ლაზეთი
2011-05-10, 7:59 AM

ლაზები

ეთნოგენეზისი, ენა, განსახლება

 

ლაზეთი_01თანამედროვე ლაზების (იგივე ჭანების) წარმოშობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ლეგენდარული კოლხეთის სამეფოსთან, რომელიც ცივილიზებულმა კაცობრიობამ კოლხი აიეტის, მედეასა და ბერძენი იაზონის შესახებ არსებული მითებიდან გაიცნო. ისტორიულ კოლხეთის სამეფოში ძირითად მოსახლეობას წარმოადგენდა ქართველური მოდგმის ორი ურთიერთმონათესავე ტომი - ლაზ-ჭანები და მაგრალ-მაკრონები (მეგრელები).
ლაზური ენობრივი მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გაირკვევა, რომ ლაზები განეკუთვნებიან იბერიულ-კავკასიური მოდგმის ქართველურ (იბერიულ) ჯგუფს. ენობრივად თანამედროვე კავკასიელებიდან ლაზებისთვის ყველაზე ახლომონათესავე აღმოჩნდებიან დღევანდელი ქართველები. შესაბამისად, ცხადია, რომ ლაზური მეტყველებაც წარმოიშვა საერთოქართველური ფუძე-ენისაგან, რაც სქემატურად ასე ჩაიწერება:

 

საერთოქართველური ფუძე-ენა

ქართული ლაზურ-მეგრული სვანური

ლაზური

ეთნონიმები ლაზი და ჭანი საუკუნეების მანძილზე ურთიერთმონაცვლეობდა; მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი სიტყვა დღეს ერთმანეთის ტოლფასია. ისტორიულად ტერმინ ჭანს უფრო ვიწრო მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა, თავდაპირველად ჭანი მიემართებოდა მთაში მცხოვრებ ლაზს, ანუ ჭანი = მთიელი ლაზი.
დიდი ქართველი გეოგრაფოსი და ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი ლაზების შესახებ წერდა: „კაცნი არიან ხელოვანნი ხის მუშაკობითა და შენებითა ნავთათა, დიდთა და მცირეთა და სარწმუნოებით აწ სრულად მოჰმადიანნი".
ქრისტეს შემდგომ IV საუკუნეში ლაზების ჰეგემონობით შეიქმნა სამეფო, რომელსაც ლაზეთი ეწოდა (ბერძნულად ლაზიკე, ხოლო საკუთრივ ლაზურად, ლაზონა).
ლაზიკას ეჭირა შავი ზღვის სანაპირო ზოლის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ყველა დროში (დღესაც) უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო საქარავნო გზა, რის გამოც ლაზეთი ხშირად იყო მსოფლიო პოლიტიკური ურთიერთობების გამწვავების მიზეზი.
ლაზეთის ტერიტორიის საერთო ფართობი მოიცავს 7 000 კვ. კილომეტრზე მეტს. ლაზეთი_02მისი საზღვრებია: ჩრდილოეთით შავი ზღვა, ჩრდილო-დასავლეთით და აღმოსავლეთით - მდინარე ჭოროხი, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით - მდინარე სამანსუ. მთავარი ქალაქებია: რიზე, ხოფა, სამსუნი, ტრაპიზონი. ეს უკანასკნელი გეოგრაფიული თვალსაზრისით ლაზეთის სატახტო ქალაქს წარმოადგენს.
თურქეთში ლაზურენოვანი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა ძნელი დასადგენია. მე-19 საუკუნის ინგლისელი კონსულის ჯიფორდ პალ გრევის სიტყვით ლაზისტანში 1872 წლის ოფიციალური მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა 850 000 აღწევდა. მათში 56 000 ქრისტიანია.
მეოცე საუკუნეში, 1935 წლიდან 1965 წლამდე, თურქეთის რესპუბლიკაში მოსახლეობა აღიწერებოდა დედაენისა და მეორე ენის მაჩვენებლების მიხედვით, რაც საშუალებას გვაძლევს თვალი მივადევნოთ ლაზურენოვანი მოსახლეობის ზრდა-კლების დინამიკას:

 

აღწერის წლები 1935  1945 1950 1955 1960 1965
ლაზური- დედა ენა 63 253  46 987  70 423 27 016 21 703 26 007
ლაზური-მეორე ენა 5 061 4 956  - 22 667 38 267 59 101
სულ 68 314 51 943 70 423 49 683 59 970 85 108

 

სულ     1965 წლის შემდეგ თურქეთის რესპუბლიკის სტატისტიკური ორგანოებისთვის დამახასიათებელი მეორე ენის აღნუსხვის პრაქტიკა აიკრძალა, რაც აძნელებს ლაზურენოვანი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის დადგენას, მაგრამ, თუ ავიღებთ ლაზური მოსახლეობის 1965 წლის საერთო რაოდენობას (85,1 ათასი) და მოვახდენთ მის ექსტრაპოლაციას თურქეთის მოსახლეობის მატების საშუალო კოეფიციენტის გამოყენებით, 40 წლის შემდეგ ლაზურენოვანი მოსახლეობის საერთო რაოდენობა, ალბათ, ნახევარმილიონიან ზღვარს მიუახლოვდებოდა.

ისტორია, რელიგია, კულტურა

 

ლაზეთი_04ლაზური სახელმწიფოს პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრების სათავეში იდგა მეფე (ლაზურად მაფა), რომელსაც ირჩევდნენ მემკვიდრეობით. ადრე შუა საუკუნეებში ლაზიკის მეფეს ამტკიცებდა ბიზანტიის კეისარი, მაგრამ ლაზიკა ბიზანტიას არც ხარკს უხდიდა და არც ჯარს უგზავნიდა. ლაზეთის მეფე ვალდებული იყო მხოლოდ ჩრდილოეთის საზღვრები გაემაგრებინა და მტრებისგან დაეცვა ბიზანტიის სამფლობელო.
გვიან შუასაუკუნეებამდე ლაზეთს უხდებოდა თავგანწირული ბრძოლა ძირითადად ბიზანტიისა და ირანის წინააღმდეგ. ერთსაც და მეორესაც მეტად აინტერესებდა თავისი პოლიტიკური გავლენის სფეროში მოექცია ლაზიკა. პოლიტიკურ ბრძოლას თან სდევდა რელიგიური დაპირისპირება. ჩვენი ერის პირველსავე საუკუნეში აქ დამკვიდრებულ ქრისტიანობას რომი ებრძოდა თავისი წარმართული რწმენით. იმავდროულად სპარსეთი მაზდეანობის (ცეცხლთაყვანისმცემლობის) დამკვიდრებას უშედეგოდ ცდილობდა.

დამპყრობლებთან ბრძოლაში, ბრძნული, მომგებიანი პოლიტიკის გატარებაში თავი ისახელეს ლაზთა მეფეებმა: წათე I, წათე II, გუბაზი, ოფსიტე...
თამარის მეფის გაერთიანებულ საქართველოში ლაზეთი ტრაპიზონის იმპერიის სახით ერთიანი ქართული სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილად მოიაზრებოდა. ცხადია, ტრაპიზონის სამეფოს მოსახლეობის უძირითადეს ნაწილს ლაზები შეადგენდნენ.
ასე გრძელდებოდა 1461 წლამდე, ვინაიდან ამ წელს ოსმალებმა ტრაპიზონის სამეფო დაიკავეს; იქ მეფის ინსტიტუტი გააუქმეს და ამ დროიდან ლაზეთში თავიანთი ბატონობის განმტკიცებას შეუდგნენ.
ლაზური გადმოცემით, ოსმალებთან უთანასწორო ბრძოლაში სახელი გაითქვა ლაზეთის მმართველმა კახაბერმა, ლაზეთი_05რომელმაც არაერთხელ განდევნა შემოჭრილი დამპყრობელი. ბოლოს ოსმალები დიდი ჯარით ხელახლა შემოესივნენ ქვეყანას, მათ მოახერხეს კახაბერის მოკვლა და სამეფოს დაპყრობა. ლაზი ხალხი გმირ კახაბერს დღესაც დიდი პატივით იგონებს და ამაყად ამბობს: "ყველა კაცი კაცია, ხოლო კახაბერი სულ სხვა კაციაო". ამიტომაც ლაზეთის ერთ სოფელს კახაბერი დაერქვა.

 

წინააღმდეგობის ფრონტი ლაზეთში 1820-იან წლებამდე გაგრძელდა, მაგრამ ამ დროისთვის ოსმალეთის მთავრობამ ლაზი მთავრების მედგარი წინააღმდეგობა გასტეხა და იავარჰყო მათი თავისუფლება.
უფრო მოგვიანებით მსგავსი ენთუზიაზმით იბრძოდნენ ლაზეთის პატრიოტები რუსი ოკუპანტების წინააღმდეგაც, რამაც რუსის მეთაურს საანგარიშო მოხსენებაში ათქმევინა: ლაზები გულადი ხალხია, მათი შიშით ოსმალთა ლაშქარიც კი ვერ ბედავს ლაზურ სოფლებში შესვლას და იქ გაჩერებას.
1878 წლის ბერლინის ხელშეკრულბეით რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა ლაზეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, 16 სოფელი დღევანდელი გონიოდან ქ. ხოფამდე. ცარიზმმა აქ მშობლიური ქართულის ნაცვლად რუსული ენის დაკანონება სცადა, ამავდროულად ლაზეთის მედრესეებში სწავლება ჩვეულებრივ, თურქულად მიმდინარეობდა.

1910 წელს ამის საპასუხოდ ლაზებმა აბდულაჰ აშიქ ჰასანოღლუს ხელმძღვანელობითა და ინიციატივით შეადგინეს წერილი სწავლა-განათლების ქართულ ენაზე შემოღების მოთხოვნით, რასაც ქართული საზოგადოება დიდი მხარდაჭერით შეხვდა, მასწავლებლებიც მზად იყვნენ ლაზეთში სამუშაოდ, მაგრამ ლაზთა ამ სამომავლო წამოწყებას 1914 წელს დაწყებულმა პირველმა მსოფლიო ომმა შეუშალა ხელი. ბრესტის ზავის შედეგად ლაზეთი თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში აღმოჩნდა.
ქრისტიანობა ლაზეთში პირველსავე საუკუნეებში გავრცელდა. ქრისტიანობას აქ ქადაგებდნენ ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი. რაც მეტად საყურადღებოა უფლის კიდევ ერთი მოწაფე წმ. მოციქული მატათა ლაზეთშია დასაფლავებული. გადაჭარბებული ჩანს თვალსაზრისი იმის შესახებ, რომ ლაზებში ქრისტიანობა მხოლოდ ბერძნულ ენაზე ვრცელდებოდა. ამის საპირისპიროდ მეტყველებს ლაზური საღვთისმსახურებო ტერმინოლოგია: თანაფა "აღდგომა", მარაშინა "მარიამობა", ხაჭი "ჯვარი", ქისა "ქრისტე", სუმალა//სუმელა "სამება"...
ლაზეთში დღემდე შემორჩა ძველი ეკლესიები (ძირითადად დაზიანებული სახით): სარფის ტყეში თლილი ქვით ნაგები ტაძარი გვაქვს; მაკრიალში დიდი გუმბათიანი ეკლესია დგას წარწერებითა და მხატვრობით;

ლაზეთი_07ლაზური სამონასტრო კომპლექსი სუმ(ა)ლა "სამება" დღესაც განაცვიფრებს მნახველს თავისი გრანდიოზულობით. აქ უკანასკნელ ხანებამდე მოღვაწეობდნენ ქრისტიანი ბერები.
აბუ-ისლაჰში მაღალ მთაზე წამოჭიმულია ეკლესია, გვალვის დროს იქ იკრიბებიან ლაზები და ავდარს შესთხოვენ ღმერთს; პერონითში გუმბათმორღვეული ეკლესიაა, მისი ადგილობრივებს ეშინიათ და ახლოს მისვლასაც ვერავინ ბედავს. ზოგიერთ ლაზურ ეკლესიაში მოთავსებული იყო ქვის საწნახელები და მიწაში ჩაფლული დიდი ქვევრები. იქვე იყო საფლავებიც.
ლაზებს ქრისტიანული ეკლესია-მონასტრები უცხოეთშიც ჰქონდათ, სახელდობრ, იერუსალიმის უდაბნოში.
ლაზებში ახლაც მოიპოვებიან ქრისტიანები, რომლებიც სტამბოლში ბერძენ პატრიარქს ექვემდებარებიან. ისინი ბერძნულად მეტყველებენ და საკუთარ თავს ბერძნებად თვლიან, მაგრამ ახსოვთ ლაზური წარმომავლობა. მეტყველებისას გამოირჩევიან ლაზური აქცენტით, რასაც თვითონაც გრძნობენ.
დღეს თურქეთში მცხოვრები ყველა ლაზი სუნიტი მაჰმადიანია. მეოთხე საუკუნის ბერძენი მწერალი თემისტი ამტკიცებდა, რომ ლაზები თურმე მონაწილეობას იღებდნენ ელინთა დღესასწაულებსა და შეჯიბრებებში, სადაც არაერთ მათგანს თავი უსახელებია მჭევრმეტყველებითა და რიტორიკით, მისივე თქმით, ლაზიკაში არსებულა რიტორიკული განათლების ცენტრი, სადაც სწავლობდნენ ბიზანტიიდან მივლინებული ახალგაზრდებიც და პირადად მასაც იქ მიუღია რიტორიკული განათლება.

 

ძველი ბერძენი ისტორიკოსები იმასაც სწერენ, რომ ლაზებს ჰქონდათ განსაკუთრებული სახეობის დამწერლობა, რასაც კირბ-ებს უწოდებდნენ. ამგვარი აზრი არ უნდა იყოს საფუძველს მოკლებული, ვინაიდან ლაზურის ახლომონათესავე ქართულ ენაში კეფი სიტყვა წიგნის ფურცელს აღნიშნავს, შეადარეთ ლაზურთან - კირბი: ქართ. კეფი. სხვათა შორის, ევროპულ ენებში გავრცელებულ card / carte ტიპის სიტყვებს ლაზური ქარტ-ალ-ი "წიგნი, წერილი" უნდა ჰქონდეს საფუძვლად, შდრ. ძვ. ქართ. ქარტა "ქაღალდი". ასევე მონთ "სასულიერო სკოლის მსმენელი" ტერმინი ძველ სამწერლო სომხურში ლაზურიდან შევიდა, შეადარეთ ლაზ. მონთა "მოზარდი, შვილი", ლაზური ჩანს ძველი სომხური ჭაჰრ "საწერი" სიტყვაც, რასაც ლაზური ჭარ - "წერა" ძირი დაედო საფუძვლად.
ასე რომ, უინტერესო არ ჩანს პრობლემა ისტორიულად ქართული დამწერლობის ლაზური ქვესახეობის არსებობის შესახებ, რასაც განამტკიცებს ისეთი ტოპონიმების არსებობაც, როგორიცაა ქვანჭარერი "ქვა წერილი" და სხვა.
ლაზური კოშკების, ციხეების და საკულტო ნაგებობების ნანგრევებით მოფენილია შავიზღვისპირეთი და მაღალი ბორცვები. მშენებლობა უმთავრესი საქმიანობა იყო ლაზებისათვის. ლაზი ხელოსნები მთელს რეგიონში საქმიანობდნენ. ყველგან სახლებს, ხიდებს, კოშკებს, გალავნებს, ეკლესიებს, მეჩეთებს და სხვა მატერიალური კულტურის ძეგლებს ლაზთა ხელწერა გამოარჩევს. ისინი აგებდნენ ქვისა და ხის სახლებს, ოთახებს ჩუქურთმებიანი არშიებით ამკობდნენ. ლაზური ორნამენტი ქართულს წააგავს.

 

ლაზთა ეკონომიკურ კეთილდღეობას უხსოვარი დროიდან ნაოსნობა და გემთმშენებლობა უწყობდა ხელს. შემთხვევითი ფაქტი ისიც არ გახლავთ, რომ მე-19 საუკუნის ოსმალეთის ფლოტის თითქმის ნახევარს ლაზი მეზღვაურები შეადგენდნენ. უძირითადესი საქმიანობა - მეთევზეობა ასახულია ლაზურ ცეკვებშიც, კერძოდ, საცეკვაო ილეთებში, მეზღვაურისთვის დამახასიათებელი მოძრაობები, მიხვრა-მოხვრა...
ლაზი ქალები დახელოვნებულნი არიან ფეიქრობაში, ისინი გემოვნებით ქსოვენ ნაზსა და ლამაზად შეხამებულ ქსოვილებს.ლაზეთი_13
ლაზები ოდითგანვე მისდევენ: მებაღეობას, ზეთისხილისა და ლეღვის ჩირის დამზადებას, ფუტკრის მოვლა-მოშენებას. ლაზისტანი ძველთაგანვე თაფლის ქვეყანა იყო. წმინდა სანთელსაც ბევრს ამზადებდნენ და გაჰქონდათ საბერძნეთში, საქართველოში, რუსეთში. ყველაზე ადრე სანთლისგან არაყიც მათ გამოუხდიათ. ისინი თეთრ და შავ ღვინოსაც უხვად აყენებდნენ. აქაური ღვინო ბიზანტიაში გაჰქონდათ, მაგრამ გამაჰმადიანების შემდეგ ოსმალებმა ლაზებს აუკრძალეს მეღვინეობა.

 

სამწუხაროდ, ეს არ იყო ერთადერთი აკრძალვა ლაზების მიმართ. 1931 წლიდან თურქეთის ხელისუფლებამ, როგორც სხვა ხალხებს, ასევე ლაზებსაც ლაზური გვარების ტარება აუკრძალა. არადა, გვარ-სახელები ლაზური კულტურის განუყოფელი ნაწილია. ლაზებში გავრცელებული იყო თავადური გვარები: ზუმბაია და მანელიში - მაკრიალსა და ლიმანში; ჟორდანია - ქისეში, პერონითსა და არქაბეში; შალიკაშვილი - სუნდურაში; ბალთაშვილი - ბილევსა და ათინას შორის; პოტურია - კაპისარაში. სხვა გვარებიდან აღსანიშნავია, რომ თანთუში მოგვიანებით გადაკეთდა თანთ-ოღლად, ჩებიში - ჩებ-ოღლად, სოფიში - სოფ-ოღლად, მარგია - მარგოღლად, პაპასქირი - პაპ-ოღლად და ა.შ. ბევრ ლაზს თავისი გვარი დღემდე ახსოვს.
იგივე ბედი ეწია ლაზურ ტოპონიმებსაც. ძველი მაკრიალი, იგივე ნოღედი თურქული kemaplasha გახდა, სუმჯუმა ზუსტად ითარგმნა როგორც üchkardesh "სამი ძმა", ჟურხინჯი თურქულად chifteköpru "წყვილი ხიდი" გახდა და ასე მრავალი სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკა გამოირჩევა დემოკრატიზაციის შეუქცევადი პროცესებით და ისწრაფვის ევროკავშირისკენ, ქვეყანაში არ გამოდის არც ერთი პერიოდული ლაზური გაზეთი; არ არის ლაზური სკოლა, რაც აჩქარებს ლაზური მოსახლეობის ასიმილაციას - გათურქებას. ის ფაქტი, რომ თურქეთის რესპუბლიკაში საშუალო განათლების მიღება მხოლოდ თურქულ ენაზეა შესაძლებელი, ლაზურს უპირატესად სოფლის ენად აქცევს. ასეთ პირობებში ყოვლად აუხსნელია სტამბოლსა და ანკარაში სომხური და ბერძნული სკოლების გვერდით ლაზური სკოლების არ არსებობა. ახალგაზრდობა სომხურად და ბერძნულად მეზობელ ქვეყნებშიც ადვილად მიიღებენ განათლებას, რასაც ვერ ვიტყვით ლაზებზე. ლაზები დღეს თავიანთ ტერიტორიაზე, საკუთარ ქალაქებსა და სოფლებში ვერ იღებენ მშობლიურ ენაზე განათლებას. არადა მათ სხვა სამშობლო დედამიწის ზურგზე არ გააჩნიათ, ლაზეთია მათი სამშობლო, რომელიც დღეს მთლიანად თურქეთს ეკუთვნის. და თუ შესაძლებელია ბერძნული და სომხური სკოლების ფუნქციონირება თურქეთში, ეს მით უფრო უპრიანია ლაზურის შემთხვევაში, რომელიც (ლაზური მეტყველება საკუთრივ ლაზებთან ერთად) გადაშენების პირასაა.

ლაზეთი_16ამასთან დაკავშირებით გერმანიაში მოღვაწე (1997 წლიდან) ლაზების კავშირმა ერთ დროს მეტად საყურადღებო პოლიტიკური განცხადება გააკეთა, სადაც ისინი ითხოვდნენ თურქეთის ხელისუფლების მიერ ხელმოწერილი ლოზანის ხელშეკრულების 39-ე მუხლის რეალურად ფუნქციონირებას, რომლის შესაბამისად არამარტო მუსლიმებს, არამედ ყველა მსურველს აქვს უფლება საკუთარ, მშობლიურ ენაზე მიიღოს დაწყებითი და უმაღლესი განათლება.

 

 

საინფორმაციო რესურსი

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ლაზებში უფრო გაღვივდა საკუთარი წარმოშობისა და თვითიდენტიფიკაციისადმი ინტერესი. ჩამოყალიბდა საკუთრივ ლაზური მენტალიტეტი. განსხვავებით სარფელი ლაზებისაგან, თურქეთში მცხოვრები ლაზების უმრავლესობა დღეს თავს გურჯებად არ მიიჩნევენ. ამას ხელს უწყობს და ლაზთა სუსხიანი ისტორიის გაკვეთილები. ლაზების უნდობლობა სხვების მიმართ, თვით ოსმალების იმპერიის პერიოდშიც, როგორც ეტყობა, სპეციალურად იყო ერთმანეთისაგან გამიჯნული გურჯისტანის ვილაიეთი და ლაზისტანის სანჯაყი. ისტორიულად ლაზებმა განიცადეს ისლამიზაციის მძლავრი ზეგავლენა. თვით საქართველოს აღზევების (პიკის) პერიოდშიც კი, ჩვენი სამშობლოს ოქროს ხანად წოდებულ საუკუნეებშიც, ლაზეთი უშუალოდ არ შემოდიოდა ქართული სახელმწიფოს საზღვრებში. რამაც, ცხადია, უარყოფითი დაღი დაასვა და ხელი შეუწყო ლაზებში საერთოქართული ცნობიერების შესუსტება-მოშლას. ამგვარ რეალობას დანარჩენი ქართველობის მხრიდან ლაზების მიმართ ფაქიზი და შემწყნარებლური დამოკიდებულებით თუ ეშველება.

 

ბოლო ხანს ლაზების ერთი ჯგუფი გაერთიანდა ლაზი განმანათლებლების გარშემო, ეს ჯგუფი ამტკიცებს ლაზების არათურქულ წარმოშობას და მხარს უჭერს საკუთრივ ლაზურ იდენტურობას. ისინი ლაზური ჟურნალის - ოგნი ("გახსოვდეს") გამომცემელთა გარშემო არიან შემოკრებილნი.
1991 წელს გამომცემლობა Kaukasus Vergas-ის მიერ დაიბეჭდა ოსმან ტამტრულის (ოსმან ტამტრელი, ანუ ტრაპიზონელი) ლაზურის სახელმძღვანელო ნანა-ნენა "დედაენა".
1992 წელს გერმანიაში მყოფმა ლაზებმა დააფუძნეს ლაზური ჟურნალი ლაზური ამბერეფე "ლაზური ამბები".
1993 წლის ნოემბრიდან თურქეთში გამოსვლას იწყებს თურქულენოვანი ჟურნალი, რომელსაც ლაზები გამოსცემდნენ ლაზური შეგონებით: ოგნი სკანი ნენა "იცოდე შენი ენა". მოესწრო ამ ჟურნალის 6 ნომრის გამოცემა, მოგვიანებით, სამწუხაროდ, ჟურნალის გამოცემა შეწყდა.ლაზეთი_18
1994 წელს ასევე თურქეთში ლაზურმა როკ-ჯგუფმა - ზუღაში ბერეფე "ზღვის შვილები" ჩაწერა და გამოსცა თავისი პირველი ალბომი ვა მიჩქუნან "არ ვიცით" (ვოკალისტი - მეჰმეთ ალი ბეშლი).

 

1995 წლიდან ფუნქციონირებდა ლაზური პროგრამა თანურა "მთენებელი", რომელიც ყოველ პარასკევს გადიოდა ეთერში - Ģevre Radyo 105.7.
ამავე პერიოდში ლაზური სიმღერების რამდენიმე კასეტა და კომპაქტდისკი შეადგინა ბიროლ თოფალოღლუმ. ეს მელოდიები ხშირად ისმის სტამბოლის კერძო რადიოსადგურში Mert FM 100.8.
გერმანიის ქ. დორტმუნდის კულტურული ცენტრი 1998 წლიდან გამოსცემს ლაზურ ჟურნალს - ლაზებურა "ლაზებრივი=ჩვენებური". ჟურნალის სულისჩამდგმელია ქ-ნი სელმა კოჩივა, რომელმაც საქართველოშიც იმოგზაურა. 1999 წელს სელმა კოჩივამ წიგნიც გამოსცა - ლაზონა "ლაზეთი". მოგვიანებით წიგნი რატომღაც აიკრძალა.
ლაზები ევროპაშიც აღრმავებენ სხვადასხვა კულტურულ ცენტრებთან და ფონდებთან საქმიან ურთიერთობებს. ბოლო პერიოდის მოვლენებიდან აღსანიშნავია დორტმუნდის სემინარი გერმანიაში, სადაც 2002 წლის 27 იანვრის მთავარი მოხსენება თემაზე "სამხრეთ კავკასიური ხალხი: ლაზები" გააკეთა ეთნიკურმა ლაზმა გუბაზ ჭიბარიშმა.
თურქეთში გამომცემლობა Ģiviyazilar-ი 1997 წლიდან გამოსცემს სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნალს - Kafkazya Yazilar-ი (კავკასიური ჩანაწერები). ამ ჟურნალში კავკასიის ამბებთან ერათად ხშირად ქვეყნდება საინტერესო მიმოხილვები ლაზური კულტურის, ისტორიისა და ფილოლოგიის შესახებ.

ლაზების ვებ-გვერდები:

www.geocities.com/dobadonachkini
www.lazika.virtualare.net
www.lazuri.com
www.lazebura.org
www.lazuri.net
www.lazgiresun.cjb.net
www.karalahana.com
www.mexeniti.com
www.hopam.com
www.arhavim.com
www.xalikana.com
www.secere.net
www.geocities.com/Tokyo/Fuji/8160
www.kapistona.com.tr.tc
www.geocities.com/kremuli
www.ardesen.8m.com

პერსონალია

ლაზები როგორც ოსმალეთის იმპერიაში, ასევე თურქეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, იმთავითვე დაწინაურდნენ. მცირე გამონაკლისების გარდა, მათ ქართველურ წარმომავლობაზე ბეჭდვით ორგანოებში ცნობას ვერ შეხვდებით.

პოლიტიკა

რესპუბლიკური თურქეთის პოლიტიკურ ასპარეზზე მრავალმა ლაზმა მიაღწია წარმატებას. როგორც ამბობენ, თურქეთის მეხუთე პრეზიდენტი ჯევდეთ სუნაი (Cevdet Sunay - 1899-1982) ტრაპიზონელი იყო, რომელსაც სამოციანი წლების დასაწყისიდან ჯერ შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურის თანამდებობა ეკავა, ხოლო 1966-73წწ. ქვეყნის პირველი პირი იყო.

ლაზეთი_14გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გამოჩნდა პირველად რესპუბლიკის ისტორიაში რელიგიური პარტია "სათნოების პარტია", რომლის აკრძალვის შემდეგაც მან საქმიანობა "სამართლიანობისა და აღორძინების პარტიის" სახით გააგრძელა. ამ პარტიის ლიდერს მამით გურჯს, დედით ლაზს რეჯეფ თაიფ ერდოღანს (დაბ. 1957წ.) დღეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა უკავია. უფრო ადრე მას ქ. სტამბოლის მერის თანამდებობაც ეკავა. რ. ერდოღანი არ მალავს თავის ქართველობას (მამა ართვინელი იყო, რიზეში გემის კაპიტანი). ხსნებულ პარტიას აშშ-ი "ზომიერი ისლამის" ფრთას მიაკუთვნებენ. რ. ერდოღანი რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს დასახმარებლად თბილისს ეწვია გასული წლის აგვისტოში.
იმავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი არის ცნობილი დიპლომატი იაშარ იაქიში, რომელმაც დიპლომატიური კარიერის დამთავრების შემდეგ (ბოლოს იყო თურქეთის ელჩი ეგვიპტეში) რ. ერდოღანს დაუკავშირა თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა. სამოც წელს გადაცილებული ი. იაქიში ამჟამადაც არის მთავრობის მეთაურის მრჩეველი, რამდენიმე წლის წინ კი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა. ლაზურის გარდა იცის ქართულიც. დაინტერესებულია ლაზების ისტორიის საკითხების კვლევითაც.

 

მემარჯვენე პოლიტიკურ მოღვაწეთა შორის აღსანიშნავია ასევე 1947წ. სტამბოლში დაბადებული რიზელი მესუთ ილმაზი, რომელიც თ. ოზალის მიერ დაარსებული "დედა-სამშობლოს" პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში. 90-იან წლებში ეკავა ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოლო შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. 1997წ. ოფიციალური ვიზიტით ეწვია ჩვენს ქვეყანას.

თურქეთის მემარცხენე პოლიტიკური პარტიებშიც არაერთი ლაზური წარმოშობის მოღვაწემ მიაღწია წარმატებას. უფროსი თაობის პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის აღსანიშნავია მუმთაზ სოისალი (დაბ. 1929წ. ქ. ზონგულდაკში). თურქეთის სოციალური პარტიის თვალსაჩინო ლიდერი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, რომელიც წლების განმავლობაში ე.წ. "ჩრდ. კვიპროსის თურქული რესპუბლიკის" ლიდერის რ. დენქთაშის პოლიტიკური მრჩეველიიყო.

ამავე პარტიის ლიდერი მოგვიანებით გახდა რიზელი ლაზი მურად კარაიალჩინი (დაბ. 1951წ.), რომელსაც 90-იანი წლების დასაწყისში ქ. ანკარის მერის თანამდებობა ეკავა.
თურქეთის დედაქალაქ ანკარის (4მლნ. სემეტის) ერთ-ერთი რაიონის გამგებელია - ლაზი ქალი, გვარად ხალვაში.

ბიზნესი

თურქეთის ეკონომიკის წინსვლასა და განვითარებაში მეტად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ლაზი ბიზნესმენები. დიდი ფირმების უმეტესობა სხვადასხვა სფეროში საქმიანობს. ლაზთა არაერთი ფირმა, რომელიც ხშირად საოჯახო-სანათესავოს წევრებისგანაა შედგენილი, წარმატებას აღწევს ამ სფეროში და არა მარტო საკუთრივ თურქეთის მასშტაბით, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც. ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ ჩვენებურების ერთი ნაწილი დასავლეთშია დროებით მაინც გასული, რაც განსაკუთრებით შავიზღვისპირელებს შეეხება. ლაზი ბიზნესმენები საკმაო რაოდენობით მოღვაწეობენ გერმანიაში.

 

ტრაპიზონელი ულუსოების (Ulusoy) საქმიანობა განსაკუთრებით სატრანსპორტო (სამგზავრო და სატვირთო) სფეროშია ცნობილი, რომელთაც მთელი თურქეთის მასშტაბით აქვთ საკუთარი სააგენტოები. ამ ფირმის ავტობუსები ამ თხუთმეტიოდე წლის წინ საქართველოშიც გამოჩნდნენ, მაგრამ იმ დროს ჩვენი ქვეყნის გზებზე შექმნილი მძიმე ვითარების გამო შეწყვიტეს საქამიანობა.ლაზეთი_20

 

განსაკუთრებით ბევრია სამშნებელო სექტორში დასაქმებულ ლაზურ ფირმათა რიცხვი. ამ სფეროში აღსანიშნავია ჩარმიქლების მოღვაწეობა. რამდენიმე წლის წინ თურქ მშენებელთა დუაენად ითვლებოდა არქაბელი ადი რიზა ჩარმიქლი (çarmikli). ამჟამად ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენია ფირმა "ნუროდის" გამგეობის წევრი ნურეთთინ ჩარმიქლი (Nurettin çarmikli, დაბ. 1934წ.), რომელიც გარდა მშნებლობისა, წარმატებით მოღვაწეობს სამხედრო მრეწველობაში, ტურიზმში. საქართველოს საპატიო კონსული ნ. ჩარმიქლი, რომელსაც ქვეყნის გარეთ მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს (საუდის არაბეთი, ისრაელი, ერაყი), ამჟამად ბათუმში სასტუმრო "შერატონს" აშენებს.

არქაბელი ქურდოღლუები (Kurdoğlu) სხვადასხვა სფეროში მუშაობენ. ცნობილია მათი საქმიანობა უძრავი ქონების, მშენებლობის სფეროში.

ხოფელი ბიზნესმენი ჯინერი (Ģiner) ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია თურქეთში, რომელიც თავისი ქვეყნის გარდა საქმიანობს ცენტრალური აზიის (უზბეკეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი) რესპუბლიკებშიც. უკანასკნელ წლებში თურქეთში ხელი მოკიდა ძვირფასი ქვების მოპოვება-დამუშავების საქმესაც.

 განათლება

ამ ასპარეზზეც მრავალმა ლაზმა გამოიჩინა თავი. გასული საუკუნის 90-იან წლებში თურქეთის განათლების სისტემას ხელმძღვანელობდა ეროვნული განათლების სამინისტროს მრჩეველი ბენერ ჯორდანი (Ģordan) იგივე ჟორდანია, არქაბელი.
სამართლის სფეროში ავტორიტეტად ითვლება სტამბოლის უნივერსიტეტის პროფესორი თოხთამიშ ათეში (Ateş), რომლის პუბლიკაციებს ხშირად აქვეყნებენ ჟურნალ-გაზეთები. (პენიტენციალურ სისტემაში რეფორმები გაატარა 90-იან წლებში იუსტიციის სამინისტროს ლაზმა მრჩეველმა, რომლის ცვლილებები განსაკუთრებით საპატიმროებისა და კოლონიების მოწყობას შეეხო).

ისევე როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრ უბანზე, განათლების სფეროშიც მამაკაცებთან ერთად წარმატებით მოღვაწეობენ ქალებიც. ქ. ანკარაში ცნობილია კოლეჯი, რომლის დირექტორიც ლაზი ქალია - ფათოშ აბლა.

ასევე საქვეყნოდ ცნობილია თურქულენოვანი ლაზი მწერალი ქალი სელმა კოჩივა. მწერალი და პუბლიცისტი სელმა კოჩივა დაიბადა 1960 რიზეს ვილაიეთის არდაშენის ილჩეს სოფელ დუთხეში. 1983-87 წლებში სწავლობდა დორტმუნდის უმაღლესი სკოლის სოციალური პედაგოგიკის ფაკულტეტზე. 1984 წლიდან არის ლაზური ჟურნალის - „ფარფალი" სარედაქციო საბჭოში. 1982-1990 წლებში დორტმუნდში აგრძელებს მუშაობას, ხოლო 1990 წლიდან მუშაობს ანა ფრანკის გაერთიანებულ სკოლაში სოციოლოგიის პედაგოგად.
1992 წელს სელმა კოჩივა სხვებთან ერთად აფუძნებს კაჩკარის სამხრეთკავკასიის კულტურათა და ენათა საზოგადოებას.

ლაზი პოეტი სინან ბადიში (არბაირაკოღლუ) დაიბადა თურქეთის რესპუბლიკის სოფელ დუზჯეში. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ქ. სტამბოლში. პროფესიით ასევე არის იურისტი, მუშაობს სტამბოლის ერთ-ერთ სანოტარო ფირმაში.

ლაზი პოეტი და მხატვარი ხასან ჰელიმიში დაიბადა თურქეთის ლაზეთის სოფელ ორთახოფაში (შუა ხოფა). იქვე დაამთავრა პირველი საფეხურის თურქული საშუალო სკოლა. ხოლო 1932 წელს საცხოვრებლად საქართველოში, ქ. ბათუმში გადმოვიდა. 1949-1954 წლებში ოჯახთან ერთად გადაასახლეს ციმბირის ქ. ვასიუგანში. 1961-1967 წლებში თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე თურქულს ასწავლიდა. გარდაიცვალა 1976 წლის 2 მარტს. დასაფლავებულია საქართველოში, სოფელ სარფში.


მეცნიერება, კულტურა

მეცნიერების სფეროში, როგორც თურქეთში, ასევე საზღვარგარეთ ნაყოფიერად მოღვაწეობენ ლაზი მკვლევარები. მათი ნაწილი უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში არის მიწვეული. ერთ-ერთი თურქული გაზეთის ცნობით, აშშ-ში კოსმოსის კვლევის საქმეში დიდ ავტორიტეტად ითვლება, "მეორე აინშტაინად" წოდებული შავიზღვისპირელი.

ბოლო ხანს ლაზ მეცნიერთა შორის გაიზარდა მშობლიური მხარის ისტორიის, კულტურისადმი ინტერესი. ალი იჰსან აქსამაზი (Ali Ihsan Aksamaz) ლაზების ისტორიის საკითხებს სწავლობს. ლექსიკოგრაფიის საკითხებში აღსანიშნავია ისმაილ ავჯი ბუჯაქლიშის (Jsmail Avci Bucaklişi, დაბ. 1970წ. ათინაში) და ვიწელი ჰასან უზუნჰასანოღლუს (Hasan Uzunhasanoğlu) ლექსიკონები.
ბუჯაქლიშის საქმიანობა "ზუღაში ბერეფე"-ს ჯგუფს და ჟურნალ "ოგნის" გამოცემასაც უკავშირდება.

ლაზების ისტორიის ძირითადი საკითხების შესწავლით არის ცნობილი ლაზი განმანათლებელი მ. რეჯაი ოზგუნი, მისი წიგნი ლაზლარ (Lazlar= ლაზები) პოპულარულობით სარგებლობს ლაზებში. ოზგუნი ითხოვს ავტოქტონ ენებზე შეზღუდვების გაუქმებას, ლაზურისათვის დედაენის სტატუსის მინიჭებას და, რაც მეტად მნიშვნელოვანია, ხელოვნურად გადარქმეული ტოპონიმებისათვის ლაზური სახელების აღდგენა-შენარჩუნებას.

ამ სამიოდე წლის წინ გარდაიცვალა მომღერალი, მუსიკოსი ქაზიმ ქოიუნჯუ (Kაზიმ Kazim Koyuncu), რომელიც ლაზურ მუსიკალურ ფოლკლორსაც იკვლევდა.

ახლახან თბილისს ეწვია ტრაპიზონელი მომღერალი ფუად საკა. თურქეთის ესტარდის ცნობილი ვარსკვლავი თარქანი რიზელია.

თურქეთის თეატრმცოდნეთა შორის აღსანიშნავია არქაბედი ჰაუათი ასილაზიჯი (Hayati asilyazici), რომელიც ქ. სტამბოლში განათლების სფეროშიც მოღვაწეობს. იგი 1987წ. იმყოფებოდა საქართველოში და დღესაც თურქეთის საზოგადოებას ქართული კულტურის მიღწევებს აცნობს.

სპორტი

ამ სფეროში განსაკუთრებით აღსანიშნავია თურქეთში სპორტის ნომერ პირველ სახეობაში - ფეხბურთში შავიზღვისპირელთა წარმატებები. "ტრაპზონსპორტის" ფეხბურთელთა გუნდმა პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში სტამბოლის გუნდების შემდეგ მოიპოვა თურქეთის ჩემპიონობა.

მსოფლიო ჩემპიონებზე ამ ქვეყნის ნაკრებმა ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია 2002წ. იაპონიაში, როდესაც მთავარი მწვრთნელი, ისევე როგორც თურქული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, იყო ლაზი - ტრაპიზონელი შენოლ გიუნეში.
როგორც ამბობენ, ასევე დიდი წარმატებით მუშაობს ჯერ "გალათასარაის", ხოლო ამჟამად ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთელი ფათიჰ ტერიმი - ლაზი.

კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1713 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.3/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]