ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლება
2011-04-13, 6:33 PM

"ადამიანებს სურთ იცოდნენ,რა მოაქვს სახელმწიფოსათვის ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლებას-სარგებელი თუ ზიანი”
ლუდოვიკო,შევალიე დე ჟოკორი

ცენზურა ბეჭდვით საქმეში თავისთავად მიუღებელია,ვინაიდან ის ადმიანს ართმევს უფლებას იაზროვნოს თავისუფლად.შეუძლებელია ცენზორები მივიჩნიოთ ისეთ "შეუმცდარ და მოუსყიდავ” პიროვნებებად,რომ მათ გადაწყვიტონ ჩვენს მაგივრად,როგორ ვიცხოვროთ.მთავრობამ,არ უნდა შეზრუდოს წინასწარ ბეჭდვის თავისუფლება უზნეობის აკრძალვის მოტივით,უზნეობის განსაზღვრის პრივილეგია უნდა ჰქონდეს თავად საზოგადოებას და არა მთავრობის მიერ დანიშნულ ცენზორებს.სწორედ ამ სულისკვეთებით არის დაწერილი კანტის ცნობილი ესსე "პასუხი კითხვაზე:რა არის განმანათლებლობა?” ბეჭდვის თავისუფლების ადრეულ დამცველთა უმრავლესობა თვლიდა,რომ მოქალაქენი თავისუფალნი არიან,იმდენად,რამდენადაც აქვთ შესაძლებლობა პრაქტიკულად გამოავლინონ ინიციატივა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმეებში.”ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორების თავდაპირველ ვარიანტში ჯეიმს მედისონმა გამოთქვა:”მოქალაქეებს არ შეიძლება ჩამოერთვათ უფლება ან შეზღუდულ იქნან იმ უფლებებში,თავისუფლად გამოხატონ თავიანთი შეხედულება ზეპირად,წერილობით ან ბეჭდვითი სახით,ხოლო ბეჭდვის თავისუფლება როგორც თავისუფლების ერთერთი ძირითადი საყრდენი,ხელშეუხებელი უნდა იყოს”.მაგრამ აუცილებელია აღინიშნოს,რომ მოქალაქეთა ერთი ნაწილის თავისუფლება გამოთქვას საკუთარი მოსაზრება აუცილებლად მოდის წინააღმდეგობაში მეორე ნაწილის თავისუფლებასთან გააკეთოს იგივე.აზრის თავისუფლებასა და კერძო საკუთრების კავშირზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვეს ჯონ ტრაჩარმა და ტომას ნორდოვენმა ტრაქტატში "სიტყვის თავისუფლების შესახებ”:”თუ არ არსებობს აზრის თავისუფლება,ვერ დაიბადება სიბრძნე და არ შეიძლება იყოს საზოგადოებრივი თავისუფლება სიტყვის თავისუფლების გარეშე.ეს თავისუფლება არის თითოეული ადამიანის უფლება,ვინაიდან ამით ის არ აზიანებს და არ ზღუდავს სხვა ადამიანის თავისუფლებას”.მსგავსი მოსაზრება გამოირჩევა ძალიან დიდი ოპტიმიზმით საბაზრო კონკურენციის მიმართ როგორც საშუალებისა მოქალაქეთათვის მედიის საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.იმავდროულად არ ხდება იმის გათვალისწინება,რომ კონკურენციის არსებობა მედია საშუალებებს შორის მნიშვნელოვნად ზღუდავს პრესის თავისუფლების ხარისხს.არ იქნა გათვალისწინებული საბაზრო პირობებში გარდაუვალად არსებული წინააღმდეგობები,რომლებიც არსებობს ერთის მხრივ საკუთრებისმფლობელთა და ინვესტორთა არჩევანის თავისუფლებას შორის და მეორე მხრივ მოქალაქეთა არჩევანის თავისუფლებას შორის,რომლებიც იღებენ და გადასცემენ ინფორმაციას.უნდა აღინიშნოს რომ თავისუფალი ბეჭდვითი სიტყვის მომხრეებმა არ გაითვალისწინეს თვითცენზურის პრაქტიკა.ამის მიზეზი გახლდათ ის,რომ ისინი ძირითადად "გარე” საფრთხეს ხედავდნენ პოლიტიკურ ძალაუფლებაში.ამ საფრთხის არ არსებობის შემთხვევაში მათ მიაჩნდათ რომ პიროვნებას ძალუძს თავისუფლად საჯაროდ გამოხატოს თავისი აზრი.XX საუკუნეში ტოტალიტარიზმის გამოცხადებამ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა თვითცენზურის პრობლემის მნიშვნელობას,არ არის აუცილებელი ცენზურამ მიიღოს ძალაუფლების უძილო თვალისა და ქვეშევრდომებზე აღმართული რკინის მუშტის ფორმა.ის შეიძლება იქცეს ჩვენს შინაგან ექოდ,იქცეს ერთგვარ მოკავშირედ,რომელიც არასდროს დაგვავიწყებს რომ სასწორზე ჩვენი რეპუტაცია დევს.

უტილიტარიზმის კონცეფცია საზოგადოებრივი აზრის სახელმწიფო ცენზურას განიხილავდა როგორც ოფიციალურად სანქცირებულ დესპოტიზმს.ნაწილობრივ ეს კონცეფცია გადმოცემულია უილიამ გოდვინის და ჯეიმს მილის ნაშრომებში.მოსაზრებები "კეთილზნეობრივი მმართველობის”სასარგებლოდ,რომელიც "ბეჭდვის თავისუფლებისა და ზეპირი დებატების თავისუფლების”საშუალებით მყარდება,განსაკუთრებით დეტალურადაა გადმოცემული ჯერემი ბენტამის წერილებში”ბეჭდვითი და საჯარო დებატების თავისუფლების შესახებ”.ბენტამი ამტკიცებდა, რომ საუკეთესოა ის ხელისუფლება და კანონები,რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ ბედნიერებას მოქალაქეთა რაც შეიძლება მეტი რაოდენობისთვის.

ბეჭდვის თავისუფლების აუცილებლობის დამცველ ყველა მრავალფეროვან დამტკიცებებს აქვს რაღაც საერთო.თითოეული მათგანი აკრიტიკებს სახელმწიფო მმართველობას იმ შეუმჩნეველი ზემოქმედებისთვის რომელსაც ახორციელებს ბეჭდვით საქმიანობაზე,ყოველი მათგანი მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების იდეას,განიხილავს მას როგორც ყველაზე უფრო შესაფერისს ინფორმაციის წარმოებისა და ინდივიდთა შორის მათი გაცვლის.

საქართველოში, რომლის მოსახლეობა ხუთ მილიონს არ აღემატება, ორმოცამდე ტელე და ოცდაათამდე რადიოსადგური მოქმედებს. გარდა ამისა, მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე ზრუნავს 90-მდე გაზეთი და ჟურნალი. საქართველოში მედია საშუალებების სიმრავლეს განაპირობებს ლიბერალური კანონმდებლობა, რომელიც გარდა იმისა, რომ კრძალავს ცენზურას, ასევე ათავისუფლებს ჟურნალისტებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ცილისწამების შემთხვევაში, საუბარი მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებზე საქართველოში თავისთავად პარადოქსულია იმ ფონზე, როცა ჩვენს ქვეყანაში მიღებულია სიტყვის თავისუფლების შესახებ და მაუწყებლობის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობა ევროპაში. მოხდა ცილისწამების დეკრიმინალიზაცია; კანონმა საჯარო და კერძო პირებისთვის დააწესა მტკიცების ტვირთის განსხვავებული სტანდარტები – მტკიცების ტვირთი მოპასუხიდან მოსარჩლეზე გადავიდა; გაითვალისწინა ჟურნალისტური წყაროების აბსოლუტური დაცვის მექანიზმები და გამორიცხა გამონაკლისები; სასამართლოში ამიერიდან მოპასუხედ გამოდის არა ერთი კერძო ჟურნალისტი, არამედ მედია საშუალების, როგორც იურიდიული პირის მესაკუთრე. ყველა ეს მექანიზმი ქმნის სამართლებრივი დაცვის გარკვეულ ბერკეტებს.

თავისთავად კანონმდებლობაში სამართლებრივი ბერკეტების არსებობა არ არის პრესის დამოუკიდებლობის გარანტი, რადგან ამ ბერკეტებს შესაბამისი გამოყენება სჭირდება. საჭიროა საკუთარი თავისუფლებისათვის ბრძოლის ნება არსებობდეს ჟურნალისტებსა და მთლიანად მედიაში. სწორედ აქ არის სერიოზული პრობლემები, რაც შიდა სარედაქციო ატმოსფეროსა და სარედაქციო დამოუკიდებლობის არარსებობასთან, ჟურნალისტური სოლიდარობის დეფიციტთანაა დაკავშირებული.თუმცა ამგვარი ლიბერალური კანონების მიუხედავად, ადგილობრივი თუ უცხოელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ქართული მედიის თავისუფლების ხარისხმა საგრძნობლად იკლო. საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრესის თავისუფლების თვალსაზრისით, საქართველო 25,17 ქულით 167 ქვეყანას შორის 99-ე ადგილზეა. ამ მაჩვენებლით საქართველო დსთ-ს ყველა ქვეყანას უსწრებს.ორგანიზაციის დასკვნაში, რომელიც საქართველოში მედიის პრობლემებს ეხება, ნათქვამია, რომ ზოგადად საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი საკმაოდ მაღალია მაგრამ,აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" წლევანდელი კვლევით, საქართველოს რეიტინგი გასულ წელთან შედარებით ხუთი საფეხურით ჩამოქვეითდა. პრესის თავისუფლების მხრივ საქართველოს 2004 წელს 94-ე ადგილი ეკავა, ხოლო 2003 წელს 73-ე.ვითარების შესაცვლელად ჟურნალისტების ერთმა ნაწილმა გაერთიანება და სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლა გადაწყვიტა.თავისუფლების ხარისხის კლებას დიდწილად მედიასაშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობის სისუსტე განაპირობებს. კედელი, რომელიც შემოქმედებით ჯგუფს კომპანიის მფლობელისგან უნდა მიჯნავდეს, საძირკვლამდეა დანგრეული. შესაბამისად, "პატრონი", რომლის ვინაობა, ხშირ შემთხვევაში, უცნობია, ერთპიროვნულად წყვეტს საკადრო თუ შემქმედებით საკითხებს.

საერთაშორისო შეფასებებით, საქართველო კვლავინდებურად ნაწილობრივ თავისუფალი პრესის მქონე ქვეყნების რიცხვს განეკუთვნება, რაც საკმაოდ დამაფიქრებელია იმ ფონზე, როდესაც ზოგადად ქვეყნის დემოკრატიული განვითარება წინ მიდის. პრესაში ასეთი პროგრესი არ ხდება. უფრო მეტიც, ფაქტი, რომ ზოგადი პროგრესის ფონზე პრესა ისევ ძველ პოზიციებს ინარჩუნებს, იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ მედია საზოგადოების განვითარების ტემპს ჩამორჩა და გარკვეულ უკუსვლასთანაც კი გვაქვს საქმე.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათი-თხუთმეტი წლის განმავლობაში საქართველო მართლაც გამოირჩეოდა საკმაოდ დინამიური და კრიტიკული პრესით, რომელიც ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა დემოკრატიული გარდაქმნების პროცესში, თავად მედიის მდგრადობის ხარისხი საკამათოა. წლების მანძილზე ვერ მოხერხდა სარედაქციო დამოუკიდებლობის ტრადიციის ჩამოყალიბება და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება. ჟურნალისტების პროფესიული ეთიკა კვლავინდებურად დაბალ დონეზე რჩება და რაკიღა არ არსებობს ჟურნალისტური პროფესიის საერთო ფასეულობები, არ არსებობს არც ამ საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული პროფესიული ასოციაციები. საკმაოდ დაბალია ჟურნალისტთა სოლიდარობაც ერთმანეთის მიმართ. ეს პრობლემები განსაკუთრებით მწვავედ თავს ახალ რეალობაში იჩენს.დამატებით სირთულეებს ქმნის მედია ბაზარზე არსებული ვითარებაც. სულ უფრო მეტად იკვეთება ოლიგარქიზაციის ტენდენცია. სამწუხაროდ, პრესა დღემდე ვერ ჩამოყალიბდა მდგრად, მყარ ბიზნესად. ამის ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, ქვეყნის ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობაც არის. სარეკლამო ბაზარი საკმაოდ მწირია. მედიის სუბსიდირება ძირითადად სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფების მიერ ხდება. ფაქტი, რომ მსხვილი ელექტრონული მედიის მესაკუთრეები ამ ქვეყნის უმდიდრესი ადამიანები არიან, და საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვთ, ერთ-ერთი საფრთხეა,
რომელიც მედიის დამოუკიდებლობას ემუქრება.

მიუხედავად განვითარების აშკარა ტენდენციისა, სამწუხაროდ ბეჭდვითი მედიის გავრცელების არეალი კვლავ საკმაოდ შეზღუდულია. ძირითადი, ყოველდღიური გამოცემების ტირაჟები როგორც წესი `5-10` ათასის ფარგლებში მერყეობს. აქედან გამომდინარე საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიღების ძირითად საშუალებად კვლავ ელექტრონული მედია რჩება. სწორედ ამ სფეროში არსებული პრობლემები არაერთ დამკვირვებელს იმ დასკვნის საფუძველს აძლევს, რომ ელექტრონული სიტყვის თავისუფლება საქართველოში არათუ სტაგნაციაშია, არამედ რეგრესსაც განიცდის.

საქართველოში დამოუკიდებელი პრესის ისტორია პარტიულ პრესას უკავშირდება, რომელიც ტრადიციულად ხელისუფლების ერთგვარი ოპოზიციის როლს ასრულებდა. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გაჩნდა პარტიული გამოცემები. კავშირი პოლიტიკასთან შემდგომში პოლიტიკოსებთან კავშირში გადაიზარდა. ჟურნალისტები მკითხველებზე მეტად პოლიტიკოსებზე იყვნენ ორიენტირებულნი და მათთვის წერდნენ. ილია ჭავჭავაძის თქმისა არ იყოს, საქართველოს ისტორია მხოლოდ მეფეთა ისტორიაა და ხალხი არ ჩანს. საზოგადოება არც დღევანდელ გაზეთებსა და საინფორმაციო გამოშვებებში ჩანს და ძირითადი აქცენტი კვლავ პოლიტიკოსებზე კეთდება. ბეჭდური მედიის სისუსტის მიზეზი სწორედ ის არის, რომ მათი სამიზნე აუდიტორია არა საზოგადოება, არამედ ცალკეული პოლიტიკური ჯგუფებია. გაზეთები არ არიან ორიენტირებული მკითხველზე და მათ მოთხოვნილებებზე, რაც ტირაჟების სიმწირეს განაპირობებს.

ჟურნალისტების ერთმა ნაწილმა მართლა დაიჯერა, რომ მედია ხელისუფლებაა („მეოთხე ხელისუფლება") და შესაბამის პატივისცემას მოითხოვენ. სახელმწიფო მოხელეების მსგავსად, მათაც არ მოსწონთ საკუთარი მისამართით გამოთქმული კრიტიკა, გაწყვეტილი აქვთ კავშირი საზოგადოებასთან და ასე შემდეგ. არადა, ჟურნალისტიკის უპირველესი მიზანი არა ძალაუფლებითა და გავლენით ტკბობაა, არამედ საზოგადოების უზრუნველყოფა იმ ინფორმაციით, რომელიც მოქალაქეებს თავისუფლებისათვის სჭირდებათ. ვინც ამას ახერხებს, სწორედ ისაა ჟურნალისტი და სწორედ მათ უწევს ანგარიშს პოლიტკური კლასიც. ჟურნალისტი, რომელიც არ ქმნის პროდუქციას, ჰგავს იმ აჩრდილს, რომლის არსებობისა ვიღაცას სჯერა, ვიღაცას კი – არა.

www.media.ge
www.ombudsman.ge
www.humanrights.ge
www.osgf.ge

კატეგორია: იურიდიული ლიტერატურა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1539 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]