თუკი ბიჭი გოგოს შეხვდა ჭვავის ყანაში
2011-05-18, 11:27 PM


ნოველის სათაური შოტლანდიელი პოეტის – რობერტ ბერნსის (1759-1796) სიტყვებზე დაწერილი ცნობილი სიმღერიდანაა. გამოიცანით ლიტერატურული ნაწარმოების გმირი, რომელიც ყველას და ყველაფერს აკრიტიკებს გარესამყაროში მოძრავი სუბიექტებიდან, მეამბოხე სულის მუდმივი პროტესტი კი ერთდროულად ახერხებს მკითხველის გაცინებსა და გაკვირვებას.

აქ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია - თუ ჯერომ სელინჯერის რომანის გმირისა და მკითხველის ასაკი ერთმანეთს ემთხვევა, დიდი შანსია, რომ ერთმანეთს ვერ შეეწყონ; ზრდასრული ადამიანისთვის კი ნაცნობია ის, რასაც გმირი განიცდის, რადგან მისი ყოველი აღტკინება თუ იმედგაცრუება უკვე გამოცდილი აქვს.

რეალიზმთან ახლოს მდგარი 16 წლის ჰოლდენ კოლფილდი ცინიკურად და  პირფერობის გარეშე საუბრობს უნივერსიტეტელის გარეგნობის მქონე, "ყოვლად ღირსეულად დაზმანულ” ტიპებზე; სიაბანდ პიანისტზე, რომელიც თავის დამდაბლების ნიშნად, საზოგადოებისთვის თავის დაკვრისას ლამის იატაკს ურტყამს თავს – "სინამდვილეში კი მაგარი სნობია – თუ ვინმე ვი-აი-პი არ ხარ ან რამე ეგეთი, სიტყვასაც არ გადმოგიგდებს”; ტაშით გადატყავებულ ხელისგულებიან პუბლიკაზე, რომელიც ის ხალხია "კინოებში რაღაც სისულელეებზე რომ ყროყინებენ ვირებივით”; ტიპებზე, რომლებსაც სივრცე სჭირდებათ დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად და სხვა უამრავზე.

წერის სტილი სელინჯერს მხიარული და იუმორისტული აქვს, ჟარგონული ფრაზები -არსებულ სიტუაციასთან შესაბამისი, საზოგადოებაში ასახულ პრობლემებს კი ზედმიწევნით ზუსტად გადმოსცემს: "ვინც მაგარია, იმას კიდევ სხვა უბედურება ჭირს – იცის, რომ მაგარია და ეს აფუჭებს ყველაფერს”.

კითხვისას არაერთ მომენტში გამჩენია შეგრძნება, რომ რაღაც ჩემეულს გადმოსცემს, ჩემს ნაფიქრთან ან განცდილთან საკმაოდ ახლოს მოაქვს სათქმელი. აი, თუნდაც რა უბრალო და ყოფითია ეს ფრაზა, მაგრამ ძალიან ნაცნობი შინაარსის: "ყველა ბინას თავისი სუნი აქვს და ვერც გაიგებ რისგან. ეს არც რაიმე კერძის სუნია და არც რაიმე სუნამოსი; საერთოდ, ეშმაკმა უწყის, რისია, ოღონდ კარს შეაღებ თუ არა, ხვდები რომ საკუთარ სახლში ხარ.”

ეს სელინჯერის პირველი და ერთადერთი ნოველაა, რომელიც დაიბეჭდა და დღემდე ისეთი პოპულარობით სარგებლობს, რომ ყოველწლიურად 250 000-მდე ეგზემპლარი იყიდება. მწერალი წიგნზე 10 წელი მუშაობდა. რადგან იგი ინტერვიუზე არასოდეს თანხმდებოდა, ჟურნალისტები ფიქრობდნენ, რომ მწერალს ბევრი რამის დამალვა სურდა. 2010 წლის 27 იანვარს ჯერომ დავიდ სელინჯერი საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

მოგნატრებიათ ის ადამიანები, ვის შესახებაც სხვებისთვის მოგიყოლიათ? როდისმე ისაკლისებთ მათ, ვინც ტვინის ბურღვითა და აუტანელი ხასიათით გაბეზრებდათ თავს? რომანის გმირის არ იყოს, საშინლად მომინდა, კლდის პირას ჭვავის ყანაში დგომა, სადაც ნიავი მოიტანდა იქვე შორი-ახლოს მოთამაშე ბავშვების ლაღი სიცილისა და მხიარული ჟღურტულის ხმას; მე კი, ანცობით დაღლილ და მოუსვენარ ბავშვებს, არასოდეს მივცემდი კლდიდან გადავარდნის საშუალებას…

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1075 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]