ცხედრის თაყვანსაცემლად.
ესვენა კუბოში ყინულის ნაფლეთებ შემოწყობილი.
უჩვეულო სანახაობამ გონებით გადამაფრინა ვაჟას სამშობლოში, იქ, საცა მას ცათამდე აყუდებულს მთა-კლდოვანებისა და ყინულის კონცხებ გარემოცულს არაერთხელ უხარნია ბუნების სიდიადით და ზუსტად ხელი აღუპყრია მშვიდობისათვის ქვეყნისა და სათნოების დამყარებისათვის კაცთა შორის.
ახლაც კუბოს კედლებ შუა მომწყვდეულს მეტად აღეხვნა თვალნი, მხოლოდ უსულოს, პირი დაეღო ისე, თითქო გამზადებულიაო ლოცვა-ვედრებად და ამბობსო:

,,ყინული მაწევს მყინვარი,
საკუთარის ღვთის ტკბილი ხმა
ყურს მეწვეთება აღარა”…

ერთი თვის წინად-კი სულ სხვაგვარად დამხვდა. შევედი თუ არა მის სანახავად, მომაპყრო თვისი გამჭრიახი თვალები, ტკბილად მომეალერსა დიდი ხნის მეგობარს და მითხრა:
- გმადლობ ნახვისთვის, მეტისმეტად გმადლობ. კვლავაც მითქომ შენთვის და ახლაც გეუბნები-მე ვიყავი და სიკვდილამდეც ვიქნები უკეთესი თანამოზიარე და თანამოაზრე შენის მუშაობისა. ვერ იქნა, ვერ შევეგუე იმათ აზრებს და მიმართულებას, რომელნიც წარამარად იხარჯებიან შოთა რუსთაველისა და სხვადასხვა კითხვების შესახებ. კლარჯეთ-აჭარაში მკვიდრთა გაქართველება ძლივს დასრულდაო მე- XI საუკუნეში, კახეთის მოსახლეობაც უცხო მოდგმისა იყოო და მერე გაქართველდაო, ივერია სამეგრელო არისო. ამისთანა ვითომ-მეცნიერებამ ჩემს თავში ადგილი ვერ ჰპოვა. ამგვარ მეცნიერებას უარჰყოფდნენ თვით ილია-აკაკიცა. მაგრამ ეგ რა! ჩვენს (აქ გამოვტოვეთ ერთი სიტყვა-მ.ჯ. დაუწერია და შემდეგ წაუშლია-,,შეძლებულ (მოძულე”)) მეცნიერებს ეჭვი შეაქვთ თვით ქართველ კათოლიკეთა არსებობაშიაც. "თუ არიან აგეთი ქართველებიო!” იმერეთში მე IX საუკუნემდე წირვა-ლოცვა ბერძნულს ენაზე სწარმოებდაო. სამწუხარო ის არის, რომ ამისთანა აბდაუბდა ჩვენში მეცნიერებად იწოდება და მათ ავტორებს ტაშით ეგებებიან ზოგიერთნი. ჩვენი შოთა მერანიდამ დონკიხოტის როსინანტზე ჩამოსვეს. ამირან-დარეჯანიანის ასლი ვიპოვნეთო. მერე სად არის. რატომ ამ ათიოდე წლის განმავლობაში ვერ გვახილვეს ის ასლი. მე არც ის მჯერა, რომ იყოს რაღაც იაფეთური ჯგუფი, რომ სემიტების მონათესავენი ვიყვნეთ. ამის დასამტკიცებლად ამოშლილი მაგალითები დომხალივით არეულ ცხრაწვენას მომაგონებს და არა რასმე დასაჯერებელ საბუთიანობას. ყველგან ქართველების დაჩრდილვა, დამალვა ქართულ წყაროებისა, მაგ. "არქაუნას” შესახებ, ცალმხრივ გაშუქება აღძრულ კითხვებისა, ქართული ენის მრავალ ენებად დაყოფა, დაქსაქსვა, ბარბაროსობად გამოცხადება ქართულ სახელების დაბოლოებისა (ეთ-ს მაგიერ იოტა-ს წერა)-ყველა ეს უკიდურეს ტლანქობის ნაყოფია და არა დამჯდარ აზროვნობისა და საქმიანობისა. ყველა ამის შესახებ მე ხმას ამოვიღებ თავის დროზე, ჯერჯერობით კი ჩემი საზრუნავი ეს არის, რომ მალე გამოვიდე აქედგან და ჩემს მთებს ვეწვიო. იცი, რა დიდებულებაა იქ! ბუმბერაზი დევი მთები და ბროლი ჩანჩქერები ჩემს გულს იქითკენ ანდამატივით იზიდავენ. ძალიან დავაშავე, რომ აქ მოვემწყვდიე. თავიდგანვე სამშობლოს მთებისკენ უნდა წავსულიყავ და ისინი და იმათი სული მომარჩენდნენ. ერთხელაც ძალიან დავუძლურდი, მაგრამ დროით მივაშურე მთებს და განვიკურნე. ვეჭობ, ეხლაც წამლებმა მომარჩინონ. მთის კაცისთვის ცოტაა წამლის აქაურული განაკვეთი: ჩვენში ერთიორად მეტს სმენ და ძლივ შჭრის. ჩვენებური ბუნება, სჩანს, სხვაა. ასეა თუ ისე, ჩემი სულ-გული მთისაკენ მიიხარის. იქაურ წყაროებს ჯანაოზ ექიმის ძალა აქვს. ჩემს წყალმანკს მყის დაადნობენ იქაურ ჰაეროვნების დახმარებით. მიამა შენი მოსვლა უფრო იმიტო, გამეგო შენი აზრი შესახებ თამარ მეფის საუკუნო ბინისა. დარწმუნებული ვარ, უკვდავი დედოფალი დასაფლავებულია არა გელათში, არამედ ჩვენს მთაში. ამას მოწმობს თეიმურაზ მეფის სიგელიც. მართლა, კინაღამ დამავიწყდა, როგორ მიდის შენი ლექსიკონის საქმე. მეტად დიდი და ვრცელი შრომა გამოგსვლია: ორჯერ დიდი ჩუბინაშვილის ლექსიკონზე. ეგ კაი სამსახურს გაუწევს ჩვენს ხალხს. საჭიროა მხოლოდ დროით დაიბეჭდოს. მიკვირს, რატომ არ წარუდგენ წერა-კითხვის საზოგადოებას. აქედგან მალე გამოვალ და ერთი შენი მუზეუმი დამათვალიერებინე, კაი წიგნები ბევრი გამოგიციათ და მინდა სასულიერო პოეზიას საფუძვლიანად გავეცნო…
ეტყობოდა კიდევ ბევრი რამ უნდა ეამბნა საქართველოს წარსულის მოტრფიალე მჭერმეტყველ მგოსანს, მაგრამ შემობრძანდა მორიგე ექიმი და მე გამოვეთხოვე ძვირფას მეგობარს ვაჟას. საღმთო მოვალეობად ჩავთვალე სტენოგრაფიული სისწორით გამოვაცხადო ის, რაც მის ნახვის დროს მიამბო აწ ღვთივგანსვენებულმა მრავალმხრივ განათლებულმა დიდმა მგოსანმა ვაჟა-ფშაველამ. დე საზოგადოებამ გაიცნოს მისი უკანასკნელი სიტყვა-ანდერძი.

ხელნ. ინსტ. მ. ჯანაშვილის საარქივო ფონდი N 250.
1915 წ. 28 ივლისი

კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 823 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]