იონა მეუნარგია – ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდან
2011-03-17, 7:58 PM

ილია ჭავჭავაძე

იონა მეუნარგია – ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდან(1)

როგორც აკაკის, «კაცია-ადამიანის?!» დამწერსაც მწერლობაშიც მარტო ილია რომ დაეძახოს, მგონია არა წახდეს რა. თუ რუსულად ილია გრიგოლის-ძე ითქმის, ჩვენთვის მარტო ილია როგორღაც უფრო მოხერხებულია, უფრო ქართული.
ილია იყო ღარიბი ოჯახის შვილი. იმ დროებში, როცა ის დაიბადა (1837 წ.), ჭავჭავაძიანთ გვარში დოვლათიანი სახლი მარტო ერთი სახლი იყო, ალექსანდრე გარსევანის შვილის, საქართველოს მგოსნის, რომლის ოჯახისაგან გამოვიდნენ სამეგრელოს დედოფალი ეკატერინე, ნინო გრიბოედოვისა, თამარ ბატონიშვილისა _ ერეკლეს მეუღლე, ბარონესა ნიკოლაი და სხვ. ამ დროებში «კნიაზიანთ» ოჯახს კახეთში მარტო ალექსანდრეს ოჯახს ეძახდნენ. სხვების სიმდიდრე მარტო პური და ღვინო იყო. ილიას მამა გრიგოლიც, შექსპირის თქმისა არ იყოს, მარტო სისხლით იყო მდიდარი და არა ქონებით. მეტსახელად გრიგოლს თურმე პაჭუას ეძახდნენ. გრიგოლი ერთ დროს ოფიცრად მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნის პოლკში და რამდენადმე განათლებული კაცი იყო. დედამისი, სახელად მაგდანი, იყო სომხის ქალი, ბებურიშვილის ასული.
როგორც დავით ერისთავს, ილიასაც არაერთხელ სმენია მისი ხასიათის თვისების ახსნა სომხის ქალის შვილობით.
ერთხელ, როდესაც ილია დუშეთში მომრიგებელ
მოსამართლედ იყო და ერთს სადილზე რაღაც შემთხვევის გამო სიტყვა წარმოსთქვა, ეს სიტყვა სხვაზე უფრო ერთ სომეხს მოეწონა.
- უჰ, შენი ჭირიმე, კნიაზო, კარგი იმიტომა ხარ, რომ დედა
სომეხი გყავსო, – უთხრა იმას სომეხმა.
- საკვირველია, თქვენმა მზემ, თქვენ დედაც სომეხი გყავთ
და მამაც და ასეთი თავხედი გამოსულხარ, – მიუგო გულნაკბენმა პოეტმა.
ილიას პატარაობაზე თითონ მისგან არა ერთხელ გამიგონია, რომ იმან წერა-კითხვა სოფლის მთავრისაგან ისწავლა, რომ დედამისი სხვადასხვა მოთხრობებს და "ვეფხის-ტყაოსანს” უკითხავდა იმას და სხვ. მაგრამ ამაებზე მე აქ არ ვილაპარაკებ გრძლად, რადგანაც ამაზე თითონ მან დასწერა თავის მოკლე ავტობიოგრაფიაში.
მეთერთმეტე წელი რომ დაუდგა ილიას, ის ქალაქს
ჩამოიყვანეს და ვიღაც რაევსკის პანსიონში მისცეს. აქედამ
იმან იწყო სიარული გიმნაზიაში და რა დაამთავრა მერვე კლასი, გაემგზავრა პეტერბურგს – 1857 წელს, საცა შევიდა უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტში.
სანამ ქალაქს ჩამომიყვანდნენ, – გვითხრა ერთხელ პოეტმა (გოგებაშვილთან, სადილზე), მე ხშირად მაციებდა და ტყლიპი გამიდიდდა (აბსტრუქცია მქონდაო, – თქვა). ქალაქს რომ ჩამომიყვანა მამაჩემმა, ყველა ექიმები დამასიეს, მაგრამ ვერას გახდნენ რა. მაშინ ვიღაც ერთი ფერშალი მომიყვანეს ავლაბრიდამ. კაბა ეცვა, თავზე კარტუზი ეხურა, ჩოფურა იყო.
რომ ხატვა ვიცოდე, დავხატავ, ისე ცოცხლად მახსოვს იმის სურათი. იმან წამალი დამალევია, წამისვა ტყლიპზე რაღაც და სთქვა: თავის დღეში ამას არ გააციებსო, და მართლა მის აქეთ ჩემთვის არ გაუციებიაო, – გაათავა პოეტმა.
ჩვენ რომ რუსეთს მივდიოდით და კავკასიონის მთებზე ვიწყეთ ასვლა, – გვითხრა სხვა დროს ილიამ, – მლეთის დაშვებაზე შემოგვეყარა გრიგოლ ორბელიანი, რომელიც რუსეთიდამ ბრუნდებოდა თბილისს. გრიგოლი ფეხით მოდიოდა, ჩვეულებრივად ზურგს
უკან ხელ-შეწყობილი, პირმღიმარე, დაფიქრებული; დაშორებით მოსდევდა მას ნელის ნაბიჯით ეკიპაჟი. ჩვენ რომ დავინახეთ პოეტი თავისის ელემენტით – კავკასიის მთებით და ღრუბლით გარშემოზღუდვილი, აღტაცებით ვთქვით ერთმანეთში: სწორედ ეხლა ამ დამშვიდებულ გულზე ლექსს რასმე უწერს ამ მშვენიერს ბუნებასაო, და იმ დროიდან დაწყებული სიკვდილამდე ილია იყო თაყვანისმცემელი გრ. ორბელიანისა.

* * *
როგორც გიმნაზიაში, ისე უნივერსიტეტში ილიას ყოველისფრით განსხვავებული დრო შეხვდა. თბილისში ის რომ ჩამოვიდა პირველად, აქ ვარანცოვისაგან დანერგილს ხეს ნაყოფი გამოეღო – ,,ცისკარი” გამოიცა. ქართული თეატრი დაარსდა. ჟურნალმა და დრამამ ცოტაოდნად ქართული საზოგადოება გამოაღვიძა. თუ ეს გამოღვიძება ყველგან თვალსაჩინო არ იყო, თუ დაბლა ხალხს სულ ისევ სძინავდა, მაღლა წრეებში, განათლებულ საზოგადოებაში ქართველმა კაცმა თვალი გაახილა. ამ საზოგადოებას ილიაც ეკუთვნოდა, როგორც გიმნაზიის მოწაფე. ნიადაგი და ატმოსფერო კარგი ჰქონდა მომავალ მგოსანს, რომ ამ პირობებში მას ჩანერგოდა გულში მამულის და ენის სიყვარული.
ილიას რუსეთშიაც განსხვავებულ დროს შეხვდა მისვლა, როგორც ჩვენს დროში, შემდეგ იაპონიასთან წაგებულის ომისა, სულ ყველაფერი რყევაშია და მიისწრაფის ახალის საუკეთესო ცხოვრებისადმი, ისე იმ დროს, შემდეგ ევროპის კოალიციისაგან დამარცხებისა, რუსეთი ახალის წესწყობილებისადმი მიისწრაფოდა. თავიდათავი მოთხოვნილება მაშინდელის საზოგადოების საუკეთესო ნაწილისა იყო გლეხთა განთავისუფლება.
უნივერსიტეტი სათაურში უდგა იმ დროისთვის საჭირო რეფორმების შემოღების საქმეს და სწორედ მაშინ, როცა გლეხთა განთავისუფლების საქმე თავდებოდა, სტუდენტებმა არეულობა მოახდინეს.
ამ არეულობას მოჰყვა ილიას საქართველოში დაბრუნება.
რეფორმის წინადროებში აქ ილიას ან რა ადგილის შოვნა შეეძლო თავისი ცოდნისა და ჰაზრების საქმეში გამოსაყენებლად. ჟურნალ-გაზეთობა ამ დროს ჯერ საქმე არ იყო.
«ცისკარი» კი იბეჭდებოდა, მაგრამ ჟურნალს მკითხველი არ ჰყავდა. დაბეჭდილ ნომრებს რედაქტორი თითონ უგზავნიდა გავლენიან, მწერლობის მოყვარე ნაცნობებს _ გრიგოლ ორბელიანს, გიორგი მუხრან ბატონს (2), მიხეილ თუმანოვს(3) კოლხიდელს(4) პლატონ იოსელიანს და მათი შემწეობით დიდი გაჭირვებით არსებობდა ის თითონ, მისი მესტამბეები და მისი ჟურნალი. თანამშრომლებისათვის ფული არ მოეძეოდა რედაქტორს და არც იყო მოსალოდნელი ახლო მომავალში, რადგანაც საზოგადო ცხოვრების პირობები ასეთი იყო მაშინ საქართველოში.
სამშობლოში ჩამოსულ ილიას გზაზე სვეტი დაუხვდა, რომელზედაც ეწერა: მარჯვნივ წახვალ _ ჩინოვნიკი იქნები და მაძღარი, მარცხნივ წახვალ _ მწერალი იქნები და მშიერი.
რომ მარჯვნივ წასვლა, ე. ი. შესაფერი ადგილის შოვნა არც ისე ადვილი იყო იმ დროს, ბუნებრივმა მიდრეკილებამ ილია წაიყვანა მარცხენა გზით. ილიამ ჯერ ცოტახანს «ცისკარში» ბეჭდა მისი ნაწერები და შემდეგ 1863 წელს საკუთარი ჟურნალი გამოსცა _ «საქართველოს მოამბე».
ამ ჟურნალში დაბეჭდა პირველად ილიამ «კაცია-ადამიანი?!», «გლახის ნაამბობი», «რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდამ» და ბევრი სხვა ჩინებული ლექსები.
აქვე დაიბეჭდა ნაწერები ვიქტორ ჰიუგოსი, პრუდონისა, ბასტიასი, ბელინსკისა და სხვ.
ახალმა ჟურნალმა ახალი სიტყვა გააგონა ქართველ საზოგადოებას. ეს სიტყვა მით უფრო დიდი მნიშვნელოვანი იყო და დროზე ნათქვამი, რომ საქართველოშიც მზადდებოდა ამ დროს გლეხთა განთავისუფლება _ ორის წლის წინათ რუსეთში მომხდარი.
ახალი სიტყვა ძველებს არ მოეწონათ.
და ასტყდა ძველსა და ახალს შორის კამათი, რომელმაც რამდენიმე წლის შემდეგ გამოიწვია ილიასი და გრიგოლ ორბელიანის ცნობილი პოლემიკა.
ძველ თაობას არ მოსწონდა არც ილიას ჟურნალი და არც ილიას სიტყვები. ამ დროს თავად-აზნაურთა ყრილობაზე, როგორც ქრისტეფორე მამაცოვი(5) მოწმობს ერთს კრებაზე, საცა ილია ამტკიცებდა, რომ გლეხი მიწიანად უნდა გავანთავისუფლოთო, ვიღაც თავადი იმას ხანჯლით თურმე მივარდა ისე, როგორც გაბრიელ ეპისკოპოსს დაუპირა მოკვლა ვიღაც კანდელაკმა ქუთაისში იმავე მიზეზის გამო.

* * *
«საქართველოს მოამბე» რომ გამოვიდა, ბატონიშვილს ერეკლეს წაეკითხა ჟურნალი და ეთქვა თავისიანებში: დემოკრატიული ჟურნალი არისო.
სასახლის კაცს, გიგო სუმბათოვს, ამისათვის ყური მოეკრა, დაეხსომებია და როცა შემთხვევამ ნება მისცა, ეთქვა ილიასთვის:
_ ილიავ, წავიკითხე შენი ჟურნალი და უნდა გითხრა, დემოკრატიჩესკი არის.
_ როგორ თუ დემოკრატიჩესკი?
_ ისე, დემოკრატიჩესკი.
_ მაშ, რა გინდა იყოს?
_ არისტოკრატიჩესკი.
_ ეს თუნდ ბატონიშვილს ერეკლეს ეთქმის, მაგრამ შენ რაო, ჩემო?
_ ვითომ და რათაო?
_ აბა, რა გაქვს შენ არისტოკრატიჩესკი, აი, თუ გინდა თავი (დიდი შნოს პატრონი არ იყო).
_ თავი კი განზე იყოს, მაგრამ შენი ჟურნალი კი მაინც დემოკრატიჩესკი არის, _ განუმეორა სუმბათოვმა.
«საქართველოს მოამბემ» ზემოთქმული მიზეზების გამო დიდხანს ვერ იცოცხლა. საშუალება რომ შემოაკლდა, ილიამ «საქართველოს მოამბის» გამოცემას თავი ანება. მარცხენა გზით სიარულისაგან რომ არაფერი გამოვიდა, ილია მარჯვნისაკენ გაემართა.
«ლიბერალობა ოქროს ჯაჭვზე გასცვალა».

* * *
1864 წლის დამლევს ილია გაგზავნეს იმერეთს, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის ცალკე მინდობილობათა მოხელედ, რომელმაც დაავალა მას, გამოერკვია, რა ურთიერთობა სუფევდა მემამულეთა და გლეხკაცთა შორის, ბატონ-ყმობისაგან წარმომდგარი.
როცა ბატონ-ყმობა მოისპო და საგლეხო დაწესებულებები დამკვიდრდა თბილისის გუბერნიაში (4 ნოემბერი 1864 წ.), ილია დანიშნეს მომრიგებელ შუამავლად დუშეთის მაზრაში.
ამაზე უკეთესს ადგილს ილიასათვის კაცი ვერც კი წარმოიდგენდა. მომრიგებელი შუამავალი, კანონმდებლის აზრით, გლეხ-კაცის მამაა, მისი «მფარველი ანგელოზი», როგორც ამბობდნენ იმ დროებში, როცა თანამდებობა არსდებოდა. კანონი იმას სდებს, იაროს სოფელ-სოფელ და ადგილზე გაარჩიოს ნაბატონევთა და გლეხთა შორის მომხდარი ცილობა. ის არის ობლის პატრონი, სოფლის მართვა-გამგეობის მეთვალყურე, მასწავლებელი და მოძღვარი გლეხკაცობისა. ილიაც სწორედ საამისოდ იყო დაგეშილი, და მერე ის დაინიშნა მომრიგებელ შუამავლად არა სადმე სომხეთში, როგორც დღეს არის, მაგალითად, გადავარდნილი ილია ჭყონია(6), დუტუ მეგრელი, არამედ თავისიანებში, არაგვის პირად, მცხეთიდამ ორ ნაბიჯზე, მთიულეთს ახლო, მყინვარის კალთებზე, სადაც ის პოვნიდა ყოველგვარ მასალას, როგორც მგოსანი, ენის მოყვარე, მამულის ერთგული; მარტო მთიულეთი და მისი პოეზია რად ღირდა მგოსნისთვის, და ილიას მისი ადგილი არა სხვა სახელმწიფო სამსახურზე არ უნდა გაეცვალა, მაგრამ არ ვიცი, რა იყო მიზეზი, როცა ჩვენში შემოვიდა სასამართლოს რეფორმა (1868), ილიამ შუამავლობას თავი დაანება და ის დანიშნულ იქნა დუშეთის მომრიგებელ მოსამართლედ.
მომრიგებელ შუამავლად ყოფნის დროის ამბავი მე არა გამიგონია რა ილიასაგან. მხოლოდ, ერთხელ, როცა ჩინოვნიკების ქუდის კაკარდაზე ჩამოვარდა სადღაც ლაპარაკი, ილიამ მთიულების გულუბრყვილობის ნიმუშად გვიამბო, თქვენთან პატივი, ბატონებო, და შემდეგი:
პოსრედნიკად რომ ვიყავი, ერთხელ ანაზდეულად მთიულეთს მომიხდა მისვლა, საცა კვირა დღეს ხალხი მოგროვილიყო ერთს სოფლის სასამართლოში. რაღაც საქმის გამო მე მამასახლისს ვუბრძანე, დაებარებია ერთი გლეხი, რომელიც შორი-ახლო იდგა იქიდამ. მამასახლისმა ბრძანება გზირს გადასცა. გზირი იქვე მიდგა განზე, და რაც ძალი და ღონე გააჩნდა, ხმა-მაღლა დაუძახა დაბარებულს. დაბარებულმა დაბლიდამ იყო თუ მაღლიდამ, ხმა მისცა გზირს და მათ შორის გაიმართა ამ გვარი მიძახილ-მოძახილი:
_ გიბარებენ ჩქარა!
_ ვინ მიბარებს?
_ ჩინოვნიკი.
_ ვინ ჩინოვნიკი?
_ აი, ქუდზე რომ ქათმის… რაღაცა აქვს, ის გიბარებს.
ამის გამგონე ილია იტყოდა, ვითომ და ნაპოლეონის გენერალმა ვატერლოოს მინდვრიდამ სიტყვა რომ შეუთვალა ინგლისელებს, რით იყო ამ სიტყვაზე უფრო გემრიელიო?(7).
მომრიგებელ მოსამართლედ ყოფნის დროიდამ მოგონება უფრო საინტერესოა.
თვითონ ილიამ გვიამბო:
მოსამართლედ რომ ვიყავი, ერთი გლეხი მიწას ედავებოდა ყაზიბეგს. _ ბატონო, მიწა ჩემია, თეიმურაზ მეფის დროსა მაქვს ნაყიდი, მოწმეცა მყავს და ახლა ყაზიბეგი მართმევს, მიშველე, დამიფარეო, შემომჩივლა გლეხმა.
მე დავიბარე გლეხისაგან ნახსენები მოწმე.
_ შენ მოწმე ხარ, რომ ესა და ეს მიწა ამ გლეხს აქვს ნაყიდი _ თეიმურაზ მეფის დროს?
_ დიახ, შენი ჭირიმე, მოწმე ვარ, თუნდ დამაფიცეთ, ფრჩხილის საკვეთი ამიღია.
თურმე ძველი ჩვეულება ყოფილა: როცა მიწას იყიდდა ვინმე, დამსწრე მოწმეს ფრჩხილს მოსჭრიდნენ. ამისათვის გასამრჯელოს აძლევდნენ იმას, _ და ეს მოწმე ვალდებული იყო, უფროსი შვილისთვის ეამბნა ამ ნასყიდობის ამბავი. შვილი შვილიშვილს გადასცემდა და
ამგვარად ნასყიდობის ისტორია გადადიოდა მოდგმიდამ მოდგმაზე. თუ ვისმე შვილი არ ეყოლებოდა, იმათთვის უნდა ეამბნა, ვინც გვარში უფროსი იქნებოდა.
ილიას ეს ჩვეულება მეტად არ გაეგონა, ძლიერ მოეწონა და მოწმის ჩვენების თანახმად სადაო მიწა გლეხს მიუსაჯა.
ყაზიბეგმა აპელაცია გადაიტანა, საცა სწერდა: მომრიგებელ მოსამართლემ მკვდრები ააყენა მიწიდამ და ჩვენება ჩამოართვაო, Мертвых допрашивает-ო.
ამაზე ილია იტყოდა: ბაბილონში აგურზე იპოვეს წარწერა: ესა და ეს მამული ნასყიდია და ამ ნასყიდობის მოწმეა ესა და ეს, რომლის ფრჩხილი ამ აგურში არისო. გატეხეს აგური და შიგ ფრჩხილი ნახესო.
მეორე მოგონებაც ილია მოსამართლისაგან განაგონი: ერთჯერ ილიამ ერთი ძმის მაგიერ მეორე გაასამართლა და საპატიმროში ჩასვა.
ვიღაც ზაქარიას ბრალდებოდა ხეების მოპარვა. საქმის გარჩევის დროს მოსამართლემ ბრალდებულის გვარი მოიკითხა.
_ მე გახლავარ, ბატონო, _ წამოიძახა გლეხმა.
– შენ წაიღე ხეები?
– დიახ, ბატონო, წავიღე.
რაკი დანაშაული ეჭვს გარეშე იყო, იქვე განჩინება დავსწერე და ბრალდებული საპატიმროში გავგზავნე. ჯერ კიდევ საპატიმროში ყოფნა არ გაეთავებინა დასჯილს, რომ ჩემთან მოვიდა მისი ძმა.
_ შენ ვინა ხარ?
_ ესა და ეს ზაქარია გახლავარ, ბატონო.
_ როგორ ზაქარია, ის ხომ ციხეში არის?
_ არა, შენი ჭირიმე, ციხეში ჩემი ძმა გავგზავნე, მე საქმეები მქონდა ქალაქში და არ მეცალაო, _ მიპასუხა გლეხ-კაცმა.
მომრიგებელ მოსამართლედ ილია დარჩა 6 თუ 7 წელი.

* * *
1874 წელს ილიამ სულ დაანება თავი სახელმწიფო სამსახურს და შეუდგა თბილისის საადგილმამულო ბანკის საქმეს. ამ წელს თბილისის თავად-აზნაურთა კრებამ ის აირჩია კომისიის წევრად, რომელსაც დაევალა ბანკის წესდების შედგენა, და როცა ეს წესდება თავად-აზნაურობამ მოიწონა, ილია მათსავე მინდობილობით გაემგზავრა პეტერბურგს და იქ მისი მეცადინეობით ეს წესდება დამტკიცდა. შემდეგს 1875 წელს ამ წესდების თანახმად თბილისში გაიხსნა საადგილ-მამულო ბანკი და ილია არჩეულ იქნა ამ ბანკის გამგეობის თავმჯდომარედ.
ამის შემდეგ ილიას გაეხსნა ფართო ასპარეზი მოღვაწეობისა საქართველოს საქმეთა სასარგებლოდ. ამ დღიდამ მთელი ოცდაათი წლის განმავლობაში თბილისში ქართული საზოგადო საქმე ისეთი არა დაწყებულა რა, საცა ილია თავკაცად არ ყოფილიყოს, თავ-მრჩევლად, საქმის გადამწყვეტად. ვიდრე დიმიტრი ყიფიანი ცოცხალი იყო, ვიდრე გაბრიელ ეპისკოპოსი მეტყველებდა, ვიდრე გრიგოლ ორბელიანი ზემოდამ დაყურებდა ახალთა თაობათა, ილია ჭავჭავაძეზე მაღლა კიდევ თუ იხსენებოდა სხვისი სახელი, მაგრამ მას შემდეგ, რაკი ესენი მიიცვალნენ, ილია დარჩა პირველ კაცად საქართველოში.
ამას იქით ილია არის: ილია ბანკირი, ილია რედაქტორი, ილია წერა-კითხვის საზოგადოების თავმჯდომარე, ილია დრამატიული საზოგადოების თავმჯდომარე, ილია სათავადაზნაურო სკოლების გამგეობის წევრი, თავმჯდომარის ამხანაგი, ილია მწერალი, ილია მოლექსე, ილია წარმომადგენელი ქართულის მწერლობისა, მასპინძელი უცხოელთა სტუმარ-მწერალთა და სხვადასხვა.
მე აქ ილიას ცხოვრებას არა ვწერ: ილიას ცხოვრების მასალას ვაქუჩებ, რომელიც ან თითონ ილიასაგან გამიგონია, ან მისთა თანამედროვეთაგან მსმენია, ან მე თითონ ჩემის თვალით მინახავს და ამიტომ ჩემს ნანახს და განაგონს ილიას ცხოვრებიდამ მე აქ მხოლოდ დაახლოებით ქრონოლოგიურად, მაგრამ მაინც უსისტემოდ ვსწერ. მე ხომ მეწვრილმანე ვარ ქართულის მწერლობისა და ჩემგან შეკრებილი წვრილმანებით მე თქვენ ილიას სურათი ზოგიერთ შემთხვევაში მაინც ნათლად დაგანახეთ, მე ჩემს ვალს ქართულს მწერლობაში მოხდილად მივიჩნევ.

* * *
მე გავიცანი ილია პირველად 1879 წელს.
ამ წლიდამ დაწყებული დღემდე მისის სიკვდილისა მე ილიას კეთილგანწყობილებას არ მოვკლებივარ. პირველს ოთხ-ხუთ წელს, როდესაც თბილისში ვცხოვრობდი, მე მასთან უფრო ხშირი მისვლა-მოსვლა მქონდა, ჯერ როგორც წერა-კითხვის საზოგადოების გამგეობის წევრს და საქმის მწარმოებელს და შემდეგ, როგორც გაზეთების თანამშრომელს.
სამწუხაროდ, იმ დროებიდამ ჩემს სამახსოვრო წიგნში თითქმის არაფერი არ ჩამიწერია ილიას ცხოვრებიდამ. მაშინ ჯერ არ მქონდა განზრახული შემედგინა ჩვენი მწერლების ცხოვრების აღწერა და ბევრი რამ ილიას ცხოვრებიდამ, რასაც დღეს შეეძლო მისი ბიოგრაფიის გახალისება, მე მიმავიწყდა. მხოლოდ შემდეგში, როცა მე მივყავი ხელი ორბელიანის, ბარათაშვილის, გიორგი ერისთავის და სხვათა ცხოვრების აღწერას, მე ყოველს შეყრაზე ილიას ვუყურებდი და ვუსმენდი, როგორც მსხვერპლს «მუშტრის თვალით» და როცა იმისგან მოვდიოდი შინ, მის ნალაპარაკევს ვწერდი ჩემს სამახსოვრო წიგნში.
სულ ყველაფერი, რასაც აქ მოვახსენებ მსმენელს, ან არის ამოღებული ჩემის სამახსოვრო წიგნიდამ, ან თითონ საკუთარის ჩემის მეხსიერებიდამ, და არაფერი არ ურევია აქ, რაც სხვის კალამს ეკუთვნოდეს, სხვისი ნაწერებიდამ იყოს ამოღებული.
გარნა არც კი ვიცი, საიდამ დავიწყო წერა, რა რიგზე ამოვწერო სამახსოვრო წიგნიდამ ნანახი და გაგონილი ილიას ცხოვრებიდამ.
მგონია, ისევ ისა სჯობია, თავიდამ დავიწყო, ათადამ-ბაბადამ, როგორც თითონ ილიას უყვარდა თქმა, ესე იგი, შინ მივიდე მასთან და ჯერ შინაური კაცი დაგანახოთ.
* * *
ილია ჯერ იდგა ახალ, ბებუთოვის ქუჩაზე, სტაროსელსკის(8) სახლის პირდაპირ. მერე ოთხმოციან წლების მეორე ნახევარში ის გადავიდა კუკიას, თავის დის ლიზა საგინოვის სახლში, ბოლოს დროს იმან იყიდა საკუთარი სახლი ანდრიას ქუჩაზე.
ილიას არ ჰქონდა ფართოდ გაშლილი სტუმრიანი სახლი. მასთან თქვენ ვერ შეხვდებოდით ქალაქის მაღალ საზოგადოებას, Велико-светская пувлика-ს. მის სალონში თქვენ შეეყრებოდით მხოლოდ მწერლებს, არტისტებს, საზოგადო მოღვაწეთ, ქალთაგან მარტო ნათესავებს.
თუ რამე საღამო გაკეთდებოდა მასთან ან წვეულება იქნებოდა, მომსვლელები ამათ წრიდან იყო.
ილია იყო თავაზიანი კაცი, პურ-მარილიანი მომლხენი. მას პირადად და მის სუფრას, რომელსაც ქართული კერძი თავის დღეში არ განშორებია, მუდამ ქართველი მოსამსახურენი მსახურობდნენ. საქართველოს საუკეთესო კაცს და მამულის მოყვარეს, მუდამ სწავლული და მამულის მოყვარე მოსამსახურე ებედებოდა.
თითონ ილიამ გვიამბო: ერეკლე ბატონიშვილს ვაჟი რომ დაებადა, დილა ადრიანად ჩემთან შემოიჭრა ბიჭი და ჩვენ შორის ამ გვარი დიალოგი გაიმართა:
_ მომილოცავს, ბატონო!
_ რა, ბიჭო?
_ ბატონის რძალს ვაჟი ეყოლა ამ დილას.

* * *
1884-ს იყო თუ 85-ს, როცა ილია წამოვიდა სამეგრელოს, მთავრის ბიბლიოთეკის ჩასაბარებლად, ილია ისე გამხიარულდა, რომ ბანძას მექი ფაღავასას(9) და ჩემთან ცაიშში(10) სულ «ფარინა, ფარინა»(11) იმღერა და ფერხულით გული შეიჯერა.
ილია აუჩქარებელი კაცი იყო, დინჯი, მძიმე. აუჩქარებელი ხშირად ნიშნავს ზარმაცს და ეს თვისება _ ზარმაცობა _ ღმერთო, შენ შეგცოდე და ილიას ცილისწამებად არ უნდა მიეთვალოს.
დიმიტრი ყიფიანმა მოსწერა იმას ერთხელ ქვიშხეთიდამ სამდურავი, რას უგვიანებ წერა-კითხვის საქმეებსო. სხვა რომ ვერა მოახერხა რა თავის გასამართლებელი, ილიამ პასუხად მისწერა მხცოვანს პატრიოტს, არაფერია, ყველაფერს მოვასწრებითო, _ რუსთაველმა სთქვაო: ,,თქმულა, სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა”.
მეორე მაგალითი: 1890-წელს, როცა ქალაქმა ბათუმმა ითხოვა, თბილისის სააზნაურო ბანკს ნება მისცემოდა მიეღო გირაოდ ბათუმის მამულები, ფინანსთა მინისტრი ქალაქს ჩამოვიდა, მაგრამ ილია არ წარსდგა მასთან და არ წარუდგენია ამ საგანზე მოხსენება. როცა ამის გამო საქმის გარდაწყვეტა დაგვიანდა და ილიას უსაყვედურეს, რატომ მინისტრი არ ნახეო, პასუხად სთქვა: ,,ვერც ჩემი მისვლა დააჩქარებდა საქმეს და ვერც ჩემი მიუსვლელობა დააბრკოლებდაო”.

* * *
მაგრამ ილია, როგორც ეს შეეფერება პოეტს, ხშირად და ადვილად მოდის აღტაცებაში და ეძლევა პათოსს ხანდახან სულ უბრალო მიზეზების გამო.
_ ვაა… ვერ წარმოიდგენ… – …მითხრა ერთხელ იმან, – რაღაც შემთხვევის გამო, ბრაზილიის იმპერატორმა დონ პედრომ შეუთვალა ვიქტორ ჰიუგოს (აქ მგოსანი წამოდგა ზეზე და გამოიჭიმა მთელის მისის სიმაღლით): შენი ნახვა და გაცნობა მწადიანო. ამის პასუხად ჰიუგომ შეუთვალა მეფეს: მე სადარბაზოდ არავისთან არ დავდივარო. მაშინ იმპერატორმა და მისმა ტახტის მემკვიდრემ თითონ ინახულეს დიდი მგოსანი. ვიზიტის დროს, როცა მასპინძელმა სიტყვაზე _ «თქვენო უდიდებულესობაო», _ უთხრა მეფეს, მეფემ სიტყვა შეაწყვეტინა მგოსანს და უთხრა თავის მემკვიდრეს: Сын мой, помни, здесь нет другого величества, кроме Виктора Гюго… ეს სიტყვები ილიამ დიდის ამბის-ყოფით წარმოსთქვა, ეტყობოდა სიხარული, რომ ქვეყნის მბრძანებელი ასეთ გვარად ემორჩილებოდა სიტყვისა და ლექსთა მეფეს, როგორიც იყო ვ. ჰიუგო.

* * *
ლაპარაკში ილია უძლეველი იყო. მის დიალექტიკას, მის მოსწრებულ სიტყვებს, მის მდიდარს ლექსიკონს ჩვენს ქართველობაში წინ ვერავინ უდგებოდა. ვის არ ახსოვს მისი სიტყვები საადგილმამულო ბანკის წევრთა საზოგადო კრებებზე წინააღმდეგ ძმათა მაჩაბელთა. ბევრნი გრძნობდნენ, რომ სიმართლე ვანო მაჩაბლისაკენ იყო, მაგრამ ილიამ გაჭეჭყა ის თავისი დიალექტიკით და მოსწრებული სიტყვებით.
აი, ერთი მაგალითი ილიას უძლეველობისა ლაპარაკში: ,,ვისრამიანის” ბეჭდვა რომ იწყებოდა, უკანასკნელი რედაქციის დადგენა და ვარიანტების ერთიერთმანეთთან შეთანხმება მიანდვეს ილია ჭავჭავაძეს, პეტრე უმიკაშვილს და ალ. სარაჯიშვილს. ერთს უძველეს ვარიანტში ამათ დაინახეს, რომ უ-ს ბრჯგუ არ აქვს. ილიას მეტი რა უნდოდა, ჩვეულებრივის აღტაცებით იმან დაიჯინა უ უბრჯგუოდ დავბეჭდოთო. უმიკაშვილი თითონ თაყვანისმცემელი იყო ყოველგვარის არქაულის ფორმისა, მაგრამ ასე გასინჯეთ, იმასაც კი შეეშინდა ამგვარის გადაწყვეტილებისა. რადგანაც კორექტორი ის იყო, ეშინოდა ბრჯგუს განდევნა იმისთვის არ დაეწამებიათ. იმან დასწერა ამ საგანზე დადგენილი გადაწყვეტილება და ხელი მოაწერინა ილიასა და სარაჯიშვილს. მერე წიგნი დაიბეჭდა.
მაგრამ შენი მტერი, ის რომ დაიბეჭდა, თქვენ თითონ გადაშალეთ წიგნი და დაინახეთ, შიგ რაები სწერია. წარმოიდგინეთ, თუ რა სიტყვები გამოვიდოდა, თუ ბრჯგუ არ ექნებოდა უ-ნით დაწერილ სიტყვებს: ჩვენ_ჩუენ; მოსვენება_მოსუენება; გამოკვება_გამო….
_ ილია, ეს რა გიქნიათ, როგორ დაგიბეჭდნიათ, – ჰკითხეს პოეტს.
_ წარმოიდგინეთ: მე რომ რუსეთში ვიყავი, პეტრეს გაუკეთებია. პეტრე, ეს რასა ჰგავს, როგორ დაგიბეჭდნია?
_ მე ისე დავბეჭდე, როგორც შენ გადასწყვიტე…
_ თავის დღეში მე ამგვარი დაბეჭდვა არ მიფიქრია.
_ გიფიქრია კი არა, გითქვამს კიდეც და ხელიც მოგიწერია, _ უთხრა გაჯავრებით პეტრემ და გაიხსნა უბის ჯიბე, ამოიღო მანდედამ ხელმოწერილი ბარათი და თვალწინ დაუდვა.
_ თავის დღეში მე ეს არ მითქვამს, მე სხვა რიგად დაწერილი მეგონა, _ უთხრა მაინც ილიამ და იმდენი ილაპარაკა, სანამ საწყალი პეტრე დამნაშავედ არ გამოიყვანა.

* * *
ილია ხელმოჭერილი კაცი იყო, სულ იმას სჩიოდა, მეტი აღარა ვართ ამ საქველმოქმედო საღამოებისაგანაო, საცაა, ჩვენდა სასარგებლოდაც უნდა გავმართოთ წარმოდგენაო და სხვა ამგვარები. უცნობი ქალი ან კაცი რომ მოვიდოდა მასთან, იმას სულ იმის ეშინოდა, ვაითუ ფული მთხოვოსო. ერთხელ საადგილმამულო ბანკში მასთან მოვიდა პლატონ იოსელიანის ცოლისაგან მოგზავნილი ქალი. ილიას ეგონა, მთხოვნელი არისო და მიღების უარზე დადგა, მაგრამ მოგზავნილმა შემოუთვალა: პლატონ იოსელიანისაგან დარჩენილი ნაწერი მომაქვს თქვენს ჟურნალში დასაბეჭდადო, და პოეტს გადასცა _ ,,მეფე გიორგის ცხოვრება”, იოსელიანისაგან შედგენილი, შემდეგში ,,ივერიის” ნომრებში დაბეჭდილი.
მაგრამ ამ ხელმოჭერილ კაცს სულ არაფრად მიაჩნდა ასობით და ათასობით ფულის წაგება ბანქოს თამაშში.
ოთხმოციანი წლების დამდეგს ილია თითქმის ყოველ საღამოს თამაშობდა. ჩვეულებრივი მისი პარტნიორები იყვნენ: გიორგი შარვაშიძე(12) (დიმიტრიჩი), კონსტანტინე რეიტერი,(13) კოლა ერისთავი, დავით ავალიშვილი. კრუჟოკში ან კლუბში ის ხშირი სტუმარი არ იყო. იქ თუ წავიდოდა ის, მხოლოდ ზაფხულობით. მე ხშირად გამოვსულვარ დილა ადრიანად ალექსანდრეს ბაღში და შევყრივარ ილიას კუკიიდამ მომავალს შემდეგ ღამის თამაშში გატარებისა.
განსვენებული ილია ხონელისაგან გამიგონია: ილიამ მთელი ღამე თურმე ითამაშა სადღაც კლუბში და ათასხუთასი მანეთი წააგო. შინ რომ დაბრუნდა და ეტლის გასასტუმრებლად ქისა ამოიღო, შიგ ნაშალი ვერ იპოვა, ერთი თუმნიანი-ღა შერჩენოდა იმას გაუტეხელი.
_ ეჰ, საცა სხვა წავიდა, ესეც წავიდესო, გაივლო მგოსანმა გულში და გაუწვდინა ქუჩერს თუმნიანი.
_ აჰა, წაიღე, _ უთხრა პოეტმა.
_ ბატონო, აქ ერთი თუმანია.
_ არაფერია, წაიღე, _ განუმეორა მან.
_ გეტყობა, კნიაზო, წუხელის მოგიგიათ, ღმერთმა ყოველთვის ასე მოგაგებინოსო, _ დაუმადლა სულგრძელ მგოსანს თვალგაპრიალებულმა ქუჩერმა.

* * *
ახლა უნდა გადავიდე ილიას რედაქტორობაზე და გაზეთზე, მაგრამ ჯერ მოისმინეთ ეს რამდენიმე ნაწყვეტიც ჩემი დღიურიდამ à bâton rompu.
გაზეთ ,,ივერიის” გამოცემას რომ მოჰკიდა ხელი ილიამ, ის დიდს ფაცა-ფუცში იყო. მე იმ დროს პეტერბურგში ვიყავი დროებით და _ რადგანაც გაზეთში თანამშრომლობა მქონდა აღთქმული (სხვათაშორის, გაზეთში უნდა დაწყებულიყო ჩემგან შეკრებილი ისტორიული და სამწერლო ნაკვესების ბეჭდვა, რომელზედაც ფსევდონიმად ლელო ეწერათ. თითონ სათაური ,,ნაკვესი” ილიასაგან არის გამოგონილი, მაგრამ ფსევდონიმი არ მოსწონდა). 20 დეკ. 1885 წელს ილია მწერდა თბილისიდამ:
«დაგვანებე ჩემო იონავ თავი და დაგვაობლე ამისთანა გაჭირვების დღეს… მაგრამ რა გაეწყობა? თურმე სოფელი ასეა. თუმცა შენ ბევრს გვაკლიხარ, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენსას არ ვიშლით და ვჩხირკედელაობთ 1-ს იანვრისათვის. ვნახოთ, ღერძი ბედისა როგორ დაიწყებს ტრიალსო. გიგზავნი გამოცხადებულს და ყველგან გაგზავნილს უწყებას ჩვენის ახლის გაზეთის გამოცემის თაობაზედ. ზოგიერთმა ჩვენგან ახლად შემოღებულმა სიტყვებმა და ტერმინებმა მოწონების და დაწუნების ღაღადი მოჰფინეს ჩვენს სალიტერატურო არე-მარეს. ჩვენ ვნუგეშობთ და ვამბობთ: Значит, свет нас заметил. უარარაობას კიდევ ესა სჯობია. ახ, ნეტავი ეხლა ჩვენთან იყო. ყინვამ მაგ უმადურ და უსიხარულო ქვეყნისამ გული არ გაგიყინოს და არ დაგვღუპოს შენდამი მსასოებელნი.
შენი ფსევდონიმი არც ერთი არ მომეწონა. აქ მოვიგონეთ ორი ფსევდონიმი: 1. «მე ვარ და ჩემი ნაბადი» თუმცა გრძელია, მაგრამ შენზედ ზედ გამოჭრილია; 2) «აბედი», ვითომ ნაკვესმა შენ ცეცხლი მოგიკიდა, როგორც აბედს და შენ ჩვენ გადმოგვეცი. ეს უკანასკნელი კარგია, მაგრამ აკაკი წერეთელს საბუთს მისცემს, ქართული აბედი რუსულ обед-ად გადააქციოს; მაინც შენ სხვისი სადილების მაძებარს გეძახოდა და დაგცინოდა. ორში ერთი ამოირჩიე და ტელეგრამით მაცნობე.
ასოებისათვის ფული საჭირო არ არის, რადგანაც თვითონ ასოები აქ ჩამოვასხმევინეთ და ძალიან ცოტა განსხვავება აქვს მანდაურებთან. წიგნები რაც საჭირო იყო, დავიბარეთ, ვიდრე შენი წერილი მომივიდოდა.
ნიკოლაძესა სთხოვე და შეეხვეწე ჩემმაგიერ, ჩვენს გაზეთს თავისი ნაწერებით შეეწიოს. მომიტევოს ამჟამად, რომ საკუთარს წერილს არა ვსწერ. ეგ იმისთანა კაცი არ არის, რომ ამის გამო გაგვიწბილდეს და გულიდამ ამოიღოს ჩვენი გაზეთი, წვრილმანმა წერილმანს მოუკიდოს ცეცხლი.
ქაღალდის თაობაზე სერებრიაკოვს(14) წერილი მივწერე და პასუხს ველი. ჯერ ხანად Новое обозрение-ს ფორმატის ქაღალდს ვიხმარებთ.
კაცო, რატომ არა გვწერ, _ ეგ ჩვენი მუხრან ბატონი რას სჩადის და როგორ მიჰყავს ჩვენი საზოგადო საქმეები. შენგან მიკვირს და მეოცება. ღმერთსა ვთხოვ, რომ სამერმისოდ არც ერთი შემემთხვას შენგან და არც მეორე. ასე, ჩემო იონავ, იყავ მშვიდობით და დღეგრძელობით და არ დაივიწყო, რომ შენ ერთად ერთი მეგობარი გყავს და ის ერთად ერთი _ შენი ილია ჭავჭავაძეა».
20 დეკემბერი.
P. S. მოუთმენლად ველი შენს სტატიას. ოლიკომ მოგიკითხა. მოიკითხე ყველანი, ჩემი ნაცნობები.

«ივერიის» პირველი ნომერი გამოვიდა 1 იანვარს 1886 წ.
,,ივერიის» რედაქცია ამ დროს კუკიის ქუჩაზე იყო მოთავსებული პოეტის დის, ლიზა საგინოვის სახლში. დაბლა იყო გამართული გაზეთის სტამბა, მაღლა იყო რედაქცია და იდგა თვით რედაქტორი.
რომ ახვიდოდით მეორე სართულზე, მარცხენა კარებს შეყავდით თქვენ გაზეთის რედაქციაში და მარჯვენას ილიას სადგომში. სადგომის ყურეში შესვლისთანავე, მა

კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1166 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]