მეოცე საუკუნის ოცი წამი. 1969
2011-04-16, 10:31 AM

ეს ლივერპულელი ბიჭები, თავის დროზე, მსოფლიოს ნებისმიერი ფოტოგრაფისთვის სანუკვარ სამიზნეს წარმოადგენდნენ, მაგრამ იმ ათასობით ფოტოს შორის, რომელიც მათთვის აშკარად თუ ფარულად გადაუღიათ, მაინც არის ერთი, ყველასაგან გამორჩეული და განსაკუთრებული.

"ფოტოგრაფიის შედევრი”, "გენიალური მარკეტინგული სვლა”, "საუკუნის მისტიფიკაცია”, – მსგავსი ეპითეტებით მოიხსენიებენ  მელომანები  შოუბიზნესის ისტორიაში ალბათ ყველაზე ცნობილ კადრს.

ლეგენდარული ოთხეულის თითქმის 42 წლის წინ გადაღებული საკულტო სურათი დღემდე უზომოდ პოპულარულია, მის გარშემო ატეხილი კონსპიროლოგიური ბუმი კი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ადამიანის ფანტაზია უსაზღვროა.

"ბითლზის” უკანასკნელი ალბომის –  "Abbey Road”–ის გარეკანის  კომპოზიციის იდეა პოლ მაკკარტნის ეკუთვნოდა. 1969 წლის 8 აგვისტოს დილით პოლიციამ ლონდონის სენტ-ჯონს-ვუდის რაიონში მდებარე პატარა ქუჩა გადაკეტა. ფოტოგრაფი იენ მაკმილანი კადრებს ექსტრემალურ პირობებში, კიბეზე ასული, იღებდა. ათწუთიანი ფოტოსესიის შედეგმა, როგორც ძველები იტყოდნენ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა – ები როუდზე მდებარე პატარა სტუდია და გადასასვლელი  ”ბითლზის” თაყვანისმცემლების მოსალოც ადგილად იქცა.

სურათი ისე დეტალურად არის აღწერილი და შესწავლილი, კლასიკური ფერწერის ბარე ორ შედევრს შეშურდება. კომპოზიციის ცენტრში, ოთხეულიდან პირველი ლენონია. შემდეგ – რინგო სტარი, მაკკარტნი და ჰარისონი.  მაკკარტნი ფეხშიშველია და  ხელში სიგარეტი უჭირავს. მარცხნივ, სტუდია EMI-ს წინ გაჩერებული თეთრი Volkswagen Beetle, სარეგისტრაციო ნომრით LMW 281F, სავარაუდოდ, იქვე მცხოვრებ ლონდონელს ეკუთვნის.  მანქანის სანომრე ნიშანი, ალბომის გამოსვლის შემდეგ, რამდენჯერმე მოიპარეს.  თავად მანქანა 1986 წელს, სოთბის აუქციონზე 2.530 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა, 2001 წლიდან კი გერმანიის ერთ-ერთი მუზეუმის ექსპონატია. კადრში შემთხვევით მოხვდა ფლორიდელი ტურისტი პოლ კოული, რომელმაც საკუთარი თავი "Abbey Road”-ის  გარეკანზე  უკვე ამერიკაში მყოფმა აღმოაჩინა და როგორც ამბობენ, კარგა ხანს უმტკიცებდა ნაცნობ-მეგობრებს, პოლიციის შავ მანქანასთან ნამდვილად მე ვდგავარო.

კონსპიროლოგი ბითლომანები  დღესაც დაჟინებით იმეორებენ, რომ სურათზე ალბომის გამოსვლამდე მცირე ხნით ადრე ტრაგიკულად დაღუპული პოლ მაკკარტნის დაკრძალვის სცენაა გამოსახული. თურმე ლენონი, თეთრი სამოსით, რელიგიას ან სულაც ღმერთს განასახიერებს ("ბითლზი” ქრისტეზე პოპულარულიაო”, გახსოვთ? ) შავებში გამოწყობილი რინგო სტარი – მღვდელს, ჰარისონი  – მესაფლავეს. ცაცია პოლს (უფრო სწორად – მის ორეულს) სიგარეტი მარჯვენა ხელში უჭირავს,  დანარჩენებისგან განსხვავებით, მარჯვენა ფეხით მოძრაობს,  თან ფეხშიშველია. "Paul is dead” თეორიის ადეპტები თეთრი ფოლკსვაგენის ნომერსაც სათავისოდ შიფრავენ – LMW აბრევიატურა ყოფილა: Linda McCartney Weeps ან Linda McCartney – Widow…  განსაკუთრებით თვალმახვილი კონსპიროლოგები სხვა ნიშნებსაც პოულობენ. ეს, ალბათ, სასაცილოა, მაგრამ დიდი ხანია, არავის აკვირვებს და აღიზიანებს. კულტი ლეგენდების გარეშე არ არსებობს.



P.S. სურათის პაროდირება ბევრმა სცადა.  "ლეგოს”  კომპოზიცია,  ტელეღიპუცების და იაპონური მანგას გოგონების "zebra crossing” უმრავლესობას ნანახი გექნებათ – ყველა თავისებურად ცდილობს ლეგენდასთან მიახლოვებას. ჩემი ფავორიტი "Simpsons Abbey Road”-ია, მაგრამ ამას წინათ, აქვე, მეგობარ ბლოგზე, შედევრის ქართულ ვარიანტს მივაგენი. ნახეთ და თავად დარწმუნდებით, სიმპსონებს და ტელეღიპუცებს არაფრით ჩამოუვარდება.

ები როუდზე კი დღემდე არ წყდება ლივერპულელი ოთხეულის ფანატთა მსვლელობა, ისინი  "ბითლზის” 42 წლის წინანდელ ნაბიჯებს იმეორებენ – Time of legends გრძელდება.


კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 906 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]