ამერიკის წარმატებული ინსტიტუტი
2011-04-07, 7:07 PM
ამერიკის წარმატებული ინსტიტუტი



ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დღეისთვის წარმატებულად ყველაზე მეტად ამერიკის შეერთებულ შტატებში ფუნქციონირებს. სტატისტიკური მონაცემებით, აქ ყოველწლიურად, ნაფიც მსაჯულებს 120 ათასზე მეტ საქმეზე გამოაქვთ ვერდიქტი. ეს მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში მიმდინარე სასამართლო პროცესების 90 პროცენტს შეადგენს. საქმე ისაა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაფიც მსაჯულებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ არა მარტო სისხლის სამართლის საქმეების, არამედ სამოქალაქო საქმის განხილვაშიც. 


აშშ-ის სასამართლოს თავისებურებენი

ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს ყველა კატეგორიის დანაშაულის საქმეები, რომელთა გამო, კანონით, შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა ექვს თვეზე მეტი ვადით. თუმცა, ამგვარ შეზღუდვას აშშ-ის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს. იგი შემუშავებულია პრაგმატული მიდგომით და უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკით.  
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოქალაქო სარჩელების განხილვისას ნაფიცი მსაჯულები არა მხოლოდ მხარის დამნაშავეობას ან უდანაშაულობას ადგენენ, არამედ მიყენებულ ზარალსაც განსაზღვრავენ და ამა თუ იმ მხარისთვის დასაკისრებელი ჯარიმისა და კომპენსაციის ოდენობასაც ადგენენ. 

ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა საერთო სიების შედგენის წესები

აშშ-ში პოტენციური ნაფიცი მსაჯულობის  კანდიდატთა სიების შედგენის ძირითადი მეთოდია ამომრჩეველთა, ანუ ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეთა სიების გამოყენება. ზოგიერთ შტატში ამომრჩეველთა სიების გარდა, იყენებენ გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირთა და მძღოლის მოწმობის მქონეთა სიებსაც. უფრო მეტიც, სატელეფონო ცნობარებსაც. ამის მიზანია ის, რომ მაქსიმალურად სრული სია შედგეს იმ პირებისა, რომელთა მოვალეობაა ნაფიც მსაჯულთა სამსახური.  სიებს,  როგორც წესი, ადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.  ამ წყაროებიდან მიღებული სიების გაერთიანება კი არ ხდება, არამედ ხდება მათი გადარჩევის პროცედურა - ასაკის (მინიმალური და მაქსიმალური), მოქალაქეობის ქონა-არქონის და სხვა მარტივი ნიშნების მიხედვით. დგება საერთო და სათადარიგო სიები და მათზე პასუხს აგებენ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოები. სიების განახლება ხდება ყოველწლიურად. 
შერჩეულ კანდიდატებს ფოსტით ეგზავნებათ ანკეტის კითხვარის ტიპის დოკუმენტი, რომელსაც აშშ-ში საკვალიფიკაციო ცნობარს უწოდებენ. მასში შეტანილია ყველა ის ცნობა და მონაცემი, რომელსაც  ითვალისწინებს კანონმდებლობა. კანდიდატი ვალდებულია, შევსებული ანკეტა დაუბრუნოს ადრესატს - სასამართლოს. ეს არის პირველადი და ძირითადი წყარო, რომლის მეშვეობითაც სასამართლოში იწყება ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატების შერჩევის პირველი ეტაპი. 
ამერიკის შეერთებულ შტატებში დადგენილია საკვალიფიკაციო ცნობართან დაკავშირებული პროცედურა. ცნობარი ადრესატს ეგზავნება ფოსტით და ეძლევა წინადადება, 10 დღეში (ზოგიერთ შტატში დადგენილია უფრო დიდი ვადა) შეავსოს, ხელი მოაწეროს, ფიცის ქვეშ დაამოწმოს მასში მითითებული მონაცემების სისწორე და დაუბრუნოს გამგზავნს - სასამართლოს. პირი, რომელმაც შევსებული ცნობარი არ დააბრუნა, შეიძლება გამოიძახონ მდივანთან ან კომისიაში დოკუმენტის შესავსებად. თუ პირი არ გამოცხადდება, იგი განმარტების მისაცემად გამოძახებული იქნება მოსამართლის ბრძანებით.  თუ მოსამართლის ბრძანებითაც არ გამოცხადდება და არც საპატიო მიზეზის მტკიცებულებას გაგზავნის, ასეთი პირი შეიძლება დაჯარიმდეს 100 დოლარით, ან დაისაჯოს სამდღიანი პატიმრობით, ან ორივე სანქციით. ასევე პასუხს აგებს ის, ვინც არსებითი  მნიშვნელობის მქონე აქტს ცნობარში დაამახინჯებს ნაფიცი მსაჯულობისგან თავის ასარიდებლად, ან პირიქით, არსებითი მნიშვნელობის აქტის ცნობარს დაამახინჯებს იმის გამო, რომ უკანონოდ გახდეს ნაფიცი მსაჯული.  
ნაფიცი მსაჯულობის გამომრიცხველ გარემოებებად ითვლება მოქალაქეობის არქონა, სამართალწარმოების ენის არცოდნა, ბინადრობის ცენზი, ასაკობრივი შეზღუდვა, ჯანმრთელობის არასათანადო მდგომარეობა, შეუთავსებლობა პროფესიული, თანამდებობრივი საქმიანობის ხასიათი თუ სამსახურებრივი ნიშანი (ასეთ პირთა ჩამონათვალი 70-ს აღწევს) და თუ პირი არის ნასამართლევი, განსასჯელი და ბრალდებული.  
ნაფიცი მსაჯულობიდან გამოირიცხება მოქალაქე ხანდაზმულობისა და სხვადასხვა დაავადების გამო. შესაძლოა, გამოირიცხონ ექიმები, მასწავლებლები, ორსული და ბავშვიანი ქალები, მძიმე პირადი და ოჯახური მდგომარეობის მქონე პირები, სამსახურებრივ სამუშაოსთან და საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონენი და სხვები.  
აშშ-ის კანონმდებლობით, თუ სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს, რომ გადაულახავი სიძნელეებისა ან მეტისმეტად დაუძლეველი გარემოებების გამო ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი ვერ შეძლებს საქმის განხილვისას იყოს მიუკერძოებელი, ვერ განახორციელებს ნაფიცი მსაჯულის ფუნქციას, დაარღვევს სასამართლო წარმოების საიდუმლობებას, ან მავნე გავლენას მოახდენს მსაჯულებზე ვერდიქტის გამოტანისას, ამგვარი პიროვნება კანდიდატობიდან დროებით გათავისუფლდება.  
გამოსაძახებელ კანდიდატთა რაოდენობა განისაზღვრება კონკრეტული საქმის გარემოებების მიხედვით. თუ საქმე გახმაურებულია, მაშინ, კანდიდატთა გაცილებით მეტი რაოდენობა იქნება გამოძახებული, რადგან მოსალოდნელია, იმ დიდი ნაწილის აცილება, რომელიც კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, შესაძლოა დეტალურად იყოს ინფორმირებული მასმედიის საშუალებით. გამოსაძახებელთა რაოდენობას განსაზღვრავს მოსამართლე. აშშ-ში ჩვეულებრივ შემთხვევაში იძახებენ 36-40 კანდიდატს. ხოლო, გამონაკლის შემთხვევებში, მოწვეულ კანდიდატთა სია,  შესაძლოა, გაცილებით დიდი იყოს. გამოსაძახებელ კანდიდატთა ჯგუფში უნდა შედიოდეს ამ სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ყველა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელი. 
გარდა ამისა, თუ შესაძლებელია, გათავლისწინებიული უნდა იყოს გენდერული, რასობრივი, ასაკობრივი, აბორიგენთა, სხვადასხვა სოციალური ფენებისა და ჯგუფების წარმომადგენლობა. 
ამერიკაში კანდიდატების შერჩევის სისტემას ყველა ფედერალური სასამართლო თავად ქმნის. კერძოდ, ირჩევენ კომისიას სასამართლოს სხდომის მდივნის და ერთი მოქალაქის შემადგენლობით, რომლებიც ერთი და იმავე პარტიის წევრები არ უნდა იყვნენ. შემუშავებულია სპეციალური მოწყობილობა კენჭისყრისთვის. კენჭისყრა   ტარდება საჯაროდ, ხალხის თანდასწრებით, მდივნის ან მოსამართლის მიერ.  


კანდიდატთა მომზადება

კანდიდატებს სასამართლოში იძახებენ უწყებით, ან სხვა საშუალებით (მაგალითად, ელექტრონული ფოსტით). კანდიდატებს პირველივე წუთიდანვე უტარდებათ პერსონალური ინსტრუქტაჟი. ნაფიცი მსაჯულების კანდიდატებს ეძლევათ სპეციალურად მომზადებული საინფორმაციო მასალა  - ბუკლეტი, ცნობარი, ბიულეტენი, სახელმძღვანელო. გამოცხადებულ კანდიდატთა რეგისტრაციას, მათთვის გამოყოფილ ოთახში  განთავსებას და ინსტრუქტაჟს ახორციელებს სასამართლოს საამისოდ უფელაბამოსილი მოხელე წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით, თუმცა არასებული პრაქტიკით, ამ საქმეს უშუალოდ ხელმძღვანელობს მოსამართლეც. 
ბრალდებას და დაცვის მხარეს არამოტივირებულად შეუძლიათ ორ-ორი კანდიდატის აცილება. კანდიდატის მოტივირებული აცილების შემთხვევაში კი, მხარეებმა არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთონ აცილების მიზეზი. აცილების აქილევსის ქუსლია ნაფიც მსაჯულთა ინფორმირებულობა განსახილველ საქმეზე. 
აშშ-ის რვა შტატში დაშვებულია ოთხ-ოთხი, ან ნაკლები კანდიდატის არამოტივირებული აცილება, ხუთ შტატში - 12-12-ის, ან მეტის. დანარჩენ შტატებს კი შუალედური პოზიცია უჭირავთ. ამასთან, ფედერალური კანონმდებლობით, თუ განსასჯელს ემუქრება სიკვდილით დასჯა, მხარეებს შეუძლიათ განაცხადონ 20-20 დაუსაბუთებელი აცილება, თუ ნაკლები სასჯელი ემუქრება განსასჯელს, მაშინ ბრალდებას აქვს ექვსი, ხოლო დაცვას ათი ამგვარი აცილების უფლება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსამართლეს გააჩნია აღნიშნული ლიმიტის გაზრდის ან შემცირების უფლება. 
 
ჟიურის თავმჯდომარე

ნაფიც მსაჯულთა ჟიურის ფორმირების ამოწურვის შემდეგ, ხდება ნაფიც მსაჯულთა ჟიურის თავმჯდომარის არჩევა. ნაფიც მსაჯულთა ჟიურის წინამძღოლი, ძირითადად, დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციას  ასრულებს ნაფიც მსაჯულებასა და სხდომის თავმჯდომარეს, სხდომის მდივანსა თუ სხვა მუშაკებს შორის, ორგანიზებას უკეთებს კენჭისყრას, თვითონ ხმას ბოლოს აძლევს, აცხადებს ვერდიქტს სასამართლო დარბაზში და ასე შემდეგ. წინამძღოლის არჩევა, როგორც წესი, ხდება თვითონ ნაფიცი მსაჯულების მიერ. სხდომის თავმჯდომარის მონაწილეობის გარეშე სათათბირო ოთახში. არჩევა ხდება ხმათა უმრავლესობით

ფიცი 

ფიცის დადებამდე ყველა პროცედურაგავლილი პირიც კი ისევ ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატად რჩება. ფიცის დადების რიტუალი გათვალისწინებულია კანონმდებლობით, ამიტომ ეს წმინდა რიტუალი კი არა არის,  არამედ, პროცედურულად მნიშვნელოვანი აქტია.  სხდომის თავმჯდომარე კითხულობს ფიცის ტექსტს და სათითაო წევრი ხმამაღლა ამბობს - ~ვფიცავ~. ფიცის მიღების შესახებ ჩანაწერი კეთდება სხდომის ოქმში, ფიცის მიღებისთანავე. სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულებს განუმარტავს კანონით გათვალისწინებულ უფლებებს და მოვალეობებს, აკრძალვებს და პასუხისმგებლობის საკითხებს.  

აკრძალვები  ნაფიცი მსაჯულებისთვის

სისხლის სამართლის საქმის მოსმენის დროს ნაფიც მსაჯულებს არ შეუძლიათ გავიდნენ დარბაზიდან. ვერდიქტის გამოტანისას არ აქვთ უფლება, წინასწარ გამოთქვან საკუთარი აზრი განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე. არ აქვთ უფლება, განსახილველი სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ ესაუბრონ პირებს, რომლებიც არ შედიან სასამართლოს შემადგენლობაში. ასევე არ აქვთ უფლება, სასამართლო სხდომის გარეთ შეაგროვონ ცნობები განსახილველ საქმეზე, დაარღვიონ ნაფიც მსაჯულთა თათბირისა და კენჭისყრის საიდუმლოება. 


ნაფიც მსაჯულთა დიდი და მცირე ჟიური 

თავის დროზე აშშ-შიც დაინერგა ნაფიც მსაჯულთა დიდი ანუ, "საბრალდებო ჟიური" და მცირე ჟიური. ნაფიც მსაჯულთა მცირე ჟიური ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მთავარი ღერძია. იგი წარმოადგენს კოლეგიას (შემადგენლობას), რომელიც ახორციელებს სისხლის სამართლის საქმეთა არსებითად განხილვას ვერდიქტის გამოტანის მიზნით. აგრეთვე, არსებითად იხილავს სამოქალაქო საქმეებს. 
დიდი ჟიურის  შემადგენლობა მერყეობს 16-დან 23-მდე. თუმცა, ტეხასის შტატში დაშვებულია 12 მსაჯული, რომელთაგან 9 უკვე ქმნის კვორუმს.  მართალია, ინგლისში დიდმა ჟიურიმ იარსება 1993 წლის ბოლომდე, მაგრამ აშშ-ში იგი დღემდე ფუნქციონირებს, თუმცა, ისევე როგორც ინგლისში, მისი ფუნქციები (კომპეტენცია-განსჯადობა) თანდათანობით შეიზღუდა. 
დიდ ჟიურის აშშ-ში ნაწილობრივ ჩაენაცვლა პროფესიონალი მოსამართლე, ან მაგისტრატი მოსამართლე. ამით გამარტივდა ნაფიც მსაჯულთა დიდი  ჟიურის ერთადერთი ფუნქცია _ ბრალდებულის სამართალში მიცემის ანუ წინასწარი მოსმენის განხორციელება, რაც ძირითადად, საპროცესო ეკონომიის მოთხოვნებით  აიხსნება.  დიდი ჟიურის ინსტიტუტის გამოყენება გამონაკლის შემთხვევებში ხდება. საუბარია მხოლოდ საშიშ დანაშაულებზე. იმისათვის, რომ პირი სამართალში მიეცეს, ამისათვის საქმე დიდმა ჟიურიმ უნდა განიხილოს. თუ ჟიური საკმარისად ჩათვლის ბრალის დასამტკიცებლად შეკრებილ მასალებს, მაშინ იგი ამტკიცებს დოკუმენტს, რომელსაც საბრალდებო აქტო ეწოდება. სწორედ ეს აქტია ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის არსებითად განხილვის საფუძველი. საბრალდებო დოკუმენტის წარდგენასთან ერთად, დიდი ჟიური წყვეტს აღმკვეთი ღონისძიების საკითხსაც. ბრალდებულის თანხმობის და სხვა გარემოებების არსებობისას წყდება საკითხი წინასწარი განხილვის ჩატარების თაობაზე დღისა და საათის მითითებით. თუ წინასწარი განხილვის, ანუ მოსმენის დაწყებამდე არ მოხდა გარიგება ბრალის აღიარების თაობაზე, ანდა სხვა გარიგებაზე, ტარდება საქმის წინასწარი განხილვა. ნაფიც მსაჯულთა დიდ ჟიურიში საქმის განხილვა უფრო გასაიდუმლოებულია. ხშირად მხოლოდ პროკურორის მონაწილეობით ტარდება და ამდენად, დაცვის მხარის მტკიცებულებებს დიდი ჟიური ვერ ეცნობა.  დიდ ჟიურის შეუძლია დაკითხოს როგორც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი, ისე თავად ჟიურის მოთხოვნით მიწვეული მოწმეები. შედეგების მიხედვით, იგი ან ამტკიცებს პროკურორის მიერ წარდგენლ საბრალდებო აქტს, ან უარს ამბობს მის დამტკიცებაზე. ანდა მითითებას აძლევს პროკურორს, ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალის წარდგენის თაობაზე. პროკურორისთვის უარის თქმის პროცენტული მაჩვენებელი 3-დან 8 პროცენტამდე მერყეობს. 


ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სხდომა

აშშ-ში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით სასამართლო სხდომაზე დაკითხვა იყოფა სამ ეტაპად. ძირითადი, ანუ პირდაპირი, ჯვარედინი და განმეორებითი. ჯვარდინი დაკითხვისას მეორე მხარის  შემდეგ შეკითხვებს სვამენ მოსამართლე და ნაფიცი მსაჯულები (ნაფიცი მსაჯულები კითხვებს სვამენ სასამართლოს თავმჯდომარის მეშვეობით). ამერკულ პროცესში მოსამართლე მეტ აქტიურობას იჩენს, როგორც დაკითხვისას, ისე სასამართლო კონტროლის მოტივით. 
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში მხარეთა კამათი იმართება ნაფიც მსაჯულთა სათათბიროდ გასვლამდე. ამ დროს მოსამართლე ამბობს სადამრიგებლო, შემაჯამებელ სიტყვას. თუ მხარეები ცდებიან საკუთარ საზღვრებს, სხდომის თავმჯდომარე აჩერებს მათ, ხოლო ნაფიც მსაჯულებს განუმარტავს, არ მიიღონ მხედველობაში კანონის დარღვევით მიწოდებული ინფორმაცია ან მტკიცებულებები, რომლებიც საქმეს არ ეხება, ან არ არის გამოკვლეული სასამართლო სხდომაზე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით (ასეთ მტკიცებულებას ძალა არ აქვს).  
სასამართლოზე მხარეთა კამათის შემდეგი ეტაპი არის მხარეთა რეპლიკა, შემდეგ კი - განსასჯელის საბოლოო სიტყვა, რის შემდეგაც ნაფიცი მსაჯულები გადიან სათათბირო ოთახში გადაწყვეტილების მისაღებად.  
ნებისმიერი სხვა ფორმის სასამართლოსგან განსხვავებით, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით სისხლის სამართლის საქმეთა განხილვისას მხარეთა კამათის, რეპლიკისა და განსასჯელის საბოლოო სიტყვის პროცედურები ტარდება ორ რაუნდად. ნაფიც მსაჯულთა თანდასწრებით, მათ მიერ ვერდიქტის გამოტანამდე და ნაფიც მსაჯულთა გარეშე - მოსამართლესთან ვერდიქტის საფუძველზე განაჩენის გამოტანის წინ. დაუშვებელია ნაფიც მსაჯულთა მიერ უკვე ვერდიქტით გადაწყვეტილი საკითხის განხილვა-დებატირება.

ნაფიც მსაჯულთა თათბირი

ნაფიც მსაჯულთა კოლეგიის თათბირს ესწრებიან მხოლოდ ნაფიცი მსაჯულები. სხვა პირის დასწრება ვერდიქტის გაუქმების საფუძველია. ამიტომ, თათბირის  ოქმით, სტენოგრამით და სხვა რაიმე ფორმით დაფიქსირება არ ხდება. ნაფიც მსაჯულებს უფლება აქვთ, გამოიყენონ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული საკუთარი  ჩანაწერები, აგრეთვე ნორმატიული, საცნობარო, სამეცნიერო-პრაქტიკული და სხვა საჭირო იურიდიული ლიტერატურა. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, აშშ-ში ნაფიც მსაჯულებს უფლება აქვთ, სათათბირო ოთახში ჰქონდეთ მტკიცებულებები - საჭიროების შემთხვევაში მათი ხელახალი დათვალიერების მიზნით.  
თათბირს ხელმძღვანელობს ნაფიც მსაჯულთა თავმჯდომარე, რომელიც კენჭისყრის დამთავრების შემდეგ ითვლის ხმებს, შედეგები შეაქვს "ვერდიქტის ფორმაში" და "კითხვათა ფურცლებში" - პასუხის სახით. ხელს აწერს მას და გადასცემს სასამართლოს თავმჯდომარეს. მოსამართლის მიერ ვერდიქტის მოწონების შემთხვევაში, ნაფიც მსაჯულთა ჟიურის თავმჯდომარე აქვეყნებს ვერდიქტს სხდომათა დარბაზში. 
ვერდიქტის კლასიკური სახეებია - გამამართლებელი და გამამტყუნებელი. 
ვერდიქტის ერთსულოვნება მოითხოვება აშშ-ის 45 შტატში. თუმცა, ყველა შტატში ვერდიქტი ერთსულოვანი უნდა იყოს იმ საქმეებზეც, რომლებზეც შეიძლება დაინიშნოს სიკვდილით დასჯა. საქმის განხილვა ხდება ექვსი მსაჯულის (ანუ მინიმალური) შემადგენლობით.  არც ერთ შტატში ვერდიქტს მოტივირება არ სჭირდება. გამოცხადებული ვერდიქტი დაუყოვნებლივ შედის სხდომის ოქმში. ჩანაწერი იქვე წაეკითხებათ ნაფიც მსაჯულებს, რომლებიც ხელის მოწერით ადასტურებენ ჩანაწერის სისწორეს. ხელის მოწერის დადასტურების შემდეგ, ნაფიცი მსაჯულები თავისუფლდებიან პროცესიდან. 
ნაფიც მსაჯულთა თათბრის საიდუმლოებას საიმედოდ აკონტროლებენ სასამართლო ბოქაულები ანდა მოსამართლის დავალებით -  პოლიციელები.

ნაფიცი მსაჯულები და სასჯელი

აშშ-ში ნაფიცი მსაჯულები წინასწარი ვერდიქტის წესით დამოუკიდებლად წყვეტენ რეკომენდაციის ფორმით სასჯელთან დაკავშირებულ საკითხებსაც. 
აშშ-ში ნაფიც მსაჯულთა უნიკალურ ფუნქციად ითვლება, მათ მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის შემდეგ სიკვდილით დასჯის გამოყენებაზე სარეკომედაციო გადაწყვეტილება. ამ ფუნქციიდან გამომდინარე, 23 შტატში გათვალისწინებული იყო ნაფიც მსაჯულთა მიერ წინასწარ დადგენილი გადაწყვეტილება სიკვდილით დასჯის გამოყენების თაობაზე. 


ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ნულიფიკაცია

აშშ-ში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უფლებამოსილია - კანონის უგულვებლყოფით გაამართლოს განსასჯელი.  ნაფიც მსაჯულთა ჟიური ერთადერთი სასამართლო ტრუქტურაა, რომელსაც თვითონ კანონი ანიჭებს უფლებას, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, შინაგანი რწმენის, სინდისის, გამოცდილების შესაბამისად გადაწყვიტოს განსასჯელის ბედი

წყარო: http://www.msajuli.ge
კატეგორია: იურიდიული ლიტერატურა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1511 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]