გალაკტიონ ტაბიძისა და ლელა წურწუმიას შედარებითი დახასიათება
2011-02-27, 0:07 AM

"ლელა & გალა"

შესავალი:

ქალაქი ცხელისი (გლობალური დათბობის ერამდელი "თბილისი”)
2013 წელი მ.გ–დან ("მიშას გადადგომიდან”)

ძვ.თემქის სამეფოში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია უძველესი (სავარაუდოდ, "მხედრული”) ანბანით თხელ ქაღალდზე (ერთგვარი საწერი მასალა, რომელსაც საუკუნეების წინ იყენებდნენ. ამჟამად გვხვდება მუზეუმებსა და ანტიკური ქალაქების ნანგრევებში) შესრულებული ჩანაწერი. მესიჯ–ლათინურ ანბანზე გაზრდილი ქართველი მკვლევარები ჯერჯერობით ამაოდ ცდილობენ ტექსტის გაშიფვრას. ერთადერთი დადგინდა ის, რომ უწინ ამ ადგილზე საშუალო სკოლა მდებარეობდა.

გალაკტიონისა და ლელა წურწუმიას შედარებითი დახასიათება

დიდი ქართველი მომღერლისა და საზოგადო მოღვაწის ("ყველა ადამიანის ბიოგრაფია იმ ეპოქაში რატომღაც ამ სიტყვებით იწყებოდა” – მკვლევარის შენიშვნა) ლელა წურწუმიას აღმასვლა ჩვენი ქვეყნის იმ ბედკრულ პერიოდს დაემთხვა, როდესაც "ჟიგულის" ”ჟიგულობის” მიუხედავად, ქართველ ერს არამხოლოდ ქადა, ორი ხელით საჭმელი სხვა ბევრი ნუგბარიც არანაკლებ ენატრებოდა. სწორედ ამიტომ გასაკვირი აღარ არის ის პესიმიზმი და სევდის ზეობა, რომელიც ლელას სიმღერებიდან ხშირად გამოსჭვივის ("ღამდება, ცივა, ზაფხულის წვიმა, თითქოს დაიკლავს თავს”). რა თქმა უნდა, ცოტა რთული წარმოსადგენია ის, თუ როგორ იღებს წვიმა ცულს და ირტყამს მას კისერში (რამდენჯერმე), მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ იმ ეპოქის ქართული სიმღერების ტექსტებში წვიმას ერთმნიშვნელოვნად საკრალური დატვირთვა ჰქონდა და ხშირად მას მაგიურ თვისებებსაც მიაწერდნენ ხოლმე ("წვიმა მოგონებებს ასველებს…” – ვ.ტურაშვილი).

თუმცა, მკვლევართა მეორე (და უფრო სანდო) ნაწილი იმასაც ამტკიცებს, რომ თავისი მოღვაწეობის მწვერვალზე ლელა ცნობილი ქართველი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა და ფაქტის დასადასტურებლად რამდენიმე მაგალითიც მოაქვთ:

"ის მიდიოდა ქუჩაში ერთი,
მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი…”
(გალაკტიონი)

"ღამე ქუჩას მი–ვუ–ყვე–ბი,
წვიმს და სევდა მე–მა–ტე–ბა”
(ლელა წურწუმია)

"წვიმს და სევდა მემატება"

"ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი
თითქო შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,
აღარ გათენდება ღამე საზიზღარი?

რომელი საათია? რომელი საათია?” – გ.ტ.

"გათენებას ველოდები,
წვიმაც გადაიღებს ალბათ…” –
ლ.წ.

როგორც სჩანს, გალაკტიონის სიმაღლეზე ასვლის სურვილი ბევრი სხვა შემოქმედის მსგავსად ნელ–ნელა ლელა წურწუმიაშიც გაღვივდა. სწორედ ამიტომ, ის აქტიურად ცდილობდა, რომ საკუთარ სიმღერებში ტერენტი გრანელისთვის მიებაძა ("გალაკტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია”) და დიდი პოეტის წინააღმდეგ გამოსულიყო. შესაბამისად, გალაკტიონის სურვილის ("აღარ გათენდება ღამე საზიზღარი?”) საპირისპიროდ და პირად ამბიციების დასაკმაყოფილებლად, ლელამ ლამის ნახევარი დედამიწის დაწყევლა ("ნეტავ, ღამე აღარ გათენდეს”) გადაწყვიტა.

თუმცა, თუ აქამდე ყველაფერი ნათელი იყო, შემდგომი სტროფის წარმოშობაზე მკვლევარები დღემდე ვერ თანხმდებიან:

"წარსულის ფარდა-ა,
უეცრად გაქრა-ა
ჰო
ოოოოუ…
უკან მოხედვა არ მინდა-ა”

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ეს არის ალუზია გალაკტიონის "ყორანთან”, სადაც ლელა "უკან მოხედვა არ მინდა”–თი ერთი მხრივ ჯიბრში უდგება პოეტის ფრაზას: "გზა გავიარე, მსურს მოვიხედო და დავინახო მთისა ქედები”, მაგრამ  მეორე მხრივ საბოლოოდ მაინც გალაკტიონის ზეგავლენას განიცდის ("შავი ყორანი გზაზე მომჩხავის: "ნუ იხედები, ნუ იხედები”). ამავდროულად, სხვა მკვლევარები მიიჩნევენ, რომ აქ უფრო მეტად ბიბლიური მოტივები იკვეთება. კერძოდ კი ეს არის გაფრთხილება, რომელიც აღგვილი ("უეცრად გაქრა”) სოდომ-გომორადან გამოქცეულმა ლოტის ცოლმა არ გაითვალისწინა და უკან გაიხედა, რის გამოც მარილის სვეტად გადაიქცა. ამავე ვერსიას ადასტურებს, ა.მეფარიძის სიმღერაში არსებული სიტყვები "მშვიდობით, უკან მოხედვა ძნელია”, რაც სოდომთან განშორებით გამოწვეულ ტრაგედიას ასახავს (ისე, ჩემი ერთი მეზობელი ამბობს, ეს სიტყვები საერთოდაც წიქარას ზღაპრის ერთგვარი გადამღერებააო. მოკლედ, რამდენი რობოტიც დადის დედამიწაზე, აზრიც იმდენია).

"ლოტის დამარილებული ცოლი"

თუმცა კი, თუ "ყორანის” სხვა სტრიქონებსაც წავიკითხავთ, მაშინ ადვილად დავრწმუნდებით, რომ აქ ლოტის ცოლზე მეტად ლოთი პოეტის ხელი ურევია:

"გზაზე მივდივარ მსურს გავარკვიო
გასავლელი გზის სივრცე უცვლელი…

…მაგრამ სადა ვარ? გზა აღარა სჩანს
ამ სიბნელეშიც გაჭირდა გავლა” – გ.ტ.

"ღამის სიჩუმე გაფანტე, ჩემთვის ვარსკვლავი აანთე
საით წავიდე მასწავლე და შენთან ერთად მატარე” – ლ.წ.

ხოლო თუკი მეტისმეტად დავწვრილმანდებით, შეგვიძლია ეს ორი შემოქმედი ნიკოლოზ ბარათაშვილის გავლენის ქვეშაც კი მოვაქციოთ: "მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ("გზაზე მივდივარ მსურს გავარკვიო, გასავლელი გზის სივრცე უცვლელი”) ჩემი მერანი ("და შენთან ერთად მატარე”), უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი ("შავი ყორანი გზაზე მომჩხავის: "ნუ იხედები, ნუ იხედები”). თუმცა, რელიგიურ კუთხეზე ჩაციკლული ექსპერტები ლელას სიტყვებს "საყვირებით იერიქონის დანგრევის” ("ღამის სიჩუმე გაფანტე”), "მოგვების მიერ ახალდაბადებული ქრისტეს თაყვანისცემისა” ("ჩემთვის ვარსკვლავი აანთე”) და "მოსეს წინამძღოლობით ებრაელების ორმოცწლიან ხეტიალის” ("საით წავიდე მასწავლე და შენთან ერთად მატარე”) ბიბლიურ ალუზიებად საკმაოდ საფუძვლიანად მოიაზრებენ.

"ახალგაზრდა მოსე"

"ქუჩაში მძაფრი დაქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა”
გ.ტ.

"ჩუმი ხმა ამბობს, სევდა მიაქვს ქარს
წვიმის წვეთები თავს იკლავენ, თავს”
ლ.წ

მსგავსება ამ სტრიქონებშიც აშკარაა. "წვიმის წვეთების მიერ განხორციელებული სუიციდი” "განუწყვეტელი წვიმის” ერთგვარ მეტაფორად შეგვიძლია მივიჩნიოთ, "ქარის სიმძაფრე” კი სწორედ მის მიერ "სევდის წაღების” ფაქტში გამოიხატება.

ლელა წურწუმიასა და გალაკტიონის შეპაექრება კარგად ჩანს იმ შემთხვევებშიც, როდესაც მომღერალი ლექსის შეცვლას სიტყვათა განზოგადებით ცდილობს:

"გადამიფრინდი ჩიტის ბარტყივით,
ბევრი ვიარე ერთმა” – ლ.წ.

"ქარმა ბუდიდან ყვავის ბახალა,
ზაფხულის ტყეებს გადაახალა” – გ.ტ.

თუმცა, ლელა წურწუმია ამაზე არ ჩერდება და მისი ტექსტი გალაკტიონის კიდევ ერთ ცნობილ ლექსში შეგვიძლია ამოვიცნოთ:

"სადა ხარ?
მიყვარხარ!
შენა ხარ
ო-ოცნება ჩემი-ი…” –
ლ.წ

ალბათ, არ გაგიჭირდებოდათ მიხვედრა იმისა, თუ რომელ პოეტურ ნაშრომს უკავშირდება იდეურად ეს სიტყვები:

რაც უფრო შორს ხარ (სადა ხარ?)
მით უფრო ვტკბები (მიყვარხარ)
მე შენში მიყვარს (მიყვარხარ, შენა ხარ)
ოცნება ჩემი (ო-ოცნება ჩემი-ი)

რა თქმა უნდა, უდავოა ის ფაქტიც, რომ ლელას "ღამე-ა, ღამე-ა, ღამე-ა” გალაკტიონის "ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის” მუსიკალური რეფრენის აბსოლუტური იდენტურია. ზოგადად კი, ლელასა და გალაკტიონის შემოქმედებაში "ღამის” თემას ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უჭირავს, რაც როგორც უკვე აღვნიშნეთ შევარდნაძის პერიოდის უფუნქციო ნათურებითა და გენერატორის სიძვირით არის გამოწვეული.

მოგენატრებოდათ

როგორც ცნობილია, თითქმის ყველა გენიოსი ადამიანი, ცოტათი დაბნეულიცაა. გალაკტიონზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ ლელას შემოქმედებაში ნამდვილად აღსანიშნავია ერთი სტრიქონი, რომელიც მის დაბნეულობასაც უსვამს ხაზს:

"ღამდება, ცივა, წვიმა მოდის, სულ დაფარავს გზას
ის ვერ გავიგე, მე რა მომდის რა”

("სველდები, ლელა, სველდები” - ზემოხსენებული მეზობლის ჩართვა)

"მომწყურდი ეხლა ისე მომწყურდი
ვით უბინაოს ყოფნა ბინაში” – გ.ტ

"დამიჯერე, შენთან მინდა, შენთან
ს” – ლ.წ.

ამ სტრიქონების იდენტურობას პირველ ხაზებში არსებული ორი სიტყვის ("მომწყურდი”, "შენთან”) თავგამოდებული გამეორება ადასტურებს, რასაც ადამიანურ ურთიერთობათა სურვილის დაუოკებელი მეტაფორებით გადმოცემაც დაერთვის თან.

დასასრულს კი კარგი იქნება, გალაკტიონის "ვერხვებზეც” თუ ვისაუბრებდით, რომელიც ლელამ მოგვიანებით შეასრულა და  შესაბამისად, მას  ”ძველი ვერხვები” უწოდა:

"რაღაცას გვახსენებენ ეს ძველი ვერხვები,
ჩვენ კი მაინც ვერ ვხვდებით”

"ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი
რიალდება უშორეს ზღაპრად”

პატივცემული მკითხველი, ალბათ, მიხვდება, რომ ვერხვი მაინცდამაინც მუხა, წიფელი, ნაძვი, ან ასეთი გავრცელებული ხე არ არის, ყოველივე ეს უბრალო დამთხვევად რომ ჩავთვალოთ. სიტყვათშეთანხმება "აშრიალდება უშორეს” კი სიტყვა "გვახსენებენ”–ზე თითქმის პირდაპირ მიუთითებს.

"რემბო"

პ.ს: ღამე ქუჩას რომ მიუყვებოდა
ლელა – იგონებს ეხლა ზოზია,
გალაკტიონში არის რემბო და
ლელაში უფრო მაფიოზია.

პ.პ.ს: ასე რომ, როდესაც ლელა წურწუმია გალა(კტიონ)კონცერტებს მართავდა, ეს ის სულაც არ იყო, რაც თქვენ გეგონათ.


კატეგორია: გასართობი | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1394 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]