ლევან ბერძენიშვილის მიერ სუკის იზოლატორში დაწერილი აღსარება
2012-04-22, 3:47 PM

ალბათ, ყველას გახსოვთ „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის გაოცებული სახე, როცა 7 ნოემბრის შემდეგ რუს მაღალჩინოსნებთან საუბრები გამოუქვეყნეს – ძალიან გაოცებული რომ კითხულობდა, სამშობლოს ღალატში ჩემი დადანაშაულება როგორ შეიძლება, მე ხომ სამშობლოს სიყვარულისთვის ციხეში ვიჯექიო.

სანამ ლუსტრაციის კანონის მიღებას საშველი დაადგება და საბოლოოდ გაირკვევა, ვინ ვინ იყო, „პრესა.ჯი" პერიოდულად შემოგთავაზებთ იმ ცნობილი ქართველი პოლიტიკოსების მამხილებელ დოკუმენტებს, რომლებსაც, ლამის,  ერის მამობის პრეტენზია აქვთ და ისე გვესაუბრებიან პატრიოტიზმზე, თითქოს მკერდქვეშ სამშობლოს სიყვარულით ანთებული გული უძგერდეთ და სამშობლოს საკეთილდღეო საქმეების გარდა არაფერი ეკეთებინოთ.

 

დღეს ერთ-ერთ მათგანს, ლევან ბერძენიშვილს წარმოგიდგენთ და 1984 წელს საქართველოს სსრ უშიშროების სახელმწიფო კომიტეტში მის მიერ მიცემულ ჩვენებას ვაქვეყნებთ.

 

ჩვენებაში იგი არამარტო თავის თავს აშარჟებს და დაკავებამდელ პატრიოტიზმს დასცინის, არამედ გამოძიებისთვის მაშინ უცნობ, თავისივე ძმის მიერ ჩადენილ დანაშაულზეც დაწვრილებით ცნობებს აწვდის სუკ-ს.

 

ასეთი ჩვენებები ზერელედ, მხოლოდ ციხიდან თავის დახსნის მიზნით არ იწერება, თუნდაც ეს ციხე საბჭოთა ციხე იყოს. „პრესა.ჯი" ამ წერილს სრულად აქვეყნებს და მკითხველისთვის მიგვინდია იმის განსაზღვრა, როდის იყო ლევან ბერძენიშვილი გულწრფელი: მაშინ, როცა არალეგალურ ჟურნალს აფორმებდა და მისთვის პატრიოტულ სტატიებს „დიმიტრი დადიანის" ფსევდონიმით წერდა, თუ მაშინ, როცა ციხეში ამ წერილ-შედევრს ქმნიდა. ვინც ამ ჩვენების რეალურად არსებობას ეჭვქვეშ დააყენებს, მხოლოდ ერთ დეტალს შევახსენებთ: წერილის დაწერის თარიღის შემდეგ ცოტა ხანში ლევან ბერძენიშვილი არათუ გაათავისუფლეს, თსუ-ში საათებიც გამოუყვეს, და ეს მაშინ, როცა დაახლოებით იმავე პერიოდში მერაბ კოსტავას უბრალო მასწავლებლის ადგილი არ აღირსეს.

 

"საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს

პატიმარ ლევან ვალერიანეს ძე ბერძენიშვილის

განცხადება


მე, ლევან ვალერიანეს ძე ბერძენიშვილი, დაბადებული 1953 წლის 23 ოქტომბერს, რომელსაც ბრალი მედება საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, ვაღიარებ ამ მძიმე დანაშაულს და მსურს, გაუწყოთ შემდეგი:

იმ ადამიანს შორის, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა და იმ ადამიანს შორის, რომელიც ამ სტრიქონებს წერს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი და იგივე პიროვნებაა, უზარმაზარი უფსკრული ძევს – ამჟამად მე სრული სერიოზულობით მაქვს შეცნობილი ჩემი დანაშაულის არსიც და ჩემი დანაშაულის დროინდელი მოქმედების მთელი უბადრუკობაც.

1978 წელს, კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებული ამბების შემდეგ, შევიკრიბეთ რამდენიმე ამხანაგი და გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ორგანიზაცია, რომელიც საფუძველს შექმნიდა "დამოუკიდებელი საქართველოს” წარმოქმნისთვის. ჩვენი მაშინდელი მცდელობა ემყარებოდა იმის რწმენას, რომ: ა) საქართველოს შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა; ბ) სსრკ რიგებში ყოფნით საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით წამგებიან მდგომარეობაშია და გ) საქართველოს ისტორია, მისი განვითარების შინაგანი ტენდენციები მოითხოვს, რომ ეს ქვეყანა დამოუკიდებელი იყოს.

როგორც უკვე ხედავთ, ჩვენი ეს ე.წ. "იდეოლოგია” ემყარებოდა სამ ძირითად შეცდომას, რაც, თავის მხრივ, გამოწვეული იყო ისტორიის, მისი განვითარების კანონზომიერების, ეკონომიკის, პოლიტიკისა და ა.შ. საკვანძო საკითხების არცოდნით, რიგ მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე ზერელე წარმოდგენით, საქართველოს წარსულის არასაკმარისი ცოდნით, მისი უსაფუძვლო იდეალიზაციით.

ასევე მცდარ იდეოლოგიურ ბაზისზე დაყრდნობილნი შევეცადეთ, შეგვექმნა სათანადო ორგანიზაცია, რომელიც ჟურნალის საშუალებით გაავრცელებდა და პოპულარობას მოუპოვებდა ჩვენს "განმანთავისუფლებელ” იდეებს და მიზანსწრაფვებს. ასეთ ორგანოდ ჩვენ გვესახებოდა თვითნაბეჭდი ჟურნალი, რომლის ფურცლებზეც ასახვას ჰპოვებდა, უპირველეს ყოვლისა, არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ყოფის კრიტიკა.

იმისთვის, რომ ჟურნალის მკითხველისთვის თავიდანვე ცნობილი არ გამხდარიყო მის ავტორთა რიცხობრივი სიმცირე და სისუტეები, თვითნაბეჭდი ჟურნალი გამოცხადდა არარსებული პარტიის ორგანოდ, ხოლო "პარტიას” მოეძებნა პომპეზური და პრეტენზიული დასახელება "საქართველოს რესპუბლიკური პარტია”.

ამ, ასე ვთქვათ, "პარტიისა” და მის ორგანოს თვითნაბეჭდ ჟურნალ "სამრეკლოს” დასათაურება” ჩემი "დამსახურებაა”. ჩვენი უსუსურობის კიდევ უფრო შესანიღბავად ჩემი წინადადებით ჟურნალის პირველსავე ნომერს დაერთო "რესპუბლიკური პარტიის წესდება”, რომელიც მომზადდა ჩემი რედაქციით. "წესდება” ისე იყო შედგენილი, რომ მას შეექმნა ყალბი წარმოდგენა "რესპუბლიკური პარტიის” ნამდვილი მასშტაბების შესახებ, რომ ეს "ოპოზიციური” "პარტია” დახატულიყო, როგორც მძლავრი ორგანო, რომელსაც ძალა შესწევს, წინააღმდეგობა გაუწიოს არსებულ პოლიტიკურ წყობას და საბოლოო მიზნით, დაამარცხოს იგი.

სიმართლე მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ "მანიფესტის” ავტორთათვის მაშინაც ცნობილი იყო, რომ მსგავსი პრეტენზიული გეგმის განხორციელება არარეალური თამაშია და მეტი არაფერი, მაგრამ მაშინ, თითქმის 6 წლის წინათ, ამ სტრიქონების ავტორს მიზნად ჰქონდა დასახული, თვალში ნაცარი შეეყარა საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი მისი არამდგრადი თვითნაბეჭდი ჟურნალის მესვეურებს, გარდა ზემოთქმულისა, ამოძრავებდათ სხვა საწყისიც, რომელიც, შესაძლოა, ყველაზე უფრო მთავარი იყო მათ შემოქმედებაში – კერძოდ, ჩემი ფსევდონიმი "სამრეკლოში” გახლდათ "დიმიტრი დადიანი”.

ფსევდონიმებით, ცრუპატრიოტული "შთაგონებითა” და უკიდეგანო პოლიტიკური უპასუხისმგებლობით შეიარაღებული "გმირები” შეუდგნენ "საგმირო საქმეთა” ქმნას: შეგროვდა თანხა და შეძენილი იქნა ორი საბეჭდი მანქანა – ერთი სამამულო ტიპის ("უკრაინა-2″) და ერთიც უცხოური ("ოპტიმა” ან "ერიკა” – პორტატული) და გადაყვანილ იქნა ორივე ქართულ შრიფტზე (გადაკეთება მოხდა თბილისში კოლმეურნეობის მოედანთან არსებულ საბეჭდი მანქანების სახელოსნოში. ამგვარი ქმედების საბოლოო და ნამდვილი მიზანი სახელოსნოს თანამშრომლებისათვის უცნობი იყო).

მანქანების შეძენით და მათი ქართულ შრიფტზე გადაყვანით დასრულდა დანაშაულის პირველი ეტაპი და დაიწყო მეორე – რომელიც გულისხმობდა ჟურნალის შინაარსის შესაბამისი სტატიების დაწერას, მომზადებას გამოცემისათვის, რედაქტირებასა და გადაბეჭდვას. გადაწყდა, რომ სტატიები მოგვემზადებინა მე, ვ. ძაბირაძესა და ვ. ვ.შონიას. პირადად ჩემი სტატია ეხებოდა მუხრან მაჭავარიანის პოეზიას, რადგან ამ პოეტს იმხანად შეუსრულდა 50 წელი.

ჩემს სტატიაში მე შევეცადე გამომეკვეთა ორი პოზიცია. "ჩვენი” (ე.ი. "ჭეშმარიტი” მამულიშვილებისა, "პატრიოტებისა”), და "მათი” (ე.ი. ოფიციალური ხელისუფლებისა); პოეტი გამოცხადდა ჩვენი პოზიციის კაცად. სამივე სტატიასა და "წესდებას” რედაქცია გავუკეთე მე და მევე გადავბეჭდე ჟურნალ "სამრეკლოს” პირველი ნომერი 1978 წლის ივნის-ივლისში ბინაში, რომელიც დაქირავებული გვქონდა მე და ჩემს უმცროს ძმას თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე. ჟურნალი დაიბეჭდა, აიკინძა და "მოხატულ” იქნა ჩემ მიერ. კიდევ ერთი მაგალითი საკუთარ თავში ზედმეტი დარწმუნებულობისა, მე ხომ არაფერი გამეგება მხატვრობისა და მით უმეტეს, მხატვრული გაფორმებისა.

ამით დამთავრდა დანაშაულის მეორე ეტაპი და დაიწყო მესამე, ყველაზე უფრო სარისკო (ასე გვეგონა მაშინ) და სახიფათო – დამზადებული ნომრების გავრცელება. ჩემი წინადადებით, ეს "საქმე” დაევალა ჩემს უმცროს ძმას, დავით ვალერიანეს ძე ბერძენიშვილს, რომლისთვისაც მე, სამწუხაროდ, ავტორიტეტს წარმოვადგენდი და რომელიც ჯერ კიდევ ბავშვი (18 წლისაც არ იყო მაშინ) ბრმად მენდობოდა მე, როგორც უფროს ძმას. ამავე დროს, ჩვენი ცდა, გაგვეზარდა ორგანიზაციის რიცხობრივი შემადგენლობა, წამდაუწუმ და ყოველ ნაბიჯზე კრახით მთავრდებოდა. რაიმე არალეგალური ორგანიზაციის ჩამოყალიბებისა და ოპოზიციის შექმნის შესახებ ჩემი ცალკეული საუბრები ჩემს უახლოეს მეგობრებთან და ამხანაგებთან წარუმატებლად (მადლობა ღმერთს) მთავრდებოდა.

მსგავსმა საუბრებმა თანაგრძნობა ვერ ჰპოვა ვერც იმ ადამიანში, რომელიც მიყვარდა და რომელიც რამდენიმე ხნის შემდეგ ცოლად მოვიყვანე (ვგულისხმობ ჩემს მეუღლეს – ინგა ლეოს ასულ შირავას, რომელიც ცოლად მოვიყვანე 1979 წელს). 1979 წლის ზაფხულში, ჩვენი ერთი წლის უნაყოფო "მოღვაწეობის” შემდეგ მე დიდი სიხარულით მივიღე აფხაზეთის უნივერსიტეტის მოწვევა და სამუშაოდ გადავედი სოხუმში, ახალგახსნილ უნივერსიტეტში კლასიკური ენების მასწავლებლად. აქ ვასწავლიდი ერთდროულად 600 სტუდენტს – ვასწავლიდი ლათინურ და ძველბერძნულ ენებს, ანტიკური ლიტერატურის ისტორიას, ვასწავლიდი ქართველებს და აფხაზებს, რუსებს, სომხებს, ბერძნებს.

სწორედ აქ, სოხუმში ჩვენი (ჩემი და მეუღლის) ცხოვრების პირველსავე დღეებში მოვიდა გამოფხიზლება და არ ვმალავ, რომ აფხაზეთში წასვლა იყო ფაქტიური გაქცევა არალეგალური საქმიანობისგან ნამდვილი და საჭირო საქმიანობისკენ, რომ აფხაზეთის მიწაზე სწორედ მე, ქართველს მესწავლებინა კლასიკური ენები და ანტიკური ლიტერატურის ისტორია. ამ ჩემს "გამოფხიზლებას”, მობრუნებას ნამდვილი ცხოვრებისა და მუშაობისაკენ დაერთო ისიც, რომ მე ფაქტობრივად გავწყვიტე კავშირი "სამრეკლოსთან” და "საქართველოს რესპუბლიკური პარტიის” საქმეებთან – "სამრეკლოს” მეორე ნომერი გამოვიდა ჩემი მონაწილეობის გარეშე.

მალე უშიშროების კომიტეტისათვის ცნობილი გახდა "სამრეკლოს” არსებობა. ეს ამბავი შემატყობინა ჩემმა უმცროსმა ძმამ სოხუმში. იმ დღიდან ველოდებოდი დაპატიმრებას და სასჯელის დადებას. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ მაშინვე ვაჟკაცურად მეღიარებინა ჩადენილი დანაშაული, ჩემი როლი ამ "იატაკქვეშა” სამარცხვინო საქმიანობაში, მაგრამ ეს ვერ შევძელი და მივენდე ბედის დინებას დარწმუნებული იმაში, რომ ოდესმე მაინც დამაკავებდნენ და მაზღვევინებდნენ ჩადენილი ბოროტმოქმედებისთვის.

ვერ შევძელი სიმართლისთვის თვალებში ჩამეხედა და მეღიარებინა ჩადენილი დანაშაული. ჩემი "დაშინებული” და კურდღლადქცეული პიროვნება შვებას პოულობდა მხოლოდ მუშაობაში, ცდილობდა ქვეყნისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაცია მოეხდინა ქვეყნისთვის მოტანილი სიკეთით – ალბათ, ამიტომ იყო ეს შიშით და ძრწოლით სავსე წლები ჩემთვის ასე ნაყოფიერი შემოქმედებითი თვალსაზრისით – ძველი ბერძნული ენიდან ვთარგმნე კომედიოგრაფ არისტოფანეს 11-ვე ჩვენამდე მოღწეული კომედია, ევრიპიდეს ტრაგედია "ელექტრა” (სადაც, სხვათა შორის, ლაპარაკია დანაშაულის უაზრობასა და დამნაშავის პიროვნების სრულ დისკრედიტაციაზე), "ბაყაყებისა და თაგვების ომი” ("ოპოზიციური” "მოღვაწეობის” პაროდია გახლავთ), კალინესა და ტირტეოსის ელეგიები (რომლებიც სამშობლოს სიყვარულისა და პატიოსნებისკენ მოგვიწოდებს);

დავასრულე მუშაობა სადისერტაციო ნაშრომზე, გამოვაქვეყნე შესანიშნავი ფრანგი პოეტის, კომუნისტ პოლ ელუარის თარგმანები. ჩემთვის სრულიად ნათელია ჩემი დანაშაულის მთელი სიღრმე; განსაკუთრებით მძიმეა, როგორც მე ვფიქრობ ახლა, ჩემი დანაშაული იმის გამოც, რომ მე არაფერი თითქოსდა ამ დანაშაულისკენ არ მიბიძგებდა. ყველგან, ყოველთვის და ყველაფერში ჩვენი ქვეყნისგან დახმარებისა და თანადგომის მეტი არაფერი მიმიღია. არავის შეუშლია ხელი ჩემთვის წარმატებით მესწავლა სკოლაში და ოქროს მედლით დამემთავრებინა იგი;

არავის "დავუჩაგრივარ” არც მისაღებ გამოცდებზე - როგორც პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (1970 წელს), ისევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1972 წელს). მისაღები გამოცდები "ფრიადებზე” ჩავაბარე და უკონკურსოდ ჩავირიცხე უმაღლეს სასწავლებელში; მხოლოდ წახალისება და უფროსი მასწავლებლებისა თუ კოლეგების კეთილგანწყობა მდევდა თან უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში და მათთა და ჩემდა სასიხარულოდ იგი წარჩინებით დავამთავრე 1977 წელს.

ჩემივე სათაყვანო უნივერსიტეტმა შემიფარა და მის კედლებში მომცა სამუშაო, სადაც განუხრელად წინ მივიწევდი ხელმძღვანელთა მზრუნველობითა და ყურადღებით გარემოცული. ასევე არ დაუმახინჯებია ჩემი პიროვნება ჩემს ოჯახს, ჩემს დედასა და მამას, უფროს ძმას, რომელიც ყოველთვის საბჭოთა ქვეყნის სიყვარულს, საბჭოთა პატრიოტიზმსა და კაცურ კაცობას გვასწავლიდა მე და ჩემს უმცროს ძმას. მაშ, სად არის ჩემი დანაშაულის მიზეზი?

უპირველეს ყოვლისა, სწორედ ჩემში, ჩემს გაზვიადებულ წარმოდგენაში საკუთარ თავზე, ჩემს ამბიციებსა და კომპლექსებში. მე ამითაც არ დავკმაყოფილდი და მძიმე დანაშაულში ჩავითრიე საკუთარი ძმა, ბავშვი, რომელსაც ოდესღაც ეგონა, რომ "წამებული გმირის” ორეოლით შემოსავდა ყოველნაირად ორდინალურ პიროვნებას. ვაღიარებ რა ჩემს მძიმე დანაშაულს, გთხოვთ, მე დამსაჯოთ, მაგრამ მოწყალების კალთა გადააფაროთ იმ ადამიანს, რომელიც ჩემი სიბრიყვის გამო ზის საბრალდებულო სკამზე, გთხოვთ მაქსიმალური ლმობიერებით მოეპყრათ ჩემს უმცროს ძმას, რათა ამით მეც შემიმსუბუქოთ სული. 1980 წლიდან მე კვლავ თბილისს დავუბრუნდი და ეს სამი წელიწადი მე და ჩემმა ძმამ ერთად გავატარეთ.

ჩვენ თვითონ გვიკვირდა ჩვენში მომხდარი ცვლილებები - ჩვენ დავუბრუნდით ჩვენს საზოგადოებას, ჩვენ გვახარებს ჩვენი დიდი ქვეყნის წარმატებები და განსაკუთრებით ყველაფერი კარგი, რაც ჩვენს რესპუბლიკაში კეთდება ბოლო წლებში. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებს, განსაკუთრებით კი სამძებრო განყოფილების გამგეს, პოლკოვნიკ ა. მირიანაშვილს და გამომძიებელს, კაპიტან გ. ცინცაძეს, რომლებმაც მამაშვილური და მეგობრული, ჰუმანური დამოკიდებულებით საშუალება მომცეს, ამეხსნა ჩემი სულისთვის ეს მძიმე ტვირთი და მეღიარებინა ჩემი დანაშაული. ველოდები დამსახურებულ სასჯელს და იმედი მაქვს, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ რაიმეთი მაინც გამოვადგები ჩემს ერს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საბჭოთა ხალხს და მის იდეალებს. როგორც იქნა, ჩემი სინდისი სუფთაა.

ღრმად ვნანობ, რომ ამდენი წლის მანძილზე დავაგვიანე ჩემი დანაშაულის აღიარება და სიცოცხლე გავუმწარე ჩემს ოჯახს. მშობლებს და ახლობლებს, რომელთა წინაშე ამჟამად უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ამდენი ხნის ჩაფიქრებამ და ჩემი საქციელის აწონ-დაწონვამ მიმიყვანა ერთადერთ დასკვნამდე: ჩემს დანაშაულში აღარ ვეძებ გარეგან მიზეზებს, უცხოეთის რადიოსადგურებისა და არალეგალური ლიტერატურის დამღუპველ გავლენას, დანაშაულის ჭეშმარიტი მიზეზი არის სწორედ ჩემს პიროვნებაში, ჩემს ოდინდელ ეგოიზმსა და საკუთარ თავზე გაზვიადებულ წარმოდგენებში.

თუ ადამიანი სულიერად მდგრადია, თუ მისი პიროვნება დაზღვეულია ზემოაღნიშნული მანკიერებისგან, ვერანაირი უნიჭო რადიოგადაცემა ოკეანის გაღმიდან, ვერანაირად უნიჭოდ შეთითხნილი ანტისაზოგადოებრივი "დოკუმენტური”, თუ "მხატვრული”, ასე ვთქვათ, "ლიტერატურა” ვერ მოახდენს მასზე დამღუპველ გავლენას - მე ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ, მაგრამ ეს კიდევ უფრო ამძიმებს ჩემს დანაშაულს, მაგრამ ამავე დროს მეტ იმედს აღმიძრავს, რადგან გარდაქმნა ჩემს პიროვნებაში უკვე მოხდა, მე უარი ვთქვი საკუთარ გაზვიადებულ წარმოდგენებზე, მე ჩავწვდი ჩემი ეგოიზმის მთელ სიღრმეს და უარი ვთქვი მასზე;

სულიერად მე უკვე მზად ვარ, დავუბრუნდე ჩვენს საზოგადოებას, ვიყო მისი წევრი, ჩემი პატარა წვლილი შევიტანო ამ დიდ საქმეში, დავარიგო სხვები და ავაცდინო ისინი დანაშაულის გზას, რომელსაც ოდესღაც თავად დავადექი.

ლევან ბერძენიშვილი

6.01.84″

 

როგორც ვხედავთ, ლევან ბერძენიშვილის ამ წერილის პათოსი სრულიად საწინააღმდეგოა მის მიერვე გამოცემულ წიგნში აღწერილი პათოსისა, სადაც ციხეში გატარებული წლებია აღწერილი. ალბათ, ბედის ირონია იყო, რომ ბარაშევოს პოლიტიკურ ზონაში ლევან ბერძენიშვილი დისიდენტის სტატუსით იჯდა. ბედის არანაკლები ირონიაა წიგნის სახელწოდება: „წმინდა წყვდიადი". 

 

ალბათ, ნამდვილად კარგი იქნება, ლევან ბერძენიშვილმა კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე ხალხის, ქვეყნის წინაშე მოინანიოს სუკ-ში 1984 წელს მიცემული ჩვენება. მხოლოდ ამის შემდეგ ექნება უფლება იგივე გაიმეოროს, რაც „მონანიების" ბოლოს დაწერა: „სულიერად მე უკვე მზად ვარ, დავუბრუნდე ჩვენს საზოგადოებას, ვიყო მისი წევრი, ჩემი პატარა წვლილი შევიტანო ამ დიდ საქმეში, დავარიგო სხვები და ავაცდინო ისინი დანაშაულის გზას, რომელსაც ოდესღაც თავად დავადექი."

კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 2375 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]