ქართველთა წარმოშობა
2011-03-12, 7:44 PM


ყოველი ერი, ყოველი ენა თავისთავად უდიდესი ღირებულებაა, მაგრამ, ამასთან, ძალზე ძნელია მსჯელობა ერების თუ კაცობრიობის წარმოშობის საკითხზე. ერი არ არის ადამიანთა მექანიკური ერთობა. ის, უპირველეს ყოვლისა, ცოცხალი ორგანიზმია. ზოგიერთნი ერისათვის აუცილებელ ატრიბუტებად მიიჩნევდნენ ენას, ტერიტორიას, სარწმუნოებას, ერთიან პოლიტიკურ-ეკონომიკურ სისტემას და ა.შ., მაგრამ რეალობა გვიჩვენებს, რომ ეს ყოველივე სულაც არ არის საკმარისი ერის რაობის გასარკვევად. მაგალითად, ქართველები მინიმუმ ექვს ენაზე ვლაპარაკობთ (მეგრულად, სვანურად, წოვა თუშურად, ქართულად, ოსურად და აფხაზურად.), სამი რელიგიის მიმდევარნი ვართ (მართლმადიდებლობის, კათოლიციზმისა და ისლამისა), და მაინც ერთ ერს წარმოვადგენთ. როდესაც კათოლიკე ესპანურენოვანი არგენტინელი სხვა ერის შვილია და კათოლიკე ესპანურენოვანი ურუგვაელი კი სხვა ერისა, ებრაელები საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა სახელმწიფოებში სხვადასხვა სოციალურ-პოლიტიკურ სისტემებში ცხოვრობდნენ, სხვადასხვა ენებზე ლაპარაკობდნენ (ივრითი, იდიში და ა.შ.), მაგრამ მაინც ებრაელებად რჩებოდნენ. მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ზემოთქმული დასტურია იმისა, რომ ერი, უპირველეს ყოვლისა, ბოლომდე შეუცნობი, სულიერი ორგანიზმია, რომლის არსებობასაც ღვთის ნება და ის მისია განაპირობებს, რომელიც მას დაეკისრება. ერები, ისევე, როგორც ადამიანები, ოდესღაც იბადებიან და კვდებიან და ალბათ მათი მკვდრეთით აღდგომაც შესაძლებელია. ეპოქების მიხედვით ერის ფენომენზე, მის წარმოშობაზე სხვადასხვა აზრი არსებობდა, მაგრამ ამ აზრთა შორის დომინანტი იყო ღვთაებრიობის პრინციპი. ძველი ბერძნები თუ ლათინები თავიანთ წინაპრებად ოლიმპოელ ღმერთებს მიიჩნევდნენ. შუა საუკუნეებში ქრისტიანებიც და მუსლიმებიც თავიანთ წარმოშობას ბიბლიის პერსონაჟებს უკავშირებდნენ. XIX-XX საუკუნეებში ევროპული მეცნიერება შეეცადა უარეყო ერების წარმოშობის ღვთაებრიობის იდეა და, სანაცვლოდ, წინ წამოეწია სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები. მაგრამ ამაოდ. მხოლოდ სოციალურ და ეკონომიკურ მექანიზმებს როდი შესწევთ უნარი, შექმნან კულტურა. კულტურა სულიერების ნაყოფია და უარყო ერი, როგორც სულიერი ინდივიდი, ნიშნავს უარყო ეროვნული კულტურა. არადა, მსოფლიო ცივილიზაცია ეროვნულ კულტურათა ერთობლიობაა; ღმერთს რომ ეროვნული და ენობრივი ნიშნით არადიფერენცირებული სამყარო ნდომებოდა, მაშინ შვიდი ათასი წლის წინათ არ დაარღვევდა ბაბილონის გოდოლს. სწორედ ეროვნულ კულტურათა მრავალფეროვნებაა სამყაროს კაცობრიობის მშვენება და ღირსება. XX საუკუნის მიწურულის მეცნიერულმა აღმოჩენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ბიბლიური ჭეშმარიტებანი. უილიამ რაინისა და უოლტერ პიტმენის გამოკვლევებმა დაადასტურეს წარღვნის რეალურობა. გენეტიკური კოდის გაშიფვრამ კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ ადამიანები პირადი სურვილების მიუხედავად დამოკიდებულნი არიან ათასწლოვან გენეტიკურ მემკვიდრეობაზე. უმთავრესად ღვთის ნება და გენეტიკა განსაზღვრავს როგორც ინდივიდის, ისე ერის არსებობასა და მოღვაწეობას. ქართველი ერიც, მსგავსად სხვა ისტორიული ერებისა, გარკვეული გენეტიკური მემკვიდრეობის მატარებელია, ისიც ოდესღაც დაიბადა უძველესი ტომებისაგან.

ვინ იყვნენ ქართველთა წინაპრები? სანამ ამ კითხვას ვუპასუხებდეთ, მეტად მნიშვნელოვანია გავარკვიოთ - თუ ვინ არიან დღეს ჩვენი ნათესავები, რაც ნათელყოფს - სად უნდა ვეძებოთ ჩვენი წინაპრების განსახლების არეალი.

თანამედროვე ერებისა თუ ქვეყნების ისტორია "ბაბილონის" ეპოქიდან იწყება. ერი, როგორც ასეთი, თავისი განმარტებით, თანამედროვე პოლიტიკურ მეცნიერებაში დამკვიდრებული ცნებაა. წარსულში კი, ადამიანთა ტომობრივი გაერთიანების აღსანიშნავად შემდეგ ტერმინებს ხმარობდნენ: "მოდგმა", "ნათესავი". მაგალითად: "სემის მოდგმა", "ნათესავი ქართველთა" და ა. შ., ამასთან, არაერთი თანამედროვე ეთნიკურობის სახელი, თუნდაც მეთვრამეტე საუკუნეში რელიგიური კუთვნილების აღსანიშნავად გამოიყენებოდა. მაგალითად, "ქართველი" - ქართულენოვანი მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს ნიშნავს, "სომეხი" - მონოფიზიტს, "ბერძენი" - ზოგადად მართლმადიდებელს და, კერძოდ კი, ბერძნულენოვანი ეკლესიის წევრს, "ფრანგი" და "ჰრომი" – კათოლიკეს, "ურია" - იუდეველს.

სწორედ ამიტომ, უპრიანად მიგვაჩნია, ძველ ისტორიაზე მსჯელობისას, "ერის" ნაცვლად ვიხმაროთ ტერმინები "მოდგმა" და "ნათესავი".

ქართველთა მოდგმის ისტორიაც ბაბილონის გოდოლის ეპოქიდან იწყება. ბაბილონის გოდოლის შენება იყო აქტი, რომლის მიზანსაც კაცობრიობის ერთფეროვნების, უნიტარულობის შენარჩუნება წარმოადგენდა. არადა, უფლის ნება იყო, რომ ადამიანები, როგორც პიროვნულად, ისე ერების - "ნათესავების" სახით ინდივიდუალურნი, თვითმყოფადნი, თავისებურნი ყოფილიყვნენ. ამიტომაც ღმერთმა კაცობრიობას ენები აღურია და მათ ვეღარ გაუგეს ურთიერთს, შეწყვიტეს ფიზიკურად ერთად ყოფნის ნიშანსვეტის - გოდოლის შენება.

ერთი ნათესავი - ებერის მოდგმა, როგორც საეკლესიო გადმოცემა და წმიდა იოანე ოქროპირი გვაუწყებს, იმთავითვე, არ მონაწილეობდა გოდოლის შენებაში. და ეს ბუნებრივიცაა, როგორც წარღვნის ჟამს ნოე და ძენი მისნი, ასევე გოდოლის შენებისას სემის შთამომავალთა ერთი მოდგმა მაინც უეჭველი იცავდა "სამეუფო გზას". სამოთხის ბაღიდან ადამის გამოძევების შემდეგ ყოველთვის არსებობდნენ რჩეული ადამიანები, რომლებიც არ ივიწყებდნენ უფლის სიტყვას და უფლის მორჩილებად რჩებოდნენ. ასე იყო წარღვნისას, ასე იყო ეგვიპტის ტყვეობაში ყოფნისას, სინაზე ხეტიალისას (მოსე, იესო ნავეს ძე და სხვა), ბაბილონის ტყვეობის ჟამს (ეზეკიელი, დანიელი და სხვა), თუ თვით მაცხოვარის ჯვარცმის დროს (მოციქულები, სიდონისა და ელიოზის დედა...). ბაბილონის გოდოლის შენების დროსაც არსებობდნენ რჩეულნი, რომელთათვისაც ქამის შთამომავალ ნებროთიანთა ამპარტავნული ახირება უცხო და მიუღებელი იყო. ეს სწორედ ის მოდგმაა, რომელიც გოდოლის რღვევის შემდეგ კავკასია-შუამდინარეთიდან არ განუდევნია უფალს, სხვათა მსგავსად არ განუფანტავს. გოდოლის რღვევის შემდეგ, კავკასიასა და შუამდინარეთში მხოლოდ სემისა და ებერის შთამომავალნი დარჩნენ. ებერიელნი უკვე ამ საქციელით ინდივიდუალურ, თავისებურ, თვითმყოფადნი და ორიგინალურნი იყვნენ დანარჩენ კაცობრიობასთან შედარებით. ამასთან, თუკი კაცობრიული ნების გამომხატველი იყო ერთი ენა - წინა ბაბილონის გოდოლური და ერთი სახელმწიფო, ერთი პოლიტიკური ცენტრი - გოდოლი, ხოლო უფლის ნება კი მრავალენოვნებაში გამჟღავნდა, ცხადია, ებერიელებს იმთავითვე უფლის ნებით მქმედ მოდგმას, საოცარი ძალით ახასიათებდა მიდრეკილება მრავალენოვნებისაკენ და, თანაც, მათი ენობრივი ინდივიდუალიზმი, ვინაიდან, ნაყოფი იყო არა გოდოლის შენებით გამოწვეულ უფლის რისხვისა, არამედ გოდოლამდელი უფლის ნების შეგრძნება - შეგზნება - გათვითცნობიერების შედეგს წარმოადგენდა, ცხადია, რომ ებერიანთა დამოკიდებულება ზოგადად ენისადმი და, ამასთან, მათში სიტყვათწარმოებისა თუ ენათდიფერენციაციის პროცესი, ისევე, როგორც სხვა ენებთან თუ ენებზე რეაგირების მექანიზმები სრულიად ორიგინალური იყო და არ ემთხვეოდა, არც შეიძლება დამთხვეოდა, დანარჩენ, ნაგოდოლარ კაცობრიობაში არსებულ ლინგვისტურ კანონებს. თუკი "გოდოლურ" მოდგმებში ეროვნული ენა, როგორც ასეთი, მოდგმათა გამმიჯნავ უმთავრეს ბერკეტად იქცა, ებერიანებში, რომელნიც იმთავითვე, გოდოლამდე გაემიჯნენ დანარჩენ კაცობრიობას, ენას, ლექსიკას სულ სხვა დატვირთვა ენიჭებოდა. მათი ინდივიდუალიზმი სრულიადაც არ იყო დამოკიდებული ენისა თუ კაცობრიობის შემოქმედებითი პროცესის შედეგის - კულტურის გავლენაზე. ებერიანნი მარადიულ, ანტიგოდოლისტურ ინდივიდუალურ მუხტს ატარებდნენ. უფრო მეტიც, ხორციელ სამყაროში ისინი თავად იყვნენ ინდივიდუა-ლიზმის განსახიერება. ამიტომაც, ებერიანნი გაცილებით თავისუფლად, გნებავთ, ზედაპირულად ეკიდებოდნენ უცხო ენისა თუ კულტურის ფაქტორს. მათ არ ეშინოდათ უცხო ენათა ექსპანსიისა, რადგანაც არ არსებობდა ამქვეყნიური ფაქტორი, რომელიც ებერიანთა თვითმყოფადობას საფრთხეს შეუქმნიდა. მაგალითად, აბრაამამდე ებრაელები მეტყველებდნენ შუმერულად, შემდეგ ქანაანურ-ივრითულად, არამეულად, გერმანულად თუ მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ენაზე, ისინი მაინც რჩებოდნენ სრულიად განსხვავებულ არსებად, რადგან მათში თვითმყოფადობა ენათა გაჩენამდელი იყო.

ერთი სიტყვით, ებერიანთა ანუ სემის ჭეშმარიტ შთამომავალთა ისტორიაზე, მსოფლმხედველობასა და კულტურაზე შეუძლებელია იმ ზოგადი საზომით მსჯელობა, რომელიც შეეფერება დანარჩენ კაცობრიობას - ადამიანთა უდიდეს ნაწილს. არ შეიძლება ებერიანთა ნათესაობისა თუ წარმოშობის კვალი კლასიკური და, მითუმეტეს, სტრუქტურული ლინგვისტიკის მექანიზმებით ვიკვლიოთ. შეუძლებელია ებერიანებს მივუსადაგოთ "ერის", "სახელმწიფოს", "ევოლუციის" და ა. შ. კლასიკურ პოლიტიკურ მეცნიერებაში დამკვიდრებულ ტერმინთა განმარტებები. ერთი სიტყვით, ებერიანებს ვერარას გავუგებთ კლასიკური, ზოგადსაკაცობრიო საზომით, რადგანაც ეს მოდგმა ამ საზომთა გაჩენამდე ფლობდა და განასახიერებდა სწორედ ამ საზომთა განმაპირობებელ და, ამასთან, მათი არსებობის თვითმიზნობრივ ღირებულებას - უფლის მიერ დაშვებულ და კურთხეულ ინდივიდუალიზმს, სხვათაგან გამორჩეულობას.

ვინ იყვნენ ებერის ანუ სემის ჭეშმარიტ შთამომავალთა ნათესავნი?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უპრიანია ნოეს შთამომავალთა გენეტიკური ტაბულების ანალიზი.

ნოეს შთამომავალთა გენეტიკური ტაბულების რამდენიმე ვარიანტს იცნობს მეცნიერება:

* ძველი აღთქმის დაბადებისეული ვარიანტი;
* "პირველი ნეშტთასეული";
* იპოლიტე რომაელის (ორი რედაქცია) 234-235 წწ.;
* ეპიფანე კვიპრელისეული 403 წ.;
* ექვთიმე მთაწმინდელისეული X ს.

სწორედ ამ ტაბულათა შეჯერებით, არქეოლოგიურ თუ წერილობით მონაცემთა გათვალისწინებით შეიძლება განისაზღვროს და დადგინდეს ამა თუ იმ მოდგმის წარმომავლობა. ბიბლიურ ტაბულათაგან ყველაზე სრული პირველი ნეშტთას ტაბულაა:

სემის, იაფეტისა და ქამის შთამომავალთა სახელებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

სემის მოდგმა:

1) ელამი
2) აშური
3) არფაქშადი
4) ლუდი
5) არამი
6) მეშექი
7) ებერი
8) ქალები (ხალები)
9) ხური
10) მეშაყი
11) ხარანი
12) ური


იაფეტის მოდგმა:

13) გომერი
14) აშკენაზი
15) იავანი
16) ელიშა
17) თუბალი
18) მეშექი


ქამის მოდგმა:

19) აქადი
20) ფილისტიმელები
21) სიდონი
22) ამორეველები
23) ქანაანი
24) ხეთი

სამივე ტაბულაში სულ რამდენიმე ხალხის, ქვეყნისა თუ ქალაქის სახელია დაფიქსირებული, რომლებიც დღემდე არსებობენ ანდა რომელთა შესახებაც სარწმუნო წერილობითი წყაროები მოგვეპოვება:

1. ელამი - შუმერულად - ნიმ, ელამურად - ჰათანთი, ძველსპარსულად - "ჰუა. ეს მოდგმა თანამედროვე ირანის დასავლეთ ნაწილში სახლობდა და მეტყველებდა ენაზე, რომელიც ნათესაურ კავშირს მხოლოდ იბერიულ-კავკასიურ ენებთან ამჟღავნებს. ელამის სახელმწიფო ძვ. წთ. III ათასწლეულში წარმოიქმნა და ძვ. წთ. VI საუკუნემდე იარსება. მისი უმნიშვნელოვანესი ქალაქები იყო: სუსა (შუშენი) და ანშანი. ძვ. წ. 24-23 საუკუნეებში აქადში შედიოდა; ძვ. წთ. 21-ე საუკუნიდან კვლავ შუმერმა და აქადმა დაიპყრო. ძვ. წთ. მე-18 საუკუნეში, ბაბილონის ძლევამოსილების პერიოდში, როდესაც იქ ამორეველი ხამურაბი მეფობდა, ელამი დასუსტდა. აღმავლობას განიცდიდა 1165-1115 წლებში მეფე შილხაქინშუშინაქის დროს.

ძვ. წთ. მე-8 საუკუნეში სუსასა და ანშანის სამეფოებად იყო დაშლილი, ბაბილონთან ერთად ებრძოდა ასურეთს. 639 წელს ასურეთმა გაანადგურა. დაიპყრო მიდიამ და შემდეგ აქემენიდების იმპერიის ნაწილად იქცა, სადაც ელამური მოდგმა უდიდეს როლს თამაშობდა.

ელამური ენა არამეულთან და სპარსულთან ერთად აქემენიდების სპარსეთის ერთ-ერთი სახელმწიფო ენა იყო. სუსა იმპერიის ერთ-ერთ დედაქალაქს წარმოადგენდა. ელამის უმაღლეს მმართველს სუ ქალი ეწოდებოდა, დინასტია დედის ხაზით გრძელდებოდა. ელამში არსებული გვაროვნული სისტემა იბერიულ-კავკასიურის იდენტური იყო. ელამელების მონათესავენი იყვნენ კასიტები, ლულუბელები და ჩრდილოეთ ირანში მცხოვრები გუთიები (უტიები).

ძვ. წთ. III ათასწლეულის მეორე ნახევარში კასიტები ელამში შედიოდნენ. ძვ. წთ. 1741 წელს მათ განდაშის მეთაურობით უშედეგოდ ილაშქრეს მესოპოტამიაში. 1595 წელს დაიპყრეს ბაბილონი, დაამხეს ამორეველთა სამეფო დინასტია და იქ 1204 წლამდე ბატონობდნენ. 1174 წელს კასიტები ელამელებმა განდევნეს ბაბილონიდან. ძვ. წთ. VIII-VII საუკუნეებში ისინი არაერთგზის დალაშქრეს ასურელებმა, 324 წელს კი ელამელები ალექსანდრე მაკედონელმა გაანადგურა.

გუთიები - თანამედროვე ირანის, აზერბაიჯანისა და ქურთისტანის ტერიტორიაზე მცხოვრები იბერიულ-კავკასიური მოდგმის ტომი, რომელთაც ძვ. წთ. 2200 წელს მესოპოტამიაში დაამხეს ქამიტურ-აქადური დინასტია და ასი წლით გაბატონდნენ.

ქამიტი-აქადელების გავლენის ქვეშ მოქცეულ შუმერთა ნაწილი ვერ შეეგუა მომთაბარე გუთიების (უტიები) აღზევებას. ძვ. წთ. 2100 წელს გუთიები განდევნეს შუამდინარეთიდან. გუთიებს მიიჩნევენ თანამედროვე უტიების, უდების, კავკასიის ალბანელების უშუალო წინაპრებად. როგორც ჩანს, მათ დიდი როლი ითამაშეს ქურთების ეთნოგენეზშიც. ელამელების, კასიტებისა და გუთიების მონათესავე ტომი იყო ლულუბელები, რომელთა მეფე ანუბანინმაც ძვ. წთ. 23-ე საუკუნეში დაამარცხა აქადელები. ძვ. წთ. 828 წელს ლულუბელები დაიმორჩილა და მათი ცენტრალური ოლქი "ზამუას ქვეყანა" შეიერთა ასურეთმა. ლულუბელები ზაგროსის მთებში ბინადრობდნენ. ერთი სიტყვით, უძველესი დროიდან სემის შთამომავალ, იბერიულ-კავკასიურ ენათა მონათესავე ენებზე მეტყველ ელამელებს, კასიტებს, გუთიებსა და ლულუბელებს ეპყრათ თანამედროვე ირანის უდიდესი ნაწილი. ეს ტომები უდიდეს როლს თამაშობდნენ აქემენიდების ხანაშიც, მაგრამ, თანდათან, ინდოევროპელმა ირანულმა ტომებმა მათ თვითმყოფადი ენა დააკარგვინეს. როგორც ექვთიმე მთაწმინდელი წერს: "ამათ ყოველთა ნათესავთა არა თუ ყოველთა თვისი ენაი აქუს, არამედ მრავალნი ერთითა ენითა ზრახვენ". ამის მიზეზად, როგორც წმიდა ექვითმეს, ისე ეპიფანე კვიპრელს, ქამიტთა ექსპანსია მიაჩნია. იპოლიტე რომაელის ქრონიკის თანახმად, თანამედროვე სპარსული ენა ქამის ძე ფუტისაგან მომდინარე ენაა, მაგრამ რასაც ბიბლიის ტაბულა და იპოლიტ ელამს ეძახის, ექვთიმე მთაწმინდელი სპარსთა სახელით მოიხსენიებს, რადგანაც ცხადზე ცხადი იყო ოდესღაც იბერიულ-კავკასიურ ენოვანი, სემის ჭეშმარიტი შთამომავალ ელამელების უდიდესი გავლენა აქემენიდებისა თუ პართების პერიოდის ე. წ. ძველ სპარსულ კულტურაზე. უფრო მეტიც, სწორედ ელამელთა, კასიტთა, გუთიებისა თუ ლულუბელების გენოფონდი იქცა სახელოვანი სპარსეთის ძირითად წარმართველ ძალად. აკი, თვით ზარატუსტრაც, ავტორი "ავესტასი", წარმოშობით გუთიების ქვეყნიდან, თანამედროვე აზერბაიჯანიდან იყო.

2. აშური - ათურაი, სურაი, საკუთარი სახელი - ქალდაი.

დაარსდა ძვ. წთ. III ათასწლეულში, ჩრდილოეთ მესოპოტამიაში. ძვ. წთ. IV ათასწლეულში აქ ცხოვრობდნენ იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში შემავალი ხურიტები. ძვ. წთ. III ათასწლეულის მეორე ნახევარში ქამის შთამომავალ ამორეველებისა და აქადეველების შემოჭრის შედეგად დაიწყო ასურელთა ენის გაქამიტურება. დაიწყო ასურის (ქალდაის) "აქადიზაციის" პროცესი, რაც, დაახლოებით, ძვ. წთ. 2000 წელს დასრულდა.

ასურების უძველესი ქალაქი ნინევეა, საკუთარი სახელი ნინა (ნინუა) ძვ. წთ. XVIII საუკუნეში დაიმორჩილა ბაბილონის ამორეველმა მეფემ ხამურაბმა. ძვ. წთ. XVI-XV საუკუნეებში ასურეთი კვლავაც ხურიტულ-იბერიულ-კავკასიურ-ქალდურ მითანს დაუბრუნდა. ძვ. წთ. XI საუკუნეში ასურში შეიჭრნენ არამეელები, ასურეთის უძველესი მოსახლეობა.

როგორც ავღვნიშნეთ, ხურიტულ-იბერიულ-კავკასიურ-ქალდური მოდგმის განსახლების არეალი სხვადასხვა დროს მოიცავდა: კავკასიას, ზაგროსის მთებს (ირანი), მესოპოტამიას, სირიას, პალესტინას. ხური ნაწილია სუბარუსი (არაინდოევროპულ, არაქამიტურ ტომთა ერთობლიობისა). ხურიტების კულტურა პრაქტიკულად იდენტურია მტკვარ-არაქსის კულტურისა. ხურიტების უშუალო მემკვიდრეა ურარტუ, მანამდე კი, მითანისა და გუზანის სამეფოები, ამ უკანასკნელში ქამიტების შეჭრის შედეგად მოხდა მოსახლეობის ძველი ენის დაკარგვა - ენის გაარამეულება. თავად ტერმინი არამი - ხურიტულია, არამი ერქვა ურარტუს მეფეს ძვ. წთ. IX საუკუნეში. არამხუტუ მეგრულად ამირანს ნიშნავს. ხუტუ მომდინარეობს ხურიტულ-ურარტული მიწის ღვთაება ხუტიუნისაგან. ხურიტული გავლენა ერთობ ძლიერ იგრძნობა ქართველურ (მეგრულ-ქართულ) ენებში, ხურიტულ-ურარტულის უშუალო მემკვიდრეა თანამედროვე ჩეჩნური, ინგუშური და წოვა-თუშური ენები. ხურიტული ელმენტები მძლავრად იგრძნობა ძვ. წთ. IV ათასწლეულის ეგვიპტის "გერზეს კულტურაში", რომელი კულტურის მატარებლადაც სჩანან პირამიდის ამშენებელი, ქამიტ-ეგვიპტელთა მბრძანებელი ფარაონები და ქურუმები. "გერზეს კულტურის" ტომებმა შეიტანეს ძველ ეგვიპტეში ბრინჯაოს საიდუმლო.

ხურიტები იყვნენ ჰიქსოსებიც, რომლებიც ძვ. წთ. 1720 წელს ეგვიპტეში შეიჭრნენ და დააარსეს ახალი დედაქალაქი ავარისი (ნილოსის დელტა). ჰიქსოსი აღნიშნავს მწყემსთა მეფეს, იგივე უცხო ქვეყნის მბრძანებელს.

ჰიქსოსებმა შექმნეს პირველი, თავისებური, ანბანური დამწერლობა. ხურიტმა ჰიქსოსებმა შეიტანეს ეგვიპტეში ცხენი და ბორბლიანი ტრანსპორტი. მათი დინასტიები მბრძანებლობდა 1650-1550 წლებში. სწორედ ამ დროს შევიდა ეგვიპტეში იოსები, ძე იაკობისა (ისრაელის). ჰიქსოსების მთავარი ღვთაება იყო სეთი - ძმა და მტერი ოსირისისა. ისინი განდევნა თებეს მმართველმა იაჰმეს I-მა.

ხურიტული იყო მითანის სამეფო, რომელიც მდებარეობდა ჩრდილო მესოპოტამიაში, დედაქალაქი - ვაშუქანი. მითანი ჩამოყალიბდა ძვ. წთ. XVI საუკუნის მიწურულს. ხეთების მეფე სუფილულიუმმა აიღო ვაშუქანი და დაანგრია. მითანის მეფე თუშრათამ გაქცევით უშველა თავს, ამით ისარგებლა ასურეთის მმართველმა ასურუბალიტ I-მა და დაამარცხა მითანელები. ძვ. წთ. XIV საუკუნის მიწურულს მითანი ასურეთის გავლენის ქვეშ მოექცა. მოგვიანებით დაიწყო მითანელთა "ქამიტიზაცია", რის შედეგადაც ჩამოყალიბდა არამეელთა ეთნოსი. 1800-1650 წლებში ხურიტული იყო უძველესი ქალაქი ხარანი, სადაც ურიდან გადასახლდა აბრაამი და, სადაც ქორწინდებოდნენ ისააკი და იაკობი. ხურიტებისთვის დამახასიათებელი იყო იბერიულ-კავკასიური გვაროვნულ-მამასახლისური სისტემა. ხურიტულად მამასახლისი შემდეგნაირად წარმოითქმის - "ევრი", რაც "ივრის", "ებერის", "იბერის", "ივერიის" ასოციაციას იწვევს. რაც შეეხება ასურელთა საკუთარ სახელს - "ქალდაი" ამ ტერმინს სხვადასხვა დროს შემდეგი დატვირთვა ჰქონდა:
1. ქალდეას უწოდებს "ძველი აღთქმა" შუმერს;
2. ქალდე იყო ურარტუს წარმართული პანთეონის უპირ¬ველესი, მთვარის ღვთაება;
3. შუა საუკუნეებშიც კი ქალდებად მოიხსენიებდნენ ლაზებს უცხოელები, განსაკუთრებით ბერძნები;
4. ქალდეურს უწოდებდნენ ბაბილონის მმართველთა იმ დინასტიას, რომლის სამშობლოც ოდესღაც ხურიტული ქალაქი ხარანი იყო: ნაბუქოდონოსორს, ნაბონიდს, ბალთაზარს - ძვ. წთ. VII-VI საუკუნეებში;
5. ქალდეელებს უწოდებდნენ ძველ რომში ქურუმებსა და მისნებს;
6. დღემდე არსებობს ქედი სვანეთში სახელწოდებით ხალდე, ხალდე ჭალა და სხვ.
7. ანტიკური ხანის ხალიბთა (ლაზების) ქვეყნის პარალელური სახელწოდება იყო ხალდეა;
8. წმიდა ექვთიმე მთაწმინდელი სემის ძე არფაქშადის მოდგმას ქალდეელებად მოიხსენიებს.
შემთხვევითი არ არის პირველი ნეშტთას გენეალოგიურ ტაბულათა შორის შემდეგი ნუსხა:

ქალები (ხალები)

ხური მეშაყი ხარანი

ური

თანაც, ამ ნუსხაში ქალებ (ხალების) ერთ-ერთ ცოლად მოხსენიებულია ევფრათი.
ტერმინი ქალდაი დაკავშირებულია ხურიტულ, შუმერულ, ლაზურ, სვანურ, ურურტულ და ებრაულ სამყაროსთან.
როგორც აღვნიშნეთ, არქეოლოგიურ თუ ძველ წერილობით წყაროთა მონაცმებით, ასური, თავდაპირველად, იბერიულ-კავკასიურ მოდგმას ეკუთვნოდა. ასურის მთავარი ღვთაება იყო იშთარი ანუ შუმერულ-ურუქული ინანა - "ქალღმერთი მამა", როგორც მას მოიხსენიებს "ხამურაბის კანონები". ინანას საკრალური რიცხვია 12, ხოლო საკრალური ცხოველი - ძუ ლომი. სხვათაშორის, უძველესი ქართული მონეტის, კოლხური თეთრის განყოფელი ნიშანიც ძუ ლომი იყო. ქართველების წინაპრები, წარმართობის ხანაში უპირველეს ქალ-ღვთაებას ნანას ეძახდნენ. ნანა დღესაც დასავლეთ ქართულად დედას ნიშნავს.

3. არფაქშადი — "არფაქსად, რომლისაგან არიან ქალდეველნი" — ამბობს წმ. ექვთიმე მთაწმინდელი (X ს.). შუმერულ ქალაქ ურში, ანუ ქალდეველთა ურში იშვა აბრაამი... "ძველი აღთქმის" "დაბადებაში" შუმერს ქალდეველთა ქვეყანას ეძახიან. როგორც დიდი ორიენტალისტი მიხაკო წერეთელი წერს: "ქართველური ენების (ქართულის, ლაზურის და სვანურის) გენეტიკურად ნათესავი ენა შუმერული ენაა, მეტიც, შუმერული, ისევე როგორც ქართველური ენები, ერთი საერთო ძირიდან მოდიან.

რაც შეეხება აბრაამსა და ისრაელს, როდესაც ის ურში იშვა, ამ ქალაქში მხოლოდ შუმერები და ქამიტი ამორეველები სახლობდნენ. ბიბლია სწყევლის ამორეველთა მოდგმას. აბრაამიც, ოჯახითურთ, სწორედ ამორეველთა ექსპანსიას გაერიდა და თავდაპირველად ხურიტულ ხარანში დასახლდა, შემდეგ კი პალესტინა-ეგვიპტისაკენ გაეშურა, სადაც ძალაუფლება, ასევე იბერიულ-კავკასიურ-ხურიტულ ჰიქსოსებს ეპყრათ. ივრითი, ენა, რომელზეც შესრულებულია "ბიბლია", ამორევულის მონათესავე ქამიტურ-ქანაანური ენაა, არადა, ისრაელი გაურბის, არ უნათესავდება, ებრძვის და სწყევლის ქამის შთამომავალ ქანაანსა და ამორეველს. ეს გარემოება თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ სემის შთამომავალი ისრაელისთვის ის ენა, რომელზეც "ბიბლია" დაიწერა, მხოლოდ და მხოლოდ ქამიტ ქანაანელებთან, ამორეველებთან და ეგვიპტელებთან ხანგრძლივად თანაცხოვრებით შეთვისებული ენა იყო, გენეტიკურად კი ებრაელები ურის ძირძველ, აბორიგენ მოსახლეობას — შუმერებს ეკუთვნოდნენ. სხვათაშორის, აბრაამის, ისააკისა და იაკობის შთამომავალთათვის სამეტყველო ენის ხშირი ცვლილება სრულიადაც არ იყო უცხო მოვლენა, ისევე, როგორც სემის შთამომავალ ელამელთა, კასიტთა, ხურიტთა თუ ასურელ-თათვის. ისრაელი, როდესაც არამეელთა გავლენის ქვეშ მოექცა, არამეულად დაიწყო მეტყველება. ქრისტესშობის ჟამს ებრაელობა არამეულენოვანი იყო. ებრაელები გადასახლების შემდეგ იმ ენებზე მეტყველებდნენ, სადაც უწევდათ ცხოვრება (მაგალითად, იდიში, უბრალოდ, გერმანულის დიალექტია). ებრაელების მსგავსად გადავიდნენ ხურიტები — არამეულზე, ელამელები — სპარსულზე, შუმერები კი აქადურსა თუ ამორევულზე.

4. ლუტი - ლუტის შთამომავალნი იპოლიტე რომაელის მიხედვით არიან "ლაზონნი" ანუ ლაზები (მეგრელები). მეგრელები-ლაზები სემის შთამომავლებად ჰყავთ მიჩნეული ეპიფანე კიპროსელსაც და ექვთიმე მთაწმინდელსაც, მეტიც, ეპიფანე თავის ნუსხაში სემის ძეთა შორის ლაზებს ორჯერ იხსენიებს.

ლაზები ქართული მოდგმაა. ლაზური ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ჯგუფს განეკუთვნება და ქართულთან ერთად ძველი ქალდეულის - შუმერულის გენეტიკურად მონათესავეა. უძველესი დროიდან მოყოლებული, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ლაზებს - ქალდებს - ხალდებს ეძახდნენ. თავდაპირველად მთლიანად ლაზურ-მეგრული ტომებით იყო დასახლებული საქართველოს ტერიტორია. კოლხაც და დიაუხიც ლაზური ქვეყნები იყო.

ლაზური ტომები განსახლებულნი იყვნენ შავი ზღვის სანაპიროზე, ყირიმიდან ტროამდე. ლაზურ-კოლხურ კულტურასთან გენეტიკურ კავშირს ამჟღავნებს იმ უძველეს ევროპელთა კულტურა, რომელიც ჯერ კიდევ ძვ. წთ. IV ათასწლეულიდან განსახლდნენ თანამედროვე საბერძნეთის, იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ტერიტორიაზე. ამ ტომებს ხშირად "დასავლეთ იბერების", ლიგურების, პელაზგების, ეტრუსკების, პიქტების სახელით მოიხსენიებდნენ ანტიკური მოგზაურნი თუ მწერლები. სწორედ ლაზებს მოსტაცეს ძველმა ბერძნებმა ოქროს საწმისი და მედეა, ანუ საიდუმლო მეტალურგიისა და მედიცინისა. შესაძლოა, ეს მითი სიმბოლური ასახვაა იმ როლისა, რასაც ლაზი ქურუმები თუ ქალ-ქურუმები თამაშობდნენ ინდო-ევროპულ-ელინური კულტურის განვითარებაში.

ძვ. წთ. XIII საუკუნის მეორე ნახევარში ლაზონ-ალაძონნი გმირულად იბრძოდნენ ტროელებთან ერთად აქაველებისაგან ტროას დასაცავად. სხვათაშორის, თვით ელინიზირებულ პროტობერძენთა სახელი "აქაია" გენეტიკურ კავშირშია ლაზებთან: თანამედროვე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდა ერთ-ერთი ქართველური ტომი, რომელიც აქაველად იწოდებოდა. ძვ. წთ. XII საუკუნეში ლაზეთში ჩამოსახლდნენ შარდინები, რომელთა ნაწილიც სარდინიაში დაემკვიდრა და შემდეგ გარკვეული როლი ითამაშა თანამედროვე იტალიელთა ეთნოგენეზში. შარდინებს ლაზეთში მოსვლამდე ურთიერთობა ჰქონდათ ეგვიპტესთანაც და როგორც ჩანს, ამის ანარეკლია ჰეროდოტეს ცნობა ეგვიპტელებისა და ლაზების ნათესაობის შესახებ. ლაზებისა და ხურიტების ნათესაობაზე მეტყველებს ამირანის მეგრული სახელის - არამ-ხუტუს ხურიტული წარმომავლობა, აგრეთვე, სხვა ლექსიკურ-ფონეტიკური თუ არქეოლოგიური მონაცემები.

ერთი სიტყვით, ლაზები - მეგრელები ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი კულტურის მქონე ქართველურ-იბერიული მოდგმაა. სწორედ ლაზმა ქალდებმა დაუდეს სათავე მსოფლიოში რკინის მეტალურგიას.

5. არამი - როგორც აღვნიშნეთ, უპირველესად სახელი "არამ" ხურიტულ, ურარტულ და ლაზურ-მეგრულ წყაროებში გვხვდება (არამი ერქვა ურარტუს მეფეს IX საუკუნის 50-იან წლებში ,არამ-ხუტუ ამირანის მეგრული სახელწოდებაა, მომდინარე ხურიტულ-ურარტულიდან).

არამეელებს, ანუ თანამედროვე აისორებს, ძვ. წთ. XIV საუკუნეში ახლამუს, ხოლო ძვ. წთ. XII საუკუნიდან არმაიეს სახელით მოიხსენიებდნენ. არამეელთა ენა პირველად ძვ. წთ. X-IX საუკუნეებიდან ფიქსირდება. არამეელები ხურიტებთან ქამიტური ტომების შერევის შედეგად ჩამოყალიბდნენ და შემდეგ სირია-მესოპოტამიაში დამკვიდრდნენ.

არამი - გაქამიტებულ, ძირძველ ენადაკარგულ იბერიელ-კავკასიელ ხურუტთა სახელია. სხვათაშორის, ძვ. წთ. VI საუკუნიდან არამეული ენა ერთ-ერთ საერთაშორისო ენად იქცა. აქემენიდები საგარეო ურთიერთობებში ელამურისა და სპარსულის ნაცვლად არამეულს იყენებდნენ. ებრაელებმა ივრითი არამეულით ჩაანაცვლეს. საქართველოშიც, ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში არამეული ძლიერ გავრცელებული ენა იყო, რაზეც მეტყველებს "არმაზის ბილინგვა".

თავდაპირველად სემის ძე არამს არავითარი კავშირი არ ჰქონდა "წყეული ქანაანის" მონათესავე ე. წ. არამეული ენის მატარებელ ქამიტებთან. არამეელები ძვ. წთ. XIV საუკუნეში სირიაში მოსული ერთ-ერთი ქამიტური ტომის ენაზე გადასული იბერიელი ხურიტები არიან.

6. მეშექი - მესხი - ეს მოდგმა თანამედროვე ქართველთა, იგივე იბერიელთა ძირითადი ბირთვია. მათი ძირძველი განსახლებისა თუ მოძრაობის არეალი ემთხვევა მესოპოტამია-მცირე აზია-კავკასიის ფარგლებს.

მეშექი - მუშქი - მუშქენ - მოსოხი - მესხი - მასხი _ მუსკი იდენტური ტერმინებია. მუშქენუმ - ასე ეწოდებოდა ამორევულ ბაბილონში ტაძრეულ-ქურუმულ ფენას, რომელიც თარგმანში "პირქვე დამხობილს" ნიშნავს. ეს, ერთის მხრივ მუშქენუმების მღვდელმსახურებაზე მიანიშნებს და, მეორე მხრივ, იმ ისტორიულ ფაქტსაც ასახავს, რომ უძველესი ცივილიზაციის აკვანი შუმერული მესოპოტამია პირქვე დაამხო, დაიმორჩილა ამორეველმა ხამურაბმა. როგორც ხამურაბის კანონებიდან ირკვევა, მუშქენუმები სოციალურ-ეკონომიკურად შევიწროებულნი იყვნენ.

ძვ. წთ. XII საუკუნეში მუშქები ჩრდილოეთ მესოპოტამიაში უკვე ქამიტიზირებულ ასურელებს ებრძოდნენ.

მუშქები არ აირივნენ ხეთებსა და ასურელებში. იოსებ ფლავიუსისა (I ს.) და ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე პორფიროგენეტის (X ს.) ცნობების თანახმად, მუშქების (მესხების) შთამომავალნი იყვნენ კაბადოკიელნი.

კაბადოკიელნი კი არიან: წმიდა ნინო, წმიდა გიორგი, წმიდა ბასილი დიდი, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმიდა გრიგოლ ნოსელი.

ძვ. წთ. 676 წელს მუშქები კიმერიელებთან და ურარტუელებთან ბრძოლაში დამარცხდნენ.

ძვ. წთ. VI საუკუნეში მუშქების გენეტიკურად ყველაზე შეურყვნელად გადარჩენილი, არაასიმილირებული ნაწილი ებრაელებთან ერთად საქართველოში მოვიდა. დააარსა ქალაქი მცხეთა, რომლის ცენტრალური უბანიც ებრაელებს დაუთმო
კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 2453 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.1/8
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]