სამართლის ბუნების ძიების გზა
2011-02-25, 6:03 PM

თავისუფლება თვისებაა, მორჩილება – სირცხვილი;
სამართალი თავისუფლებით იმორჩილებს
.

ამბობენ, ადამიანი თავისუფალიაო; თავისუფლება ადამიანშიაო. მაგრამ ადამიანი როგორ თავსდება თავისუფლებაში, იმას კი აღარ ამბობენ.
როდესაც თავისუფლება მინდება, ვაშლს მივირთმევ. როდესაც ვაშლს მივირთმევ, თავი ადამი მგონია, - პირველყოფილი, და ევა მინდება; მაგრამ ვიცი, რომ მან უკვე დამკარგა, თავისუფლება არჩია, - ვაშლზე გამცვალა მსუბუქმა არსებამ (ისე, სიმსუბუქე უფრო მისატევებელია, მძიმეს ატანა ჭირს ხოლმე).
თავისუფლება და ვაშლი; ნიუტონის ვაშლი; მიჩურინის ვაშლი; ჭრიჭინა, – სანამ გააფრენდეთ, დაფიქრდით!

ევამ ადამი გაართო. ადამმა ვაშლი შეჭამა. როდესაც გველმა აცდინა, - ღმერთი ჩაერია: აქ იწყება სამართალი და თავისუფლება, სამართლის გარეშე. ადამი პირველად სამართალს იგრძნობდა...
ამბობენ, თავისუფლება სანატრელიაო, სამართალი – მონატრებული. ისე კი, არც ერთს სცხია ნატვრისა რაიმე, და არც მეორეს, ორივენი გონებისანი არიან.

სამართალი კონფლიქტში იბადება. კონფლიქტი თავისუფლების ატმოსფეროა, რომელსაც სამართალი ფარავს, როგორც ჰაერი, და დედამიწას არ აძლევს გაქცევის საშუალებას. სამართლის ღირსება მის არსებაშია, - თავისუფალ ბუნებაში, მაგრამ სამართლის გვერდით ყოველთვის ჭირს თავისუფლების აღქმა, რადგან სამართალთან სიახლოვე ყოველთვის ჩარჩოში ჩასმული სურათის ასოციაციას ტოვებს: ფერები უსაზღვროა (შესაძლებლობის ფარგლებში), მხოლოდ ტილოა განსაზღვრული. ეს ბუნებრივია: სიარული ხმელეთზეა შესაძლებელი, ცაში ვერ ივლი; უნდა არსებობდეს სიბრტყე, სადაც დააბიჯებ.
სამართალი მიჯნავს აღქმის საზღვრებს და შესაძლებლობიდან გამომდინარე, მიღწევას პირობადადებულს ხდის. ადამიანი თავისუფლების მატარებელი ცნობიერი მატერიაა, ცხოველს სხვა "თავისუფლება" გააჩნია. თავისუფლების შესაძლებლობები არსების ბუნებით ხორციელდება, თვით არსება პირობითი განხორციელებაა თავისი ყოფიერი წილის სახით, რაც არსებით ფუნქციებს პოვებს საერთო განაწილების თანამიზეზობრივ მიმართებაში.

სამართალი არის იქ, სადაც ღმერთია. სადაც ღმერთია, იქ თავისუფლებაცაა. თავისუფლება ბურთების თვისებაა, ჰაეროვანი ბურთების მატარებელი, რომლებიც სივრცეში დადიან და ადგილისა არაფერი ესმით.
იქ, სადაც მოქმედება იზღუდება, უმოქმედობა დასაშვებია. სამართალი პირობაა, თავისუფლება - შესაძლებელი შედეგი (ამ შემთხვევაში, უმოქმედობა). სამართალი განსაზღვრავს პირობას; თავისუფლება შეიცავს ალტერნატივებს. გადაწყვეტა ემიჯნება ცდუნებას, მაგრამ მხოლოდ სწორი მოქმედებით მიიღწევა შესაძლებელი თავისუფლების ნიმუში. თავისუფლება პირმშოა, შედეგი, ფორმა, რომელიც ძრაობამ შვა. მშობელი შვილისა, აღმატებულ არს მასზედ, ვითარცა მიღწეული ფორმა. თავისუფლება განიცდის სამართლის მარწუხებს, და უპყრია იგი, როგორც ნიშანი საკუთარი ბუნებისა, როგორც ვაშლი და სასწორი, - ევას და ჟუსტიციას და თემიდას.
აქ არ ენიჭება აზრი თვალებს, - გახელილს და ახვეულს; არსებობს გონება და ძრაობა სამყაროსი, როგორც არსებული სამართლიანობა.

თავისუფლება არ იწონება, მაგრამ სამართალი წონის ალტერნატივებს. როდესაც რომელიმე პინა დამზიმდება, თავისუფლება იზნიქება და ბანცალებს; იგი ამ დროს წონაა, - სიმძიმე ან სიმსუბუქე, და არა თავისუფლება.
ქრისტემ ისურვა და არჩია: ექვსდღიანი სამყარო და ცხრათვიანი ადამიანი (თუმცა ადამი ერთი დღით შეიქმნა). სურვილი ყოვლისმომცველია, - სასურველისაც. მიზანი ემიჯნება სურვილს.
რა არის ადამიანის ფუნქცია: თავისუფლება?
თავისუფლების მიზანი რაღა არის: სამართალი?
სამართლისა: სამართლიანობა?
- გამოდის, რომ ღმერთს ვუახლოვდებით. [ექსტრემალურ სიტუაციებში ადრენალინი იმატებს: ადვილია ხიდიდან გადახტომა].
სივრცის მთლინი სახე და აღქმითი დაუკმაყოფილებლობა უბიძგებს ადამიანს ზეადამიანურისკენ, ხორციდან მიღწეული სული, ძალაუფლების სურვილი, რომელიც თავისუფლებას სცდება (ამ დროს უნდა ერიდო თვითმკვლელობებს).
ადამიანი ღმერთისკენ ილტვის, როგორც ფრინველი – სივრცისკენ; მაგრამ ადამიანი ვერ გასცდება სივრცეს, რადგან ის ჩიტი არ არის.
შემეცნება არის წყარო თვითდაუნჯებისა, ძალაუფლების შეგრძნებისა, რომელიც შეგიძლია მთელს შენს სამყაროზე განავცო. ეს არის წონასწორობა, რომლითაც შენზე თავისუფლების ბუნება მოქმედებს.
ლტოლვა ბუნებაში; საგნის ბუნება; არსების ძიება; - ადამიანი, რომელიც თავის თავს ძერწავს: შეგიძლია მიატოვო სამუშაო და დარჩე, როგორც ცივი საფლავის ქვა საერთო ეპიტაფიით – "იყო", - შეგიძლია შექმნა "დავითი".
[თბილ კვერცხში წიწილა ვერ ისვენებს, ნაჭუჭს ტეხს და გამოდის]

სამართალი ქცევის სამოსია, რომელშიც ადამიანი კეთილშობილის ნიღაბს ირგებს და განსხვავებულ წესრიგს ქმნის. ადამიანს ძალუძს საკუთარი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საკუთარ სამყაროში. ადამიანს გააჩნია ცნობიერი სამყაროს შექმნის შესაძლებლობა. გონის სამყარო თვისობრივად განსაზღვრულია, არ არის მიზნის მატარებელი. თავისუფლება ცნობიერებაში ისხამს ფრთებს და სამართლებრივი ქცევით სწავლობს ფრენას. ქცევა ტავისუფლების გამოხატულებაა, ქცევის ხასიათი - მოქმედის მიერ თავისუფლების ინდივიდუალური აღქმის გამოვლინება. სამართალი გვაიძულებს მიზნობრივ აღქმას, ხოლო როდესაც მიზანი წადილს ემთხვევა, იძულებითიც არაფერია, არამედ სასურველის შინაარსისა ხდება. სამართალი მართავს ადამიანებს, რომლითაც ისინი სამართლებრივი კულტურის შემქმნელნი ხდებიან და ამ წესრიგით მკვიდრდებიან.
სამართალი თვითგამოხატვის მეთოდს აკანონებს, თავისუფლება კი მეთოდურად მიუღებელია. ამიტომ ხდება კონფლიქტი ქცევასა და ნიმუშს შორის. ადამიანები უჯანყდებიან კანონებს, ისინი ებრძვიან მატერიას და ელტვიან ფორმალურ შარავანდედს. ეს საკუთარი არსების უარყოფაა, - თვითმკვლელობა უკვდავების სურვილით.
სამართალი თავისუფლებას პიროვნების თვითგამოვლენის მიზანს აკისრებს. სამართლის განმარტება პიროვნული პასუხისმგებლობაა, ქცევიდან გამომდინარე. თუ გსურს იყო თავისუფალი, უნდა აიტანო კიდეც, გაუფრთხილდე მას, ზიანის შემთხვევაში კი – აგო პასუხი. პირობით შესაძლებლობის გარემოს არავინ აღიქვამს კითხვის სახით, როგორც გამოვლინების წინარე მდგომარეობას, შედეგის დროს კი უხერხულობის განცდა იპყრობთ პასუხისმგებლობის სიმძიმით, და პასუხის გაცემა უჭირთ, რადგან კითხვის შინაარსი ვერ გაუგიათ. არაადეკვატური დამოკიდებულება სამართალსა და პიროვნებას, ქცევის შესაძლებლობასა და თავისუფალი მოქმედების საზღვრებს შორის, წარმოშობს გაურკვევლობას, ჩატეხილ ხიდს მიზანსა და შედეგს შორის. ეს არის დანაშაული დამნაშავის გარეშე, მაგრამ პასუხისმგებელი ყოველთვის მოიძებნება, ისევ თავისუფალ სივრცეში.
დანაშაული თავისუფლების გამოვლინებაა, სამართლის მეთოდის წინააღმდეგ. ანტისამართლებრივი შესრულება კი თავისუფლებას ძალადობის სახეს სძენს. სამართალი თავისუფლების "მფარველის" ფუნქციას ასრულებს, - წესრიგი, რომელშიც მატერია განსაზღვრულია, ფორმაცვალება კი ევოლუციურ კანონს ემორჩილება.
ის, ვინც სულით ღარიბია და შთაგონებას მიზანში ვერ პოულობს, პიროვნულობა მტკიცებითი ფორმით საზოგადოებაში გადააქვს, ანტისამართლებრივი ქცევების სახით. იგი მოქმედებს მიზნით, რომელსაც მოტივი არ გააჩნია, - მტკიცება შეცილების გარეშე, "ცეცხლი, რომელიც არ იწვის, სინათლე, რომელიც არ ანათებს".
მოქმედების მიზანი სიამოვნებაა, არსობისა კი – ბედნიერება. სიამოვნება ფორმის არქმაა მატერიის გარეშე, ბედნიერება – ფორმის ფლობა მატერიის გარეშე. იგი გონებით მიიღწევა, პიროვნების შიგნით, რწმენით სივრცეში.ადამიანი თვისობრივად თავისი თავის მატარებელია, საკუთარი თავისთვის იღწვის შთაგონებისგან აღტკინებული. შთაგონება აღმატებული სიამოვნების შედეგია, სწორი ფორმით მოქმედება განაპირობებს სინამდვილის სარწმუნოობას და პიროვნების ნიმუშს მიღწევადს ხდის. ეს არის იდეის წვდომისკენ მიმავალი გზა, სამართალთან დაახლოებული ნების ხასიათი და თავისუფლება, რომელიც საოცრად ახლოს, ხელშესახებ მანძილზე იმყოფება. მაგრამ მას მაინც ხელებით ვერ შეეხები, რწმენით უნდა მისწვდე. პიროვნება რწმენით სივრცეში მოწესრიგებული არსებაა. დაემორჩილე კანონს, რათა თავისუფლებამ დაგიმორჩილოს შენ. ნების მორჩილება სიქველეა, კანონის მორჩილება კი სირცხვილი არ არის.
კანონი შემოდის ჩვენში და სიკეთეს თანაზომიერად ანაწილებს. სამართალი პიროვნებას არ ეხება, იგი მიმართებითი სუბიექტის თანამგზავრია. კანონები გიმორჩილებენ და მოჰყავთ შენი გაქცეული "მე". შენ შეგიძლია შეიცნო იგი და შეეთვისო მას, როგორც ძრაობას შენში, შთაგონებას, რომელიც რწმენის სისადავით მოსავს ძალაუფლების ვნებას, რათა კმაყოფილება განიცადო და ამავე დროს საზრისის გარეშე ყოფიერებამ არ შეგიპყროს. კანონი დაგდევს გვერდში, როგორც ხილული ანგელოზი და აღუქმელი ჩურჩულით გარწმუნების მის შესაძლებლობებში. მაგრამ სანერვიულო არაფერია, შენ უკვე ორი ანგელოზი გყავს, - მფარველი უხილავი, რომელიც გირჩევს, და ხილული, რომელიც ითვალისწინებს მათ.
დაემორჩილე კანონს, რათა გათავისუფლდე მისივე ბოჭვისგან. თავისუფლების ძირეული მორჩილებაშია, როგორც უარყოფაში დევს ჭეშმარიტების რაღაც. სამართალი მიზნით იხედება და მოტივით იმორჩილებს. მისი მიზანი წესრიგია, მოტივი კი - თავისუფლება. იგი ყველაზე კეთილშობილი ტირანია, ერთგული მცველი, რომელიც მონებს უფრო იცავს, ვიდრე მეფეებს. იგი ჰუმანისტი მწამებელია, რომელიც აღიარებას ითხოვს და თანხმობას არ ავალდებულებს. და რაც მთავარია, პიროვნების ბუნებასთან ყველაზე ახლოს დგას, ისე ახლოს, როგორც თავისუფლების სიყვარული, და უფრო ახლოსაც, რამეთუ წადილს უშუალოდ აკმაყოფილებს; მიზნობრივად ათავისუფლებს ადამიანს, რათა თვითმპყრობელი გახადოს იგი.
სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო...
კატეგორია: იურიდიული ლიტერატურა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1200 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]