უკაცრავად, თქვენ დებილი თაობა ხართ!
2011-03-24, 0:42 AM


"незнайк"–ების თაობა

"თქვენ დაკარგული თაობა ხართ”გერტრუდ სტაინი
"თქვენ ახალი თაობა ხართ” – იაპონელი ტექნოლოგები
"თქვენ დებილი თაობა ხართ” – ტელეკომპანია "იმედი”

"უწიგნურებო, ილია მართალი როგორ არ იცით” ან "ლოოლ, ღმერთო ურო ჩამცხე”-ს ძახილი ქართული ტელევიზიებისა და ”Facebook”-ელი ინტელექტუალებისთვის უკვე ტრადიციად იქცა.

ტელევიზიებს – სხვაგვარად გადაცემა ჩაუვარდებათ და იმიტომ, ინტელექტუალებს კი "უკვე საკმარისზე მეტი წაუკითხავთ” და პირად მოვალეობად ჰრაცხენ (რეკომენდირებული სიტყვაა) "შოთა რუსთაველი მეხუთე საუკუნეში მეფობდა”–ს მთქმელი ადგილზევე ირონიულად გაძიძგნონ (თანაც ისე, რომ როგორმე საკუთარი ინტელექტის ზეობასაც ხაზი გაუსვან). მოკლედ, ერთნი აქილიკებენ და მეორენი აქ  ი–like-ბენ. ერთი შეხედვით, ყველა კმაყოფილია.

ჩანართი # 1: "ქრონიკის” ჟურნალისტი ელენე ახვლედიანის ნახატების გამოფენაზე მხატვრის მობილური ტელეფონის ნომერს ეძებდა, მისგან ინტერვიუ რომ აეღო;

"ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუცა მეფეთა და პოეტთა ერთად ემართათ ხალხი"

ცოტა ხნის წინ "იმედზე” "სპეციალური რეპორტაჟი” გავიდა, სადაც წამყვანმა ერის წიგნიერებაში არსებული მანკიერებანი შემზარავი სახითა და ცინიკური ღიმილით ამხილა. შემდეგ კი ხუთ თუ ექვს ადამიანზე (სავარაუდოდ, გადაცმულ უცხოპლანეტელებზე) დაყრდნობით დაასკვნა, რომ  საქართველო "მაგარ ფეკალურ მასებში” იყო ჩამჯდარი. რა თქმა უნდა, გადაცემის მსვლელობისთანავე გამოჩნდნენ იმ ტიპის ადამიანები (ფეხშიშველს უფეხოს დანახვა რომ ახარებს ხოლმე), რომელთაც "–სამკუთხედს რამდენი გვერდი აქვს? –ორი”, "–ბუდისტები რა რელიგიის არიან? მაჰმადიანები”, "–ვინ გაიმარჯვა საქართველო–ვიეტნამის ომში? –ამერიკამ” ციტატები სტატუსებად აიტაცეს და უმეცართა ხელმოცარულობაზე გულამოსკვნილი ხარხარი ( a.k.a ":)))))))” ან "ვხოხავ”) ატეხეს.  სამაგიეროდ, გადაცემა შედგა და მიზანი "ვაცინოთ უმეტესობა უმცირესობის სისულელზე” წარმატებით იქნა მიღწეული. ტაში, მეგობრებო.

ჩანართი # 2: "ქრონიკის” ჟურნალისტმა სიუჟეტის ტექსტის წერისას "ადგილობრივი აბორიგენი” რომ გამოიყენა, მისი სინდისი ამის გამო ოდნავადაც არ შეწუხებულა;

"ამართლებს შიშველი ქალები რეიტინგის ამბავშიო" – ამბობენ

თუმცა, "იმედს” ალბათ დაავიწყდა, რომ ტელევიზიას გლამურულ–ელიტური გადაცემების მზადების, მონიკა ბელუჩის მკერდზე სიუჟეტის კეთების, მოდელური შოუებისა და მოდელირებული საინფორმაციოების ეთერში გაშვების, უზომო რაოდენობის უხარისხო სერიალების ჩვენებისა და ”მმკ”–ს "ამგდები” სისულელეების შექმნის გარდა, შემეცნებითი (დავაკონკრეტებ "საგანმანათლებლო”) ფუნქციაც აკისრია. აქედან გამომდინარე, სანამ  მათგან ვინმე ახალგაზრდების უწიგნურობაზე რამეს იტყოდეს, ჯერ ის უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, ყოველღამე ("ფლეიბოის” რომ გაუშვებს, იმის პარალელურად): "აბა მე დღეს ვის რა ვარგეო?”

რიტორიკული შეკითხვა იქნება, გეთანხმებით. თუმცა, არგუმენტები მაინც არ გვაწყენს.

ამონარიდი იმედის ორშაბათის ტელეპროგრამიდან:

10:00 – სერიალი "სილამაზის მსხვერპლი”, 11:30 – სერიალი "ბოშები”, 12:35 – სერიალი "ლობას საიდუმლო”, 16:00 – სერიალი "მონტეს ოჯახი”, 17:40 – სერიალი "სიყვარულის ზღვა”, 18:40 – სერიალი "ლობას საიდუმლო (ეს რატომღაც პრივილეგირებული სერიალია – ამეორებენ), 21:00 – სერიალი "ქალბატონი”.

შემეცნების სავარაუდო დონე: "მანუელას უყვარს ხორხე, ხორხეს – გვადალუპე, გვადალუპეს – ანდრესი, ანდრესს – მეზობლის ცხენი, რომელიც რეალურად გვადალუპეს ალალი ბიძაშვილია, მაგრამ ანდრესის დედისა და მის ფაზენდაში მომუშავე მეჯინიბის შვილიშვილის სასიყვარულო ურთიერთობებზე დაკვირვების გამო ამ ამბავს ბოლო სერიამდე არ ამხელს”

"როგორ უხდებით ერთმანეეეეთშ :* :X"

ამდენი სერიალის შემდეგ, რაღა ხმა ამოეღებათ, მაგრამ საკუთარ სინდისთან კონფლიქტი რომ არ მოგვივიდეს, სჯობს თვალი გადაცემებსაც გადავავლოთ. იქნებ და იქ მაინც ღვიოდეს შემეცნების მარცვალი:

"დღის შოუ” – "სამოთხის ვაშლების” გაუმჯობესებული ვერსია, სადაც სამი ქალბატონი – ცხოვრებისგან გამობრძმედილი ია, ღრმად ერუდირებული დოდოშკა და არაორდინალური ნანიკო – ზის და ყოფით საკითხებზე ჭორაობს. დროდადრო მათ მყუდროებას არღვევს სტუმარი და ის ფაქტი, რომ პირდაპირ ეთერში ყავის სმა (იგივე "წრუპვა”) მიზანშეწონილი არ არის.

შემეცნების სავარაუდო დონე: ბლოკნოტი სახელწოდებით "იას ფარული ფილოსოფია”, სადაც დიდი რუდუნებით გადაცემიდან უნდა ამოვიწეროთ და შემდგომში სათუთად შევინახოთ ერთ–ერთი წამყვანის ბრძნული ციტატები;

"აი ია"

"ყოფილი ცოლების კლუბი” – მინი–”პროფილი”, სადაც სამი წამყვანი (კვლავაც) ფაქტის ექსპერტული წიაღჭვრეტითა და ფილოსოფიურად მჭმუნვარე გრიმასით დაჩაგრულ ცოლთა ყოფის ფსიქოლოგიურ ჭრილში განიხილავს. გადაცემაში გაოგნებას იწვევს იას (FADI-ს FADE-ს შემდეგ გააქტიურდა რაღაც) დედუქციური მსჯელობის ნიჭი (ვლინდება ცალკეული კადრების ხილვის შემდეგ მტკიცებითი ფორმით გამოტანილ დასკვნებში), ნუკის ნუგეშისცემის უნარი (ვლინდება მიტოვებული ქალის მარჯვენა მხარზე ხელის უნიჭო და ყალბ თათუნში) და სალომეს – გადაცემაში ყოფნა საერთოდ (თუმცა, ეს კრიტერიუმი დანარჩენი ორი წამყვანის და საერთოდ, გადაცემის არსებობაშიც არანაკლებ ვლინდება).

შემეცნების სავარაუდო დონე: ბლოკნოტი, სახელწოდებით "შორს სიყვარულისგან” ("far U love”), სადაც უსიკვდილოდ უნდა ჩავინიშნოთ ერთ–ერთი წამყვანის ბრძნული რჩევები;

"თბილისი live” – ამ გადაცემას უშვებენ და მერე კიდევ უკვირთ ბიჭოლა პეტრე მელიქიშვილზე პოპულარული რატომ არისო?
შემეცნების სავარაუდო დონე: "თანამედროვე ქართულ–ტყლარჭული ენის უფასო გაკვეთილები თიკო სადუნიშვილთან ერთად”

"იცნობდეთ და გეამაყებოდეთ"

"Faceკონტროლი” – "პირველ სტერეოზე” ხუთი წლის წინ "SMS-შოუ” რომ გადიოდა, იმისი "სვეტურ–ძერსკული” სახესხვაობა, სადაც ნინი ბადურაშვილი და ნანკა კალატოზიშვილი პირდაპირ ეთერში კითხულობენ იმას, თუ "რა ლამაზები, რა მაგრები და რა საყვარლები არიან ისინი”.

შემეცნების სავარაუდო დონე: ძალიან მაღალი… იმ შემთხვევაში, თუ ამ გადაცემის ყურების ნაცვლად, წიგნს წაიკითხავთ.

"ფლეიბოი” – "ღამე შორენასთან”–ის კრახით დაბოღმილი პროდუსერების ახალი იდეა, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ვნებისაღმძვრელი ანონსით იწონებს თავს… (და ქალის სხვა ორგანოებსაც).

შემეცნების სავარაუდო დონე: ადამიანის გარეგანი ანატომიის საფუძვლიანი ცოდნა;

ჩანართი # 3: საინტერესო იქნება ქრონიკის კიდევ ერთი ჟურნალისტის არგუმენტი, სიუჟეტის ტიტრებში "ბლოგერს” წინ "ინტერნეტ” "პრეფიქსი” რატომ დაურთო.

"ეს სამკუთხედია"

რა თქმა უნდა, ცუდია, როდესაც ვინმეს სამკუთხედი ორკუთხა და შოთა რუსთაველი – საქართველოს მეფე ჰგონია, თუ ფიქრობს რომ ლათინურ ამერიკაში ლათინურად საუბრობენ და ებრაელები ქრისტიანები არიან, დარწმუნებულია, რომ ობსერვატორია მუსიკას უკავშირდება და კინოლოგი – კინოებს ამზადებს, რომ ალ–ჯაზირა უფრო ძლიერი ტერორისტული ორგანიზაციაა, ვიდრე ალქაიდა და რომ ჰიროსიმა ნაგასაკთან ომით გახდა ცნობილი, რომ ჩვენ, ჩვენი მხრივ ვიეტნამი დავამარცხეთ ფიცხელ ბრძოლაში და კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პირველი პრეზიდენტი იყო… ცუდია, მაგრამ არ შეიძლება რამდენიმე ადამიანის უცოდინრობაზე დაყრდნობით "ქვეყანაში ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა” დაასკვნა. სულ მინიმუმ, ის ადამიანები მაინც აჩვენე, ვინც შეკითხვებზე სწორად უპასუხა და ნუ დადგამ სიუჟეტს ისე, თითქოს არავინ არაფერი იცოდეს.

გასაგებია რომ შემეცნებითი გადაცემები რეიტინგული არ არის, რომ "ტელევიზია კომერციული სუბიექტია”, რომ ჩვენ ოღონდ ვინმე დასაცინი მოგვცა და მის ვიდეოს მაშინვე ქვეყნის მასშტაბით გავიზიარებთ, რომ ეს გადაცემის პოპულარობაზე მოქმედებს და ა. შ. თუმცა, როგორც ერთი აგრონომიული ანდაზა იტყოდა – "ნამუსიც კარგი საქონელია” და სხვების დამუნათებამდე არც საკუთარ გულში (თუ ტელევიზიაში) ჩახედვა იქნებოდა ურიგო.

პ.ს: ჩემს მტერს ჰქონდეს თქვენი იმედი!

კატეგორია: გასართობი | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1488 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3
  • gi2gi 2011-04-02

    ცოტა კითხვას უნდა მოუმატოთ , რომ ინტელექტი ცოტათი მაღალი მაინც გვქონდეს . მერე შესაძლებელია საშველზე ვიფიქროთ...

    პ.ს. მარტივ კითხვებზე მაინც გავცეთ ხოლმე სწორი პასუხები, მაგალითად ვინ იყო კონსტატინე გამსახურდია , ვინ იყო მელიქიშვილი , წმინდა ილია მართალი და ა.შ. smile

  • mari 2011-03-31

    vaiiiii giorgi vaiiiiiiiiiiiiiiiiiiii.gveshveleba rameeeeeeeeeee??????????????

  • gi2gi 2011-03-26

    კომენტარის დატოვების სურვილი არავის აქვს რა საინტერესოა ?!

  • კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]