“გაიტანეთ გრენლანდია, ანუ, უკვე “სასა-ყელო გადაცემები”
2011-02-27, 0:17 AM

"ლურსმანი კედელზე მარადონამაც კი მიაჭედა” - დებილოსოფიური აზრებიდან

ქართველებს გაჩერება ყოველთვის გვიჭირს.  
ამის გამო, სამარშრუტო ტაქსის მძღოლებთან თადარიგს წინასწარ ვიჭერთ და ჯერ კიდევ გადასვლამდე ვთხოვთ, რომ "გადასვლის  შემდეგ” გააჩეროს. ქართული სუფრაც ხომ თავისი დაუსრულებელი  "ეს ერთიც და…” – თი იქამდე გრძელდება, სანამ მოქეიფეებს ყელთან მოწოლილი შეუჩერებელი მასა არ შეაჩერებს. ასეთივე შეუჩერებელია ქართველი ფეხით მოსიარულეც, რომელიც ქუჩას -განურჩევლად წითელისა, ყვითელისა და მწვანისა – საკუთარი სიცოცხლის აბსოლუტური დაკიდების პარალელურად კვეთს. და საერთოდ, თუკი გავკადნიერდებით, თიკა ფაცაციას ცნობილი სიმღერა "არ გაჩერდე”-ც სწორედ ამ კულტურის ნაყოფად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

აქედან გამომდინარე, შეიძლება მავანს "სნიკერსნაჭამი” ერის, მავანს კი "შვეიცარიული საათის” ასოციაცია გავუჩინოთ. თუმცა, თუ ფოკუსს მცირეოდენ დავავიწროვებთ, აღმოვაჩენთ, რომ ხსენებული "არშეჩერების სინდრომი” ყველაზე მეტად საკუთარ  გადაცემებზე შეყვარებულ ადამიანებს ახასიათებთ.

რა თქმა უნდა, გამონაკლისი რამდენიმე გადაცემის სახით აქაც არსებობს. მაგალითად ინტელექტუალური თამაში "რვანი” – უცნაურადჟღერადი წამყვანითა და სამი განსაკუთრებულად საკრალური შეკითხვით: 1. "ხასიათის რა თვისებებს დაეყრდნობით ჩვენს თამაშში გასამარჯვებლად”,  2. "სანამ აქ მოხვიდოდით, როგორ ემზადებოდით სათამაშოდ?” და 3.”რას გრძნობთ?” (როდესაც მოთამაშე გამარჯვებით გამოწვეული ველური აღტკინების ჩახშობას ცდილობდა და ეს პროცესი ვერბალურად უნდა გადმოეცა).  იწვალეს პროექტის შემოქმედებითმა ჯგუფის წევრებმა ერთი სეზონის მანძილზე, მიხვდნენ, რომ წინადადების დასაწყისში მათი ქმედების ასასახად რელევანტური ზმნა გამოვიყენე და და(ი)ხურეს (ქუდი).

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ თუკი გადაცემას დროთა განმავლობაში ახალი სისხლი არ შეემატა, გულიდან ყელისკენ მიმავალ გზაზე მას წინ ვეღარაფერი გადაეღობება. თუმცა, გათვალიწინებით იმისა, რომ დონორებს ბოლო პერიოდში სულ უფრო ნაკლებ გადაცემაში ვხედავთ, გამომდინარეობს დასკვნა: აბზაცის დასაწყისში შევცდი.

1. "პროფილი”


რჩევა: გახდეს ანფასეული, ან, ფასეული  – აშკარაა, რომ "პროფილმა” პროფილი რადიკალურად (მინიმუმ, ანფასით მაინც) უნდა შეცვალოს. შესაცვლელი კი ნამდვილად ბევრია (თუ გამოვიყენებთ სიტყვას "რაღაც”) და ერთია (თუ სიტყვა "ვიღაც”-ის გამოყენებას შევეცდებით). კერძოდ:

  • წამყვანის სიცილი - აი, რაღაცნაირი ჩაცინება, რომელსაც ასოების საშუალებით თუ გადმოვცემთ: "ქრშიიხ”-ს, "ქხხხშ”-ს, ან, "ქრეშხ”-ს მივიღებთ
  • წამყვანის "why-ჟურნალისტობა” – იგულისხმება, კითხვითი სიტყვა "რატომ”-ის კუმფეხიგამოყოსეული ჩართვები, რა თქმა უნდა. არის შემთხვევები, როდესაც სტუმარი რაღაც ამბავს ჰყვება – ასე მაგალითად, "მე გადავწყვიტე, რომ ჩემი მეუღლის მამინაცვლის მეორე ცოლთან ურთიერთობა გამეწყვიტა, რადგან…” – და უნდა ახსნას ამის მიზეზები. თუმცა, წამყვანი სავარაუდოდ ფიქრობს, რომ "რატომ?” თუ არ იკითხა, სტუმარი თავისით ამას ვერ შეძლებს.
  • თემები – "პროფილმა” მიწიერი თემები უკვე იმდენად ამოწურა, რომ ბოლო გადაცემა მთლიანად უცხოპლანეტელებს მიუძღვნა. საერთოდაც, უკანასკნელ ხანებში თუ რომელიმე ახალ ფილმს რეკლამა არ აქვს გასაკეთებელი, ან, გადაცემის ნაცვლად კონცერტს არ გვთავაზობენ, თემები დიდი ორიგინალობით ვეღარ დაიკვეხნის: "ცნობილი მამების შვილები, ცნობილი შვილების მამები, ცნობილი ბიძაშვილების მამიდაშვილები, ცნობილი წყვილები, სნობილი ადამიანები, ქართლელები, კახელები, იმერლები (თითოეული კუთხე ცალ-ცალკე), "ნიჭიერის” მონაწილეები და ყველა ის სისულელე, რაც სიტყვა "სისულელის” გაგონებისას შეიძლება თავში მოგივიდეთ.


  • გადაცემები ხუთშაბათს საღამოს სხვა არხებზე – სანამ გადაცემას რეიტინგი აქვს, სხვა არხზე კი ისეთი პროგრამაა, რომ გადართვა რეკლამაზეც კი დაგეზარება, ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად თავს არავინ მოიკლავს. თუმცა ამგვარი "მეტაფორული სუიციდი” გარდაუვალია მაშინ, თუ ამ საეთერო დროის პარალელურად გასული გადაცემები კონკურენტუნარიანი გახდება;
  • წამყვანის ხმა ანონსებისას – სულ მგონია, რომ მაია ასათიანი ”სატელევიზიო აფიშის” გამოცხადებისას შუა მონაკვეთში შეჩერდება და სევდიანად ამოიოხრებს;
  • სავარძლის სახელურები – უკიდურეს შემთხვევაში, შიგნით ჩაიყაროს მიწა და ჩაითესოს კაქტუსი. აქვე შენიშვნა: სიტყვა "სახელური” მიგვითითებს, რომ ის ხელისთვის არის განკუთვნილი და არა დასაჯდომად;
  • დამოკიდებულება, რომ ფრაზა – "საკუთარი თავი ამოწურა” სისულელე არ არის;

2. "შუა ქალაქში”


რჩევა: "შუა ქალაქიდან” "გარეუბნელ გოგონაზე” გადაინაცვლეთ "

სერიალი ალბათ იქამდე უნდა იყოს ეკრანებზე, სანამ ერთადერთი სასაცილო მასში სეზონების უზომო რაოდენობა არ გახდება. მას შემდეგ, რაც მსახიობები უკვე "იმედის” ყველა შესაძლო გადაცემაში მიიწვიეს და ჟურნალებმა ინტერვიუების აღება უკვე მათი დედმამიშვილებისგან დაიწყეს, ”შუა ქალაქმა” ”თავისი პეწი დაკარგა”. 

ამოსავალი წერტილი არ უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება ბევრი სეზონი გადაიღო და მერე როგორც გვჩვევია, ამით იამაყო.  რატომღაც მგონია, რომ ხალხის სიყვარულის მოპოვების შემდეგ, სეზონიდან სეზონამდე შემოქმედებითი ჯგუფის დამოკიდებულება პროდუქტისადმი თავის "მაინც უყურებენ და…”-თი დამშვიდებით, ცოტა არასერიოზული გახდა და ზოგ ეპიზოდში უპასუხისმგებლობის დონემდეც კი დავიდა. მომიტევოს, ვისაც ეს სერიალი ჯერ კიდევ მოსწონს, მაგრამ ჩემთვის "გრენლანდიის ტრანზიტის” ცნობილი მოთხოვნა მასზე უკვე აბსოლუტურად რელევანტურია.  როგორც ჩემი მუზა იტყოდა, "სასახელოდან სასა-ყელო-მდე მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯია”

პ.ს: "მაიმუნის გაკაცებას ათასწლეულები დასჭირდა, კაცის გასამაიმუნებლად კი ერთი წუთიც საკმარისია” – დარვინის ალალი ბიძაშვილი


კატეგორია: გასართობი | დაამატა: gi2gi
ნანახია: 938 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]