''ფიქრები წარმატებაზე - 14'' Soso Mikeladze
2011-04-30, 11:16 AM

ამ საკითხის ირგვლივ ტარდება მრავალი ტრენინგ-სემინარი, მას ეძღვნება არაერთი სხვადასვა მასშტაბის კონფერენცია, უხვად იწერება ბესთსელერები, იმტვრევა საუკეთესო თავები. მშობლები სადღაც საეჭვო თუ მაღალი რეპუტაციის მქონე გამოცემებში ეცნობიან გონებამახვილურ სტატიებს, მოიპოვებენ ინფორმაციას ნარკვევებიდან, გენიალურ ფსიქოლოგთა ნაშრომებიდან, დადიან კონსულტანტებთან და ძვირადღირებულ თერაპევტებთან. კორპორაციებში და ბიზნეს-სტრუქტურებში პერსონალთან ურთიერთობის სამსახური აქტიურად ატარებს სწავლებებს მენეჯერული კადრებისათვის. ყველა ასაკის ბავშვი ითვისებს ამ მასალას შიდასაოჯახო ურთიერთობების მაგალითზე. შემდეგ უკვირდებიან უფროს თუ თანატოლ მეგობრებს, უცხოებს, ზრდასრულ პიროვნებებს. ნორჩი პოლიციელები სწავლობენ ამას ღვაწლმოსილი კოლეგებისა და მოუხელთებელი დამნაშავეებისაგან. პოლიტიკოსებს აჰყავთ გამოცდილი და გამობრძმედილი მრჩევლები, ტოპ-მენეჯერები საკონსულტაციო კომპანიებიდან იწვევენ კომპტენტურ "ზვიგენებსა” და "მგლებს”. სამხედროები არ თაკილობენ ისარგებლონ მეზობელი და საზოგადოდ ძლიერი სახელმწიფოების ინტელექტუალური და მატერიალური მხარდაჭერით. ცხოველთა სამყარო კი ენდობა რა მხოლოდ საკუთარ ინსტინქტსა და გენეტიკურ მეხსიერებას, ეუფლება თვითგადარჩენისათვის ესოდენ მნიშვნელოვან ცოდნას.

ვფიქრობ, უკვე მიხვდით, რომ ძალიან ზოგადი საუბარი (მაგრამ სასარგებლო იმისათვის, ვინც ეძიებს!) დღეს გვექნება კონფლიქტური სიტუაციების პრევენციასა და წარმართვაზე. და, როგორც ყოველთვის, და როგორც უფრო მოსახერხებელია, მინდა ვიმსჯელოთ მეცნიერული რემინისცენციებისა გარეშე, მხოლოდ იმაზე დაყრდნობით, რაც ჩვენ ვიცით აქ, და ახლა, ოთახიდან გაუსვლელად, სკამიდან წამოდგომის გარეშე. უდაოა, რომ ცხოვრებაში მაინც საოცრად მნიშვნელოვანია ხელთ არსებული ინფორმაციის მობილიზება და მისი ამუშავება; უფრ მნიშვნელოვანი, ვიდრე მეხსიერების დაუსრულებელი ჩაძეკვა ახალ-ახალი საინფორმაციო ერთეულებით, რაც საბოლოო ჯამში, იდეური მენაგვის ან უტილიზატორის საქმიანობას უფრო ჰგავს, ვინც ყველაფერს ინახავს იმედით, რომ როდესღაც შეიძლება გამოადგეს თავისდა საკეთილდღეოდ…

კონფლიქტი პოპულარული სიტყვაა და უკვე კარგად ვიცით, რომ იგი შეიძლება იყოს ურთიერთპიროვნული, ფსიქოლოგიური, სამხედრო, სახელმწითაშორისო, სამოქალაქო, კორპორაციული-საბაზრო და სხვა. ქვემოთ ჩვენ უფრო მეტად მხედველობაში გვექნება ურთიერთპიროვნული კონფლიქტი. მიუხედავად მისი მტკივნეულობისა ემოციურ და ფიზიკურ დონეზე, იგი რეალურად არის ჰორიზონტის გაფართოების, პიროვნული თვისებების განვითარების, თვითდამკვიდრების და ძალაუფლების ხელში ჩაგდების საშუალება. დასავლეთში მართვადი კონფლიქტი დიდი ხანია განიხილება, როგორც საზოგადოებრივი პროგრესის წინაპირობა. ამიტომ იქ უცხო არ არის გარკვეული კონფლიქტური მარცვლების ჩათესვა მომწიფებულ კონიუნქტურაში, რაც ასტიმულირებს საზოგადოებრივ ცნობიერებას.

კონფლიქტი ისახება და იწყება გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე მოხდება მისი რეალიზება და გამოსახვა გარკვეული ესკალირებული ფორმით. ეს ბანალური ჭეშმარიტება მჭირდება იმისათვის, რომ უკეთესად გამოვაჩინო კონფლიქტის ზოგადი ღრმა, ფესვგადგმული და სისტემური ბუნება. კონფლიქტს ახასიათებს გარკვეული ფაზები და სტადიები, მსგავსად ვულკანის, რომლის წიაღშიც ყოველწამიერად ხდება მაგმის ღელვა, მიკრომიწისძვრები, აირების ამოსვლა, მჟავე-ტუტიანობის მონაცემების ცვლილებები და სხვა. ვიმეორებ რომ ის, რასაც ადამიანი მხედველობის მეშვეობით აღიქვამს კონფლიქტურ ვითარებაში (არცაა გამორიცხული სასოწარკვეთილი შეძახილები: "ეს რას ხედავს ჩემი თვალები!”, "ყველაფერს წარმოვიდგენდი და ამას ნამდვილად ვერ!” და ა. შ.), ესმის ან განიცდის ფიზიკური შეგრძნებების დონეზე - ეს არის მხოლოდ გამოვლინება იმ მრავალსაფეხერეობრივი პროცესის, რომელიც მიმდინარეობდა კონფლიქტის მონაწილეებს შორის. დაპირისპირების და შეტაკების ელემენტები ეს არის გვირგვინი მთელი რიგი მოვლენებისა, რასაც კონფლიქტის აგენტები, ავითარებდნენ საკუთარ თავსა და გარემოცვაში. და თუ საქმე მივიდა საბრძოლო ვითარებამდე ეს ნიშნავს, რომ ორივე მხარე ქვეცნობიერად მაინც მზად არის იმისათვის, რომ სიტყვები და კომუნიკაცია დადუმდეს და ამეტყველდნენ ზარბაზნები. თუ ერთ-ერთი მხარე არ არის შემზადებული კონფლიქტური სიტუაციის მისაღებად, ჩვეულებრივად, კონფლიქტი წყდება ამ მხარის კაპიტულაციით. ასეთ ღონისძიებებს პროფილაქტიკის სახით ახორციელებენ ტოპები (უმაღლესი მენეჯერები) მათ მიერ მართულ კომპანიებში, კონფლიქტების პრევენციების (ადრეულ ეტაპზე), რანგის პრეზენტირებისა და თანამშრომლების ნეგატიური განწყობილების განსამუხტავად.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა ამ მეტად განსაკუთრებულ გარემოებას, რაც ახასიათებს კონფლიქტს. როდესაც კონფლიქტი შედგება და ხდება მისი გამომზეურება, ორივე მხარე შინაგანად თვლის, რომ დაპირისპირება არის ერთადერთი საშუალება ურთიერთობების დასარეგულირებლად. რამდენად პასუხისმგებლობით უდგებიან ეს მხარეები ამ გადაწვეტილებას, ანუ რა დოზა არის ამაში საღი აზროვნებისა და როგორი წილი სიბრაზის და განრისხების ემოციებისა, საკითხავი სწორედ ეს არის. როგორც წესი, ერთ-ერთი მხარე ნაკლებად მომზადებული ხვდება კონფლიქტს და სწორედ ის აღმოჩნდება ხოლმე დამარცხებული, გაპანღურებული და იძულებული შეეგუოს გამარჯვებულის მიერ დაწესებულ პირობებს. ნაკლებად მომზადებული, ნიშნავს პრაქტიკული მოსაზრებით მოუმზადებელი. ანუ იგი იმყოფება მატერიალური, ფინანსური, ფიზიკური რესურსების, სამოქმედო სტრატეგიის, მენტალობის და სხვათა შედარებითი დეფიციტების პირობებში. ამ მხარეს, ემოციების და კონფლიქტური განწყობილებებისაგან აჟიტირებულს, დეკლარირების დონეზე შეიძლება ჰქონდეს წარმოდგენა, რომ იგი საკმარისად ძლიერია, რათა დასძლიოს სწორედ ეს მეტოქე და სწორედ გარკვეული დაპირისპირების გზით. მაგრამ რეალური შებრძოლება გვიჩვენებს, რომ ძირითადად ის, ვინც უკეთესად აზროვნებს კონფლიქტურ ვითარებაში, უფრო მანევრულია და მომზადებულია სიტუაციისათვის, იყენებს მაქსიმალურ ძალასა და ისეთ სვლებს, რასაც მისგან ნამდვილად არ ელიან, გამოდის კონფლიქტიდან გამარჯვებული.

ამ შეხედულების კვალდაკვალ ჩნდება თემა არა კონფლიქტის არიდებისა და მისგან გაქცევის, არამედ კონფლიქტის მართვის და კონფლიქტის უკანასკნელი ფაზის პროვოცირების თქვენი ინტერესებისათვის შესაფერის მომენტში. ამის საილუსტრაციოდ გამოგვადგება სამამულო ომის საშინელი დასაწყისი, როდესაც ჰიტლერმა სსრკ-ზე მოულოდნელი თავდასხმით დააჩქარა სამხედრო კონფლიქტი. მან ელვისებური შეტევით დაიპყრო ქვეყნის ერთი მესამედი და ჩაიგდო ხელში სამხედრო ინიციატივა ომის თითქმის ორი წლის განმავლობაში (სხვათა შორის ეს სტრატეგია ჰიტლერს გამოუვიდა შესანიშნავად ავსტრიაში, პოლონეთში, ნაწილობრივ საგრანგეთში და სხვა ქვეყნებში). მიუხედავად სტალინის ყველანაირი მცდელობისა თავი აერიდებინა ომისათვის (დღეს ამერიკელების სწრაფი ხელის დაკვრით გაჩნდა თეორია, რომ თვითონ სტალინი ამზადება შეტევას დასავლეთზე), ჰიტლერმა ფაქტობრივად თვითონ ჩაიგდო სტრატეგიული ინიციატივა ხელში და აიძულებდა საბჭოთა კავშირს თავდაცვითი ომი ეწარმოებინა. მაგრამ ამ საზარელი ტრიუმფებისა და ტრაგედიების მთელ სერიაში, პრაგმატული კონფლიქტოლოგი რასაკვირველია, ხედავს კონფლიქტ-მენეჯმენტის ქრესტომატიულ ელემენტებს. რას? აღნიშვნას იმსახურებს ორი რამ.

1. მოლაპარაკებების ხელოვნება

2. გარკვეული სტრატეგიები და სტრატაგემები.

მოლაპარაკებები ეს არის მთელი სისტემა კომპრომისების, შანტაჟის, ვაჭრობების, გარიგებების, "გამბიტების”, შეთანხმებების, მანიპულაციების, მუქარების, ფსიქოლოგიური ზეწოლის, რომელსაც პოლიტიკოსი, მეწარმე თუ უბრალოდ პიროვნება უნდა ახორციელებდეს საკუთარი მიზნის მისაღწევად. რაც შეეხება პიროვნებას, მას კონფლიქტის და საზოგადოდ ცხოვრებისეული მიზანი ზუსტად და კონკრეტულად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, აღქმული და დეკლარირებული, რადგან მრავალი კაცთაგან უნებლიეთ ქარის წისქვილებისათვის იბრძვის და არარსებულ მონსტრებს უცხადებს ომს.

მოლაპარაკებები იძლევა შესაძლებლობას კონფლიქტი არ გადავიდეს თავის ყველაზე მწვავე ფაზაში, მოხდეს მისი კონსერვაცია ან ნეიტრალიზაცია კონფლიქტ-მენეჯერისათვის მისაღებ ფაზაში. მართალია, არსებობს შესანიშნავი გამოთქმები: "სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებენ მხოლოდ იმასთან, ვინც მზად არის ომი განაგრძოს, დანარჩენებთან კი კაპიტულაციის პირობებსაც არ ათანხმებენ”, ან "თუ მშვიდობა გსურს, ომისათვის ემზადე”; ეს სავსებით მართებული გამოთქმები არ უნდა გამოვიყენოთ ზემოთქმული იდეების უარსაყოფად. პირიქით, უნდა გავიაზროთ, რომ კომუნიკატორის ნიჭი არის სიმშვიდის, ძალის ტრანსლირება და იმავდროულად მოწინააღმდეგის საკონფლიქტო მზაობის და შეტევის დროის განჭვრეტა. კიდევ ერთი ციტატა ჭკვიანთა ნაწარმოებიდან – "...კარგი ქუჩის "მოჩხუბარი”, (ჩათვალეთ, კომუნიკატორი, მომლაპარაკებელი), 5 წუთით ადრე ხვდება, როდის დაარტყამენ!”.

მზაობა "ომის” და რეალური ომის გასაგრძელებლად, დაპირისპირების განვითარებისა და ყველაზე უფრო დაუნდობელი ხერხების გამოყენებისათვის ხშირად არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არგუმენტი კონფლიქტის მოსაგვარებლად მის ადრეულ სტადიაზე. კონფლიქტის მონაწილე მხარეები მისი ჩასახვის პერიოდში ნაკლებად ისურვებენ მოვლენების ესკალაციას, ამიტომ სწორედ წარმართული შანტაჟი (რაგინდ უგულოდაც არ უნდა ჟღერდეს!) და მათი ცნობიერებით მანიპულაცია ყოველთვის წარმოადგენს საუცხოო იარაღს კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში, მით უმეტეს როდესაც ამ ადამიანებს თვითონ სწადიათ თქვენი დაშანტაჟება. საუბარია იმაზე, ვის რა ღირებულებების წამოწევა შეუძლია მოლაპარაკების პროცესში და რამდენად დამაჯერებელია მისი სიტყვა და ყოფაქცევა. ძალის და ძალაუფლების პრეზენტაცია შესანიშნავი ფორმაა კონფლიქტის არიდებისა პირველად ეტაპზე. რადგან როდესაც კონფლიქტი გადადის გამწვავების ("ხელჩართულობის”) ფაზაში, ეს ნიშნავს, რომ მეტოქის ემოციური დაძაბულობა, საკუთარი ძალის განცდა მეტისმეტად გამძაფრებულია, ხოლო წარმოდგენა თქვენი შესაძლებლობების შესახებ მის გონებაში საკმაოდ უმნიშვნელოა. კონფლიქტების მკვეთრი ესკალაცია იწყება მაშინ, როდესაც სუბიექტი გაგულისებულია, ხოლო კონფლიქტის გადაწყვეტის პროგნოზი (არც თუ იშვიათად არარაციონაზირებული) აშკარად მის სასარგებლოდაა. თქვენი ფსიქოვიზუალური იმიჯი მის ცნობიერებაში დაკნინებულია. იგი თვლის რომ მისი ემოციური აფეთქება წარმოაგდგენს საკმარის არგუმენტს თქვენი რესურსების წინააღმდეგ. და ასეთი მოსაზრებების კვალაბაზე სუბიექტი ეძებს მიმდინარე კრიზისის ტრიგერს (სიტყვასიტყვით ჩამრთველს, საბაბს). ზოგიერთ საბრძოლო სკოლაში (და არა "ბალეტში”, საბრძოლო ხელოვნებას რომ უწოდებს თავს) კონფლიქტის ამ საფეხურამდე შეგნებული მიყვანა კონფლიქტის მართვის ილეთად განიხილება. როდესაც მოწინააღმდეგე პრაქტიკულად "ზედარწმუნებულია” გამარჯვებაში, მისი ფიზიკური კონდიციები და მთლიანობაში უპირატესობები ბათილდება, იკარგება მისი საბრძოლო სულისკვეთება და ჯამში სასწაულად იზრდება მისი მოწყვლადობა.

პოლიტიკაშიც და ხელისუფლებაშიც ეფექტურად გამოიყენება "საახალწლო ინდაურად მოსუქების” მეთოდი. გაყოჩებულ პიროვნებას აძლევენ საშუალებას მაქსიმალურად მოიხვეჭოს სახელი, რესურსები, ააწყოს წარმატებული ბიზნესი, სტრუქტურა და სხვა. მოულოდნელი გამიზნული დარტყმა ხორციელდება "ინდაური”-ს ყველაზე სუსტ წერტილში, რაც არა მხოლოდ ანადგურებს ამ კაცს პიროვნულად და სოციალურად, არამედ სკანდალის ზღურბლზე აღაზევებს მის კონკრეტული მეტოქისა თუ კლანის პოზიციებს.

ამასთან დაკავშირებით მახსენდება ცნობილი მარტივი, მაგრამ ბრწყინვალე სამხედრო დებულება. ყოველთვის უნდა შეძლო რიცხობრივი და თვისობრივი უპირატესობის კონცეტრირება მტრის სუსტ წერტილთან. ანუ მტერს მთელი ძალით იქ უნდა დაესხა, სადაც ის ყველაზე უფრო უსუსურია, ნაკლებად დაცული. გირჩევთ ამასთან დაკავშირებით შეისწავლოთ გენიალური ჩინური სტრატაგემა – დავლაშქროთ ვეი, რომ გადავარჩინოთ ჩჟაო. მასში ნაჩვენებია, როგორ დაიძრა 80, 000 ათასიანი ლაშქარი არა მოკავშირეთა ალყაშიმყოფი დედაქალაქის გადასარჩენად, არამედ პირდაპირ მტრის დედაქალაქის დასალაშქრად. აქ შესანიშნავად არის გადმოცემული სისავსის – სიცარიელის ცნებების გაგება. მსგავს ოპერაციებს ატარებდნენ ბრიტანელები, როდესაც დაიწყეს გერმანიის ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა. იგივე სტრატაგემას წარმოადგენს მოკავშირეების მიერ 1944 წლის ზაფხულში ნორმანდიიდან გახსნილი ეგრეთწოდებული მეორე ფრონტი.

კონფლიქტების პრევენცია და ესკალაციის არდაშვება, ალბათ, ყველაზე უფრო მომგებიანი გზა არის კონფლიქტების მართვისა. ამიტომ ასე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, შინაგანი ძალის პრეზენტაცია - თავდაჯერებული კომუნიკაცია და საკონფლიქტო მზაობის არავერბალური ტრანსლირება. როდესაც ძალაუფლების ინსტინქტი ადამიანს გახსნილი აქვს, ეს ტრანსლირება მისთვის ბუნებრივი და ძალდაუტანებელია.

ადამიანებს ბუნებრივად სჩვევიათ დააკვირდნენ რანგისა და ძალის ნიშნებს, განსაკუთრებით ლიდერობის რეგალიებს. ამით ჩვენ ნაკლებად განვსხვავდებით ცხოველებისაგან, რომლებიც ყოველწუთიერად მზად არიან ჩამოაგდონ ხროვის წინამძღოლი, დომინანტი, დათრგუნონ თანაგუნდელი ცოტა უფრო მაღალი ადგილის დასაკავებლად. ადამიანები განსაკუთრებით ყურადღებიანები არიან ერთმანეთის მიმართ სექსუალური და უფრო მეტად ძალაუფლებითი ინსტინქტის ტალღების აღსაქმელად. თითქმის ყველა პიროვნებას (კაცის სოციალურ-კოლექტიური ბუნებიდან გამომდინარე) ესაჭიროება მუდმივი მტკიცება იმისა, რომ სხვებზე მაღლა დგას. ამ მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა აიძულებს პიროვნებას მუდმივი ტესტირება ჩაუტაროს თავის გარშემომყოფთ ძალაზე და თავდაჯერებულობაზე. ამ კარგად შენიღბული თუ დაუფარავი ტესტირების ელემენტები პირფერობითა და გადამეტებული ქათინაურებითაც გამოიხატაბა. უცხო პიროვნების ორჭოფობა თქვენი რანგის შესახებ წყდება მაშინ, როდესაც ხდება თქვენს მიერ ძალაუფლების ინსტინქტის გასხივება და შესაბამისად მინიშნება იმ საბრძოლო მეთოდების არსენალზე, რასაც თქვენ ფლობთ და შეხედულებისამებრ მზად ხართ გამოიყენოთ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. წარმატებული ადამინი გარდა იმისა, რომ შეეცდება კონფლიქტი არ მიიყვანოს კულმინაციამდე ან მართოს მისი ვარდნა და აღმავლობა, ყოველნაირად უნდა ეცადოს არ დარჩეს ოპოზიციურ ძალებთან პირისპირ, როგორც ეული მებრძოლი. ძლიერი და გამწვავებული კონფლიქტის პირობებში საჭიროა აღმატებული რესურსების - სოციალური სისტემების, ავტორიტეტული პირების, სტრუქტურების, კლანების თქვენს მხარეზე გადმობირება და მობილიზება. ეს უნდა მოხდეს პიარის და სკანდალის მაქსიმალური გამოყენებით, რისი მოწმენიც ხშირად ვხდებით ტელეეთერის საშუალებით, სადაც იბადებიან და კვდებიან თანამედროვე ქართველი გმირები.

დაიმახსოვრეთ, წარმატებული კაცის გონიერება ის არის, რომ სხვა აბრძოლოს საკუთარი წარმატების მისაღწევად.

ახლა კი კონფლიქტური სიტუაციების ანალიზის შესახებ. აიღეთ კონკრეტული შემთხვევა, რომელიც გახსოვთ, გაწუხებთ და შეეცადეთ მასზე დაკვირვებით კონფლიქტ-მენეჯმენტის გარკვეული თქვენეული მოდელი შექმნათ.

პირველყოვლისა დაწერეთ (ვიმეორებ, დაწერეთ და არ თქვათ, "მე ზეპირად მირჩევნია”!) შემდეგი ინფორმაცია:

 

 

კონფლიქტის მონაწილე მხარეები:

კონფლიქტის მიზეზები, რომელსაც ხედავდით და ხედავთ:

კონფლიქტის სიღრმისეული მიზეზები:

მაგალითად, ეს შეიძლება იყოს, თქვენი გადაწყვეტილება და ძლიერი სურვილი გახდეთ უფრო დამოუკიდებელი პიროვნება 

კონფლიქტის საბაბი/ტრიგერი:

კონფლიქტის ეტაპები: ის ერთი ნიშნით დაჯგუფებული მოვლენები, რომლებიც ახლავდა და ახასიათებდა კონფლიქტს...

მეტოქის საკონფლიქტო მზაობის პრეზენტაცია:

აღწერეთ… 

თქვენს მიერ ძალის/დარტყმის/განადგურების გამოყენების ან გადამწყვეტი ზომების მიღების პრეზენტირება:

რისთვის იყავით მზად კონფლიქტის ბოლო პერიოდში?

თქვენი შეცდომები კონფლიქტის პერიოდში:

თქვენთვის კონფლიქტის გადაწყვეტის იდეალური ვარიანტი:

მეტოქისასთვის კონფლიქტის გადწყვეტის იდეალური ვარიანტი:

 

ემოციების როლი თქვენს გადაყწვეტილებებში:

სად ჩააგდეთ ურთიერთობები, სად დაკარგეთ ინიციატივა?

(ხომ არ არის ეს თქვენთვის ტიპიური, მიაქციეთ ყურადღება!): 

რას შეცვლიდით, იგივე კონფლიქტი რომ განმეორებულიყო:

როგორ აირიდებდით თავიდან ამ კონფლიქტს:

.......

 

და ბოლოს მიხედ-მოიხედეთ და იფიქრეთ ვისთან გაქვთ შექმნილი წინასაკონფლიქტო ვითარება? როგორ მიხვედით მანმადე? და თუ მოხდა კონფლიქტის განვითარება რა რესურსების ამოქმედება შეუძლია თქვენს პოტენციურ მეტოქეს. დაიწყეთ ფიქრი იმაზე, როგორ უნდა დაარეგულიროთ თქვენდა სასარგებლოდ ეს კონფლიქტი.

რა უნდა შეცვალოთ თქვენს მოქმედებებში?

 

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1015 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]