ორი სიყვარულის ერთი ამბავი
2011-08-02, 6:16 PM


1890 წელი

გაზაფხული…

” – დილაზე ლიზასთან მივიდა მისი მეგობარი ქალი და აღშფოთებულმა უამბო, ვანოს წუხელ ბაგრატიონების ქალი უთხოვიაო. ლიზას ჯერ სისხლი მოაწვა სახეზე, მერე გაფითრდა და რისხვა გამოეხატა. ვანო მოვარდა,  ჩაუვარდა მუხლებში, სცადა აეხსნა, რომ დალეული იყო, რომ ეპატიებინა მისთვის. ისე ემუდარებოდა, მე ტირილი დავიწყე, მაგრამ ლიზამ კარისაკენ უჩვენა გზა…

ლიზა ფეხმძიმედ იყო. ვანო გადაირია, როცა გაიგო – მოიშალეო. შემდეგ უთხრა, მე გავზრდიო, ფული გაუგზავნა, ლიზამ კი ცხვირპირში მიახალა გადმომცემს…” გვიამბობს თვითმხილველი…

ლიზა მამამისმა სახლიდან გამოაგდო, სამსახურიდან დაითხოვეს. თელავში გადასახლდა…

მალე ყორჩიბარ-რუსიშვილების უბანში ვაჟი დედისეული გვარით დაიბადა… მოძღვარმა პირჯვარი სამჯერ გადაიწერა, დამარცვლით წარმოთქვა მისი სახელი, გვარი და მამის სახელი, შემდეგ კი დააყოლა, ღმერთისთვის საწყენს თუ ვაკეთებ, მეპატიოს, რამეთუ, რასა ვიქმ, არ ვიციო…

იმ დღეს მამამისი ბაგრატიონ-დავითიშვილების ქალიშვილ ტასოს ირთავდა ცოლად…

"შალვა სტუდენტია, თბილისში სწავლობს, არდადეგებზე ჩამოვაო!… ეს არდადეგები ჩვენთვის ნამდვილი ზეიმი იყო. დილაადრიან ავდგებოდით, ვცდილობდით, ჭკვიანად მოვქცეულიყავით, ორ სახლს შუა დავსხდებოდით, ვფუფუსებდით. დედაჩემი და დეიდა ლიზა მზადებაში იყვნენ – შალვას საყვარელ საჭმელებს ამზადებდნენ… ძალიან ნელა მიდიოდა დღე. "დილიჟანი” საღამოს მოვიდოდა და ჩვენი შალვაც გამოჩნდებოდა და ანათებდა გარშემო ყველას, ყველაფერს. უსაზღვროდ ლამაზი, დიდრონი თვალები ცოტა ნაღვლიანი ჰქონდა. როცა უფროსებს მიესალმებოდა, ჩვენ გავცვივდებოდით, დავღლიდით ჩვენი ალერსით, თან ვთხოვდით – შალვა ძია, დაგვიხატე რამე! რა საკვირველია, დაგიხატავთ, ოღონდ ხვალ, დღეს დაღლილი ვარო! მეორე დღეს დაჯდებოდა მაგიდასთან, გვიხატავდა და გვიხატავდა. იმისთანა "დვორნიკი” დამიხატა, თვალს ვერ ვაშორებდი, ჩემს საწოლთან ახლოს მეკიდა ხატივით. ჩემზე ბედნიერი არავინ იყო ამქვეყნად.  ხატავდა კარიკატურებს, სხვადასხვა ტიპებს – კურტნიან მუშას, უზარმაზარ კარადას რომ მიათრევს; ვირს, რომლის ხურჯნიდან მოჩანს კახური პური, დაკლული ქათმები; ჩარდახიან ურემს; ქალებს, რომლებიც თათარას ხარშავენ, რეცხავენ სარეცხს…

ჩემი პირველი მასწავლებელი, რასაკვირველია, შალვა იყო. იმან ჩამინერგა სიყვარული ბუნებისა….”- გვიამბობს ელენე ახვლედიანი.

დიახ, ელენე ახვლედიანის პირველი მასწავლებელი იყო შალვა ქართველიშვილი, ლიზა ქართველიშვილის და ვანო მაჩაბელის შვილი,  მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე. მისი სტუდენტობისას ვანო მაჩაბელი უკვალოდ გაქრა… ილია ჭავჭავაძე მოკლეს… შალვამ კვლევა დაიწყო და  ორივე დანაშაულის ერთ სათავეს მიაგნო…

"ელის ელიან გამუდმებით

ერთ ფანჯარაში…

დიდი დარაჯი დაღვრემილი

ძველ ფაჯარაში,

ელის ელიან, მოლოდინით და მოკრძალებით

ქუჩას ამტვრევენ შავი რაშნი

რკინის ნალებით.

ელის ელიან და მოლოდინს არ ემდურიან…

სევდა მკვდარია,  – სიხარული მხოლოდ მდგმურია”

ეს ერთსროფიანი ექსპრომტიც შალვას ეკუთვნის…

შალვას და ელენე ბაქრაძეს (დარიანს) ლექსებს სხვა პოეტებიც უძღვნიან – პაოლო, გალაკტიონი, გრიგოლ რობაქიძე, იოსებ გრიშაშვილი… ულამაზესი ცოლ-ქმარი ყოფილა..

შალვა პაოლო იაშვილთანაც მეგობრობდა.

მაგრამ 1938 წელს ციხეში წამებით გარდაიცვალა, უკვალოდ გაქრა მისი კვლევებიც.

ლიზა და შალვა ქართველიშვილების, ელენე დარიანის და ვანო მაჩაბლის ისტორია საოცრად დრამატული და საინტერესოა. სიყვარული, ინტრიგები, დაპირისპირება, კონფლიქი საზოგადოებასთან, ხელისუფლებასთან, რეჟიმთან, სასიყვარულო სამკუთხედები, სტერეოტიპები, სისასტიკე, მკვლელობა… და პროტესტი! ეს ყველაფერი ამ ადამიანებს აერთიანებდათ. საბედნიეროდ, მათი ისტორიები არქივებმა შემოგვინახა. რამდენიმე დღეა, ისევ ცისფერყანწელებთან გადავსახლდი, მართლა სასწაული ამბავია, მთელი წიგნის დაწერა შეიძლება.  ამ წერილებს ვინმე თავს თუ მოუყრის, ალბათ სამოთხეში მოხვდება )

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1557 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]