ლევან გოთუა – წიწამურის მიწა
2011-03-17, 8:16 PM

ილია ჭავჭავაძე და ოლღა ჭავჭავაძე-გურამიშვილის

"ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ…”
ვაჟა-ფშაველა. 1907 წ.

ეტლი საბურთალოს გასცდა თუ არა, ილიამ შვება იგრძნო… თითქოს ქალაქის უხილავი არტახები ჩამოიცილა. მაგრამ ახლა თვალებზე ლიბრად დაედო ზოლებ-ზოლებად შეღებილი საყარაულო… შიგ გაშეშებული, ჩექმებში ჩამდგარი სხეული. მხარიღლივ დაგორგლილი ფარაჯა დასდებოდა, ზევით კი მხოლოდ ხიშტი უჩანდა. სახე ვერ შეუმჩნია ილიამ… იქნებ არც ჰქონდა სახე… და მის მაგივრად დაფაფრული ორთავა არწივი იყო.
ილიამ სახე იბრუნა.
- გარეკე! – შეუძახა კოფოზე მოგუდულად მჯდარ მეეტლეს.
ლაბაურმა სადავეები უნდილად ამოკრიფა. თეთრა ცხენებმა მუხლი გაშალეს. ეტლი გაბმულ-ამღერებულად ახმიანდა გზატკეცილზე.
ილიამ ღრმად ამოითქვა სული, ქუდი მოიხადა და მოძლიერებულ ქარს შუბლი შეუშვირა. მაღლა, ჯერ ცას შეჰხედა, მერმე მთებს. მის მახვილ თვალს არაფერი გამოჰპარვია, არც მზეჩაკრული ღრუბლების უსაზღვრო ლტოლვა, არც შეტრუსული მთა-გორაკები… არც გზის პირას შეყუჟული, გამტვერილი ბუჩქები.
გვერდზე მჯდარი მეუღლის ფაფუკი ხელი იგრძნო:
- აბა, ქვევით გაიხედე!… შენ გიყვარს…
ეტლი მოხვეულ თავქვეზე დაეშვა და მტკვრის პირს სულ ახლო მისწვდა. ხედი ჩრდილდაკრულ ვერცხლისფრად გაიშალა და უეცრად ალივლივდა.
გზის ქვევით ვიწრო რიყე იყო.
რიყეზე მეთევზე იდგა და მარცხენა ხელით სასროლი ბადის ლანძვებს, ჩანგის სიმებივით, თითებში იკრეფდა, იმარჯვებდა. სველი სამოსი ტანზე შემოსწუროდა და ბრგე მხრებსა და კუნთოვან წვივებს უტვიფრავდა.
ილიას სახეზე სიამისა და ცნობისმოყვარეობის იერმა გადაჰკრა. ხელი წასწია, მეეტლის ნაცვლად თავის ერთგულ დარაჯს – იაკობს შეეხო… მაგრამ იაკობმა ხელად იაზრა და ლაბაურს ეტლი სულ ახლო, გზის კიდესთან მიაყენებინა.
მტკვრის გულისხმაში წასულ მეთევზეს არც გაუგია ეტლის მოსვლა. ახლა კბილებში მოიგდო ბადის კიდე, ორიოდე ნაბიჯით, წყალჩაყოლებით, ჩასცდა ეტლსა და ბადე ჰაერში ფართოდ გასტყორცნა.
ილიამ თვალი გაჰკრა ჰაეროვან კალოსავით გაშლილ ბადის ლანძვებს, ბედისიქითა მტკვარს, ქვევით ატეხილ-ჩატეხილად გამომზირად ტფილის-ქალაქს, მის სევდიან შემოგარენს… თვალის ერთ ხამხამში ყველაფერი ბადეში გახვეულად ჩანდა… მერმე ბადე წყალს გაეკრა, მტკვრის ტალღას ვეება ბადიმივით გადაეფარა, თითქმის უხილავი ჭადრაკული კვალი დააჩნია და ჩაიძირა.
- წყალ-ხმელეთავ, ჩემს ბედზე იყოს! – გადასძახა უკვე გულშეძგერებულმა და მოხიბლულმა ილიამ.
მეთევზე ძირა თოკის რხევა-რხევით მიჰყვა ბადეს, ოდნავ შემობრუნდა და შენამული თავ-ქოჩორი ჩაუკრა:
- ეგრე გახლდეთ… მგზავრო-ბატონო! – ბადის თოკი დაოკებული ილეთით მოიმოკლა და მოიზიდა.
- ილიას ყველაფერი დაავიწყდა… გადმოწეულმა, მარჯვნივ გადმოსძალა ეტლი, სახეზე წამოწითლდა, მარცხენა ლოყაზე ხალი აუთრთოლდა… ოლღას მოსიყვარულე თვალს არ გამოჰპარვია მისი ილიკოს "ხალის ციმციმი” – უტყუარი ნიშანი უაღრესი გატაცებისა.
მტკვრის სიღრმიდან კი ბადის კუშტული ჯერ სახნისივით ამოცურდა, მერმე აფრის სამკუთხედად გაიზარდა… ბოლოს უბე-კალთები მოიყარა.
რიყეზე ჯერ ლიფსიტები და წვრილ-თევზები აშხვართალდნენ, მერმე კი ბადის ლანძვებში მოზრდილი ჭანარებიც მოქნეული ხანჯლებივით აბრძოლდნენ.
ილიამ გულის ჯიბეზე გაიკრა ხელი, ჯერ საათი, მერმე სათვალე მოებორკა. მცირე ჯიბესაც მიაგნო და წვრილი ვერცხლი, რაც აღმოაჩნდა, მუჭით გადააყარა ჯერ გაუშლელ ბადეს.
ახლა, თევზებთან ერთად, ვერცხლის ფულიც აწკრიალდა და აკიაფდა რიყეზე.
- შენ გიშველა ღმერთმა! მაამე!.. ახლა გაუშვი, გეთაყვა! ისევ წყალში გაუშვი თევზი! სიცოცხლე ჩვენც გვწყურია და მაგათაცა!..
- ვაჰ! – გაიკვირვა მეთევზემ. – აჰანდე, შენი ჭირი წაუღია! – ცალი ხელით თევზებს დაუწყო წყალში ყრა, მეორეთი კი ვერცხლის ფულებს ჰკრეფდა.
- წუთისოფლის მგზავრო,შენ ქაღალდის მოთამაშე რამე ჩანხარ!
- ჰო, ქაღალდისაც და წიგნისაცა! – ჩაეღიმა ილიას და უკანასკნელ თევზს თვალი გააყოლა. თევზი ვერცხლის მცირე ცისარტყელასავით გადაეწერა მტკვრის თავს და მორევში შთაინთქა… მტკვარჩაყოლებით კი ისევ ატეხილ-ჩატეხილი ტფილის-ქალაქი შერჩა თვალწინ… მაგრამ, ჰოი, უცნაურობათ… ტფილისი ისევ ბადეში ჩანდა!.. წეღან თვალშესწრებული სურათი ისევ უძრავად და გამოტვიფრულად ედგა წინ… "აი ეს თუ არის სიბერე!.. თვალის მოდუნება და ჭირისუფლის გრძნობა-დარდის გამახვილება!.. მაგრამ მე, აბა, სად მცალია სიბერისათვის?.. და მაინც…
ამ ბოლო დროს გულის ფრიალივით შემოჩვეულმა ფიქრმა ერთი შავი კენჭიც გადმოუგორა. ი”ერთიც ვუნახოთ, ეს წლოვანი კაცი უკანასკნელად ვხედავ ტფილისს?.. ნუთუ ასე ბადეში გაბმულად უნდა დამრჩეს?”
ქარმა მტვრის ბოლქვი დააგორა გზაზე… ოლღამ ხმა მისცა თავის ჩაფიქრებულ ქმარს… მეთევზეც რაღაცას ეუბნებოდა…
- ჰო… ხეირი ნახე… ხეირი! – ილია შემობრუნდა და ახლა მეეტლეს აუქნია ხელი. ცხენებმა გაიწიეს გზისაკენ.
ცოტა ხნის შემდგომ სათვალე მოძებნა ილიამ. მისი ზონარი რომ მოზიდა, თითქოს ბადის თოკს ეწეოდა… ნაჩქარევად გაიკეთა და ჯმუხა ტანით ერთბაშად უკან მობრუნდა… მაგრამ მოსახვევი გავლილი იყო და ტფილისი აღარ ჩანდა.
ილიას სოფელი მუდამ უფრო უყვარდა, ვიდრე ქალაქი. მით უფრო სიბერეში, როცა ადამიანი უფრო გრძნობს ბუნებას. ჰოდა, ამ გრძნობით ილიას ყვარელი და საგურამო მუდამ ერჩია ტფილისს. ახლა კი საოცრად ეწყინა ტფილისის თვალთაგან მიფარება. სათვალე მოიხსნა და ისევ ჯიბეში ჩაისვენა.
- დღეს რომელი რიცხვია? – უმიზნოდ და, ვგონებ, უფიქროდაც შეეკითხა მეუღლეს. ოლღამ ფერხთით დაწყობილი ხელბარგი გადასწია, გაზეთების დასტიდან დღევანდელი ამოიღო და რიცხვს დაჰხედა:
- 30 აგვისტო, ხუთშაბათი…- მაგრამ ილიას სახეზე მიხვდა, რომ მას არც გაუგია. – ცხრაას შვიდი წელი! – ოლღამ ღიმილით დასძინა და ყურადღების მისაქცევად ქაღალდიც გააშრიალა, ხელში მისცა.
ილიას სიტყვებზე უფრო ძველნაცნობი, ჩვეულებაში გადასული შრიალი მოესმა. ქაღალდის გლუვი და ჩუჩუნა ხაოც უმალ იგრძნო ხელმა. სტამბის სუნი და წიგნის სურნელიც მისწვდა… მერე კი დახუჭული თვალებითაც, დაგუბული სმენითაც დასანახ-გასაგონი სიტყვების ტვიფარი და ხმიანობა იწყებოდა. ასეთ დროს გატრუნვა იცოდა ილიამ… და დაიძრებოდა სიღრმისეული გულისხმა… დაუმთავრებელი კილოები და სახეები… ნაკვეცი სიტყვები… ჯერ დაუხვეწი შედარებანი… აზრის ნაკვესები… შიგნიდან წამოსულ ტალღას ახლა გარედან შეერწყმოდა თვალშემთხვეული, ყურმოკრული თუ ყნოსვა-შეხებით ნაგრძნობი კილო, ფერი თუ ნივთი.
აი, ახლაც ქაღალდის შრიალს თითქოს წამოეწია და შეერია თევზების წკაპანი, ვერცხლის ჟღერა, მტკვრის ჩუმ-ძალუმი დუდუნი და ქართულ გზაზე ეტლის თვლების გაბმული ზრიალი. ილიას ესმოდა ეს უეცრად წყობილი კილო-კაფია… თითქოს ყოვლად ნაცნობი, მაგრამ ამდაგვარად და ბოლომდე არაოდეს არმოსმენილი… ისიც იცოდა ილიამ, რომ ეს კილო-კაფია, ამავ ხმებით თხზული, სრული დამთხვევით არაოდეს აღარ გამეორდება.
მალე ქარის მონაბერის ხმა მოძლიერდა. დიღმის ღელისპირას გაჩენილი ბაღების შრიალ-შრიალი მოსწვდა ილიას ყოვლისშემსრუტავ სმენას. ერთ წუთს ისევ შეახამხამა თვალები, მაგრამ ისევ დახუჭა და ეტლის თვლების ქვეშ ჩაბოხებულმა გუგუნმა ამცნო, რომ დიღმის ხიდზე იყვნენ. მოძლიერებულ ჰანგს ახლა გაჭაჭული, კვინიხის მიღმა გადასული სიმღერაც შეემატა და შეეხიწვა.
"თეთრი დუქანი?.. ალბათ, ღამე უთევიათ ლოთებს!”
- აქ არ შევფერხდეთ, ილიკო?! – მეუღლის გამაფრთხილებელი ხმა და მოძრაობა იგრძნო.
- არა! – ილიამ თეთრ დუქანს თვალი გაუსწორა და ხშირი წარბები შეჰკრა.
დაჩრდილულ, დაბალ აივანზე დიდი სუფრა ჩანდა გაშლილი. დამთვრალ-გასავათებული მოქეიფენი ფხაშერეულად ისხდნენ. აპრეხილი სახეები და ამოღამებული თვალები დროისა და ზომის არარაობად მიჩნევაზე მეტყველებდნენ.
- ისევ ქეიფობენ თათქარიძენი! – ზიზღნარევი ნაღველით ჩაიდუდუნა ილიამ და სახე იბრუნა, გაზეთი აიფარა, მაგრამ გვიან იყო…
- ჩვენს ილია ჭავჭავაძეს გაუმარჯოს! – ქვევრის ხმით დაიგრგვინა თამადამ, თავადაც ქვევრივით კაცმა.
გაბრუჟებული სუფრა თითქოს ფეხის წვერებზე შებროწიალდა.
- ჭაჭას ვაშა!.. – ენაბორკილად, მარცვალაკიდებულად აროხროხდა სუფრიონი. ქვევრივით კაცმა კი ცალ ხელში მწვადწამოცმული შამფური აიტაცა, მეორეში ვეება ყანწი. ბაჭუა-მედუქნემ ხელად კვარტიანი ბოთლი ყირამალა ჩაუყუდა ყანწში.
- ახალი სადღეგრძელო განიკითხენით! – ქვევრის ბანი დააქუხა თამადამ, მოკლე ფეხები აასავსავა და გზაზე რუმბივით გამოგორდა.
- გარეკე! – ჩუმად შეუძახა ილიამ: – სუფრაზე ცოცხალთან ერთად შეჭამეს საქართველო!
ერთი ჩრდილის დადებით თუ გადაუსწრო ეტლმა სუფრის აბარბაცებულ წევრებს. მერმე იმატა მანძილმა.
- დააყე! დააყე!.. თავადო… ან შენი სადღეგრძელო გვასვი… ან ჩვენი შესვი!
- გარეკე! – უფრო ხმამაღლა აღმოხდა ილიას.
- გაგონილა აგეთი ბიაბრუ? – გაწყრა ყოვლისშემძლე და კიდევ ერთი ჩაფის დამლევი თამადა. შამფური გზის შუაგულში ხანჯალივით დაარჭო, სავსე ყანწი ეტლის მიმართულებით სტყორცნა, ღვინო მტვრიან გზას გადააღვარა.
- შენი შესანდობარი იყოს!.. არამც გამობრუნებულხარ! ახლა კაცია ეს ადამიანი?!
ილია კი ჩაკუწკუწებულად იცინოდა:
- ხომ გავექეცით თათქარიძეებს?!
… მაგრამ ოლღამ უმცდარად იცოდა, რომ არც ასე ეცინებოდა გაქცეულ მგზავრს.
- ყურადღებას ნუ მიაქცევ… უგუნურებს! – ოლღამ თვალზე მომდგარი ცრემლი ჩუმად მოირხია და ილიას ხელში უნებურად შეჭმუჭვნილი გაზეთის გამორთმევა დააპირა. ილიამ ხელი მოუჭირა ქაღალდს, სიცილი სიმივით გაწყვიტა, თავი მხრებში ჩაიღრმავა და სულ სხვა ხმით აღმოხდა:
- უგუნურები მეტად გაგვიმრავლდნენ… ახლა ვიცინოთ თუ ვიტიროთ?!
თეთრი ცხენები კი გულდაგულ მიჰქროდნენ. ადგილიც გავაკდა და გაიშალა. გზა მშვილდის ლარივით გაიწვართა. პირის ქარიც გალაღდა… მერე კი შემომტევი ძალაც მოიცა…
ძუა-ფაფარაშლილი თეთრი ცხენები, ილიას თვალში, თანდათან ზღაპრულ თეთრონებს დაემსგავსნენ, ფიქრსაც შვება და სხვა მიმართება მისცეს… შუბლის კოპები გაუხსნეს… შეაოცნებეს… მაგრამ დიღმის ველის ჯირგალა ქარმა ძალუმად გაჰკრა ეტლს… ილიას გაზეთი ხელიდან წასტაცა, ხოლო ოლღას ქუდი და მისი სამაგრი წაჰგლიჯა თავიდან და შორს… უკან, თეთრ დუქნისაკენ გააფრიალა.
ქალმა შეჰკივლა.
- ჩვენი ჭირი წაუღია, ოლიკო! – წამოიძახა ილიამ და კოფოდან გადმოსახტომად წამოწეულ იაკობს კალთა დაუჭირა.
- გარეკეთ!.. გარეკეთ! სიკეთე – სიკეთეა მაინც… და სანთელ-საკმელი გზას არ დაჰკარგავს! – დაუშრეტელმა რწმენამ წეღანდელ ბოღმას თავი ამოუხვია და ფიქრს შემოქმედებითი ხალისის ნიშატი მისცა… ილია მწყურვალ ირემივით დაეწაფა დიღმის ველის გაშლილ გარემოს.
შორეულ ბაღებსა და სოფლის პირებში ქარგაკრული ალვის ხეები გაანჩხლებული პატარძლებივით ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ, ჩიქილებში და თმებში სწვდებოდნენ და ვერც სწვდებოდნენ… მათ თავზე მხრებდაზნექილი, თავწაქინდრული გორაკები გადმომდგარიყვნენ… ჩრდილმწვანე ლაქებს ყვითლად ჩამწვარი ფორეჯები და ჩათასმული რუხი ნეკნები ენაცვლებოდნენ… ვეფხისა და კამეჩის ვეება ტყავების ნაერთს ემსგავსებოდნენ…
დიდი ჭირისუფლის მჭვრეტელი თვალი და ფიქრი მიდამოს სხივის ფარცხად ედებოდა. გულისყურში მოჰქონდა ყოველივე ნიშანდობლივი, მჭიდე აზრის მბადი… ყველაფერს თავის სახესა და შესატყვისს უძებნიდა. არაფერი არ რჩებოდა განუცდელი… და თავად უსაზღვრო გრძნობებით აღსავსეს მრავალჯერ ნანახიც კვლავ აძლევდა საბაბს ახალ გრძნობათა და აზრთა გადმოსაფრენად.
ილიამ იცოდა, რომ თავის ფიქრებში, საერთოდ, შინაგან ცხოვრებაში, იგი უფრო აღფრთოვანებული მეოცნებე და რთულად მთქმელი იყო, ვიდრე თავის ათასჯერ ნახვეწ და ნათეთრ ნაწერებში. იგი თავის სათქმელს უფრო დინჯსა და გარეგნულად სადა სახეს უძებნიდა და ჰპოულობდა.
- აი დიდგორი… უფრო ქვევით, ამოზნექილი – თელოვანია… მერე კალთა-კალთად ჩამოსული კოდისწყარო… იმის იქით კი, მდევის მუხლივით რომ შემოსდგომია დიდვაკეს, ეს არის მუხათგვერდი! – ილია ასჯერ ნათქვამს კიდევ ერთხელ სიამით და ალერსით უამბობდა თავის ოლიკოს. იგიც გატაცებით, თითქოს პირველად, ისე უსმენდა.
მუხათგვერდის "ცხვირწამოწვდილი” ბოლო მაინც განსაკუთრებით უყვარდა ილიას. მის დანახვაზე მუდამ გული ეხსნებოდა… ბოლოს მიხვდა, რომ კუდიგორას აგონებდა… და ეს მსგავსება ესოდენ მოხუცს დაუბრუნებლად წასულ ყმაწვილდროებასა და გრძნობებს ალანდებდა, გაფრენილი ჩიტივით ახლომახლო უტრიალებდა… ისეთ წადილ-გუმანს ჰბადებდა, რომ ახლა… აქ… სადმე გადმოხტება ბღაჭიაშვილი…
… და მართლაც გზაზე ვიღაც გამოჩნდა… იმის უკან კი ილიას მოელანდა, თითქოს გორის ბოლოში ვეებერთელად გაზრდილი და გადაშლილი წიგნი იდო და უხილავი ხელით იფურცლებოდა… მაგრამ… ჰოი უცნაურობავ!.. ეტლი რომ მიუახლოვდა, ცხოვრების გზასავით გადაშლილმა წიგნმა უფრო შორს გადაინაცვლა, ხოლო იქიდან გადმოსული თუ თავის გზით მავალი მგზავრი სრულიადაც არ ჰგავდა ბღაჭიაშვილს. არც იარაღი ესხა, თუ კეტს არ ჩავთვლით ამად. უფრო მეტიც – ვაჟკაცი სრულიადაც არ გამოდგა მავალი. ახლოს უკვე კარგად გაარჩია ილიამ: თალხსამოსიანი შემძლე დედაკაცი მოაბიჯებდა… შავ თავსაფარს ქვეშ საფეთქლებთან გამოშლილი ჭაღარა კავები უფრო უმკაცრებდნენ სახეს. შუბლსა და წარბების ნასკვებს დუხჭირისა და ფიქრის ნიშანი ჭარბად ედო, მაგრამ კუშტი გამძლეობა და სიმტკიცეც იგრძნობოდა.
- ოთარაანთ ქვრივო… საით გაგიწევია?.. რა გაგჭირვებია? – გადასძახა ილიამ და ეტლი შეაჩერებინა.
- შაქარაანთ ქვრივი გახლავარ… ქალაქელო! როგორც გამჭირვებია და კეტ-ქალამანიც ისეთი ამიღ-ჩამიცვია!
ილია ოდნავ დააბნია ამ პასუხმა. სათვალე მოინახა, გულის ჯიბეში თავის სადარბაზო ბარათი ამოებორკა ხელში. ისიც ამოიღო და ოთარაანთ თუ შაქარაანთ ქვრივს მიაწოდა:
- თუ დაყოვნდი და ვერას გახდი ქალაქში… მნახე… აი ეს მოგაგნებინებს.
ქვრივმა მხირე, გატკიცინებული ბარათი გადააბრუნ-გადმოაბრუნა, ქორულად ამოჰხედა ზევით და მჭახედ შემოაძახა:
- თუ სიმართლის კაცი ხარ… არადა ილიასთან მივალ!..
- მიდი… იმასთან უსათუოდ მიდი! – უეცრად ავარდნილი სხაპასხუპით მიაძახა ილიამ და აძრულ ეტლში მძიმედ, მაგრამ გულშეჩვილებულად შესწორდა. თვალი ისევ გზასა და მუხათგვერდის ხიდისაკენ ჩაუხვია. ცხენოსანიც მოსწვდა ეტლს, თვალის მომჭრელად ჩაუქროლა:
- გამარჯობათ, კეთილ-ქართველებო!.. – და ცხენი უკვე შორს იყო. ილიას თვალში და გულში ჩასწვდა კალთაშეკეცილი ჩოხის ფარგი და მხარზე მოგდებული, მზეზე ალაპლაპებული თოფის ლულა. თვალი გააყოლა ალაზნისპირელმა და გულიანად ამოიკვნესა:
- ოჰ, ნეტავი შენ!
… და ჯადოსნური, ყოვლისშემძლე ფიქრის ძალით – ეტლიც ურმად იქცა, ქარიანი დღეც – მთვარიან ღამედ… მტკვარიც – ალაზნად და მკრთალი ნათელი დაედო ყველაფერს. ერთი მობრუნებაც და ფიქრმა ალაზნისა და ბღაჭიაშვილის კუდიგორის არედან ახლა უფრო ღრმად, მისი პირველსახის – კაკო გაუხარაშვილის – კარდენახის ტყეში გადაინაცვლა…
აქ შეხვდა პირველად ახალგაზრდა ილია სიკვდილის ფათერაკსა და ჩაგრულის სამართლიან გაბოროტებას…
… იყო ყვავილ-ჩრდილოვანი, კარდენახში მიმავალი გზა… და იყო ირგვლივ ტყე… დაბურული, ქართული ტყე… ძირ-ძარღვიანი, თავტოტმაღალი… თუმც ნაქარბუქალი და ნაკაფი. და უეცრად ახალგაზრდა მეოცნებე ილიას თოფშემართული კაცი გადაუდგა და შეუძახა. ილიამ თოფის კორაზე იგრძნო თავისი თავი, მაგრამ სდუმდა. ელოდა. არც იბრძოდა, მაგრამ არც რას უთმობდა…
"მესვრის?.. არ მესვრის?” – საფეთქელში ჰკვესავდა ფიქრი.
- ვინ ხარ ასეთი, არც ღარიბს ჰგევხარ, მაგრამ არც მდიდარს? არც იარაღი გაქვს, მაგრამ არც გეშინია, გატყობ!
- კაცი ვარ, ადამიანი… თანაც ქართველი… ვგონებ, შენცა?!
… მერე იყო მუხის ძირი, სუფრა, პურ-მარილი… დუხჭირის თხრობა… გულქვა თავადის ამბავი ყაჩაღის ღვინოზე უფრო აბრუებდა მას, მაგრამ კი არ ათრობდა – თვალს უხელდა… ოცნებას უკვეცდა, მაგრამ ცხოვრების ცოდნასა და სიბრძნეს ჰმატებდა.
…”მაშინ არ მესროლა გაუხარაშვილმა და მომარტყა კია… შიგ გულში მომარტყა და ისე… მისი ტკივილი აჰა – სიბერემდე გამომყოლია… ამ ტკივილმა შვა კაკო ყაჩაღი, კაცია ადამიანი, ოთარაანთ ქვრივი, გლახის ნაამბობი… ამ ტკივილმა თითქმის ნახევარი საუკუნე სულ "ჩატეხილ ხიდზე” მატარა და მაფიქრა… ვგონებ, დამძალა კიდევაც… ჩემს საბრძოლო ურემს ორი ბორბალი ჰქონდა – ეროვნული თავისუფლება და შინაგანი უთანასწორობის ამომთელება… ჰოდა, უკანასკნელ ბორბალს უფრო დავაწექ და ავაჭრიალე… ჩემი საყვარელი გარიბალდი და სენკევიჩი კი, ვგონებ, გულის ჩეროში დამრჩნენ… და უფრო ცუდია, რომ ვეღარც ხიდი გავამთელე!”
- ესეც ხიდი!
მეუღლის სიტყვამ გამოარკვია ილია, და მართლაც, მუხათგვერდის ორსართულა ხიდს მიაღწიეს. ზევით მატარებლის სავალი იყო, ქვევით – საურმე გზა.
ხიდის მისავალში ცალფანჯარა დუქანი იდგა. პატრონიც ცალთვალა ჰყავდა. ილიას უყვარდა ეს კუთხე… ცოცხალიც მუდამ იყო და ფიქრიანი გარემოხედიც. ხან მარტოხელა, ხან სტუმრიანი პურ-მარილი ხშირად უგემია ილიას ამ კნუტისოდენა დუქანში. ახლა კი გული არ უდგებოდა, მაგრამ ეტლიდან მაინც შემოვიდა. შემოგარენს თვალი მოავლო, მოუალერსა. ბევრი ჰყავდა მოსაკითხავი… მარჯვნივ მაღალი კლდეებიდან გამოქვაბულები ძველ, თვალდათხრილ საქართველოს სახე-ნიშნებად და იარებად იმზირებოდნენ. მათი დრო და ამბავი მტკვარმა ხან ნამქერ-გრუხუნით, ხან სისხლის ნიაღვრით, ხან კი უღონო დუდღუნით ხილქვეშ გაატარა, უბრუნეთში გადალექა…
გზის პირას, ჩრდილდაბალა ფშატებთან, დარხობილ ურმებზე ცარიელი აკვანი იდგა. ურმის ჩეროში ზღარბა მოხუცი ახალ ტაბიკს უთლიდა უღელს.
- საიდან, მოხუცო?
- ბაზალეთიდან…
- ბაზალეთის აკვანი?! – ოცნების ხმით გაიმეორა ილიამ.
- ჰოდე, ტყუპის ცალისათვის! – ზღარბა მოხუცმა ბრძნულ-სევდიანად შეხედა მოსაუბრეს და ახალ ტაბიკს თავი მოუკვერცხა.
- ტყუპის ცალიო?.. მეორესათვის?
- აქვეა!… – ზღარბამ ცალი ხელით ურმის ბოლოში ჩაფარებული ჭილობი დასწია, მცირე კუბო გამოაჩინა.
ილია სახტად დარჩა. სიტყვა ამოებორკა გულშეძრულს:
- რისგანა გვჭირს?..
- ცხოვრებისაგან… ასეა.. სიკვდილ-სიცოცხლე, როგორც დღე და ღამეა… წუთისოფელიც ეგრე ბრუნავს!.. ჭრის და კერავს… ჭრის და კერავს! – ამოიოხრა მოხუცმა და კუბოსა და აკვანს ერთი ჭილობი გადააფარა. მერმე ისევ თლას მიჰყო ხელი. ილიას წასვლა სწადდა, მაგრამ თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი კიდევ დარჩა უთქმელი ამ ზღარბა მოხუცს.
- ჩვენებურო, შენი სიბრძნე საშინელია! ამას რაღასა სთლი, ალბათ, მთავარი ეგ თუ არის?!
- ჩვენს ურემს თავტაბიკი გატეხილი აქვს!..
ილია თოფნაკრავივით განშორდა ზღარბას … "აი მთავარი… ძირითადი… თავტაბიკი და არა ხიდი! თავტაბიკი და არა ხიდი!”
ეტლი უკვე გაღმა გასულიყო. ილია კი შუაგულ ხიდზე შედგა და ქვევით, მორევში გადაიხედა. მტკვარს ორსართულა ხიდის ჩრდილი, როგორც ორმაგი უღელი, ედო და ედო… წყალში ჩახედვა სიყრმიდანვე უყვარდა დურუჯის პირზე გაზრდილს, მერმე ალაზნის მაღმერთებელს… რიონის ტრფიალს… თერგის მოიმედეს, არაგვის მეოცნებეს… მტკვრის დედად მიმჩნევს!
წყალში ბევრი რამის ანარეკლი ჩანს… დროის მსვლელობასაც აქ უფრო იგრძნობ! ხოლო აზრის თვალი თუ მძლავრად გიჭრის, ბევრ რამეს ნიშანდობლივ ამოიკითხავ!
… ნახირი ჩასულიყო ნაპირზე. წყალში ჩაწოლილი ბეხრეკი კამეჩები დინჯად იცოხნებოდნენ. თავ-ყურწაყრილად სთვლემდნენ ბერ-ხარები. გრილოში დასიცხული ძროხები შეგროვილიყვნენ, გაშეშებულად იდგნენ. მხოლოდ ერთ ბოჩოლას კუდი მაღლა ალამივით შეემართა და ოკრობოკრო კუნტრუშით გარბოდა რიყეზე.
ნაპირის ბექობზე, კატა-ფშატას ძირში, მუხლებზე წამომდგარ გოგონას გაშლილი წიგნით თვალები მოეჩრდილა და მაღლა ხმაზე გაჰკიოდა:
- იპოვეე?!
- ვეერაა! – გაღმიდან მოისმოდა ბიჭუნას უფრო ხმადაბალი პასუხი.
- ნეტავ რას ეძებენ? – აღმოხდა ნაამებ ილიას. – მტკვრის პირზეც, მწყემსებთანაც გასულა წიგნი… ბარაქალა!.. ისე კი, ჰოი, რამდენი რამ დაკარგული გვაქვს საპოვნელი?! მაგრამ ვინც ეძებს, ის თუ პოულობს რასმე?!
უეცრად რაღაც სხვა სამყაროს ძალუმი ფეთქვა და გუგუნი შემოიჭრა მტკვრის სამყაროში. წუთიც და ხიდის მაღლა სართულზე მატარებელმა ქშენითა და ვიშვიშით გადიგრიალა. მისმა მოძრავმა ჩრდილმა მტკვრის ტანსაც დასახსრული ურჩხულივით გადაურბინა, კვამლისა და ორთქლის ბოლქვებში გაახვია ხიდი; მაინც ქვედა სართული… ილიას ყურთასმენა წაუღო, შეაბრუა.
- აი ახალი ცხოვრება როგორ მოდის! ახლა მარტო ანაბანა ან "თერგდალეულობა” როდი კმარა, რკინის მკვნეტელობაც უნდა ვისწავლოთ! ძველი ურდულების მტვრევაც! განახლების საქმეში სხვა ერებთან ერთად მეწინავედ სვლაც!.. არა თვლემა ან ხიდის ქვედა სართულზე მჭვრეტელად დგომა!
ეტლი შეღმართის თავში ელოდა ჩამორჩენილ მგზავრს. კოფოზე თავჩაქინდრული მეეტლე იჯდა. იაკობა-დარაჯი გზაზე იდგა, შეღრუბლულ ცას გაჰყურებდა. ოლღას დაკარგული ქუდის ნაცვლად მსუბუქი თავსაბურავი მოეხვია და ხელს უქნევდა ილიას. ცხენები თავ-ფაფრებსა და ძუებს იქნევდნენ. ყველაფერი ეს ათასჯერ ნანახს, მაგრამ მაინც სიზმარს ჰგავდა… შემოქმედის აზრი კი უხილავი გზებითა და ლანძვებით ვიდოდა, ხილულ სამყაროს თავის ნიშატს აძლევდა.
…”ეჰ, თუ გაასიზმრებ – ყველაფერი სიზმარია!.. თუ გაამასხრებ – ყველაფერი მასხრობაა!.. თუ გააცრემლებ – ყველაფერი სატირალია!”
ილიამ ისევ ეტლს მიატანა და, როდესაც ჩაჯდა, მაშინ უფრო იგრძნო, რომ დღეს "ყველაფერი გამღერებული” იყო. მტკვრის მარცხენა ნაპირის აღმართები როცა ალიეს, "გამღერებას” სიტყვებიც აემარცვლა. სულ მალე ლექსის გარკვევაც შესაძლო გახდა… ახლა კი განცვიფრებაც მოეძალა მხცოვან მგოსანს… ვგონებ, ლექსიც იცნო.
- გესმის? – ილიას დაოფლილ შუბლზე სურნელოვანი ცხვირსახოცი გადაუსვა ოლღამ.
- განა შენც გესმის, ჩემო?..
გზა რომ გაივაკეს და ზედა-ველზე გავიდნენ, დაინახეს… სახნავში გუთნეული ჩაებათ… სიმღერაც მათი ღვაწლი იყო…
ილია ახლა სულ გაფაციცდა. შორიახლოს მიაყოლებინა ეტლი, წამოეწია. ახლა გუთნეული და ილიას ეტლი ახლო-გასწვრივ ვიდოდნენ.
კვალი გრძელი იყო და გუთნისდედამ თავიდან შემოაბრუნა სიმღერა. ჯერ "გასვლა-გამოსვლა” უსურვა გუთანს, მერმე ღირღიტას ბანი გამოსთხოვა სახნის-საკვეთის გასაწევად, რომ კაჭაჭისათვის ძირი ეთხარა… მერმე კი ხალხურს – "ილიაური” მოსდევდა:
…ერთს ბედს ქვეშა ვართ, ლაბავ, მე და შენ,
წილად გვარგუნეს შავი მიწა ჩვენ…
ილია ისე ხარბად იჭერდა ყოველ სიტყვას, თითქოს პირველად სმენოდა თავისი ლექსი. და მართლაც პირველად სმენოდა გუთანში შებმული… სხვის ჭირ-ვარამში შემძიმებული და მის შემოქმედთან, ხალხურთან ერთად გადასკვნილი და ნაწყვეტ-ნაწყვეტ მობრუნებული.
ილიას თვალის კილოში ამო ცრემლი ხორბალივით ამომარცვლდა. ეტლმა, ჯადოსნური ნიჭის ძალით, კიდევ ერთხელ განიცადა ფერისცვალება – ახლა გუთნეულად იქცა… თეთრი ცხენები – ღვინია ხარებად და ზანგელა კამეჩებად… თავად ილია კი გუთნისდედად… ხნულს კვალში ჩასდგომოდა. ლექსს სთხზავდა, ყამირს ხნავდა და იყო ეს ქართული მიწა და წიგნი.
ამოსაბრუნებში მივიდა გუთნეულიცა და ილიას ეტლიც. გუთნური ჩათავდა და ყველანიც შედგნენ.
- ბარაქა თქვენ გუთნეულსა და ნაოფლარს! – გულიანად გადასძახა ილიამ. – შრომაც მადლიანი გცოდნიათ და სიმღერაცა!
- ღმერთმა გიშველოს და გისმინოს! – მგამოეპასუხა გუთნისდედა. – დააყე, ბიჭო, საქონელი!.. დავასვენოთ!.. სახრის ტლაშუნი ადვილია!
ილიამ ხელად კაუჭი გამოსდო სახენათელი მოხუცის სიტყვას, გუთნისდედას "სიბრძნის კბილი” მოუსინჯა.
- ასეა, მოხუცო… ახლა ჩვენში მეხრეები უფრო არიან, ვიდრე გუთნისდედები!
- ეგ ხომ მუდამ ეგრე იყო, პატიოსან-კაცო!.. შენ ეგა სთქვი, ახლა მეხრეები უფრო გადიან ფონსა… გუთნისდედებსაც ერეკებიან!
- თუ ეგ იცი, ისიც გეცოდინება, – რისგან არის?
- ჩყვენ-ჩვენობა აღარა გვჭირს!.. სხვის-სხვისობაში კი მეხრე და მემათრახე უფრო ფასობს და ხარობს!
- რა ვქნა?.. შენ ის მოხევე ხომ არა ხარ? – ილია თავის ფიქრს უფრო შეეკითხა, ვიდრე გუთნისდედას.
გლეხმა ოდნავ ცერად შეჰხედა, თავისებურად მიუხვდა… აღარც შეეპუა ამ ჩაჭაღარავებულ სახემადლიან კაცს:
- მოხევე?.. ჰოდა, რადგანაც ეგეთი მოიარებითი სიტყვის პატრონი ყოფილხარ და აი, მანდ, მცხეთას რომ ქორი დაეცა დედალსა… აი, სადაც ბუქი ადინა… სწორედ იქაური ვარ!.. ჩემზე უკეთ გეცოდინება!
ილიას ჩაეღიმა. ამ ავჭალელმა გუთნისდედამ მის გულში უკვე კეთილი ხნული გაიკვალა და ოდესმე წიგნშიაც წარმოუდგება.
"აი, დაძაბუნებული, ბუქადენილი სამშობლოს იმედი და ჭირისუფალი!” – გაიფიქრა ილიამ და ერთხელ კიდევ შეათვალიერა მუხლებამდე მიწაში ჩამდგარი მოსაუბრე.
გუთნისდედას დაძარღვული ხელები გულზე დაეკრიფა, დედამიწას ჩაჰყურებდა, ხარბად იყნოსავდა ახალხნულის ოხშივარს.
- აბა, გვეყო… გაუძეხით, ბიჭებო! გააწევინეთ! შეუძახეთ! – გუთნისდედამ ფამფალაკი გაუსწორა და გუთანი ახალ კვალში ჩააგდო.
- ავჭალელო კეთილ-კაცო!.. ჰოდა, რადგანაცშენ ეგეთი იგავ-არაკოსანი შემოლმხვდი… ბარემ წეღანდელი გუთნური ერთიც ჩაიღიღინეთ… ისიც მითხარ, სად გისწავლია, ან ვისი ნათქვამია?
უღლეულები ჩასწორდნენ კვალში. ჭაპანი თანდათან დაიჭიმა.
- ბალღმა… შვილიშვილმა ამოიკითხა დედა-ენაშია… მე კი ჩემი ნათქვამი მგონია… – უცბად შედგა, ერთი მოჰხედა ეტლსა და ცოტა შეფიქრიანებული ხმით განაგრძო: – რა ვქნა, შენ ილია ხომ არა ხარ?
- ჰოდა, რომ ვიყო? – ბებრული გამოწვევით გაეპასუხა მხცოვანი.
- ჰოდა, ყოფილხარ გუთნისდედა! – აი, ლექსი ხნავს! – ერთიც შეუძახა გუთნეულს და სახნის-საკვეთს გააჭრევინა, ხმაც ააყოლა, თითქოს ოდესმე გაწყვეტილი სიმღერა განაგრძო. მეორე მუხლიდან დაიწყო:
…შენებრ მეც მელის მიწა, ვით მსხვერპლსა,
სიკვდილის შემდეგ დასავიწყელსა…
მეხრეებმა ხელად აიტაცეს კილო და ხმაშეწყობილად განავრცეს, ცხრა უღლეულს გადააწვდინეს. ყველაზე ძირა ბანს კი კვალში გულახსნილი ახალხნული დედამიწა ამბობდა.
გუთნეულისა და ეტლის გზები თანდათან გაიყარნენ… მაგრამ გუთნის კილო თან გაჰყვა ეტლს… თითქოს თვლების ქვევიდან, მიწის წიაღიდან ამოდიოდა და პირველყოფილი ძალითა და ძრულით ჟღერდა. ილია კი უსმენდა… უსმენდა და მიჰყვებოდა წიწამურის გზას… მიჰყვებოდა წიწამურის გზას და ახლა უკვე შინაგანი განცვიფრება ეუფლებოდა.
"მე ერთი ვერ გამიგია… ეს ჩემი სული მღერის, თუ ქართული გარემო? ესენი ჩემი გმირები არიან, თუ ქართველი, მრავალტანჯული ხალხის გმირები? ნუთუ ჩვენ ისე ვაზებივით ვართ ურთიერთში გადახლართულნი, რომ საზღვარიც დაკარგულია? ეს მე ვარ, თუ ქართველი ხალხია?! ერთან განუყრელობის გრძნობა – უბედნიერესი გრძნობა ყოფილა!”
ზედა-ველას ბოლოში ფაციაანთ ამომშრალი ხევი იწყებოდა. ირგვლივ თავმოუკრავი ძნებივით ჩაყვითლებული და ფხაშერეული მთები წამოიშტონენ, კლდეები და ფიქალები მოიბეს. მოშლილი ალაყაფივით გასავალი ვიწრო ჩარჩოდ შემოადგა ილიას მზერას… მაგრამ მთის წვერზე, ჰაერის სიღრმეში, უეცარ გვირგვინად ჯვრის საყდარი ამოიძერწა.
ილია მუდამ გულის ჩქროლვით მოელოდა ამ წუთს და მუდამ მოულოდნელად მოხდებოდა ხოლმე ეს სასწაული.
- აი ჩემი რწმენა და სატრფო! ჩემი ჯვარია, ისევე როგორც ჩემია ყვარლის მთები, წიწამურის მიწა, საგურამოს კაკლები!
ილიას მეტად აღგზნებულად მოუვიდა ნათქვამი – კოფოზე მჯდარნიც კი შემობრუნდნენ. დაირცხვინა ილიამ, დადუმდა, მაგრამ არ ჩაქრა. მცხეთის ჯვარი კი ჩამქრალ, ჩამოღვენთილ კელაპტარივით გადმომდგარიყო და ყოველი მხრიდან ახალი სახითა და შინაარსით ევლინებოდა შეყვარებულ მგოსანს… ხან დროისაგან იგარუხებულ, ზღაპრულ ბროლის ციხის მსგავსი იყო… ხან აბჯარში ჩამჯდარ ბერ-მეომარს ედარებოდა… ხან ამაყი სულის მზეგაკრულ ალმად ენთო… ხან ქვაში ნათქვამ ქართულ ლექსსა და საგალობელს გამოსახავდა.
მოსახვევში ურემს წამოეწივნენ. კოფოზე ბალღი იჯდა. ბაძია მოზვრებს ერეკებოდა, შიგადაშიგ სალამურს უფშვიტინებდა.
ურემზე კი ძველი ფარდაგი ეგდო, ზედ მორთხმით შავოსანი დედაბერი იჯდა და კალთაში თითისტარს აბზრიალებდა, ძაფს ხვეწავდა. ურმის ჩაზანყებისას თითისტარი ცოცხალივით შეხტებოდა, დედაბერი ორთავ ხელს სტაცებდა და ისევ განაგრძობდა ხვეწას.
ეტლის ჩავლისას ბიჭმა სალამურს უტია და ხარები გაფაციცებით მიაყენა.
- გამარჯობა ბიჭო!.. საით ამგზავრებულხარ? – შეეკითხა ილია.
ბიჭი დაიბ

კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1131 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]