სერგო კლდიაშვილი ,,რთველში''
2011-03-15, 10:30 PM

სერგო კლდიაშვილი

რთველში

დილიდან მზიანში რთველი დაიწყო.

შუადღისას საწნახელი აივდო.

ყურძენს ფუტკარი დასევია.

საწნახელში ანანია ჩადგა. თხილის რტო ქუდად ხურავს და ამით იცავს მელოტს ტკბილის სურნელით გახელებულ ფუტკრისაგან. მორგვივით მრგვალი და მძიმე, სრესავს მტევნებს და მხიარულად ეგებება ახლად დაკრეფილ ყურძნით სავსე გოდრებს.

საწნახელის ვიწრო ღარიდან წვენი თქრიალით გადმოდის.

დაკლული თიკანი სასახლის წინ ჩამოჰკიდეს და გაატყავეს. სახლიდან საცერის ტკაცუნი გაისმის. კერიაზე დიდი ცეცხლი გააჩაღეს...

წითლად ჩავიდა მზე. დაეშვა ბინდი. მასპინძელმა ტაბლა დადგა, ხორაგი დაახვავა, ძველი ღვინო ხელადებით მოიტანა და რთველში დამხმარენი მოიპატიჟა.

დაილია ერთმანეთის სადღეგრძელო, ითქვა მიცვალებულთა შესანდობარი, შეისვა ვაზის და კერიის სადიდებელი.

- ეჰეი! - გასძახის ანანია, როცა მასპინძელი სავსე ყანწს გადაულოცავს.

...ნაჯაფარი და ნაქეიფარი სტუმრები გვიან დაიშალნენ.

სოფლის გზაზე ხმაურით მიდის ანანია. ქვეყანას შეჰხარის და მიიმღერის. გარემოც ალერსით ეგებება. სოფელი ისეთი კეთილი და მადლიანია, დაემხვე და ჰკოცნე მისი მიწა.

ყველა ეზოში სავსე ქვევრი დუღს და ყველა ეზოდან ტკბილის თუხთუხი ისმის. მაჭრის მათრობელა სურნელი ასდის მიწას, გამდგარა ჰაერში და ცამდე აღწევს.

ირყევა მიწა, მიბორძიკობს ანანია და მასთან ერთად ქანაობენ ხეების ჩრდილები ორღობეში, გორაკები და გორაკის წვერზე დამჯდარი მაჭრით დამთვრალი მთვარე.


კატეგორია: მწერლობა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1010 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]