როცა იმიტაცია (თითქმის) რეალობაა
2011-02-25, 11:31 PM

16 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა, რომლის ორგანიზატორებიც სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის პროფესორი ბატონი რეზო გოგშელიძე და ამავე ფაკულტეტის სისხლის სამართლის ასოცირებული პროფესორი ქალბატონი ნონა თოდუა იყვნენ. მასში თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნამდვილი მოსამართლისა თუ ადვოკატის ასაკთან შედარებით ძალზე ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ, მათი დამაჯერებელი ტონი და იურიდიული ტერმინოლოგიის ფართოდ გამოყენება, ზოგჯერ მაეჭვებდა: იქნებ, სულაც არ არის ეს პროცესი იმიტირებული? სტუდენტური "სპექტაკლი” საკმაოდ დამაჯერებელი იყო და ერთ მომენტში დავიჯერე კიდეც, რომ მასში აღწერილი შემთხვევა რეალობას შეესაბამებოდა.
უზენაესი სასამართლოდან დადებითი ემოციებით დატვირთული წამოვედი, მტკიცედ დავრწმუნდი, რომ სწორედ სასურველი პროფესია მქონდა არჩეული და ადრინდელზე უფრო მეტად მომინდა მოსამართლის მანტიის რაც შეიძლება სწრაფად მოსხმა. იმასაც აშკარად მივხვდი, რომ ჯერ კიდევ ბევრი სახელმძღვანელო უნდა წავიკითხო და უამრავ ლექციას დავესწრო, რათა მოსამართლის (ან ადვოკატის) საპასუხისმგებლო თანამდებობა დავიკავო.
მიუხედავად იმისა, რომ იმიტირებული სასამართლო პროცესი ძალიან მომეწონა, ამ საკითხის კომპეტენტურად შეფასება, ჩემი გამოუცდელობის გამო, ჯერ მაინც არ შემიძლია. ან როგორ უნდა დავარწმუნო მკითხველი, რომ ეს პროცესი რეალურს ჰგავდა, როცა ნამდვილ სასამართლო პროცესს არც კი დავსწრებივარ? ამიტომ, მკითხველის სწორედ ინფორმირებისთვის, დახმარება ვთხოვე პროცესის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ბ-ნ რეზო გოგშელიძეს, რომელმაც თავისი შთაბეჭდილებები გულახდილად გამიზიარა და პროცესის დეტალებზე მესაუბრა.
რეზო გოგშელიძე: იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილე სტუდენტებს შარშან სისხლის სამართლის პროცესს ვასწავლიდი. ის დიდძალ მასალას მოიცავს და ძნელია, ერთ სემესტრში ჩაატიო. ამიტომ, ცალკეული საკითხები სტუდენტებამდე უფრო დეტალურად და საფუძვლიანად, რომ მიმეტანა, შევქმენით ე.წ სისხლის სამართლის პროცესის ჯგუფი, სადაც ვმართავდით დისკუსიას პროცესის ცალკეულ დეტალებზე და ვცდილობდით, სისხლის სამართლის პროცესის სათავეებთან მივსულიყავით. სტუდენტებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, დაემუშავებინათ თემები, რომელთა მოსმენისა და შეფასების შემდეგაც გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა იმიტირებული პროცესი. ე.ი, თქვენს მიერ ნანახი "რეალური წარმოდგენის” მონაწილე სტუდენტებს უკვე ვიცნობდი, ვიცოდი მათი მონაცემები და შესაძლებლობები - განაცხადა რეზო გოგშელიძემ.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოხდა სტუდენტების სურვილების მაქსიმალურად გათვალისწინება და რადგან ისინი თვითონ უკეთ გრძნობენ თავის მოწოდებას, მათ თავად განსაზღვრეს, რა სტატუსით სურდათ იმიტირებულ პროცესზე გამოსვლა.
კაზუსი, რომელზეც შემდგომ ააგეს მტკიცებულებები, სტუდენტებს გარკვეული დროით ადრე ჰქონდათ მიცემული,.
იმიტირებული პროცესს ბატონი რეზო გოგშელიძე ასეთ შეფასებას აძლევს: ”შენიშვნები, რა თქმა უნდა, მაქვს, რადგან სტუდენტები ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამენ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ხარვეზების გამოსწორებასაც შეძლებენ. იმიტირებულ პროცესამდე გვქონდა რეპეტიციები, რომლის დროსაც ზოგიერთი მინუსი აღმოიფხვრა. მთლიანობაში, დადებითი მხარეები ბევრად ჭარბობდა უარყოფითს. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტებმა გარკვეული ნორმის ფარგლები დაიცვეს, შეცდომები იყო შესამჩნევი, მაგრამ მათი გამოსწორება შეიძლება. მთავარი ის არის, რომ იმიტირებული პროცესი იყო სტუდენტების ნების გამოვლენა, ახალგაზრდებს სტიმული მისცა და პროფესიულ დახვეწაში დაეხმარა.”
უზენაეს სასამართლოში გამართული იმიტირებული პროცესიდან ზუსტად ორი კვირის შემდეგ ბედმა კიდევ ერთხელ გამიღიმა: საშუალება მომეცა, "პროფესიული სრულყოფისკენ” კიდევ ერთი "დიდი” ნაბიჯი გადამედგა და ჩემი მწირი გამოცდილება მორიგი "გაკვეთილით” შემევსო, - ახალ სასამართლო პროცესს დავესწარი, ოღონდ ასევე იმიტირებულს. თუმცა, ამჯერად შორს წასვლა აღარ დამჭირდა, რადგან პროცესი თსუ-ის მეორე კორპუსში, ახალ სამკითხველო ბიბლიოთეკაში ჩატარდა. მასში მონაწილეობას მეორე კურსელები იღებდნენ, ხოლო ღონისძიების ორგანიზატორი ფაკულტეტის დეკანი, ბატონი დავით კერესელიძე იყო.
30 დეკემბერს, როდესაც ახალი წელი უკვე კარს არის მომდგარი, საქმეს რა გამოლევს: შეგიძლია დედას ან მეგობარს საახალწლო საყიდლებზე გაყვე, ან სახლში დარჩე და ნაძვის ხე მორთო, ანდა სულაც ყველაზე უკეთესი: მშვიდად განაგრძო დილის ტკბილი ძილი და ლამაზი საახალწლო საზმრებიც ნახო. მაგრამ ამ დღეს ჩვეულებრივ საქმეში "ჩავები”: უნივერსიტეტს მივაშურე და... ნანატრი საახალწლო სიზმარიც დაიწყო, - "დანიშნულების ადგილზე გამოცხადებულმა” თვალები მოვიფშვნიტე: ბიბლიოთეკა საახალწლოდ იყო მორთული, დეკანი - სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილი, ხოლო მომავალი იურისტები გამალებით ხსნიდნენ კაზუსს.
საქმე იმაში იყო, რომ უეცრად სერგო ჯორბენაძის (იგი სამოქალაქო სამართლის ცნობილი სპეციალისტი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ერთ-ერთი შემდგენელი იყო. წელს მისი დაბადებიდან 80 წელი შესრულდა) სახელობის კერძო სამართლის იმიტირებულ პროცესზე აღმოვჩნდი, რასაც ნამდვილად არ ველოდი. გამოჩენილი ქართველი ცივილისტის სახელობის პროცესში რომ უნდა მიეღოთ მონაწილეობა, ამის შესახებ სტუდენტებს ბატონმა დავით კერესელიძემ უშუალოდ ფინალის წინ აცნობა.
პროცესში მონაწილე ყველა მეორეკურსელი იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მიერ წაკითხულ კერძო სამართლის მეთოდების შესახებ ლექციების ციკლს ესწრება. იმიტირებული პროცესის ჩატარების იდეაც ლექციაზე გაჩნდა. იგი ორ ეტაპად ჩატარდა: პირველად ოთხი გუნდი შეხვდა ერთმანეთს და მათ შორის გამარჯვებულები ფინალში დაუპირისპირდნენ.
ორი კაზუსი, რომლებიც ახალგაზრდა იურისტებმა პროცესზე განიხილეს, მათივე შედგენილი იყო. რაც შეეხება მოსამართლეებს, ისინი ნახევარფინალში დამარცხებული გუნდის წარმომადგენლები იყვნენ. ფინალში დაფიქსირებული ფრის მიუხედავად, გამარჯვებულად გამოცხადდა ერთ-ერთი გუნდი, რისი მიზეზიც მათი ორგანიზებულობა იყო. კაზუსების გარჩევისას დასახელდნენ საუკეთესო მოსარჩელე და მოპასუხე. პირველი კაზუსის ამოხსნის შემდეგ საუკეთესო მოსარჩელე გახდა ნიკოლოზ შეყილაძე, ხოლო მოპასუხე – უჩა თოდუა. მეორე კაზუსის განხილვისას კი იგივე ნომინაციებში უჩა ძიმისტარიშვილმა და ნონა ზუბიტაშვილმა გაიმარჯვეს.
გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ – ჟურნალი "ქართული სამართლის მიმოხილვა.” გამარჯვებულ გუნდს, ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან ერთად, შემდეგი იმიტირებული პროცესის ორგანიზება დაევალა.
კატეგორია: იურიდიული ლიტერატურა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1561 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]