რუსეთის აგრესიული ხასიათი
2011-09-11, 2:14 PM
26 ივლისი 2010

ლუდვიგ ფონ მიზესი
პირველად გამოქვეყნდა 1947 წელს, ეკონომიკური განათლების ფონდის მიერ.

გერმანელი, იტალიელი და იაპონელი ნაციონალისტები საკუთარ აგრესიულ პოლიტიკას ამართლებდნენ „სასიცოცხლო სივრცის” (Lebensraum) ნაკლებობით. მათი ქვეყნების მოსახლეობა შედარებით დიდია. ისინი ბუნებამ ნაკლებად დააჯილდოვა და დამოკიდებულნი არიან საკვები პროდუქტებისა და ნედლეულის იმპორტზე. მათ უწევთ წარმოებული პროდუქციის ექსპორტი, რათა შეძლონ ამ უაღრესად საჭირო იმპორტირებული პროდუქციის საფასურის გადახდა. მაგრამ ქვეყნები, რომლებიც აწარმოებენ საკვებ პროდუქტებსა და ნედლეულს, ატარებენ პროტექციონისტურ პოლიტიკას და კეტავენ საზღვრებს წარმოებული პროდუქციის იმპორტისთვის. სამყარო ცალსახად მიექანება სახელმწიფოების სრული ეკონომიკური ავტარქიისკენ. რა ელით ასეთი ტიპის სამყაროში იმ სახელმწიფოებს, რომელთაც არ ძალუძთ, საკუთარი მოქალაქეები საკვებითა და სამოსით უზრუნველყონ მხოლოდ შიდა რესურსების გამოყენებით?

„არმქონე” ხალხების „სასიცოცხლო სივრცის” დოქტრინა ხაზს უსვამს, რომ ამერიკასა და ავსტრალიაში არსებობს მილიონობით აკრი დაუმუშავებელი მიწა, რომელიც ბევრად უფრო ნაყოფიერია, ვიდრე „არმქონე” სახელმწიფოებში გლეხების მიერ დახნული უვარგისი მიწა. აგრეთვე, ნედლეულის მოპოვებისა და გადამუშავებისთვის უფრო ხელსაყრელი პირობებია, ვიდრე „არმქონე” სახელმწიფოებში. მაგრამ გერმანელ, იტალიელ და იაპონელ გლეხებსა და მუშებს ხელი არ მიუწვდებათ ბუნებრივად მდიდარ ტერიტორიებზე. შედარებით ნაკლები მოსახლეობის ქვეყნების საიმიგრაციო კანონმდებლობა უკრძალავს მათ ამ ქვეყნებში მიგრირებას. ასეთი კანონების შედეგად, ნაკლები მოსახლეობის ქვეყნებში იზრდება შრომის ზღვრული პროდუქტიულობა და, შესაბამისად, სახელფასო განაკვეთები, ხოლო შედარებით დიდი მოსახლეობის ქვეყნებში ვიღებთ საპირისპირო ეფექტს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთის სამფლობელოებში ცხოვრების მაღალი დონე უზრუნველყოფილია ევროპისა და აზიის მჭიდროდ დასახლებული მოსახლეობის ცხოვრების დონის შემცირებით.

გერმანელი, იტალიელი და იაპონელი ნაციონალისტების განცხადებით, ნამდვილ აგრესორებს წარმოადგენენ ის სახელმწიფოები, რომლებმაც სავაჭრო და საიმიგრაციო აკრძალვებით მიითვისეს დედამიწის სიმდიდრის ლომის წილი. თვით რომის პაპმაც კი განაცხადა, რომ მსოფლიო ომების ძირითადი გამომწვევი მიზეზია „ცივი და გათვლილი ეგოიზმი, გამოხატული ყველასთვის განკუთვნილი ეკონომიკური რესურსებისა და ნედლეულის ისეთი მასშტაბის დაგროვებით, რომ ბუნებით ნაკლებად დაჯილდოებულ სახელმწიფოებს ხელი არ მიუწვდებათ მათზე”. ომი, რომელიც ჰიტლერმა, მუსოლინიმ და ჰიროჰიტომ გააღვივეს, ამ გადმოსახედიდან სამართლიანი იყო იმდენად, რამდენადაც მისი მიზანი გახლდათ „არმქონეთათვის” იმ დოვლათის მიცემა, რომელიც მათ ბუნებრივი და ღვთისგან ბოძებული უფლებით ეკუთვნოდათ.

რუსები საკუთარ აგრესიულ პოლიტიკას მსგავსი არგუმენტებით ვერ გაამართლებენ. რუსეთში მოსახლეობის სიმჭიდროვე შედარებით ნაკლებია. მისი მიწა ბევრად უფრო ნაყოფიერია, ვიდრე ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსი. იქ საუკეთესო ბუნებრივი პირობებია სხვადასხვა სახის მარცვლეულის, ხილის, თესლისა თუ მცენარის მოსაყვანად. რუსეთი ფლობს უზარმაზარი მასშტაბის საძოვრებსა და თითქმის ამოუწურავ, ტყით დაფარულ ტერიტორიებს. მას აქვს ოქროს, ვერცხლის, პლატინის, რკინის, სპილენძის, ნიკელის, მანგანუმისა და სხვა ლითონების, აგრეთვე, ნავთობის მდიდარი რესურსები. რომ არა მეფეთა დესპოტიზმი და კომუნისტური სისტემის სამწუხარო არაადეკვატურობა, რუსეთის მოსახლეობის ცხოვრების დონე უკვე დიდი ხანია მაღალი უნდა იყოს. რესურსების ნაკლებობა ნამდვილად არ არის ის, რაც რუსეთს დაპყრობითი ომებისაკენ უბიძგებს.

ლენინის აგრესიულ ხასიათს განაპირობებდა მისი რწმენა, რომ ის იყო უკანასკნელი მსოფლიო რევოლუციის ლიდერი. ლენინი საკუთარ თავს მიიჩნევდა პირველი ინტერნაციონალის ლეგიტიმურ მემკვიდრედ, რომელსაც ბედისწერამ არგუნა მარქსისა და ენგელსის მიერ შეუსრულებელი ამოცანის შესრულება. კაპიტალიზმის ბოლო ზარმა ჩამოჰკრა და ვეღარანაირი კაპიტალისტური მაქინაციები ვეღარ შეაჩერებდა ექსპროპრიატორთა ექსპროპრიაციას. საჭირო იყო მხოლოდ ახალი სოციალური წყობის დიქტატორი. ლენინი მზად იყო, ეს ტვირთი საკუთარი მხრებით ეტარებინა.

მონღოლთა შემოჭრების შემდეგ კაცობრიობას არ უნახავს ასეთი უდრეკი ლტოლვა მსოფლიოს შეუზღუდავი ბატონობისკენ. ყველა ქვეყანაში რუსეთის ემისრები და კომუნისტური მეხუთე კოლონის წარმომადგენლები ფანატიკურად მუშაობდნენ „ანშლუსზე” რუსეთის სასარგებლოდ. მაგრამ ლენინს აკლდა პირველი ოთხი კოლონა. რუსეთის სამხედრო ძალები უბადრუკ მდგომარეობაში იყვნენ. როდესაც რუსეთის საზღვარი გადაკვეთეს, ისინი შეაჩერეს პოლონელებმა. მათ ვერ გააგრძელეს მარშირება ღრმად დასავლეთისკენ. მსოფლიოს დაპყრობის დიდი კამპანია ჩაიშალა.

უაზრობა იქნებოდა იმაზე საუბარი, თუ რამდენად შესაძლებელია ან სასურველია კომუნისტური წყობის დამყარება ერთ ქვეყანაში. კომუნისტები სრულად დამარცხდნენ რუსეთის საზღვრებს მიღმა. ისინი იძულებულნი გახდნენ, დარჩენილიყვნენ სახლში.

სტალინმა მთელი თავისი ენერგია დაუთმო ისეთი მასშტაბის არმიის ფორმირებას, რომლის მსგავსიც სამყაროს მანამდე არასოდეს ენახა. მაგრამ მან ვერ შეძლო ლენინსა და ტროცკიზე მეტი წარმატების მიღწევა. ნაცისტებმა იოლად დაამარცხეს ეს არმია და დაიკავეს რუსეთის ტერიტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. რუსეთი გადაარჩინეს ბრიტანეთისა და, მეტწილად, ამერიკის სამხედრო ძალებმა. ამერიკამ საშუალება მისცა რუსებს, კვალში გაჰყოლოდნენ გერმანელებს, როდესაც შეიარაღების სიმცირემ და ამერიკის შემოჭრის შიშმა ისინი აიძულა, უკან დაეხიათ რუსეთიდან. რუსებმა რამდენჯერმე უკანდახეული ნაცისტების ზურგის ძალების დამარცხებაც კი მოახერხეს. მათ შეძლეს ბერლინისა და ვენის დაპყრობა მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ავიაციამ გაანადგურა გერმანელთა თავდაცვა. როდესაც ამერიკელებმა დაამარცხეს იაპონელები, რუსებმა შეძლეს მათთვის ჩუმად ზურგში დანის ჩარტყმა.

რა თქმა უნდა, კომუნისტები, როგორც რუსეთის შიგნით, ისე მის გარეთ, მათი მიმდევრების მსგავსად, აღტკინებით ამტკიცებენ, რომ სწორედ რუსეთმა დაამარცხა ნაცისტები და გაათავისუფლა ევროპა. ისინი კვლავ დუმან იმ ფაქტზე, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ნაცისტებმა ვერ შეძლეს მოსკოვის, ლენინგრადისა და სტალინგრადის აღება, იყო ამუნიციის, თვითმფრინავებისა და საწვავის ნაკლებობა. ბლოკადამ ნაცისტებისთვის შეუძლებელი გახადა არმიების სათანდო შეიარაღებით მომარაგება და ოკუპირებულ რუსულ ტერიტორიებზე სატრანსპორტო სისტემის აგება, რომელიც უზრუნველყოფდა ამ შეიარაღების შორეულ ფრონტის ხაზამდე მიწოდებას. გადამწყვეტი იყო ატლანტიკის ბრძოლა. აფრიკისა და სიცილიის ჩამორთმევა, ისევე როგორც ნორმანდიის გამარჯვება, გერმანიის წინააღმდეგ განხორციელებული უდიდესი სტრატეგიული დარტყმა იყო. ამ ომის გიგანტურ სტანდარტებთან მიმართებით, სტალინგრადის ბრძოლა მხოლოდ ტაქტიკური გამარჯვება იყო. იტალიელებისა და იაპონელების წინააღმდეგ ბრძოლაში კი რუსეთის წვლილი ნულს უტოლდებოდა.

მაგრამ გამარჯვებით მხოლოდ რუსეთმა იხეირა. სანამ გაერთიანებული ერების სხვა სახელმწიფოები არად დაგიდევდნენ ტერიტორიულ გაფართოებას, რუსეთმა ბოლომდე მოითბო ხელი. მან მოახერხა ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკის, ბესარაბიის, ჩეხოსლოვაკიის პროვინცია კარპატო-რუსეთის, ფინეთის ნაწილის, პოლონეთის უდიდესი ნაწილისა და შორეული აღმოსავლეთის უზარმაზარი ტერიტორიების ანექსია. რუსები პრეტენზიას აცხადებენ პოლონეთის დანარჩენ ტერიტორიაზე, რუმინეთზე, უნგრეთზე, იუგოსლავიაზე, ბულგარეთზე, კორეასა და ჩინეთზე, როგორც მათი ექსკლუზიური გავლენის სფეროებზე. ისინი დიდი მონდომებით ცდილობენ ამ ქვეყნების ხელისუფლებაში „მეგობრული” ანუ მარიონეტული მთავრობების მოყვანას. რომ არა შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგობა, ისინი დღეს სრულად განაგებდნენ კონტინენტურ ევროპას, ასევე, კონტინენტურ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკას. მხოლოდ გერმანიაში დისლოცირებული ამერიკელებისა და ბრიტანელების გარნიზონები უკეტავენ გზას რუსებს ატლანტიკის სანაპიროებისკენ.

დღესაც, ისევე როგორც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, დასავლეთისთვის რეალური საფრთხე არ მომდინარეობს რუსეთის სამხედრო ძლიერებიდან. დიდ ბრიტანეთს იოლად შეუძლია რუსეთის შეტევის მოგერიება, ხოლო ამერიკის წინააღმდეგ ომის წამოწყება რუსეთის მხრიდან იქნება აბსოლუტური სიგიჟე. დასავლეთს საფრთხეს რუსეთის არმიები კი არა, კომუნისტური იდეოლოგიები უქმნის. რუსებმა ეს კარგად იციან და ამიტომ ფსონს დებენ არა არმიაზე, არამედ საკუთარი პარტიის წევრებზე უცხოეთში. მათ სურთ, დემოკრატიები დაამხონ შიგნიდან და არა გარედან. მათი მთავარი იარაღია მეხუთე კოლონების პრორუსული მაქინაციები. ისინი წარმოადგენენ ბოლშევიზმის დამრტყმელ დივიზიებს.

კომუნისტი მწერლები და პოლიტიკოსები, როგორც რუსეთის შიგნით, ისე მის გარეთ, რუსეთის აგრესიულ ხასიათს ხსნიან თავდაცვის პრინციპით. მათი განცხადებით, აგრესიას გეგმავს არა რუსეთი, არამედ პირიქით, ლპობის პროცესში მყოფი კაპიტალისტური დემოკრატიები. რუსეთს, უბრალოდ, საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვა სურს. ეს არის აგრესიის გამართლების ძველი და მრავალნაცადი მეთოდი. ლუი XIV და ნაპოლეონ I, ვილჰელმ II და ჰიტლერი იყვნენ ყველაზე მშვიდობისმოყვარე ადამიანები. ისინი სხვა ქვეყნებს მხოლოდ თავდაცვის მიზნით იპყრობდნენ. რუსეთს ისევე ემუქრებოდა საფრთხე ესტონეთისგან და ლატვიისგან, როგორც გერმანიას ლუქსემბურგისა და დანიისგან.

ამ ზღაპრის გაგრძელებაა თეორია ე.წ. სანიტარიული კორდონის შესახებ. ამ თეორიის მიხედვით, მეზობელი პატარა სახელმწიფოების პოლიტიკური დამოუკიდებლობა კაპიტალისტების მიერ ხელოვნურად შექმნილი სტატუსია, რათა მეზობელი ევროპული დემოკრატიები არ დაინფიცირდნენ კომუნიზმის ვირუსით. შესაბამისად, ამ პატარა სახელმწიფოებს არ გააჩნიათ დამოუკიდებლობის უფლება. რუსეთს აქვს ხელშეუვალი უფლება მოითხოვოს, რომ მეზობელი სახელმწიფოები, შემდგომ კი მეზობლების მეზობლებიც, იმართებოდნენ „მეგობრული” ანუ მხოლოდ კომუნისტური მთავრობების მიერ. რა დაემართებოდა სამყაროს, ყველა ძლიერმა სახელმწიფომ იგივე ტიპის პრეტენზია რომ წამოაყენოს?

სიმართლე კი ის არის, რომ დემოკრატიული სახელმწიფოების მთავრობები არ ცდილობენ რუსეთში დღეს არსებული სისტემის დამხობას. ისინი არ აყალიბებენ პროდემოკრატიულ მეხუთე კოლონებს რუსეთში და არ ცდილობენ, რუსეთის მასები საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ განაწყონ. რუსები კი დღედაღამ ყველა ქვეყანაში აჯანყების მოწყობით არიან დაკავებულნი.

მოკავშირეთა ფრთხილი და თავშეკავებული ჩართვა რუსეთის სამოქალაქო ომში არ იყო პროკაპიტალისტური და ანტიკომუნისტური წამოწყება. გერმანელებთან სასიცოცხლო ბრძოლაში ჩართული მოკავშირეებისთვის, ლენინი უბრალო სათამაშო იყო მოწინააღმდეგის ხელში. ლუდენდორფმა ის გაგზავნა კერენსკის ჩამოსაგდებად, რათა დაემარცხებინა რუსეთი. ბოლშევიკები ებრძოდნენ ყველა რუსს, ვისაც სურდა საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან და შეერთებულ შტატებთან ალიანსის გაგრძელება. სამხედრო თვალსაზრისით, დასავლეთის სახელმწიფოებისთვის წარმოუდგენელი იყო ნეიტრალური პოზიციის დაკავება მანამ, სანამ მათი რუსი მოკავშირეები თავგანწირულად იცავდნენ თავს ბოლშევიკებისგან. მოკავშირეებისთვის სასწორის პინაზე იდო დასავლეთის ფრონტი. „თეთრი” გენერლების ბრძოლა იყო მათი ბრძოლა.

როგორც კი გერმანიის წინააღმდეგ ომი დასრულდა 1918 წელს, მოკავშირეებმა დაკარგეს ინტერესი რუსეთის საქმეების მიმართ. აღმოსავლეთის ფრონტის საჭიროება აღარ არსებობდა. მათ ოდნავადაც არ აინტერესებდათ რუსეთის შიდა პრობლემები. ენატრებოდათ რა მშვიდობა, ისინი ცდილობდნენ ბრძოლიდან გასვლას. მოკავშირეები უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რადგან არ იცოდნენ, სწორად როგორ შეეწყვიტათ საკუთარი წამოწყება. მათ გენერლებს რცხვენოდათ იმ თანამებრძოლთა მიტოვება, რომლებთან ერთადაც იბრძოდნენ საერთო მიზნისთვის. ამ ხალხის ბედის ანაბარა მიტოვება, გენერალთა აზრით, სხვა არაფერი იყო, თუ არა სიმხდალე და დეზერტირობა. მსგავსმა მოსაზრებებმა სამხედრო ღირსების შესახებ გარკვეული დროით გააჭიანურა მოკავშირეთა დივიზიების გამოყვანა და თეთრებისთვის დახმარების მიწოდების შეწყვეტა. როდესაც ეს პროცესი დასრულდა, მოკავშირეთა ლიდერებმა შვებით ამოისუნთქეს. ამის შემდეგ რუსეთის მიმართ ისინი ახორციელებდნენ მკაცრად ნეიტრალურ პოლიტიკას.

ნამდვილად სამწუხაროა, რომ მოკავშირე სახელმწიფოებს, ნებსით თუ უნებლიეთ, მოუხდათ რუსეთის სამოქალაქო ომში ჩართვა. უკეთესი იქნებოდა, თუ 1917 და 1918 წლების სიტუაცია არ აიძულებდა მათ ჩარევას სამხედრო თვალსაზრისით. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთში ინტერვენციის შეწყვეტა თანაზომადი იყო პრეზიდენტ ვილსონის პოლიტიკის საბოლოო ჩავარდნისა. აშშ ჩაერთო ომში, რათა შეექმნა „დემოკრატიისთვის უსაფრთხო მსოფლიო”. გამარჯვების შედეგად განადგურდა კაიზერი და გერმანიაში შედარებით რბილი და შეზღუდული იმპერიული ავტოკრატია ჩაანაცვლა რესპუბლიკურმა მთავრობამ. მეორე მხრივ, ომი დასრულდა რუსეთში ისეთი მასშტაბის დიქტატორული რეჟიმის დამყარებით, რომელთან შედარებითაც მეფეთა დესპოტიზმს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ლიბერალური. მაგრამ მოკავშირეებს არ სურდათ, რუსეთი უსაფრთხო გაეხადათ დემოკრატიისთვის, ისე როგორც ეს გერმანიაში სცადეს. ბოლოს და ბოლოს, კაიზერის გერმანიაში არსებობდა პარლამენტი, პარლამენტის წინაშე პასუხისმგებელი მინისტრები, სასამართლოები, აზროვნების, რელიგიისა და პრესის თავისუფლება, ისევე როგორც სხვა დემოკრატიული ინსტიტუტები. ხოლო საბჭოთა რუსეთი წარმოადგენდა შეუზღუდავ დესპოტიზმს.

ამერიკელებმა, ფრანგებმა და ინგლისელებმა ვერ შეძლეს საკითხის ამ კუთხიდან დანახვა. მაგრამ გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, უნგრეთისა და ბალკანეთის ანტიდემოკრატიული ძალები სხვაგვარად ფიქრობდნენ. ამ ქვეყნების ნაციონალისტების აზრით, მოკავშირეების მიერ რუსეთის მიმართ გაცხადებული ნეიტრალიტეტი ადასტურებდა, რომ ზრუნვა დემოკრატიაზე, უბრალოდ, შირმა იყო. ისინი თვლიდნენ, რომ მოკავშირეებმა გერმანია დაამარცხეს მისი ეკონომიკური განვითარების შიშით, ხოლო რუსეთის ახალი ავტოკრატია დაინდეს, რადგან არ აფრთხობდათ რუსეთის ეკონომიკური ძლიერება. იგივე სახელმწიფოების აზრით, დემოკრატია მოხერხებული სიტყვა იყო მიამიტი ადამიანების შესაცდენად. შედეგად, ისინი შეშინდნენ, რომ ერთ დღეს ამ სლოგანისადმი ემოციური დამოკიდებულება, შესაძლოა, გამოყენებულიყო ფარული შიდა დარტყმებისთვის მათი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.

ინტერვენციის შეწყვეტის შემდეგ რუსეთს არ ჰქონდა საფუძველი, დასავლეთის სახელმწიფოების შეშინებოდა. საბჭოთა სახელმწიფოს არც ნაცისტების აგრესიისა ეშინოდა. საპირისპირო მტკიცებანი, გავრცელებული დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში, გერმანიის საქმეების სრული უცოდინარობის შედეგი გახლდათ. მაგრამ რუსები იცნობდნენ გერმანიასა და ნაცისტებს. მათ წაკითხული ჰქონდათ Mein Kampf. ამ წიგნიდან რუსებმა ისწავლეს, რომ, მიუხედავად ჰიტლერის ძლიერი სურვილისა, დაეპყრო უკრაინა, მის მთავარ სტრატეგიულ იდეას წარმოადგენდა რუსეთზე თავდასხმა მხოლოდ საფრანგეთის სრული და საბოლოო განადგურების შემდეგ. რუსები სრულიად დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ჰიტლერის მოლოდინი - გადმოცემული Mein Kampf-ში - თითქოს დიდი ბრიტანეთი და აშშ ომში არ ჩაერთვებოდნენ და დაელოდებოდნენ საფრანგეთის განადგურებას, ფუჭი იყო. მათ სჯეროდათ, რომ ასეთი ახალი ომი, რომელშიც თავად გეგმავდნენ ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას, დამთავრდებოდა გერმანიის ხელახალი მარცხით. ხოლო ეს დამარცხება გერმანიას, თუ მთელ ევროპას არა, უსაფრთხოდ აქცევდა ბოლშევიზმისთვის. სწორედ ამ მოსაზრებით ხელმძღვანელობდა სტალინი, როდესაც ჯერ კიდევ ვაიმარის რესპუბლიკის დროს, ფარულად ეხმარებოდა გერმანიას შეიარაღებაში. გერმანელი კომუნისტები, როგორც შეეძლოთ, მხარს უჭერდნენ ნაცისტებს ვაიმარის რეჟიმის ძირის გამოთხრაში. ბოლოს კი, 1939 წლის აგვისტოში, სტალინმა ღია ალიანსი გააფორმა ჰიტლერთან, რათა ხელ-ფეხი გაეხსნა მისთვის დასავლეთის წინააღმდეგ.

სტალინმა, ისევე როგორც სხვებმა, ვერ იწინასწარმეტყველა გერმანიის არმიების გამანადგურებელი გამარჯვებები 1940 წელს. ჰიტლერი იმიტომ დაესხა თავს რუსეთს 1941 წელს, რომ დარწმუნებული იყო არა მარტო საფრანგეთის, არამედ დიდი ბრიტანეთის დამარცხებაშიც. ხოლო აშშ, მისი აზრით, დამფრთხალი იაპონიის ზურგიდან შეტევის გამო, ვერ იქნებოდა იმდენად ძლიერი, რომ წარმატებით ჩართულიყო ევროპულ საკითხებში.

ჰაფსბურგების იმპერიის დაშლამ 1918 წელს და ნაცისტების დამარცხებამ 1945 წელს ევროპის კარი გაუღო რუსეთს. რუსეთი დღეს ერთადერთი სამხედრო ძალაა ევროპულ კონტინენტზე. მაგრამ რატომ არიან რუსები ასეთი მონდომებულნი, დაიპყრონ და ანექსია განახორციელონ? მათ ნამდვილად არ სჭირდებათ ამ ქვეყნების რესურსები. არც სტალინი ფიქრობს, რომ მსგავსმა დაპყრობითმა ომებმა შეიძლება გაზადროს მისი პოპულარობა რუსულ მასებში. მისი ქვეშევრდომნი ინდიფერენტულნი არიან სამხედრო დიდების მიმართ.

აგრესიული პოლიტიკით სტალინი ცდილობს არა მასების, არამედ ინტელექტუალების დაწყნარებას, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მარქსისტული ორთოდოქსია - საბჭოეთის საძირკველი.

ეს რუსი ინტელექტუალები იმდენად გონებასუსტები იყვნენ, რომ დათანხმდნენ მარქსისტული მსოფლმხედველობის მოდიფიცირებებს, რომლებიც სინამდვილეში დიალექტიკური მატერიალიზმის პრინციპების სრული უგულებელყოფა იყო, იმდენად, რამდენადაც ეს მოდიფიცირებანი მალამოდ ედებოდა რუსულ შოვინიზმს. მათ ჩაყლაპეს დოქტრინა, რომლის თანახმადაც რუსეთს შეეძლო მარქსის მიერ აღწერილი ეკონომიკური ევოლუციის ერთ-ერთ განუყოფელ საფეხურზე (კაპიტალიზმი) გადახტომა. ისინი ამაყობდნენ, რომ წარმოადგენდნენ პროლეტარიატისა და მსოფლიო რევოლუციის ავანგარდს, რომელიც ერთ ქვეყანაში რეალიზებული სოციალიზმით ქმნიდა დიდებულ მაგალითს ყველა სხვა ერისთვის. მაგრამ შეუძლებელია მათ აუხსნა, რატომ ვერ ეწევიან რუსეთს სხვა ქვეყნები. მარქსისა და ენგელსის ნაწერებში, რომელთა უგულებელყოფა შეუძლებელია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანიაც კი, კაპიტალიზმის განვითარების კუთხით, მიჩნეულია ყველაზე ცივილიზებულ სახელმწიფოებად. მარქსისტული უნივერსიტეტების ეს სტუდენტები, შესაძლოა, იმდენად უჭკუონი არიან, რომ სრულად ვერ გაერკვნენ მარქსისტული სახარების ფილოსოფიურ და ეკონომიკურ დოქტრინებში. მაგრამ ისინი არ არიან იმდენად გონებასუსტები, ვერ შენიშნონ, რომ დასავლეთის ამ ქვეყნებს მარქსი მიიჩნევდა რუსეთზე ბევრად უფრო განვითარებულად.

შემდეგ ამ სტუდენტების ნაწილი, რომელიც ეკონომიკურ პოლიტიკასა და სტატისტიკას სწავლობს, დაეჭვდება, რომ მასების ცხოვრების დონე კაპიტალისტურ ქვეყნებში ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მათ სამშობლოში. როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს? როგორ შეიძლება ცხოვრების პირობები უკეთესი იყოს აშშ-ში, წამყვან კაპიტალისტურ ქვეყანაში, რომელიც ყველაზე ჩამორჩენილია პროლეტარიატის კლასობრივი ცნობიერების გაღვიძების კუთხით?

ამ ფაქტებიდან დასკვნის გამოტანა გარდაუვალია. თუ ყველაზე განვითარებული ქვეყნები არ იღებენ კომუნიზმს და კაპიტალიზმის პირობებში ცხოვრობენ უკეთესად, თუ კომუნიზმი ლიმიტირებულია მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის, რომელსაც მარქსი თვლიდა ჩამორჩენილად, და ის არ შობს სიმდიდრეს ყველასთვის, ხომ არ იქნება სწორი ინტერპრეტაცია, რომ კომუნიზმი ჩამორჩენილი ქვეყნების მახასიათებელია და მას შედეგად სიღარიბე მოაქვს? რუს პატრიოტს არ უნდა რცხვენოდეს იმ ფაქტის, რომ მისმა ქვეყანამ აირჩია ასეთი სისტემა?

მსგავსი აზრები ძალზე საშიშია დესპოტურ სახელმწიფოში. ვინც გაბედავს მათ ხმამაღლა გამოთქმას, დაუნდობლად განადგურდება ჩეკა-ს მიერ. მაგრამ გამოუთქმელადაც, ისინი ყველა განათლებულ ადამიანს ენის წვერზე ადგას. ეს აზრები უფრთხობენ ძილს უმაღლესი თანამდებობის პირებს და, შესაძლოა, თვით დიდ დიქტატორსაც. მას ნამდვილად აქვს ძალა, მოსპოს ყველა ოპონენტი, მაგრამ, რაციონალური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის ყველა მეტ-ნაკლებად განათლებული ადამიანის განადგურება და ქვეყნის მართვა მხოლოდ უვიცებითა და სულელებით.

ეს არის რუსული მარქსიზმის ნამდვილი კრიზისი. ყოველი დღე, რომელიც გადის მსოფლიო რევოლუციის გარეშე, ამძიმებს მას. საბჭოებმა უნდა დაიპყრონ მსოფლიო, ან საფრთხე შეექმნებათ საკუთარ ქვეყანაში განმდგარი ინტელიგენციის მხრიდან. სწორედ რუსეთის გონიერი ადამიანების იდეოლოგიურ მდგომარეობაზე წუხილი აიძულებს სტალინს, მიმართოს მკვეთრ აგრესიას.
კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1100 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.5/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]