სალადინი
2011-02-20, 11:15 PM



სალაჰ ად-დინ იუსუფ იბნ აიუბი, ევროპაში ცნობილი როგორც სალადინი (დ. 1137/1138 - გ. 4 მარტი 1193), ეგვიპტის სულთანი 1171-იდან, აიუბიდების დინასტიის დამაარსებელი; წარმოშობით ქურთი.

დაიბადა ერაყის ქალაქ ტიკრიტში საიდანაც მისი ოჯახი გააძევეს მოსულში. 1164-69 მონაწილეობდა მოსულის მმართველების - ზენგიდების - ლაშქრობაში ეგვიპტეში. 1169 დაინიშნა ეგვიპტის ვეზირად, ხოლო 1171 ხელთ იგდო ერთპიროვნული ძალაუფლება და სულთნის ტიტული მიიღო. ამ დროიდან იწყება ეგვიპტეში მისი სახელობის ფულის მოჭრაც. 1174-76 დამპრობლური ომების შედეგად შეიერთა სირია, შუამდინარეთი, იემენი და შემქნა ვრცელი იმპერია რომელიც წინ აღუდგა ჯვაროსნულ ლაშქრობებს. 1187 წლის 3-4 ივლისს სალადინის ჯარებმა დაამარცხეს ჯვაროსნები სოფელ ჰიტინთან (პალესტინა); იმავე წლის 2 ოქტომბერს აიღეს იერუსალიმი და ევროპელები განდევნეს სირიისა და პალესტინის დიდი ნაწილიდან. 1191 წ. სალადინი დაუპირისპირდა ინგლისის მეფის რიჩარდ ლომგულის ახალ ლაშქრობას; სალადინი დამარცხდა, მაგრამ რიჩარდმა იერუსალიმის აღება ვერ შეძლო. ორი მონარქის ურთიერთობა, რომელიც საბრძოლო დაპირისპირების გარდა რაინდულ ურთიერთპატივისცემაზე იყო აგებული, აირეკლა იმდროინდელ ევროპულ რომანსებში. საბოლოოდ, 1192 წ. ზავმა პალესტინაში მუსლიმანებსა და ქრისტიანებს შორის დროებით სიმშვიდე ჩამოაგდო. სალადინი გარდაიცვალა დამასკოში, 1193 წ. 4 მარტს.

სალადინის პოლიტიკის ძირითადი მიმართულება იყო სუნიზმის გავრცელება, სამხედრო მანქანის განუხრელი ზრდა და „საღმრთო ომი" - ჯიჰადი. ამასთანავე, სალადინს პატივს სცემდნენ როგორც ნიჭიერ მხედართმთავარს და ღირსეულ მებრძოლს. მისი მმართველობის დროს შეინიშნება ერთგვარი გამოცოცხლება საქართველო-ეგვიპტის ურთიერთობებში. სალადინის ბიოგრაფის ბაჰა ად-დინ იბნ შადადის ცნობით, საქართველოს მეფე თამარს ელჩები გაუგზავნია სულთნისთვის და უთხოვია მუსლიმანთა მიერ მიტაცებული ქრისტიანთა წმინდა სალოცავების გათავისუფლება. სალადინის პასუხი არ შემონახულა, თუმცა თამარის მეცადინეობა, როგორც ჩანს, წარმატებით დასრულებულა: იმდროინდელი ევროპული წყაროებით, ქართველები, სხვა ქრისტიანებისგან განსხვავებით, იერუსალიმში პრივილეგიებით სარგებლობდნენ და ქალაქში შესვლა დაუბრკოლებლად შეეძლოთ გაშლილი დროშებით.


კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1031 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]