მთავარი » ფაილები » შემეცნებით

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – Wolfgang Amadeus Mozart (1756 – 1791)
2011-04-14, 0:16 AM

მოცარტი დაიბადა 1756 წლის 27 იანვარს ზალცბურგში, მაშინდელი ზალცბურგის საარქიეპისკოპოსოს დედაქალაქში (ახლანდელი ავსტრია), ზალცბურგის კარის კაპელმაისტერის და კომპოზიტორის, ლეოპოლდ მოცარტისა და ანა მარია პერტლის ოჯახში. მას ერთადერთი და ჰყავდა მარია ანა (1751-1829), რომელსაც "Nannerl”-ის ეძახდნენ. დაბადების მეორე დღეს იგი მონათლეს წმინდა რუპერტის საკათედრო ტაძარში. ნათლობის წიგნის ჩანაწერში მისი სახელი ლათინურად ასე ეწერა Johannes Chrysostomus Wolfgangus Theophilus (Gottlieb) Mozart. ამ სახელებში პირველი ორი სიტყვა – წმინდა იოანე ოქროპირი, არ გამოიყენებოდა ყოველდღიურ ცხოვრებაში, მეოთხე სიტყვა მოცარტის სიცოცხლეშივე განიცდიდა ცვლილებებს: ლათ. Amadeus, გერმ. Gottlieb, იტალ. Amadeo, რაც ნიშნავს "საყვარელი ღმრთისა”. თავად მოცარტის სურვილი იყო მისთვის ვოლფგანგ ამადეი მოცარტი დაეძახათ.

მოცარტის მუსიკალური შესაძლებლობები ადრეულ ასაკში გამოვლინდა, როდესაც იგი ჯერ კიდევ სამი წლის იყო. მამა ლეოპოლდ მოცარტი (1719–1787) ზალცბურგის სამთავარეპისკოპოსოს კაპელმეისტერი და კომპოზიტორი იყო. იგი უკრავდა ვიოლინოზე, ორგანზე, ხელმძღვანელობდა სასახლის კარის ორკესტრს, საეკლესიო გუნდს და წერდა მუსიკასაც. იგი ევროპის ერთ-ერთ წამყვან მუსიკის მასწავლებლად ითვლებოდა. მისი წიგნი "ვიოლინოს სკოლის საფუძვლები, გამოცდილება” (გერმ.: Versuch einer gründlichen Violinschule) 1756 – წელს გამოიცა, მოცარტის დაბადების წელს. წიგნმა მას წარმატება მოუტანა, რომელიც მრავალჯერ გამოიცა და მრავალ ენაზე ითარგმნა.

როდესაც ნანერლი შვიდი წლის გახდა, მამა კლავიატურის გაკვეთილებს ამეცადინებდა. მისი სამი წლის ძმა აღტაცებით ადევნებდა თვალს გაკვეთილებს. ვოლფგანგმა პირველი გაკვეთილები ვიოლინოს, ფორტეპიანოს და კომპოზიციაში მამასთან მიიღო. იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული მუსიკალური ტალანტით, ხუთი წლის ასაკში მან უკვე რამდენიმე პატარა მუსიკალური ნაწარმოები შეთხზა. ოთხი წლის მოცარტი უკვე უკრავდა ფორტეპიანოზე, ექვსისა კი სერიოზულ ნაწარმოებებს ასრულებდა. ექვსი წლის ასაკში იგი შესანიშნავად უკრავდა ვიოლინოზე და ფორტეპიანოზე.

6 წლის მოცარტი თავის ასეთივე ნიჭიერ დასთან ნანერლისთან ერთად 1762 წლიდან უკვე მართავდნენ კონცერტებს ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის. მამამისს ისინი მიჰყავს საკონცერტო მოგზაურობაში. ბავშვების დიდმა წარმატებამ მიუნხენის კარზე მტკიცედ გადააწყვეტინა ლეოპოლდ მოცარტს, რომ საჭირო იყო მოცარტის უფრო დიდ ასპარეზზე გაყვანა. მან 1763 წელს მთელი ოჯახით, დიდი მოგზაურობა დაიწყო, რომელიც სამ წელზე მეტს გრძელდებოდა. ისინი გაემგზავრნენ დასავლეთ ევროპაში ძირითადად კი იტალიაში, იქ მოცარტი გახდა საქვეყნოდ ცნობილი გენიოსი.

ეს იყო მათი პირველი მოგზაურობა ევროპაში. ამ ტურნეში შედიოდა ევროპის მრავალი დიდი ქალაქი: მიუნხენი, აუგსბურგი, ლუდვიგსბურგი, ჰაიდელბერგი, მაინცი, ფრანკფურტი, კობლენცი, კიოლნი, ბრიუსელი, პარიზი, ვერსალი, ლონდონი, ამსტერდამი, ლიონი, ჟენევა, ბერნი, ციურიხი, ულმი და ისევ მიუნხენი, სადაც ბავშვები საგრაფო კარებზე და მუსიკალურ აკადემიებში მუზიცირებდნენ. პატარა ვირტუოზი ასრულებდა როგორც სოლო ნომრებს, ასევე უკრავდა ნაწარმოებებს ოთხ ხელში თავის დასთან ერთად. უკრავდა ნაწარმოებებს ვიოლინოზე, ორგანზე, ჰქმნიდა მელოდიებზე იმპროვიზაციებს. პატარა მოცარტის გამოსვლები ყველგან იწვევდა აღფრთოვანებას. მას შეარქცეს "მე-18 საუკუნის სასწაული”. მან თავისი ბრწყინვალე გამოსვლებით დაიპყრო მთელი ევროპა.

ამ მოგზაურობის დროს შეიქმნა პირველი სონატები ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის და ასევე პირველი სიმფონია Es-Dur(KV 16). იგი ლონდონში ეცნობა იტალიურ ოპერას და სიმფონიას.

სახელმოხვეჭილი პატარა კომპოზიტორი ბრუნდება ზალცბურგში 1766 წელს. იგი იწყებს კვლავ ახალ საკონცერტო პროგრამაზე და კომპოზიციაზე მუშაობას. სხვა კარის მუსიკოსებთან ერთად ქმნის პირველ ოპერას.

პირველი მოგზაურობა ვენაში და იტალიაში 1766-1771

1766 წელს ოჯახი მიემგზავრება ვენაში, მაგრამ ეპიდემიის გამო უწევთ ვენის დატოვება და თავს ოლომოუცში აფარებენ. 1768 წელს ბრუნდება მოცარტი ვენაში და ქმნის ზინგშპილი "ბასტიენ და ბასტიენა” (KV 50) და ოპერა-ბუფა "La finta semplice” (KV 51), რისი პრემიერაც მიუხედავად კაიზერ ფრანც I-ის შეკვეთისა არ შედგა, "იტალიური პარტიის” ინტრიგების გამო.

1769 წლის დეკემბერში 14 წლის მოცარტი მამასთან ერთად იწყებს შემდეგ ტურნეს იტალიაში. 3 წლის განმავლობაში (1770-1773წ.წ.) ისინი ეწვივნენ იტალიის ქალაქებს; რომი, მილანი, ფლორენცია, ვენეცია, სადაც მოცარტმა მოიპოვა ტრიუმფალური წარმატება.

მილანში მან ერთი მოსმენით გრეგორიო ალეგრის ცხრა ხმიანი მიზერერეს პარტიტურა უშეცდომოდ ჩაწერა ნოტებში, როდესაც ამ პარტიტურის გავრცელება ვატიკანისგან სასტიკად იკრძალებოდა.

პადრე ჯოვანი ბატისტა მარტინისთან ეუფლებოდა მოცარტი კონტრაპუნქტს. ერთერთი გამოცდის წარმატებულად ჩაბარების შემდეგ მას ბოლონიის ფილარმონიული აკადემია იღებს, სადაც იგი ცნობილ იტალიელ მუსიკოსებს: ჯოვანი ბატისტა სამარტინის, ნიკოლო პიჩინის, პიეტრო ნარდინის და ჯოვანი პაისიელოს ხვდება.

1770 წლის 26 დეკემბერს მილანში შედგა მისი ოპერა-სერიის "Mitridate, Rè di Ponto” (KV 87) პრემიერა, რასაც თავისი დიდი წარმატების გამო მალევე მოყვა "Serenata teatrale Ascanio in Alba” (KV 111, პრემიერა შედგა მილანში 17 ოქტომბრის 1771 წელს) და "Dramma per musica Lucio Silla” (KV 135, პრემიერა შედგა მილანში 1772/1773 წლების სეზონზე).

ზალცბურგი-მანჰაიმი-პარიზი-ზალცბურგი 1772-1781

ზალცბურგში 1772 წელს არქიეპისკოპოსად დაინიშნა ჰიერონიმუს კოლორედო-მანსფელდი, რომელმაც მოცარტი ზალცბურგის კარის კაპელის კონცერტმაისტერად დანიშნა. მიუხედავად ზალცბურგის სამსახურის მკაცრი რეგლამენტისა, მოცარტი არ წყვეტს თავის მოგზაურობას მამასთან ერთად. 1772/1773 წლებში მათი იტალიაში მოგზაურობის დროს შედგა „ლუციო სილას" (Lucio Silla) პრემიერა. 1773 წლის ბოლოს კი მოცარტი ქმნის პირველ საფორტეპიანო კონცერტს. ხანგძლივი პაუზის შემდეგ, 1777 წელს არქიეპისკოპოსთან არასასურველი ურთიერთობის გამო, ინთავისუფლებს თავს მოცარტი ზალცბურგის კარის კაპელისგან.

ზალცბურგიდან განთავისუფლების შემდეგ, მოცარტი მიმეზავრება დედასთან ერთად სხვადასხვა ქალაქებში უკეთესი სამუშაოს საძებნელად. მანჰაიმში იგი ეცნობა იმპერატორ კარლ თეოდორს და მის ორკესტრს, რომლის კაპელმაისტერი, ცნობილი კომპოზიტორი ქრისტიან კანაბიჩი მისი ერთგული მეგობარი ხდება(იხ. აგრეთვე მანჰაიმის სკოლა).

1778 წელს მამის ინიციატივით მოცარტი პარიზს მიემგზავრება. პარიზში დაიდგა მისი ბალეტი "Les petits riens”, რასაც დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ამავე წლის ივლისში გარდაეცვალა დედა.

1779 წელს მოცარტი ბრუნდება ზალცბურგში. იგი ინიშნება კარის ორგანისტად. მიუხედავად იმპერატორთან კვლავ დაძაბული ურთიერთობისა ამჯერად თითქმის ორი წელი გაატარა მან ზალცბურგში. აქ მან შექმნა "Krönungsmesse” (KV 317) და ოპერა "იდომენევსი — კრეტის მეფე” (KV 366).

ვენა 1781-1791

1781 წელს მისმა კონფლიქტმა არქიეპისკოპოსთან პიკს მიაღწია. შეუძლებელი გახდა მისი ზალცბურგში გაჩერება და იგი გადადის ვენაში.

ზალცბურგის "კლანჭებიდან” განთავისუფლებული მოცარტი ვენაში განაგრძობს ცხოვრება, სადაც იქმნება მისი უმნიშვნელოვანესი ოპერები: 1782 წელს შედგა ვენაში პრემიერა "მოტაცება სერალიდან” (Die Entführung aus dem Serail)(KV 384), რასაც მოჰყვა 1786 წლის 1 მაისს ოპერა ბუფას, "ფიგაროს ქორწინების” (Le nozze di Figaro)(KV 492) პრემიერა.

1787 წლის 29 ოქტომბერს პრაღაში შედგა "დასჯილი გარყვნილი ანუ დონ ჟუანის” (Don Giovanni) (KV 527) პრემიერა.

1790 წლის 26 იანვარს ოპერა ბუფას "ასე იქცევა ყველა ქალი” (Cosi fan tutte) (KV 588) იდგმება ვენაში. ბოლო სამი ოპერის ლიბრეტოს ავტორია ლორენცო და პონტე.

1791 წლის 6 სექტემბერს შედგა ოპერა სერიას "La clemenza di Tito” (KV 621)პრემიერა პრაღაში და ამავე წლის 30 სექტემბერს უმნიშვნელოვანესი ოპერა "ჯადოსნური ფლეიტა” (Die Zauberflöte)(KV 620) დაიდგა ემანუილ შიკანედერის თეატრში auf der Wieden.

ვენის შემოქმედებაში შედის აგრეთვე მესა c-Moll(KV 427)(1783), ი. ჰაიდნზე მიძღვნილი 6 კვარტეტი (KV 387, 421, 428, 458, 464, 465)(1785), "ლინცის სიმფონია” (Linzer Sinfonie)(KV 425), "პრაღის სიმფონია” (Prager Sinfonie) (KV 504) (1786) და "მცირე ღამის მუსიკა”(Eine kleine Nachtmusik) (KV 525) (1787), აგრეთვე ბოლო 3 სიმფონია: Es-Dur(KV 543), g-Moll(KV 550) da C-Dur "იუპიტერის სიმფონია” (Jupiter-Sinfonie)(KV 551)(1788).

ვენაში 1782/1783 წლებში მოცარტი იცნობს გოტფრიდ ვან სვიტენს, იმპერატორულ ბიბლიოთეკის(დღევანდელ ავსტრიის სახელმწიფო ბიბლიოთეკის) პრეფეკტს, რომელიც მას აცნობს ი. ს. ბახისა და გ. ფ. ჰენდელის ნაწარმოებებს, მანუფაკტურებს. ბაროკოს დროის ნაწარმოებები დიდ გავლენას ახდენს მოცარტის შემოქმედებაზე.

1782 წლის 4 აგვისტოს მოცარტი ქორწინდება კონსტანცა ვებერზე, რომელიც მან მანჰაიმში ყოფნის დროს გაიცნო. ექვსი შვილისგან, რომლიც მათ გაუჩნდათ გადარჩა მხოლოდ ორი, კარლ ტომასი და ფრანც ქსავერ ვოლფგანგი. მოცარტის მამა ლეოპოლდ მოცარტი ორჯერ აკითხავს მას ვენაში, 1783 და 1785 წლებში. იგი 1787 წელს გარდაიცვალა.

ოპერა "ფიგაროს ქორწინებას” და მის მაშინდელ ოპერებს, რომლებიც ვენაში დაიდგა, წარმატება არ მოჰყოლია. წარმატება მის ოპერებს პრაღაში მოჰყვა. მაგრამ ეს მის მატერიალურ მდგომარეობას ვერ შველიდა. მოგვიანებით "ჯადოსნურმა ფლეიტამ” ასე თუ ისე მოიპოვა წარმატება, რამაც მოცარტს მატერიალური მდგომარეობაც საგრძნობლად გაუუმჯობესა. მაგრამ ბოლოს იგი იძულებული გახდა მიეტოვებინა კომფორტული სახლი ცენტრში და გადასულიყო ქალაქის გარეუბანში. მოცარტის ცხოვრება ვენაში სულ უფრო და უფრო უარესი ხდებოდა. მისი უკანასკნელი ნაწარმოებიაა რექვიემი. ნაწარმოების წერა მოცარტს ართმევდა უკანასკნელ ძალ-ღონეს. მისი მოულოდნელი გარდაცვალების გამო რექვიემი დაამთავრა მისმა მოსწავლემ ზიუს მაიერმა.

გარდაცვალება და გარდაცვალების ვერსიები

"ჯადოსანური ფლეიტის” პრემიერიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ, 20 ნოემბერს იგი ლოგინად ჩავარდა და 5 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი ამ დროს 35 წლის იყო.

მისი სიკვდილის კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. ციებცხელება იყო პირველი დიაგნოზი, რომელიც მიცვალებულის პირველი შემოწმების შემდეგ დადგინდა. ასევე სხვა ვერსიებიც, სიფილისი, რევმატიზმი და ინფარქტი არ გამოირიცხებიან.

ლეგენდის დონეზეა აგრეთვე ვერსია, რომ იგი მისმა თანამედროვე კოლეგამ, კომპოზიტორმა ანტონიო სალიერიმ მოკლა (მოწამლა). მოცარტის გამოჩენამდე სალიერი იყო განთქმული კომპოზიტორი იყო. მოცარტის გამოჩენის შემდეგ კი სალიერი ჩრდილში მოექცა. მოცარტი მეფესთან უფრო დაახლოვდა. სალიერის ეს არ მოეწონა და მოცარტი მოწამლა. როგორც ცნობილია, ანტონიო სალიერი გაგიჟდა და სწორედ გაგიჟებული როდესაც მას კლინიკაში მკურნალობენ ამბობდა და ყვიროდა რომ თითქოს იგი იყო მკვლელი მოცარტისა. დიდმა რუსმა მწერალმა პუშკინმა იხელმძღვანელა იმ ვერსიით რომელიც მაშინ იყო მიღებული და დაწერა პოემა: "მოცარტი და სალიერი”. ეს ამბავი დაედო საფუძვლად აგრეთვე მილოშ ფორმანის ფილმს: "ამადეუსი”

თანამედროვე სამედიცინო კვლევის მიხედვით მოცარტის სიკვდილის მიზეზი, მის ბავშვობაში ექიმების, ავადმყოფობის წინააღმდეგ არასწორი მოქმედებაა დადგენილი, რამაც მოგვიანებით გულისა და სხვა ორგანოების ფუნქციის მოშლა გამოიწვია.

ცნობილია აგრეთვე ვერსიაც, რომ იგი მოწამლეს. ამას თვით მოცარტის ბოლო შეხვედრის დროს, თავის მეუღლეს, კონსტანცას ეუბნება, რომ იგი დარწმუნებულია იმაში, რომ მოწამლეს.

ერთ-ერთი ვერსიით იგი მისი მოსამსახურის მიერ მოტანილი ღორის ხორცისგან დამზადებული კატლეტებით მოიწამლა. მოცარტი მეუღლისადმი მიწერილ წერილში წერდა, რომ ოთახში შემოვიდა მისი მოსამსახურე ქალი რომელმაც ახლად დამზადებული, მადის აღმძვრელი ღორის კატლეტები მოუტანა მას ვახშმად. შემდეგ დადგინდა რომ ღორის ხორცისგან დამზადებული კატლეტები არ იყო კარგად შემწვარი და მასში არსებული ჭია არ განადგურებულა, რის შედეგადაც მოცარტი რამოდენიმე დღეში ავად შეიქმნა და გარდაიცვალა.

მოცარტი დასაფლავებულ იქნა ვენაში, წმ. მარქსერის სასაფლაოზე.

კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 206 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]