რამაზ კვარაცხელია ,,დანაშაულის ჩადენა არაერთგზის’’
2011-02-25, 11:53 PM


1999 წელს მიღებულმა ახალმა სისხლის სამართლის კოდექსმა არაერთგზისობის ცნება ჩამოაყალიბა შემდეგნაირად: „არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს  ამ კოდექსის ერთი მუხლის ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენას. . ."  ტერმინი „არაერთგზისი დანაშაული" ადრე ჩვენს კანონმდებლობაში არ გამოიყენებოდა. მის ნაცვლად  1960 წლის კოდექსში მიღებული იყო ტერმინი „დანაშაულის გამეორება" აღნიშნულ განმარტებებში არანაირი განსხვავება არაა, ორივე ტერმინი შინაარსობრივად ერთი და იგივე დატვირთვის მატარებელი ცნებებია. მაგრამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ 2007 წლის 4 ივლისის კანონში გათვალისწინებული ცვლილებით არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. . ." აქედან გამომდინარე ნასამართლობამდე ამა თუ იმ ქმედების განმეორება აღარ არის მისი არაერთგზისობით კვალიფიკაციის საფუძველი. ამ ცვლილებით ნათელია, რომ  1960 წლისა  და 1999 წლის კოდექსის 2007 წლის 4 ივლისამდე არსებული მე–15 მუხლის პირველი ნაწილის რედაქციისაგან განსხვავებით დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მე–15 მუხლის პირველი ნაწილი ერთგვარად ავიწოვებს დანაშაულის გამეორების ცნებას, რადგან არაერთგზის დანაშაულად მიიჩნევს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. აღნიშნული ცვლილებით მე–15 მუხლის დისპოზიცია უფრო შემამსუბუქებელია ვიდრე, მანამდე არსებული რედაქცია. ამ მხრივ საინტერესოა ერთი მაგალითის მოყვანა სასამართლო პრაქტიკიდან. 1999 წლის 14 დეკემბერს ზურაბ იშხანის ძე ნონიაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის II, VI, IX პუნქტებით (ძველი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა. ე. ი. წინათ მკვლელობა ჩადენილმა ნონიაშვილმა ხულიგნური ქვენაგრძნობით, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირთა სიცოცხლეს ჩაიდინა განზრახ მკვლელობა.

ახალ სისხლის სამართლის კოდექსის მე–15 მუხლის პირველი ნაწილში შეტანილი ცვლილებიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე” პუნქტით დაკვალიფიცირდება ისეთი შემთხვევა, როცა მკვლელობის ჩამდენს წინათ ჩადენილი ჰქონდა განზრახ მკვლელობა (სსკ-ის 108-ე ან 109-ე მუხლი)  და ამასთან ნასამართლევი იყო წინათ ჩადენილი მკვლელობისათვის.

ვინაიდან მკვლელობის ჩადენა არაერთგზისად, ნიშნავს განზრახ მკვლელობისათვის ნასამართლევი პირის მიერ მის ჩადენას მინიმუმ ერთჯერ მაინც და ამასთან ნონიაშვილი გასამართლებულია და სასჯელი-უვადო თავისუფლების აღკვეთა მისჯილი აქვს მხოლოდ განმეორებითი მკვლელობის ჩადენისათვის, მიგვაჩნია, რომ უნდა გადაიხედოს აღნიშნული განაჩენი ამ ნაწილში. მართალია დღეს მოქმედი კანონით არაერთგზის მკვლელობის ჩადენა ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას, მაგრამ სამაგიეროდ დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლის რედაქცია აშკარად ამსუბუქებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნონიაშვილის მდგომარეობას. რადგან 2007 წლის 4 ივლისს სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლში შეტანილი ცვლილების მიხედვით ნონიაშვილის მიერ 1997 წლის 19 ოქტომბერს ჩადენილი პაპიაშვილის მკვლელობა არ ჩაითვლება არაერთგზისად ჩადენილ  მკვლელობად.

გასათვალისწინებელია, ის გარემოებაც, რომ ნონიაშვილის მიერ ჩადენილი არც ერთი დანაშაული გარდა არაერთგზის ჩადენილი მკვლელობისა არ ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას. მაგრამ 2007 წლის 4 ივლისს სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლში შეტანილი ცვლილებით სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლის პირველ ნაწილს გაუკეთდა შემდეგი შინაარსის დათქმა „ . . . პირველი ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე ჩადენილ ქმედებებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირმა ბოლო ქმედება ჩაიდინა კანონის ამოქმედების შემდგომ.”, როგორც ჩანს სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლის პირველი ნაწილი აშკარად შემამსუბუქებელია ზურაბ იშხანის ძე ნონიაშვილის სამართლებრივი მდგომარეობის ამიტომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი უნდა გადაისინჯოს, თუმცა აღნიშნულ გარემოებას ხელს უშლის ამავე მუხლის პირველი ნაწილის ზემოთხსენებული დათქმა, რომელიც არსებულ ცვლილებას, რომელსაც შეუძლია პირის მდგომარეობის გაუმჯობესება არ აძლევს უფლებას გავრცელდეს მის ამოქმედებამდე ჩადენილ ქმედებებზე, რითაც აშკარად იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მოთხოვნა, სადაც წერია, რომ „კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს." სისხლის სამართლის კოდექსის მე–3 მუხლის პირველი ნაწილში კი წერია, რომ სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის მე–15 მუხლის პირველი ნაწილის მოქმედება აუცილებლად უნდა გავრცელდეს ამ ცვლილების ამოქმედებამდე ჩადენილ  ქმედებებზე, ხოლო ამ მუხლის ნაწილის დათქმა უნდა გამოცხადდეს ანტიკონსტიტუციურად.

 

რამაზ კვარაცხელია

სამართლის დოქტორი, პროფესორი


კატეგორია: იურიდიული ლიტერატურა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1285 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]