მიხო მოსულიშვილი “მტვრიანისა” და “მირონისა”
2011-03-17, 4:59 PM
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა

"მტვრიანისა” და "მირონისა”

(ვაჟა-ფშაველა და შიო მღვიმელი "ქოსების დუქანში” მიიპარებიან)

"ფხიკლეთ გულქანის ბედითა

სხლოვანს დავალის ის ქალიც,

კურთხეულს უფლის ნებით რომ

გაეჩვენება სიზმარი:

- მთით-მთაზე, ივრით არაგვზე

ოქროს აბიან შიბები,

ად-ჩამოდიან ფრთიანი

ბალღები გასაკვირვები…

ჟამი-ჟამ მწკეპარ-ქართული

მათი გალობა ესმითა,

მასმინარ ფშავლისშვილებიც

ლაპარაკობენ ლექსითა…

ცხადლივ უფალი უმჯობესს,

ერთს მათგან, სულ ერთმტკაველას,

პავლე მღვდლის შვილად დაჰბადებს,

დაარქმევს ვაჟა ფშაველას…”

მარიამ ხუცურაული.

ივანე ჯავახიშვილის ქუჩის შვიდ ნომერში ხომ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმია და ამ შენობის მარჯვნივ მდებარე სახლში "ქოსების დუქანი” იყო, – რაკი პატრონები ქოსები ყოფილან, იქ ხშირად მოსიარულე ვაჟა-ფშაველასაც იმიტომ შეურქმევია ეს სახელი.

ჰოდა, ერთი საღამოც არის და…

წამოდი, კაცო, წამოდიო, – ერთი ეუბნება მეორეს, – ხომ გიყვარს აქ სიარულიო.

სიყვარულით როგორ არ მიყვარს, გულის ძმავ, მაგრამა რანაირად წამოვიდეო, – ფეხს ითრევს მეორე, – ვერა ჰხედავ, ეს ოხერი, "ქოსების დუქნის” წინ იმისი სახლი გამოჭიმულაო.

ეს ერთი, საშუალო სიმაღლისა და ევროპულ კოსტიუმში გამოწყობილი, ღიმილ-ღიმილით კი მიდის, თუმცა მაინც ეტყობა, რომ ისიც ფრთხილად და შემპარავად ადგამს ნაბიჯებს, მეორე კიდევ – ჩოხა-ახალუხიანი, მაღალ-მაღალი და ხმელ-ხმელი – მხრებში თავჩარგული, გულსუწადინოდ მიიპარება, თანაც წარამარა "ქოსების დუქნის” მიმდებარე სახლის ფანჯრებს დიდი შიშით ახედავს ხოლმე – ემანდ სარკმლიდან არ გადმოიხედოს და არ დამინახოსაო.

მერედა, როგორი ღვინო იცის ამ ქოსების დუქანშიაო! – ცეცხლზე ნავთს უსხამს საშუალო და ამით თავსაც იმხნევებს, – რა კახური აქვთ, კაცო, ამ ქოსებსა, "მტვრიანის” ღვინო გინდა თუ "მირონისაო”.

ჰოო, ჰო, "მტვრიანისა” და "მირონისაო”, – ნერწყვის ყლაპვით იმეორებს მაღალ-მაღალიც, დალევა მონატრებია, გალაღება უნდა და რა ქნას, რა უყოს ამ ბრუნდე წუთისოფლის უკუღმართობასა, რომ პირდაპირ ამ სახლთან არის ეს დუქანი და იმას კიდევ, ვინც შეიძლება ფანჯრიდან გადმოიხედოს და ესენი დაინახოს – სმას მოერიდეო, – დარბაისლურად დაურიგებია და სანამ დაარიგებდა, ისიც ხომ უთქვამს და შავით თეთრზედ დაუწერია, რომ – ჩვენ, ძველებმა, კალამი განზე უნდა გადავდოთ და გზა ვაჟა-ფშაველას მივცეთო.

ამ სიტყვებისა ერიდება, – ვაი, როგორ ძალიან რცხვენია ხმელ-ხმელსა და მაღალ-მაღალსა, – აჰკვრია თავისი გზის დამთმობის სახლის კედელს და ისეთი ძალით აჰკვრია თუ ასწებებია, რომ ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვეღარ მოაშორებს და, აბა, იმ საშუალო მომავალ თანამეინახეს რა უნდა გამოუვიდეს, როგორ უნდა მოაშოროს ამ საბედისწერო სახლის კედელს, ჩოხის სახელოზე რომ დაბღაუჭებია და "ქოსების დუქნისაკენ” მიექაჩება.

ფრთხილად, ფრთხილად, ილიამ არ დაგვინახოსო, – კვლავაც შეყელთებულია ამ დიდ გასაჭირში ჩავარდნილი მაღალ-მაღალი და ხმელ-ხმელი, – ვერა, ვერანაირად ვეღარ შორდება კედელს.

წამო, კაცოო, წამოდიო, – რაღა ღიმილს, სიცილს ძლივს იკავებს საშუალო და მერე შელოცვასავით უმეორებს, – "მტვრიანისა” და "მირონისაა” იქაო, "მტვრიანისა” და "მირონისაო”…

ვიციო, გულის ძმავ, მოღალული მზის მადლმა, ვიციო, რომ "მტვრიანისაც” არის და "მირონისაცაო”, – ჭოჭმანობს მაღალ-მაღალი და ხმელ-ხმელი, – მაგრამ ვეღარ წამოვალ, ვეღარაო. ვაითუ გამიწყრეს ლაშარის ჯვარი და თამარ დედუფალიო, ვაითუ პირიმზე ფუძის ანგელოზმა დამკრას სამავნეო ლახტიო და, ვაითუ დამინახოს, ხომ ამამივიდა საკმ-კერაჩი ნარ-ეკალიო, მერე რაღა მეშველება, რა პირითღა უნდა შავხედოო.

მისმინე მაშინაო, – ყასიდად ბრაზდება საშუალო, – იქ უნდა მეთქვა და აჰა, აქ გეუბნებიო…

რასაო, ძმისავ, რას მეუბნებიო… – ჰკვირობს მაღალ-მაღალი და ხმელ-ხმელი, – მე რომ ბატარაი ყისმათი მქონიყო, რაღა ამ სახლის პირდაპირ გამართავდნენ ქოსები ამ თავიანთ ოხერ-ტიალ დუქანსაო…

რასაო და, აი, შენსავე ქეიფს გეუბნებიო, – გულქართლი ღიმილით მიუგებს საშუალო სიმაღლისა, – აღარ ვიცი, ამის მეტი რაღა უნდა გითხრაო…

და იწყებს:

"დამისხი, დამალევინე,

ე ღვინო ოხერ-ტიალი,

ეგება წაღმა ვიფიქრო

სოფლის უკუღმა ტრიალი!

ეგება გულის ვარამი

ჩავკლა მაგ ჯიხვის რქაშია.

თვალთ-წინ დამიდგეს ლამაზი,

ჟრჟოლა მამკიდოს ტანშია,

დეზი ვკრა ჩემსა ლურჯასა,

გადავერიო ზღვაშია.

თქვენთან ძაღლურად სიცოცხლეს

სიკვდილი მიჯობს ცდაშია;

ვერ მააწონებთ კარგ ყმასა,

რაც არ მაუდის ჭკვაშია!”

ეეჰ, ლუკავ, ლუკავ, შე ბეჩავო და უკვლო-უბედო, კარგუნახავიმც დაიკარგებიო! – ამოიგმინებს ხმელ-ხმელი და მაღალ-მაღალი, – ჯერ შენ გადაირბინე დუქნამდისა და მერე იქნებ მეც გავბედოო…

და არიან ამ ყოფაში, – "ქოსების დუქანში” მიდიან უკვე კარგა ხანია, მიდიან, მიდიან და ვეღარ მისულან, – საქართველოს უგვირგვინო მეფის რიდითა და მოხათრებით.

"ოქროს შიბებზე მავლები”

"ლიტერატურული პალიტრა” # 7 (46)
ივლისი 2008 წელი

კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 956 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]