მთავარი » ფაილები » შემეცნებით

წამების რამდენიმე ძველებური მეთოდი
2011-02-20, 10:26 PM

Image.geotorrents.com
მსოფლიოს სხვადასხვა კულტურებში სხვადასხვანაირი დასჯის მეთოდები იყო. ზოგი იმდენად საშინელი, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან მხოლოდ ეს მოგივა თავში – კიდევ კაი, იმ პერიოდში არ ვცხოვრობდიო. წარმოგიდგენთ რამდენიმე, სხვებთან შედარებით უფრო მკაცრ და სასტიკ საწამებელ იარაღებს.

ქვემოთ მოყვანილი იარაღებიდან ყველა გამოიყენებოდა ესპანური ინკვიზიციის პერიოდში.

მკერდის მჭრელი
Image.geotorrents.com
გამოიყენებოდა როგორც სადამსჯელო ღონისძიებებში, ასევე დაკითხვისას. დასჯისას, მას ახურებდნენ და ქალებს (ძირითადად დაუქორწინებლებს) მკერდზე ადებდნენ, რომ ნიშანი (დამღა) დასდებოდათ. ინკვიზიციის ეპოქაში მას შერცხვენილი ქალებისთვის იყენებდნენ, ისეთებისთვის რომლებიც ბრალდებულნი იყვნენ მწვალებლობაში, ღვთის გმობაში, სიშვა-მრუშობაში, აბორტში, მაგიაში და ა.შ. ზოგჯერ კი მოწყობილობის რკინის კლანჭებით იქამდე უსერავდნენ მკერდს, სანამ რბილ სისხლიან მასად არ იქცეოდა. არსებობდა "მკერდის მჭრელის” უფრო საშინელი ვარიანტიც, რომელსაც ‘ობობას’ ეძახდნენ. ამ შემთხვევაში, რკინის მარწუხებს მკერდზე უჭერდნენ და აქეთ-იქით წევდნენ, სანამ მკერდის ორივე ნაწილი სხეულს არ მოწყდებოდა.

მუხლების მხლეჩავი
Image.geotorrents.com
მოქმედების პრინციპი მგონი სახელიდანაც გასაგებია. მოწყობილობა იყო ხის და მოიცავდა ხის ორ ნაჭერს, რომლებიც კბილანებით იყვნენ აღჭურვილნი. მსხვერპლის ფეხებს მათ შორის ათავსებდნენ, ისე რომ კბილანები წინიდან და უკნიდან მუხლებს შეხებოდა. ამის შემდეგ იწყებოდა ხრახნების ტრიალი. ხრახნები ხის ნაჭრებთან იყო მიმაგრებული და კბილანები ერთმანეთისკენ მიიწევდნენ, სანამ არ შეეხებოდნენ. ამის შედეგად, ფეხების ნაწილი მუხლს ქვემოთ სრულიად უსარგებლო ხდებოდა. ხანდახან იყენებდნენ სხეულის სხვა ნაწილებისთვისაც, მაგალითად მკლავებისთვის.

ნაწლავების ჯალამბარი
Image.geotorrents.com
ნაკლებად ცნობილი, მაგრამ უსაშინლესი მეთოდი. მსხვერპლს თოკებით აბამდნენ მაგიდაზე ან ფიცარზე, შემდეგ დანით მუცელში იმხელა ჭრილობას უკეთებდნენ, რომ მუშტი ჩატეულიყო. ჯალათი ხელს უყოფდა მუცლის ღრუში, ამოჰქონდა ნაწლავები და ჯალამბარზე ახვევდა. ამის შემდეგ ჯალამბარს ნელ-ნელა ატრიალებდნენ და ნაწლავებიც სანტიმეტრობით შორდებოდნენ სხეულს. საბოლოოდ კი, 3-დან 6 მეტრამდე სიგრძის ნაწლავები ეხვეოდა ჯალამბარს. რაც მთავარია, მსხვერპლი ამას საკუთარი თვალებით ხედავდა.

მოწყობილობას ხშირად იყენებდნენ დამნაშავეებისგან აღიარებითი ჩვენების მისაღებად. არაადამიანური ტკივილი და სისხლდენა გარდაუვალ სიკვდილს იწვევდა – ვინც ნაწლავის ჯალამბარზე მოხვდა, ცოცხალი ვერავინ გადარჩა.

გაროტე
Image.geotorrents.com
მსხვერპლს სვამდნენ და თოკებით აბამდნენ, რომ არ ემოძრავა. ყელს კი ყულფში აყოფინებდნენ. ამის შემდეგ ჯალათი იწყებდა ხრახნის ტრიალს, რაც იწვევდა ნელ-ნელა გაგუდვას და საბოლოოდ სიკვდილს. გაროტეს ზოგიერთი სახეობა აღჭურვილი იყო კბილანებით, რომელიც მსხვერპლს ზურგში ესობოდა. ზოგი მათგანი სუნთქვის შეკავების გამო კლავდა ადამიანს (ასფიქსიით), ზოგი კი კისრის მალების მტვრევასაც ითვალისწინებდა და სასჯელს უფრო აუტანელს ხდიდა. ყელზე მოსახვევი მასალებიც სხვადასხვანაირი იყო: თოკები, ტყავი, გიტარის სიმები, პიანინოს სიმები, ნეილონი და ა.შ.

ესპანელები გაროტეზე გაგუდვით კლავდნენ იმას, ვინც ცოდვას აღიარებდა. ვინც არ აღიარებდა, მას გაროტეზე აბამდნენ და წვავდნენ. დაწვა უფრო დიდხანს გრძელდებოდა და გაცილებით საშინელი იყო, ამიტომ ინკვიზიციის მარწუხებში მოხვედრილები ამჯობინებდნენ, დანაშაული ეღიარებინათ, გინდაც მათ არ ჩაედინათ.

გაროტეს ყველაზე ცნობილი მსხვერპლია ფილიპინელი სასულიერო პირების ტრიო "გომბურზა”, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ 1872 წლის სამხედრო ამბოხებაში.

Image.geotorrents.com

ესპანეთში ბოლოს ამ მეთოდით 1975 წელს დასაჯეს სტუდენტი ბიჭი, რომელიც მოგვიანებით უდანაშაულო აღმოჩნდა. დიქტატორ ფრანცისკო ფრანკოს სიკვდილის შემდეგ, 1978 წელს მიღებულმა კონსტიტუციამ სიკვდილით დასჯა აკრძალა. ზოგადად კი ანდორა იყო ბოლო ქვეყანა, სადაც გაროტე გამოიყენეს – ეს მოხდა 1990 წელს.

სარზე გასმა
Image.geotorrents.com
ამ მეთოდის ძირითადი დანიშნულება იყო სხეულში გრძელი სარის გაყრა. სარი შეიძლება გაყრილიყო მუცლიდან, ნეკნებიდან, უკანა ტანიდან და ქალების შემთხვევაში საშოდანაც, საბოლოოდ კი პირიდან ან ზურგიდან ამოდიოდა.

მტანჯველი იყო ეს მეთოდი იმ მხრივ, რომ მსხვერპლი დიდხანს ეწამებოდა. სარის პოზიციას ისე ადგენდნენ, რომ დამნაშავე არ ჩამოცურებულიყო. თუ საჭირო იყო, დამატებით სარებსაც იყენებდნენ პოზიციის შესანარჩუნებლად. ფართხალი, მოძრაობა, თავის დახსნის მცდელობა საბოლოოდ იმას იწვევდა, რომ სარები უფრო ღრმად შედიოდა სხეულში და ტანჯვას კიდევ მეტად აუტანელს ხდიდა.

ეს მეთოდი საქართველოშიც იყო გავრცელებული. მაგალითად, ივანე ჯავახიშვილი წერს:

ჯერი თბილისზე მიდგა. ოთხი საუკუნე თბილისი უცხოელთა ტყვეობაში იყო. დიდგორის შემდგომ წელს, 1122 წელს მეფე დავითმა თბილისი დაიპყროო, გვამცნობს მემატიანე. ამ შემთხვევაში იგი ძალზე ძუნწ ცნობებს გვაწვდის ამ დიდი ისტორიული მნიშვნელობის ფაქტის თაობაზე. სამაგიეროდ უცხოური წყაროები ლაპარაკობენ, რომ თბილისი მის ამირას უბრძოლველად არ დაუთმია. მეფეს დიდი სიმკაცრე გამოუჩენია, მუსრი გაუვლია დამპყრობლებისათვის, გაუჟლეტია, ხუთასი კაცი სარზე ჩამოუცვამს.

მსოფლიო ისტორიაში ამ მეთოდის სიყვარულით, რა თქმა უნდა, გრაფი ვლად ცეპეში, იგივე დრაკულაა ცნობილი. მისი მეტსახელი "impaler” სწორედ აქედან მოდის. რადგანაც ის წამების ყურებით სიამოვნებას იღებდა, თავად ჰკიდებდა ამ საქმეს ხელს და სხვადასხვა ნიმუშებს ამზადებდა. როგორც წინა პოსტში მოგახსენეთ, მას უცნაური იუმორი ჰქონდა: დასასჯელი სარის სიგრძე მსხვერპლის სიმაღლეზე იყო დამოკიდებული. ვლადის ხელში ჩავარდნილები ამ მეთოდით დასჯისას რამდენიმე საათი, ზოგჯერ დღეები იტანჯებოდნენ. ხშირად გრაფი ასეთ მეთოდს მიმართავდა: სარს დაამაგრებდა, მსხვერპლის ფეხებს გრძელი თოკებით ცხენს გამოაბამდა და ცხენი რომ დაიძრებოდა, სარი თავისთავად შედიოდა სხეულში.

სარზე გასმის ერთ-ერთ უძველეს მაგალითს ვხვდებით ჰეროდოტეს (V საუკუნე ქრ.შ.-მდე) აღწერილობაში, სადაც სპარსეთის მეფემ დარიუს I-მა 3000 ბაბილონელი ამ მეთოდით დასაჯა. ისტორიკოსთა აზრით, სარზე გასმის მოგვიანებით სახეცვლილი ფორმაა ჯვარცმა.

სკანდინავიაში, კონკრეტულად შვედეთში, სარზე გასმა მე-17 საუკუნის ჩათვლით იყო.

წყარო: ucnauri.com


კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 313 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]