„მონაზვნობა ადამიანის მიერ ღვთისადმი მადლიერებითა და სინანულით გაღებული ყველაზე დიდი მსხვერპლია“
2011-03-25, 7:50 PM

მეუფე საბა (ერისკაცობაში - ზაზა გიგიბერია) 1966 წლის 27 სექტემბერს დაიბადა ქალაქ სენაკში. მოუნათლავთ თბილისში, დიდუბის ეკლესიაში, 4 თუ 5 წლისა. მშობლები მონათლულები კი ყოფილან, მაგრამ ეკლესიურად არ უცხოვრიათ. შვილი, ალბათ, უფრო ტრადიციის გამო მონათლეს. საშუალო სკოლა სენაკის რაიონის სოფელ ძველ სენაკში დაამთავრა (სხვათა შორის, ეს სკოლა ილია ჭავჭავაძეს დაუარსებია 1884 წელს, შემდგომში კი იმ მრავალ გამოჩენილ ადამიანს უსწავლია). 1984 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე ჩააბარა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, 1986 წლიდან, ისევ განაგრძო სწავლა. 1989 წლის 9 აპრილის ცნობილი მოვლენების შემდეგ მისი ცხოვრება ძირეულად შეიცვალა...

 

საფარა

- მაშინ მეც, ისევე, როგორც ჩემი თაობის ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი, ბევრს ვფიქრობდი, რა სიკეთის მოტანა შემეძლო ჩემი ქვეყნისთვის. და აი, მოხდა ისე, რომ ამ წელს შრომითი სემესტრები შეწყდა (მანამდე სტუდენტები რუსეთში დავყავდით ხოლმე). ზაფხულში ასეთი რამ შემოგვთავაზეს: ან მთელი თვე თბილისში მშენებლობაზე უნდა გვემუშავა, ან ახალციხეში, მონასტრის აღდგენით სამუშაოებზე წავსულიყავით. ჩვენ, რა თქმა უნდა, საფარის მონასტერი ავირჩიეთ. არა იმიტომ, რომ ეკლესია გვიზიდავდა; უბრალოდ, ერთი მხრივ, თბილისში დარჩენა არ გვინდოდა და მეორეც - მონასტრის აღდგენა ეროვნულ საქმედ მივიჩნიეთ. ასე აღმოვჩნდით ოცამდე კაცი საფარაში. მაშინ ცხოვრების წესის შეცვლაზე ნამდვილად არ მიფიქრია, მაგრამ უფალი თურმე თვითონ აწყობდა ყველაფერს ისე, როგორც საჭირო იყო.

საფარის მონასტრის წინამძღვარი მამა სერგი გახლდათ (ამჟამად - ნეკრესისა და ჰერეთის მიტროპოლიტი). პირველი ქადაგება სწორედ მისგან მოვისმინეთ. გვასწავლა, რა იყო ქრისტიანობა, როგორ უნდა გველოცა, როგორ უნდა გვევლო ტაძარში, როგორ უნდა მოვმზადებულიყავით აღსარებისთვის... ერთი სიტყვით, ის, რაც ყოველმა ქრისტიანმა უნდა იცოდეს. და აი, სწორედ მაშინ, საუბრისას, გვითხრა, რომ საქართველოს გადარჩენა მხოლოდ სულიერ, ეკლესიურ ცხოვრებას შეეძლო. საქართველოს ძლიერება ეკლესიის ძლიერებაზეა დამოკიდებული, თვითონ ეკლესიის ძლიერება კი - ბერ-მონაზონთა სიმრავლეზე, და არა მხოლოდ სიმრავლეზე, არამედ მათ ხარისხობრივ მდგომარეობაზეცო. როდესაც ვკითხეთ, ბევრი ბერ-მონაზონი გვყავდა თუ არა, დიდი გულისტივილით გვიპასუხა, რომ მათი რიცხვი ძალიან მცირე იყო. თუმცა ხალხი ნელ-ნელა მოდის ეკლესიაში, მაგრამ დამრჩენი ცოტააო. ვიფიქრე (მერე აღმოჩნდა, რომ მეუფე თეოდორესაც იგივე უფიქრია - ჩვენ ჯგუფელები ვიყავით), თუ საქართველოს წაადგება, სხვა რა შემიძლია, გარდა იმისა, რომ მე თვითონ დავრჩე მონასტერში და ბერული ცხოვრება დავიწყო-მეთქი. აი, აქედან დავიწყეთ ფიქრი მონასტრულ ცხოვრებაზე და მხოლოდ შემდგომში გავაცნობიერეთ ნამდვილი მიზეზი იმისა, თუ რატომ დგამს ადამიანი ამ ნაბიჯს, რომ ეს არის ღვთისადმი მადლიერებით და სინანულით გაღებული ყველაზე დიდი მსხვერპლი.

ასე გავატარეთ ერთი თვე მონასტერში. რამდენჯერმე აღსარება ვთქვით. მეუფე შეგვპირდა, თუ მარიამობის მარხვას შეინახავთ, მარიამობას გაზიარებთო. მე, მეუფე თეოდორემ და კიდევ ორიოდე ბიჭმა შევძელით მარხვის დაცვა და პირველი ზიარებაც მივიღეთ.

როდესაც მონასტრიდან ერში დავბრუნდი, ასე მეგონა, სამოთხიდან ჯოჯოხეთში მოვხვდი, იმდენად ძნელი აღმოჩნდა ძველ ცხოვრებასთან შეგუება. იმ დროისთვის უკვე მეოთხე კურსზე ვიყავით. ძალიან გვიჭირდა ერთდროულად მონასტერში ყოფნაც და სწვლაც, მაგრამ მეგობრები, ლექტორები ხელს გვიწყობდნენ. ასე თუ ისე, შევძელით ინსტიტუტის დამთავრება. მომდევნო წელს საფარაში სასულიერო სემინარია გაიხსნა და ჩვენი მისი პირველი კურსდამთავრებულები გავხდით.

სანამ მონასტერში წავიდოდი, სულ ვცდილობდი, საზოგადოებაში ჩემი ადგილი მეპოვნა. ვფიქრობდი, ინსტიტუტს რომ დავამთავრებ, ვიმუშავებ, ოჯახი მეყოლება, მექნება სახლი, მანქანა... თითქოს ცუდზე არაფერზე ვოცნებობდი, მაგრამ უკმარისობის გრძნობა მაინც არასოდეს მტოვებდა და მხოლოდ მაშინ, როცა პირველად მივედი მონასტერში, რაღაცნარიად დავმშვიდდი. მივხვდი, რომ იქ იყო ჩემი ადგილი და ბედნიერი ვარ, რომ ამ გზაზე დამაყენა უფალმა.

 

დედის სიტყვები მთელი სიცოცხლე მემახსოვრება

ადამიანი მონასტერში წასვლას რომ გადაწყვეტს, ყველაზე დიდი წინააღმეგობა, როგორც წესი, ოჯახის წევრებისგან ხვდება. მართალია, მოსაკლავად არავინ გამომკიდებია, მაგრამ ძალიან გაუჭირდათ ჩემს ამ ნაბიჯთან შეგუება. მით უმეტეს, ოჯახში ერთადერთი ვაჟი ვიყავი... წელიწადნახევარი ისე ვახერხებდი მონასტერში ყოფნას, რომ ჩემებმა არაფერი იცოდნენ, თუმცა კი გრძნობდნენ, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ხდებოდა.

ჩემი გადაწყვეტილების გაცხადების დღეც დადგა. გამიჭირდა, მაგრამ მაინც ვთქვი. ტირილი დაიწყეს, ცდილობდნენ, როგორმე გადაეფიქრებინათ: ხომ შეიძლება, ოჯახი შექმნა, მღვდელი გახდე და ასე ემსახურო ღმერთს; გვინდა, შვილი დაგრჩესო და ასე შემდეგ. როგორც შემეძლო, ვუხსნიდი, რა შეიძლებოდა და რა - არა, რატომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება...

მახსოვს, ზამთარი იყო. ეპისოკპოსმა რამდენიმე დღით მონასტრიდან შინ გამიშვა, რომ კიდევ ერთხელ დავლაპარაკებოდი მშობლებს. ჩავედი სოფელში. ორ დღეში ძალიან დიდი თოვლი მოვიდა. ასეთი თოვლი სამეგრელოში მართლაც იშვიათობაა. რატომღაც ჩავთვალე, რომ ეს განსაცდელი იყო. თოვლის დადნობას რომ დავლოდებოდი, შეიძლება, ოჯახი შემბრალებოდა და დავბრკოლებულიყავი. გადავწყვიტე, დათქმული დროისათვის არ გადამეცილებინა. დილით რომ ავდექი, განვაცხადე, მონასტერში უნდა დავბრუნდე-მეთქი. მითხრეს, ასეთ ამინდში როგორ უნდა წახვიდე, ტრანსპორტი არ მოძრაობს და არაფერიო. ფეხითაც რომ მომიწიოს წასვლა, მაინც წავალ-მეთქი. ვერა და ვერ მიხვდნენ, წასვლა ასე რატომ დავიჟინე - ჩვენ ხომ, ასე თუ ისე, შევეგუეთ შენს არჩევანს, აღარ გეწინააღმდეგებითო. ნამდვილი მიზეზი, რასაკვირველია, ვერ ვუთხარი. ავიღე ბარი და ფეხით დავადექი გზას. დედაჩემი და ჩემი და გამომყვნენ. მამაჩემმა ვერ შეძლო, პირდაპირ ვიტყვი, გული აუჩუყდა, ატირდა და ვეღარც კი დამენახა.

რამენიმე ასეული მეტრი ვიარეთ თოვლში. სოფლის ცენტრამდე რომ მივედით, დედაჩემს ვუთხარი, დაბრუნდით, აქ დაგემშვიდობებით-მეთქი. მან ასეთი რამ მითხრა: შვილო, იმისთვის გზრდიდი, რომ ბედნიერი ყოფილიყავი და თუ ფიქრობ, რომ შენი ბედნიერება იქ არის, მაშინ დამილოცნიხარო. სიმართლე უნდა ვთქვა, მაშინ მისგან ასეთ რამეს ნამდვილად არ ველოდი. კი ვიცოდი, რომ მშობლის დალოცვას უდიდესი ძალა ჰქონდა, განსაკუთრებით იმ გზაზე, რომელსაც მე დავადექი, მაგრამ დედაჩემისთვის ამის გაკეთება არც კი მითხოვია - ვიცოდი, გაუჭირდებოდა.

აი, ასე მშობლისგან დალოცვილი წავედი მონასტერში. დედაჩემის სიტყვები მთელი სიცოცხლე მემახსოვრება. მწამს, რომ მისი დალოცვის მადლი მუდამ თან დამყვება და განსაცდელის ჟამს მეხმარება კიდეც. თვითონ დედაჩემიც დამეხმარა - ისეთი ეკლესიური ცხოვრება დაიწყო, ისე მკაცრად მარხულობს და ლოცულობს, რომ სხვებს მაგალითსაც კი აძლევს. ჩემი დებიც მოიქცნენ. მამას ჯერ ვერაფერი მოვუხერხეთ, მაგრამ ყველა ადამიანს თავისი დრო, თავისი გზა აქვს და იმედი მაქვს, ღვთის მადლით მალე ისიც ეკლესიურ ცხოვრებას დაიწყებს.

 

კიბე

მე მაინც ვთვლი, რომ ის იერარქიული საფეხურები, რაც მონასტერში მისულ ადამიანსა და ეპისკოპოსს შორის არსებობს, ძალიან სწრაფად გავიარე. მონასტერში ცხოვრება 1989 წელს დავიწყე. 1990-ში უკვე მორჩილის კაბით ვიყავი შემოსილი. 1991 წლის 14 ივნისს მეუფე სერგიმ ბერად აღმკვეცა. მახსოვს, წმინდა ნინოს გზაზე მიმავლებს იმ დღეებში სწორედ საფარის მონასტერში მოუწიათ ყოფნა, ამიტომ ჩემს აღკვეცას რამდენიმე მეუფე ესწრებოდა.

1992 წლის 12 იანვარს დიაკვნად მაკურთხეს. 8 თვე ბერ-დიაკვანი ვიყავი. იმავე წლის 4 ოქტომებრს მღვდელ-მონაზვნად მაკურთხეს, დაახლოებით ორი წლის შემდეგ იღუმენის ხარისხში ამიყვანეს და საფარიდან ტიმოთესუბნის მონასტრის წინამძღვრად გადამიყვანეს, მანამდე კი ორი წლის მანძილზე ახალციხის ეპარქიის იკონომოსი გახლდით.

ტიმოთესუბანში დედათა მონასტერი გავხსენით. იქაც ზუსტად ორი წელი დავრჩი, რადგან 1996 წელის 3 ნოემბერს ხონისა და სამტრედიის ეპისკოპსად მაკურთხეს.

ჩვენი ეპარქია 200 წელი გაუქმებული იყო (ქუთაისის ეპარქიას გახლდათ მიერთებული). და აი, ორასი წლის შემდეგ ახალგახსნილი ეპარქიის მღვდელმთავრად მე დამნიშნეს. როგორც ისტორიიდან ჩანს, თავის დროზე ძლიერი ეპარქია ყოფილა, მაგრამ იმჟამად იქ სულ 4 თუ 5 მოძღვარი მსახურობდა. მეუფე კალისტრატე იმერეთის თერთმეტივე რაიონს მართავდა. იმ პირობებში, რომელშიც მას უწევდა მოღვაწეობა, ერთი ადამიანისთვის ეს ძალიან ძნელი იყო, მაგრამ იმისთვის, რაც დამხვდა, არ შემიძლია, მეუფეს მადლობა არ მოვახსენო.

ხონში რომ ჩავედით, ღვთის მადლით, ძველის აღდგენა და ახლის შენება დავიწყეთ. ახლა ეპარქიაში 25 ტაძარია, კიდევ 10 შენდება, რამდენიმეს რესტავრაციას ვუკეთებთ. 4 მოქმედი მონასტერი გვაქვს. სასულიერო პირთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. მონასტერში 40 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 2 ბერია, 6 - მონაზონი, დანარჩენი კი - კაბიანი მორჩილი. მაგრამ ეს მაინც ძალიან ცოტაა. იმედი მაქვს, ღვთის შეწევნით მეტს შევძლებთ, კიდევ ბევრია აღსადგენ-ასაშენებელი. ვხუმრობ ხოლმე, მთელი ჩვენი ჯგუფიდან პროფესიით მარტო მე და მეუფე თეოდორე ვმუშაობთ-მეთქი. ჩვენ ვაშენებთ, დანარჩენები კი ზოგი რას საქმიანობს და ზოგი - რას.

ახლა კი მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. სხვათა შორის, თქვენი ჟურნალი პირველია, სადაც ჩემი ინტერვიუ დაიბეჭდება. საერთოდ, არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი.

და კიდევ ერთ რამეს ვუსურვებდი თქვენს „კარიბჭეს". დღეს ისეთი დროა, როცა ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რათა ადამიანებს ეკლესიისკენ მიმავალი გზა ვაჩვენოთ. ტელევიზია, ჟუნრალ-გაზეთები ამის ერთ-ერთი საშუალებაა და თუ შეძლებთ, ადამიანებს სწორად მიაწოდოთ მართლმადიდებლობა, ეკლესიური ცხოვრება ასწავლოთ, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ბედნიერები ხართ. სწორედ ეს მინდა გისურვოთ: თქვენს ჟურნალს მკითხველები ეკლესიის კარიბჭემდე მიეყვანოს.

ღმერთმა სიკეთე, სიხარული მოგანიჭოთ და ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ თქვენც და მთელ საქართველოს.

ესაუბრა ნატო ტოროშელიძე
ჟურნალი „კარიბჭე", № 3, 2004 წ.

კატეგორია: რელიგია | დაამატა: gi2gi
ნანახია: 940 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]