ნანა ჩაჩუა-“ეთნოსური ხასიათი”
2011-10-17, 10:14 PM
რა არის ეთნოსური ხასიათი და რა კავშირი აქვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ქართველებისა და რუსების ეთნოსურ ხასიათთან? ქართულ-რუსული ომის ე.წ. ფსიქოლოგიურ ასპექტებზე "ფაქტი” ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას ესაუბრა.

ცნობისთვის: ეთნოსური ხასიათი ფსიქიკური უნარების განსაკუთრებული კომბინაციაა, რომლესაც გეოგრაფიული გარემო და ისტორიული მოვლენები აყალიბებს. ამასთან, ეთნოსური ხასიათი განიხილება, როგორც სახეობის შეგუების სტილი. შესაბამისად, ყველა ერს, მისივე ცხოვრებიდან და ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელი ეთნოსური ხასიათი აქვს.
ნანა ჩაჩუა: _ რუსულ ეთნოსურ ხასიათში პრიორიტეტული მაღალი მგრძნობელობის ხარისხია. ეს კი რაციონალურის ნაკლებობით გამორჩეულ ფემინურს ახასიათებს, ანუ რუსეთი უფრო ირაციონალური, ქალურია. არსებობს ქალურის ორი ტიპი: წმინდად ფემინური და მასკულინურ-ფემინური. წმინდა ფემინური რუსული ხაიათია, ქართული ხასიათი კი უფრო მასკულინურ-ფემინურია. ეს გასაკვირი არაა, რადგან საქართველო ევრაზიული სივრცის ქვეყანაა.
რაც შეეხება რუსულ ეთნოხასიათს, როგორც წმინდა ფემინურს, ნაკლებად უნდა ახასიათებდეს მოქმედების რაციონალური გათვლა, ანუ სუსტია შორს მიმავალი შედეგების ხედვა და გაგება.

რადგან რუსეთის ეთნოფსიქიკას რაციონალური მხარე შედარებით ნაკლები აქვს, შესაბამისად, რუსეთში მეცნიერებისა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები უმეტესად არარუსები იყვნენ, თუმცა ეს რუს ხალხს არ აკნინებს. პირიქით, არის მთელი რიგი მოვლენები, სადაც ასეთი ხასიათი სასარგებლოა, თუმცა დღეს ამის თქმა ძნელია…

ქართულ-რუსულ ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს. პოლიტიკური ურთიერთობა კი გეორგიევსკის ტრაქტატით იწყება, რომელმაც უამრავი ზიგზაგი გაიარა. ამ გზის გავლის შედეგად, არსებობისა და თვითგამოხატვისთვის პოზიტიური მხარეები საქართველომაც მიიღო და რუსეთმაც, ანუ ეს არ იყო მხოლოდ ნეგატიური მოვლენა არც ქართველებისთვის და არც _ რუსებისათვის. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პოლიტიკური ვითარებაა, უნდა გავბედოთ და ვთქვათ, რომ რუსეთისა და ქართველების შინაგან მოცემულობაში საერთო არსებობს. ჩვენ 70 წელს ერთად ვიყავით და ამ ორმა ეთნოსმა ბოლშევიზმის მწარე დღეები ერთად გაიარა. ნეგატიური კუთხე ყველა ეთნოსს აქვს და ამ ნეგატიურზე დამყარებული პოლიტიკა ყველასათვის ერთნაირად სახიფათოა. თუ პოლიტიკა ეთნოსურ-ფსიქიკური ხასიათის გამომხატველი იქნება, ის პოლიტიკა ყოველთვის და ყველასათვის მისაღებია. მაგალითად, ფაშიზმი არ იყო გერმანული ეთნოსის გამოვლინება. ეს იყო გერმანულ ეთნოსში არსებული ნეგატიურის წინ წამოწევა, რომელსაც გერმანია ვერ მიიღებდა.

_ ამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთის დღევანდელი ქმედებაც ნეგატიურის დროებითი გამოვლენაა?
_ რა თქმა უნდა, დროებითია და რაც უფრო უკიდურესი იქნება ნეგატიურის გამოვლენა, მით უფრო აუცილებელი გახდება, რომ ეს ნეგატიური პოზიტიურად გარდაიქმნას. ამას თვითონ რუსი ხალხის ეთნოსური ხასიათი დაუპირისპირდება ისევე, როგორც გერმანიაში ფაშიზმს დაუპირისპირდა გერმანული ეთნოსი. დღეს ჩვენ პუტინი და რუსეთი იმ პოლიტიკური ნეგატიური მხარიდან გველაპარაკება, რომელიც ამჯერად აქვს, მაგრამ თუ მოვახერხებდით და დიალოგს წავმართავდით რუსულ ხასიათში არსებულ პოზიტიურთან, მაშინ დიალოგი შედგებოდა, მაგრამ ეს არ ან ვერ გავაკეთეთ.

_ რუსეთი რატომ მოგვიდგა ნეგატიური მხრიდან? რატომ დაბომბა საქართველოს ტერიტორია და, საერთოდ, რისთვის სჭირდება უკიდეგანო რუსეთს პატარა საქართველოს სამხრეთ ოსეთი?
_ არაფერშიც არ სჭირდება. ეს იმის გამოძახილი და რეაქციაა, რასაც ჩვენ გადავძახებდით აქედან ხშირად. ალბათ, გახსოვთ ის ნეგატიური, შეურაცხმყოფელი ფრაზები, რომლებიც ჩვენთან რუსეთის მისამართით გაისმოდა. თუმცა ეს საკითხის უფრო ხილული და ზოგჯერ საკმაოდ გამაღიზიანებელი და, მაშასადამე, მაპროვიცირებელი მხარეა. მთავარი და არსებითი კი მაინც მსოფლიოში მიმდინარე ის პოლიტიკური პროცესებია, რომელიც, თავისთავად, საბჭოთა კავშირის დემინტაჟის უდიდესმა და უმწვავესმა პროცესმა განაპირობა. ეს რუსული ხასიათის კი არა, საბჭოური მენტალობის არახანგრძლივი გამოვლენაა.

საერთოდ, ჩვენში მოწინაღმდეგისთვის, ვინც უნდა იყოს, ნეგატიური, კნინონიბითი ფორმით მიმართვა დამკვიდრდა. ქართული ხასიათი მოქნილია, ანდროგენულ-ფემინურია, ანუ მასში მასკულინური და ფემინური ერთნაირადაა მოცემული. შემთხვევით არაა, რომ ქართლის დედას ერთ ხელში თასი, მეორეში კი მახვილით რომ უჭირავს, ანუ ეს ნიშნავს, რომ მგრძნობელობაც ადგილზეა და მახვილიც, ოღონდ მახვილი დაშვებული და მზადყოფნაშია, თასი კი გამოწვდილია. ეს არის ქალური ხასიათი, სადაც მასკულინურიც და მგრძნობელობაც გარკვეული დოზით არის მოცემული. იმ გეოგრაფიული გარემოსა და ისტორიულ პროცესებში, რომელშიც ქართველ ხალხს ცხოვრება უწევდა, მოქნილობა, როგორც ინსტიქტი, ჩამოუყალიბდა _ ქართველი მეფეები ზოგჯერ ჩალმასაც იხურავდნენ. სპარსულ აგრესიისაგან წამებულ ქართველობას სპარსული პოეზიის პატივისცემაც არასოდეს დაუკარგავს. გამიჯვნა პოლიტიკასა და პოეზიას შორის თუნდაც იმიტომ ხდებოდა, რომ ერთი ადამიანს ეკუთვნის, მეორე კი _ ღმერთს…

მოკლედ, რუსეთთან დიალოგი აუცილებლად შედგება. როგორც უწმინდესმა შეგვახსენა, "წყალი მიდგება-მოდგება და თავის საგუბარში ისევ ჩადგება”. ვერც პუტინი გაექცევა რუსი ხალხის და რუსულ ეთნოფსიქიკის შინაგან მოცემულობას და რაციონალურის აუცილებლობას და ვერც _ საქართველო. ან ვინ გაქცევია კანონზონიერებას? კანონზომიერებიდან გაქცევა თვითმოკვდინებაა. თვითმოკვდინების იმპულსს კი ვერც ქართულ და ვერც რუსულ ეთნომოცემულობაში ვერ ვხედავ.

_ ქალბატონო ნანა, როგორც ფსიქოლოგი, ქართულ-რუსულ ომში ამერიკის როლს როგორ აფასებთ?
_ ყველას თავისი ინტერესი აქვს. ჩვენი ინტერესია, რომ საქართველოს სახელმწიფო შედგეს და ამის საყრდენი, საფუძველი ეთნოსური კულტურა უნდა იყოს. ქართული ეთნოხასიათი მოქნილია, მოქნილობა კი დაპირისპირებას და მონოლოგს კი არა, დიალოგს გულისხმობს. ქართველმა ხალხმა დიალოგი უნდა შეძლოს რუსეთთან, ამერიკასა და ევროპასთან. საერთოდ, ევროპამ უდიდესი როლი ითამაშა. სარკოზს დიდი მადლობა, რომ ქართული ეთნოფსიქიკის შესაბამისი ნაბიჯები გადადგა _ ერთდროულად დაელაპარაკა რუსეთს, საქართველოსა და ამერიკას. რამდენ ხანს გააჭიანურებს რუსეთი 6-პუნქტიანი დოკუმენტის შესრულებას, ეს იმაზეა დამოუკიდებული, თუ რამდენ ხანს იქნება შეჩერებული და შეყოვნებული იმ რაციონალურის ამოქმედება, რომელიც რუსეთისათვის ისევე აუცილებელია, როგორც _ ჩვენთვის.

_ ქალბატონო ნანა, პოლიტიკური ეთნოხასიათი გასაგებია, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს პოლიტიკაში ქვეყნის მმართველების ხასიათი?
_ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, ცხადია, ქვეყნის ლიდერებს ეკისრებათ. ისე, პოლიტელიტა და მასმედიის საშუალებები ერთმანეთს არ უნდა დაემსგავსნონ, ანუ როგორიც პრეზიდენტია, ისეთივე არ უნდა იყოს მედიის ენა, პოლიტიკური ელიტა და მასა. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ყველანი "ჯეობარისა” და "ქლაბშოუს” ენაზე ვმეტყველებთ. ეს სახიფათოა, რადგან ამით ვერ მოვახდენთ აზრისა და ემოციების გაცვლას. ფსიქოლოგიაში ამას კოლექტიური მონოლოგი ჰქვია. რაც რუსეთის ტელევიზიებში ხდება, იგივე მდგომარეობაა საქართველოშიც, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. რუსულ-ქართული ურთიერთობა დალაგდება, მთავარია, რომ პოლიტიკოსები არ ეურჩებოდნენ იმ ეთნოხასიათს, რომელიც რუსებსა და ქართველებშია.

_ ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ პუტინსა და მედვედევს შორის გარკვეული დაპირისპირება არსებობს. მაგალითად, მედვედევი საქართველოში სამხედრო ძალების შემოყვანის, თურმე, წინააღმდეგი იყო, თუმცა ჯარი და სახემწიფო სტრუქტურები ყოფილ პრეზიდენტს ემორჩილებიან. რამდენად არის შესამჩნევი ეს ფსიქოლოგის თვალით?
_ პუტინი საქართველოს ისტორიას ამახინჯებს და ამას ან მიზანმიმართულად აკეთებს ან არ იცის, თუმცა გამართლება არც ერთ შემთხვევაში არ აქვს. თანამედროვე პოლიტიკა რაც უფრო მეტადაა იმაზე აგებული, რომ წყალქვეშა დინებებით იაროს და შენიღბოს, მაგრამ ამ სიტუაციაში სიმართლის თქმა უფრო მომგებიანია. თუ პუტინი სიმართლეს იტყოდა, გაცილებით მოიგებდა, მაგრამ არ თქვა, რომ არავითარი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს და ეს რაღაც პოლიტიკური თვალსაზრისით შექმნილი ერთეულია… აფხაზეთთან უფრო რთული ვითარებაა იმიტომ, რომ იქ უფრო იკვეთება რუსეთის ინტერესები. როგორც პოლიტოლოგები ამბობენ, მას სურს შავი ზღვის აუზი გააკონტროლოს. აფზეთთან დაკავშირებული საკითხები წლების განმავლობაში ქართულმა არაადეკვატურმა პოლიტიკამ გაართულა. დღესაც ასეა, ის კლიპები, რომლებიც ამ თემასთან დაკავშირებით არებობს, ხშირად მიმართულია აფხაზებსა და ქართველებს შორის ხიდის კიდევ უფრო ჩატეხვისკენ. არც ერთი კლიპი, ფსიქოლოგიურად რომ გააანალიზო, არ იყო ორიენტირებული ქართველებისა და აფხაზების დაახლოებაზე. ეს კლიპები კი ძალიან მოქმედებს ქვეცნობიერ ფსიქიკაზე. ამიტომ მათ უბედურ კლიპებს ვუწოდებ.

საერთოდ, ხელისუფლება, რომელიც ბესლანის, ჩეჩნეთის ტრაგედიას დაატრიალებს და ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტს შებღალავს, მისივე ხალხის ეთნოსური მოცემულობისათვის მიუღებელია. ძალაუფლება ყოველთვის დროებითია. ის ღირებულებები კი, რომლებსაც ძალა და სათნოება წარმართავს, რაინდობაა. დღეს კაცობრიობას რუსეთისგან ისე არაფერი სჭირდება, როგორც რაინდობა. თუ აშშ-ისა და რუსეთის ინტერესები შეეჯახა, მაშინ კაცობრიობა დამთვრდება, მაგრამ კაცობრიობა არ დაამთავრებს თავის არსებობას და საამისოდ დადებითი იმპულსი ევროსაბჭოდან უკვე წამოვიდა. ამ იმპულსის შინაგანი მატარებელია რუსეთიც და აშშ-ც. ევროპამ უკვე შეიგრძნო, რომ დედამიწა ხიფათშია და მადლობა მას ამისათვის.
კატეგორია: ფსიქოლოგია | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1414 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]