მეხსიერებიდან დეკოდირებული დეკადა
2011-03-24, 0:40 AM

საქართველოს "SOS"

(R.I.P: 2001-2010)

ოცდამეერთე საუკუნის მოახლოვებასთან ერთად, ბევრს სწამდა, რომ ღმერთი ათასწლეულების მანძილზე ნაგროვები ბრაზით გრანდიოზულ ვულკანს, ცუნამს, ქარიშხალს, მიწისძვრას ან რაიმე მასშტაბურ სტიქიას დამუხტავდა და კაცობრიობას ადამის თიხიდან მოზელვის (გაჩენის) დღეს აწყევლინებდა. თუმცა, პესიმისტების საუბედუროდ, საქართველომ (მსოფლიოს მსგავსად), ეს საუკუნეთშორისი საზღვარი უხიფათოდ გადაკვეთა და ცვლილებათა გზასაც დაადგა: ახალ ათასწლეულში, მალევე ჩაქრა ლამფა და აინთო „ლამფუჩკა" (სიტყვა „ნათურა" რომ ქართული იყო, ეს მოგვიანებით გავიგეთ), მწვანე კერასინკათბილმა „კერამ" ჩაანაცვლა, მაგნიტოფონის კასეტები (მანიკურით შედუღაბებული ლენტი რომ ჰქონდა და საჩვენებელი თითის ფრჩხილით, ან, ფანქრით ვახვევდით) CD–მდე აღზევდა, ვიდეომაგნიტოფონი DVD-მ განგმირა, ჟან კლოდ ვან დამიჯეისონ სტეტჰემის დაბურცულმა მკერდმა და გაციებული (ან, ცხვირში გაჭედილი) კაცის მიერ ყველაპერსონაჟგახმოვანებული ფილმები – ადამიანურმა დუბლირებამ. მოკლედ, ოცდამეერთე საუკუნის პირველი დეკადა „ბნელი 90–იანები"–საგან, ბევრი მახასიათებლით გამოირჩა და რა გასაკვირია, რომ ორიათასიანების ერთგვარი კულტურაც კი შექმნა:

"ჩვენი დროის ვან დამი"

„დეგრადოფობია"

ამერიკული ფასეულობების (და იაფფასიანი „მაკდონალდსის") დამკვიდრების პარალელურად, ქართული ტრადიციების „მოუსავლეთში ექს–ტრადიციის" შიში სულ უფრო მეტად იზრდებოდა.  საზოგადოების გარკვეულ ნაწილს უკვე ისიც კი მიაჩნდა, რომ საქართველო ამერიკისათვის კარგი ლუკმა (ან, ჩასაკბეჩად განწირული გემრიელი „ბიგ–მაკი") შეიძლება გამხდარიყო. სწორედ ამის გამო, ამერიკის შეერთებული შტატები ავტომატურად გლობალიზაციას დაუკავშირდა და ეჭვი (ყველა ამერიკული პროექტისადმი) ისეთ „აღტკინებულ სკეპტიციზმში" გადაიზარდა, რომ „უკმეხად მოჭუტული თვალებით" ყველაფერში „დეგრადაციის მომასწავებელი საფრთხის" ძიება დავიწყეთ. შესაბამისად, სრულიად სამართლიანად გაჩნდა ეჭვი, რომ ჯორჯ სოროსი (სოროს საქმიანობითა და ზოროს იდუმალებით) ფულის „ტრულაილას მეთოდით" მფლანგველი უსაქმური კი არა, ჭეშმარიტი „ანტიქრისტე" იყო და მსოფლიოზე გაბატონებას მაინცდამაინც ქართული სულის დამონებით იწყებდა. ბოროტი ხმები (პირები) კი ახალი ხელისუფლების მოყვანასაც სოროსს აბრალებდნენ და ამბობდნენ, რომ მთავრობა მხოლოდ მისი „დამქაშების, მონებისა და მ(ას)ონებისაგან" შედგებოდა. თუმცა, რაც არ უნდა ყოფილიყო ჩაფიქრებული, ფაქტია, რომ საბოლოოდ ამერიკელების კოკამ კოლა მაინც ვერ მოიტანა.

"ამერიკა – კულტურული იდეოლოგი"

ნათქვამია, შიშს დიდი თვალები აქვსო, თუმცა სოროსმონელებულ (ან, სოროსდამონებულ) ერში გადაგვარების შიშმა მეორედ სწორედ მაშინ იფეთქა, როდესაც ქვეყანაში ჩინელები გამოჩნდნენ. ქუჩაში მათი ხილვა, თავდაპირველად საფრთხედ სულაც არ აღიქმებოდა. პირიქით, ჩვენ ჩვენგან განსხვავებული ჰაბიტუსის დანახვა, ზოგჯერ გვიხაროდა კიდეც: მოგვწონდა აზია (ჩინურ) მაღ–აზია–ში, აზია (ჩინურ) რესტორანში, აზია, რომელიც იაფი პროდუქტებით გვამარაგებდა, მაგრამ გვავიწყდებოდა, რომ ჩვენ ვიყავით ქართველები და მაშასადამე, ჩვენ ევროპელებიც ვიყავით. ევროპელობა კი ყველაზე მეტად მაშინ გამოვამჟღავნეთ, როდესაც ჩინელთა რაოდენობამ გეომეტრიული პროგრესიით დაიწყო ზრდა და ერის ქომაგთა აზრით, საქართველო „მამონტიზაციის გზას" დაადგა. ჩვენც, ქართული ნაქები სტუმართმოყვარეობის ფეხქვეშ გაგდების პარალელურად, მაშინღა გაგვახსენდა, რომ „ჩინური პროდუქცია უხარისხოა", რომ „ეგენი ჯერ კიდევ თვალის ჩინელიან", რომ „ბაყაყებს გადაგვიჭამენ და წარღვნა წაგვლეკავს", რომ „ორმოცდაათი წლის შემდეგ, ჩვენი „რაღაცაშვილი" გვარებიდან მხოლოდ „ლი" ბოლოსართიღა დარჩება", რომ „ახალ წელს სამშობიაროში ცხრა ჩინელი და მხოლოდ ერთი ქართველი მოევლინა ქვეყანას", რომ „სომხეთში ჩინურ მაღაზიებს პროტესტი გამოუცხადეს" და სხვა მრავალი. მართალია, საბოლოოდ „შიშს სიყვარული სულაც არ შეუქმნია", მაგრამ ქსენოფობიური დამოკიდებულება, ასე თუ ისე, მაინც ჩაცხრა.

„მგლების" ხახაში ჩავარდნილი მკითხველი

„ – წარმოიდგინე, რომ მიდიხარ გზაზე. შეგხვდა კაი ბიჭობა და ტორტი, რომელს აირჩევ?
–  ტორტს, ძმაო, კაი ბიჭი ისედაც ვარ!" –
2000–იანების ჩამჭრელ შეკითხვათა არქივი

გოჩა მანველიძის „მგლების" გამოსვლა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც კაი ბიჭების სიაში პირველი ვერ ეწერებოდი, რადგან „კაი ბიჭებს სია საერთოდ არ ჰქონდათ", ქურდებს „პატივს სცემდი, როგორც შეგეძლო" და „ვზროსლი ძმის დასახმარებლად ციხეში შესაგზავნი პერედაჩის მოცულობაშიც" საკუთარი მხრიდან გარკვეული ფინანსური წვლილი შეგქონდა. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არ იყო, რომ ამ ტეტრალოგიამ ბევრ ისეთ ბიჭს ააღებინა ხელში წიგნი, მანამდე ხელი მარტო თავზე რომ ჰქონდათ აღებული და აქამდე „ტომ სოიერის თავგადასავალი" თუ „სახურავის ბინადარი კარლსონი"–ც კი არასოდეს წაეკითხათ.

"მსოფლიო კუ–мир-ი"

ჰო, ჰარი პოტერი ცალკე სასაუბრო თემაა. წიგნი, რომელიც საპატრიარქოს მიერ მისი „დაგმობის" შემდეგ, ბევრმა ინკვიზიციის კოცონზე (პირდაპირი მნიშვნელობით) დაწვა და ფერფლი, როგორც ჯადო, ალბათ, მტკვარსაც გააყოლა. თუმცა, ამას სულაც არ შეუშლია ხელი იმაში, რომ „ჰარი პოტერი" დამბლდორის ფენიქსის მსგავსად ფერფლისაგან აღმსდგარიყო, ადამიანთა გულები აზკაბანის ციხეებად გადაექცია და მათი ოთხივე საკნის დაკავება მოეხერხებინა.

მართლმადიდებლებისათვის დენ ბრაუნის „და ვინჩის კოდი"–ც „დენის დარტყმას" ჰგავდა.  წიგნში, იესო ქრისტე მიუღებელ კონტექსტში იყო ნახსენები, რამაც ქართული საზოგადოების ნაწილ(აკებ)ი „ბრაუნის ისეთ მოძრაობაში" გააერთიანა, რომლის ერთი მხარე ბრაზისაგან კედლებს უთავბოლოდ აწყდებოდა, მეორე კი მათგან თავის მშვიდობიანად დაძვრენას ცდილობდა…

პ.ს: აღნიშნულის გარდა, 2000–იანები კიდევ იმდენი მახასიათებლით იყო გამორჩეული, რომ კომპიუტერში მათი კითხვა – თვალებისა და მოთმინებისათვის – დიდ გამოწვევას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ამ და სხვა დანარჩენმა ტენდენციებმა თავი ახალ ჟურნალ – "დრო მშვიდობისა/peace times”-ს (სხვათა შორის, მთლიანად ფერადია და პრიალა) შეაფარა, რომელიც "მაცნესა” და "ფორტეს” საგაზეთო ჯიხურებში უკვე იყიდება. ხოლო, თუკი თვეში სამი ლარი თქვენს საფულეს ეკონომიკურ კრიზისს არ უქმნის, შეგიძლიათ პირველი ნომრის ანონსი ნახოთ (ისეთივე დამაბნეველი, როგორც ყველა სხვა ანონსი)და  დაინტერესების შემთხვევაში ერთი ვიწროფინანსური ქმედებაც განახორციელოთ
კატეგორია: გასართობი | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1086 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]