მთავარი » ფაილები » შემეცნებით

ლევან აბაშიძე “მეცნიერება და რწმენა”
2011-04-05, 9:27 PM
სიტყვა «მეცნიერებაში» მე ვგულისხმობ საბუნებისმეტყველო მეცნიერებას (science), ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით, კერძოდ, იმ მეცნიერებას, რომელიც XVII საუკუნიდან ჩამოყალიბდა. მეცნიერებას განუზომლად დიდი გავლენა აქვს თანამედროვე ცივილიზაციაზე და ის სულ უფრო მიუწვდომელი ხდება არაპროფესიონალებისთვის, რაც შესაძლოა ცრურწმენებისა და უსაფუძვლო შიშის წყაროც იყოს.
ჩემი სწავლის, განათლებისა და მუშაობის პირველი ეტაპი დავუთმე ფიზიკას და მეტნაკლებად ვიცნობ ამ მეცნიერებას, თუმცა, დღეს ამ დარგში აქტიურად არ ვმუშაობ.

თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნიერების უმთავრესი პრინციპი

მოვიყვან ერთ პატარა მაგალითს, რომელიც დაგვეხმარება იმ უმთავრესი იდეის გაგებაში, რომელსაც მოხსენება ეხება.
წარმოიდგინეთ გაზქურა, რომელზეც დგას ჩაიდანი და მასში ადუღდა წყალი.
ისმის კითხვა: რა მოხდა? რატომ ადუღდა წყალი?
ერთი პასუხი: წყალი ადუღდა იმიტომ, რომ ქვეშ არის ცეცხლი, რომელმაც გაახურა წყალი და, შედეგად, ის ადუღდა. შეიძლება უფრო დეტალური პასუხი გავცეთ: წყლის გახურების შედეგად მოხდა ორთქლის ბუშტების აქტიური წარმოქმნა, რომლებიც ზედაპირზე ამოვიდნენ. ეს არის დუღილის პროცესი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ.
სხვა პასუხი შეიძლება იყოს ასეთი: წყალი ადუღდა იმიტომ, რომ მინდა ჩაის დალევა!
კითხვის დასმა, თუ რომელი პასუხია სწორი, სასაცილო იქნებოდა. ორივე პასუხი სწორია და ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ პასუხები სხვადასხვა სფეროებს განეკუთვნება.
აი, სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი მთავარი იდეა, რაზეც მე ვისაუბრებ. კითხვა, თუ რომელი იძლევა სამყაროს რეალურ სურათს _ მეცნიერება თუ რწმენა, ისეთივე უაზროა, როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითის შემთხვევაში.
რასაკვირველია, ამაზე გვიფიქრია და ბევრს ლექციის გარეშეც ესმის, რომ მეცნიერება და რწმენა სხვადასხვა სფეროებია. ხშირად ეს სფეროები ერთმანეთს აბსოლუტურად არ ეწინააღმდეგება. თუმცა, ზოგიერთს მიაჩნია, რომ მეცნიერებასა და რწმენას შორის ფუნდამენტური წინააღმდეგობა არსებობს.

მეცნიერების დაბადება
ანტიკური ხანის ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი (ამ სიტყვის ფართო გაგებით) იყო არისტოტელე. მან აღწერა ბუნების კანონები ანუ ის, რასაც მან «ფიზიკა» უწოდა. დიდი ხნის განმავლობაში ეს აღწერა საკმაოდ გავრცელებული და ქმედითი იყო როგორც ქრისტიანულ, ისე ისლამურ სამყაროში და მეცნიერების განვითარებაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. შეიძლება ითქვას, რომ ამ გავლენამ XVII საუკუნემდეც მოაღწია, როდესაც მოხდა გარდატეხა და ჩამოყალიბება დაიწყო თანამედროვე მეცნიერებამ. გალილეო გალილეით და ისააკ ნიუტონით იწყება ახალი ფიზიკა, რომელიც არისტოტელეს ფიზიკას ჩაენაცვლა.
რაში მდგომარეობდა ეს კარდინალური გარდატეხა?
მოვიყვან ორ მაგალითს.
პირველი მაგალითი: არისტოტელეს მიხედვით, იმისათვის რომ მოძრაობა მუდმივი იყოს, საჭიროა მუდმივი ძალა. ძალა იწვევს მოძრაობას, ხოლო ძალის არარსებობა – უძრაობას. თითქოს ყველაფერი ცხადია. ყველამ ვიცით, მანქანამ რომ იაროს სწორ გზაზე, მისი ძრავა უნდა მუშაობდეს და ფეხი მუდმივად უნდა გქონდეთ დაჭერილი აქსელერატორზე; ცხენიც მუდმივად უნდა ეწეოდეს ურემს, იმისათვის რომ ურემი არ გაჩერდეს. საჭირო იყო გალილეო გალილეის ძალიან დიდი გონებამახვილობა იმის დასადგენად, რომ სხეულზე ძალები თუ არ მოქმედებენ, მისი მოძრაობა თანმიმდევრული და წრფივია, ანუ ის მუდმივი სიჩქარით მოძრაობს და არ არის აუცილებლად გაჩერებული. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც კოსმოსური ხომალდი დედამიწას მოწყდება და გაფრინდება, მას არ სჭირდება საწვავი თანმიმდევრული და წრფივი მოძრაობისთვის. მუდმივი სიჩქარით მოძრაობისთვის არ არის საჭირო ძალა. ძალა იწვევს აჩქარებას და არა სიჩქარეს. ეს არის მექანიკის საწყისი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ნიუტონის მექანიკას. მაშინ რატომ ჩერდება ურემი და მანქანა, როცა მათ არ ეწევიან? რატომ არ მოძრაობენ ისინი მუდმივი სიჩქარით ძალის გარეშე? გალილეო გალილეი მიხვდა, რომ მოძრაობენ! ისევე, როგორც გატყორცნილი ქვა აგრძელებს მოძრაობას, როდესაც მას აღარ ვაწვებით და მანქანაც არ ჩერდება მომენტალურად, თუ ძრავა გამოირთო. მაგრამ დედამიწაზე იმგვარი პირობებია, რომ ყოველთვის ჩნდება სიჩქარის საწინააღმდეგო ძალა, რომელიც სხეულს აჩერებს. ეს არის ხახუნისა და ჰაერის წინააღმდეგობის ძალები, ანუ გალილეო გალილეის გენიალური მიხვედრის თანახმად, ყველა სხეულის უძრაობისკენ მისწრაფება ორი ფაქტორის შედეგია: 1. სინამდვილეში თუ არა გარეშე ძალა, საგანი მუდმივი სიჩქარით იმოძრავებდა; 2. არის ძალები, რომლებიც მოძრაობის საპირისპიროდ მოქმედებენ და მას აჩერებენ. ამიტომ, თუ მუდმივი სიჩქარით მოძრაობა გსურთ, კეთილი ინებეთ და მუდმივად მოადეთ საგანს ძალა, იმისათვის რომ მუდმივად გადალახოთ მოძრაობის საპირისპირო ძალები. გამწევი ძალა, იქნება ეს ძრავა თუ ცხენი, საჭიროა წინააღმდეგობისა და ხახუნის ძალების გადასალახავად. შეიძლება დავასკვნათ, რომ გარკვეული აზრით, არისტოტელე არ იყო მართალი და სწორი კანონი გალილეო გალილეიმ აღმოაჩინა.
მეორე მაგალითი: ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი საგანი ვარდება ქვემოთ, მაგალითად, ქვა. რატომ ვარდება ქვა ქვემოთ, თუ მას ხელს გავუშვებთ? საერთოდ, მეცნიერება იწყება მაშინ, როდესაც დავსვამთ კითხვას – რატომ? რა თქმა უნდა, ამ აზრით მეცნიერება ანტიკურ ხანაშიც არსებობდა. თუმცა, არისტოტელე ამ საკითხს არ იხილავს. ძველ, არისტოტელესეულ ფიზიკაში ეს საკითხი შემდეგნაირად წყდება: ყველაფერი სიმშვიდისაკენ, უძრაობისკენ მიისწრაფვის; არსებული ოთხი ელემენტიდან (ცეცხლი, ჰაერი, წყალი, მიწა) მიწისთვის სიმშვიდე ქვემოთ არის. ქვაში მეოთხე ელემენტი ჭარბობს და ამიტომ ქვა ქვემოთ მიისწრაფვის. აი ცეცხლი, მაგალითად, მიისწრაფვის არა ქვემოთ, არამედ ზემოთ, იმიტომ რომ ცეცხლისთვის სიმშვიდე ზემოთაა.
ნიუტონმა იმავე კითხვას სხვა პასუხი გასცა. თქვენ იცით ნიუტონის კანონი მიზიდულობის შესახებ, რომელიც ნამდვილად გენიალურია. ნიუტონმა თქვა, რომ ქვა ვარდება დედამიწაზე იმიტომ, რომ ნებისმიერი ორი სხეული ერთმანეთს იზიდავს. რაც მეტია ეს სხეულები, მით უფრო იზიდავენ ერთმანეთს. ვინაიდან ყველაზე დიდი სხეული ჩვენს სიახლოვეს დედამიწაა, სწორედ მის მიზიდულობას ვგრძნობთ. არა მარტო ქვა, არამედ ნებისმიერი სხეული ქვემოთ ვარდება _ მას დედამიწა იზიდავს. ნიუტონი გენიალურად მიხვდა, რომ ერთი და იგივე მიზიდულობის ძალა არის მიზეზი, როგორც ვაშლის ვარდნისა ხიდან მიწაზე, ასევე მთვარის მოძრაობისა დედამიწის გარშემო. ნიუტონამდე არავის აზრად არ მოსვლია ეს ორი მოვლენა ერთმანეთისთვის დაეკავშირებინა.
რაზე მეტყველებს ეს ორი მაგალითი? პირველ შემთხვევაში ის მეტყველებს მეცნიერების პროგრესზე, – იმაზე, რომ მეცნიერება ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევს.
მოვიდა დრო და მოვიდნენ მეცნიერები, რომლებმაც ბუნების მოვლენების უფრო ზუსტი ახსნა შემოგვთავაზეს. მათ უფრო სწორ და ზუსტ პასუხებს მიაგნეს არსებულ კითხვებზე და ახალმა კანონებმა შეცვალეს არსებული კანონები. არისტოტელეს ფიზიკა მოძველებული აღმოჩნდა. შემდეგ აინშტაინმა კიდევ უფრო ზუსტი კანონები აღმოაჩინა და ა.შ.
მაგრამ აქ რომ დავსვათ წერტილი, ეს არ იქნება საკმარისი და სრული პასუხი იმაზე, თუ რა შეიცვალა საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში XVII_XVIII საუკუნეებში. მაშინ ნამდვილი რევოლუცია მოხდა მეცნიერებაში. ამ რევოლუციის არსი არ მდგომარეობს იმაში, რომ მეცნიერებამ უფრო ზუსტი და გონებამახვილური პასუხი აღმოაჩინეს, ვიდრე არისტოტელემ. საქმე ეხება ბევრად უფრო ღრმა და საფუძვლიან გარდატეხას, ვიდრე ერთი თეორიის მეორით შეცვლაა. პრინციპულად შეიცვალა მიდგომა სამყაროს კვლევისადმი!

მოვლენის მიზეზი
არისტოტელემ იცის, რომ არსებობს ორი მიზეზი: ბუნებრივი და მიზნობრივი. პირველ შემთხვევაში მოქმედებს ბუნებრივი კანონი, ხოლო მეორეში _ ნება. არსებობს ეს ორი მიზეზობრიობა. ჩემს პირველ მაგალითში მოცემულია მიზნობრივი მიზეზი ანუ ის, რომ მე მინდა ჩაი დავლიო და ამიტომ წყალს ვადუღებ. ბუნებრივ (ფიზიკურ) მიზეზს თუ განვიხილავთ, წყლის ქვეშ არის ცეცხლი, რომელიც აცხელებს და ადუღებს მას.
XVII საუკუნემდე ეს ორი მიზეზი არ იყო ერთმანეთისგან გამიჯნული. მიაქციეთ ყურადღება, რომ არისტოტელეს ფიზიკა არ მიჯნავს ბუნებრივსა და მიზნობრივ მიზეზებს (ქვა ქვემოთ სიმშვიდისა და უძრაობისკენ მიისწრაფვის). ამის საპირისპიროდ მეცნიერები, დაწყებული გალილეო გალილეიდან _ დეკარტი, ნიუტონი და სხვები განდევნიან მიზნობრივ მიზეზებს მეცნიერებიდან. მათი ახსნით, ქვა ვარდება არა იმიტომ, რომ რაღაც მიისწრაფვის რაღაცისკენ; ქვა ვარდება არა იმიტომ, რომ ღვთის ნებაა, ყველა ქვა ეგდოს ძირს; ქვა იმიტომ ვარდება, რომ ბუნებაში არსებობს ძალა, რომელიც ყველა სხეულზე მოქმედებს. ეს არის ბუნებრივი მიზეზი, რომელსაც აგრეთვე უშუალო მიზეზს უწოდებენ _ ერთი მარტივი, უნივერსალური და ბუნებრივი მიზეზი: არსებობს ძალა, რომელიც მოქმედებს ყველა სხეულზე და ყველა სხეულს მიიზიდავს ქვემოთ, დედამიწის ცენტრისკენ. სხვა, ანუ მიზნობრივ მიზეზებს არ განვიხილავთ! მნიშვნელოვანია ის, რომ ეს უდიდესი ადამიანები, მეცნიერები და ფილოსოფოსები დევნიდნენ მიზნობრივ მიზეზებს მეცნიერებიდან (მეცნიერების მეთოდიკიდან) და არა საკუთარი მსოფლმხედველობიდან. თუ მე ვარ მეცნიერი და ამავე დროს მორწმუნე, მე მწამს, რომ ყველაფრის პირველმიზეზი ღმერთია, მაგრამ მე, როგორც მეცნიერი, რომელიც ვიკვლევ საგნის დახრილ სიბრტყეზე დაგორებას ან პლანეტების მოძრაობას, არ ვხელმძღვანელობ ამ რწმენით და კონცენტრირებული ვარ ბუნებრივ მიზეზებზე.
სწორედ ეს არის ფუნდამენტური განსხვავება ახალ და ძველ მეცნიერებას შორის და არა ის, თუ ვინ უფრო სწორად ახსნის თავად მიზეზებს. ჩვენ სკოლიდან გვაქვს გონებაში ჩანერგილი, რომ ყველაფერი წრფივად მიმდინარეობს, რომ მოვიდნენ ახალი მეცნიერები და რაღაც ახალი აღმოაჩინეს. მაგრამ უმნიშვნელოვანესი, რაც მოხდა, იყო ის, რომ მეცნიერებამ თავისი თავი შემოიზღუდა და სამაგიეროდ შეიძინა კონცენტრირებულობა, ძალიან დიდი ქმედითი ძალა.
ამ აზრის ნათელსაყოფად კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან. პიერ სიმონ ლაპლასი (1749_1827) უდიდესი მეცნიერი იყო. მას მრავალი შრომა აქვს ციურ მექანიკასა და პლანეტების მოძრაობაზე. ის ნიუტონის შემდგომ პერიოდში მოღვაწეობდა და მის მექანიკას იყენებდა ინსტრუმენტად. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, ლაპლასს ნაპოლეონმა ირონიულად ჰკითხა: მე გავიგე, რომ თქვენს ბოლო წიგნში ღმერთს არსად ახსენებთო. მეცნიერმა ნაპოლეონს უპასუხა, _ მე ეს ჰიპოთეზა არ მჭირდებაო. ერთი შეხედვით, შეიძლება დაგვრჩეს შთაბეჭდილება, რომ ათეისტი ლაპლასი ამბობს, რომ მას ღმერთი არ სწამს და ამიტომაც არ ახსენებს მას, როდესაც იკვლევს ბუნებას. მაგრამ თუ ამ დიალოგს ჩავუღრმავდებით, ლაპლასი ამბობს, რომ მეცნიერულ შრომაში არ იხილავს ღმერთის არსებობა-არარსებობას და ღმერთს, როგორც მიზეზს (მაგალითად, მოძრაობისა). ის კონცენტრირებულია სხვა რამეზე, კერძოდ, ბუნებრივ მიზეზებზე. სწორედ ეს არის თანამედროვე მეცნიერება! აღნიშნული დიალოგი ნაპოლეონთან არაფერს ამბობს ლაპლასის რწმენისა თუ ურწმუნოების შესახებ. ლაპლასი მეცნიერული კვლევის დროს არ იყენებს ჰიპოთეზას ღმერთის არსებობის შესახებ! აღვნიშნავ იმასაც, რომ ლაპლასი ასევე არ იყენებს ჰიპოთეზას ღმერთის არარსებობის შესახებ.
მრავალი მეცნიერი, რომელიც ამ მეთოდებს სრულად ავითარებდა, უაღრესად მორწმუნე იყო. კეპლერი, რომელმაც უდიდესი გამოთვლები ჩაატარა და პლანეტების მოძრაობის სამი კანონი აღმოაჩინა, უაღრესად მორწმუნე ადამიანი იყო. ნიუტონი, მართალია არ იყო მართლმორწმუნე ქრისტიანი და ის არ იზიარებდა მოძღვრებას წმიდა სამების შესახებ, მაგრამ მას ღრმად სწამდა ღმერთის, როგორც სამყაროს შემოქმედისა.
მეცნიერებამ თავისი თავი შემოიზღუდა და ამით შეიძინა უზარმაზარი ძალა. ისტორიაში ხშირია შემთხვევები, როდესაც პიროვნების თვითშეზღუდვა დიდ ძალას ათავისუფლებს, დიდ პოლიტიკურ მშენებლობას უდებს საფუძველს. დაწყებული ლიკურგედან, დამთავრებული ჯორჯ ვაშინგტონის ჩათვლით, დიდმა პოლიტიკოსებმა თავისი თავი შემოიზღუდეს და დასაბამი მისცეს დიდ პოლიტიკურ კულტურას.
მეცნიერება თავის თავში შეზღუდულია იმით, რომ მას აინტერესებს მოვლენების მხოლოდ ბუნებრივი, უშუალო მიზეზები. ეს არ ნიშნავს, რომ მე, როგორც მეცნიერს, არ უნდა მაინტერესებდეს ღვთისმეტყველება, რომ უნდა ვიყო ურწმუნო და ა.შ. სრულიადაც არა. შეიძლება ღრმად მორწმუნე ვიყო და მაშინ ჩემთვის, ყველაფერი, ყველა კანონი და კანონზომიერება ღვთისაგან იქნება, მაგრამ უშუალოდ კვლევისას ამ ჰიპოთეზას არ ვიყენებ. ეს არის თანამედროვე მეცნიერული მეთოდი და თუ თამაშის ამ წესს არ აღიარებ, მეცნიერი ვერ იქნები. ამიტომაა, რომ მეცნიერება თავს უყრის სხვადასხვა მსოფლმხედველობის მეცნიერს: მორწმუნეებს, მცირედ მორწმუნეებს, ურწმუნოებსა და აგნოსტიკოსებს. მსოფლმხედველობათა ასეთი განსხვავება არ უშლით მათ ხელს ერთობლივი კვლევისთვის. მთავარია, რომ ისინი იზიარებენ თანადროული მეცნიერების უმთავრეს პრინციპებს, ანუ პარადიგმას.

ბუნება, როგორც გადაშლილი წიგნი
განვიხილოთ კიდევ ერთი თეზისი, რაც მეცნიერების გასაგებად მნიშვნელოვანია. მოვიყვან ძალიან ძველ მეტაფორას – ბუნება, როგორც გადაშლილი წიგნი. ერთ-ერთ დიდ მოღვაწეს, ქრისტიან განდეგილს, წმიდა ანტონი დიდს ჰკითხეს, როგორ ცხოვრობდა ის უდაბნოში საღვთო წიგნის – ბიბლის გარეშე. წმიდა ანტონმა უპასუხა: ჩემს წინაშე გადაშლილია უდიდესი წიგნი – ბუნება, რომელშიც მე ღვთის სიბრძნის, სიყვარულის, სიკეთის შესახებ ვკითხულობო.
ეს იდეა ღრმად არის ქრისტიანულ სამყაროში ფესვგადგმული და ჭეშმარიტი მორწმუნისთვის ბუნების ჭვრეტა – ღვთის გამოცხადებაა.
ნიუტონს მიაჩნდა, რომ ამ ქვეყანაზე ორი წმიდა საქმე არსებობს – წმიდა წიგნის კითხვა და ბუნების, როგორც გადაშლილი წიგნის კითხვა. ბუნების კანონების დადგენა ნიუტონს წმიდა საქმედ მიაჩნდა, ვინაიდან ვსწავლობთ რა ბუნებას, ამ გადაშლილ წიგნს, ჩვენ ამით ამ წიგნის, ანუ ბუნების შემოქმედს ვჭვრეტთ. მართლაც, საიდან მოდის ეს კანონები? თუ გვწამს ღმერთი, მაშინ უნდა გვწამდეს, რომ ბუნებაც და მისი კანონებიც ღვთის შექმნილია.
გავყვეთ და ჩავუღრმავდეთ წიგნის ამ მეტაფორას. თუ ბუნება წიგნია, მაშინ ისევე, როგორც წიგნში, ბუნებაშიც არის ნიშნები და ნიშანთა ერთობლიობები, რომელთა უკან რაღაც აზრია. ჩვენ გვაინტერესებს, რა მიმართებაა ამ ნიშნებსა და მის უკან არსებულ რეალობას შორის. მეცნიერება, რომელიც ამ მიმართებებს იკვლევს, სემიოტიკა (ბერძნული სიტყვიდან semeion _ ნიშანი) ეწოდება. ქვემოთ გამოვიყენებთ ამ მეცნიერების უმთავრეს დებულებებს ჩვენი მეტაფორის გასაღრმავებლად.
სემიოტიკა გამოჰყოფს სამ ძირითად ასპექტს ნიშნისა და ნიშანთა სისტემის შესწავლისას: სინტაქტიკა, სემანტიკა და პრაგმატიკა.
სინტაქტიკა სწავლობს ნიშანთა სისტემის შინაგან თვისებებსა და კანონზომიერებებს და არ ეწევა მათ ინტერპრეტაციას.
სემანტიკა განიხილავს ნიშანთა მიმართებას იმასთან, რასაც ისინი აღნიშნავენ. ამაში შედის სიტყვისა და წინადადების მნიშვნელობის ან მნიშვნელობათა დადგენა.
პრაგმატიკა სწავლობს ნიშანთა მიმართებას „ადრესატთან", ანუ მკითხველთან. პრაგმატიკა განიხილავს ნიშნების ინტერპრეტაციის საკითხს, იმას, თუ რას ეუბნება ტექსტი მკითხველს, მისი საზრისი და ფასეულობა.
ბიბლიის შესწავლისას სინტაქსისი ნიშნავს ტექსტის დადგენას, სემანტიკა – თითოეული სიტყვისა და წინადადების მნიშვნელობის დადგენას, ხოლო პრაგმატიკა უმაღლესი დონეა გაგებისა, ანუ იმის დადგენისა, თუ რას მეუბნება მე, მკითხველს ბიბლიის შემქმნელი.
შეიძლება, მე ბიბლიის ტექსტი უაღრესად კარგად ვიცოდე და მაინც არაფერი მესმოდეს, თუ არ გავიგე მთავარი – რისთვის შეიქმნა ბიბლია, რას მეუბნება ის მე. მორწმუნემ იცის, რომ ბიბლია იმისთვის შეიქმნა, რომ ადამიანი ღმერთს დაუბრუნდეს, დაუახლოვდეს; მაგრამ შეიძლება მე ვიყო უძლიერესი ბიბლეისტი და ვერ გავიგო ის უმთავრესი რამ, რაც ნაკლებად განათლებულს ესმის.
ახლა ამ კუთხით განვიხილოთ სხვა წიგნი – ბუნება, ამ წიგნის გაგება, ანუ ბუნების კვლევა. მეცნიერება ადრე არ იყო დარგებად დაყოფილი. კვლევა იწყებოდა ბუნების საზრისის ძიებით (პრაგმატიკა), შემდეგ გადადიოდა თითოეული მოვლენის გარჩევაზე, მათ ანალიზზე (სემანტიკა), ხოლო ბოლო საფეხური იყო სინტაქტიკა, ანუ ამ ბუნებრივი კანონზომიერების დადგენა ნიშნებს შორის, ანუ ბუნების მოვლენებს შორის.
თანამედროვე მეცნიერება შემოფარგლულია მხოლოდ ამ ბოლო ეტაპით – კანონზომიერების დადგენით, ანუ სინტაქტიკით! ის მხოლოდ ბუნებრივ მიზეზებს
იხილავს! მაგრამ თუ თავს მხოლოდ სინტაქტიკით შემოვიფარგლავთ, ჩვენ არაფერი შეგვიძლია ვთქვათ წიგნის ავტორზე და არც იმაზე, თუ რას გვეუბნება ეს წიგნი ჩვენ.
მეცნიერებამ თავი შემოიზღუდა იმით, რომ ბუნების გადაშლილი წიგნის მხოლოდ სინტაქტიკით არის დაკავებული. სწორედ ამ თვითშეზღუდვის გამო მეცნიერებას არც აქვს პრეტენზია, იმსჯელოს ამ უმაღლეს სფეროზე. ამიტომაც არის, რომ მეცნიერთა შორის არიან როგორც ათეისტები, ისე უაღრესად მორწმუნეები. მეცნიერებისგან არც უნდა ველოდოთ პასუხებს მსოფლმხედველობის უმთავრეს საკითხებზე.

მეცნიერების საზღვრები
დღეს მეცნიერება ბევრ სფეროში აწყდება მის მიერვე დადგენილ საზღვრებს. პირველ მაგალითს კოსმოლოგიის სფეროდან მოვიყვანთ. ვიცით, რომ თანამედროვე თეორიის მიხედვით, ჩვენი სამყარო 13 მილიარდი წლის წინ დაიწყო ერთი დიდი აფეთქებით. რაც უფრო უახლოვდებიან მეცნიერები თავის თეორიულ კვლევაში ამ დიდი აფეთქების საწყის მომენტს, მით უფრო ცხადი ხდება, რომ საკუთრივ დიდი აფეთქების მიზეზის დადგენა და მისი ახსნა სცილდება მეცნიერების ჩარჩოებს. ჩვენ ნებისმიერ მიზეზზე ვამბობდით, რომ მას წინარე მიზეზი ჰქონდა, მაგრამ დღეს მეცნიერება მიადგა ისეთ მოვლენებს, რომლის წინა მიზეზი სცილდება ბუნებრივი მიზეზების სფეროს და, ამგვარად, მეცნიერების სფეროს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კითხვა, თუ რა იყო დიდ აფეთქებამდე და რა იყო მიზეზი დიდი აფეთქებისა, – ისეთი კითხვებია, რომლებიც მეცნიერებამ დასვა, მაგრამ თვით მეცნიერება მათ ვერ უპასუხებს.
სხვა პრობლემა, რომელიც ხშირად ამოჰყოფს თავს სხვადასხვა სახით, ანთროპული პრინციპია. ეს უაღრესად საინტერესო საკითხი ჯერ კიდევ არ არის ამოხსნილი. ამ პრინციპის მიხედვით აღმოჩნდა, რომ მთელი სამყარო იმთავითვე ზუსტად (უდიდესი სიზუსტით!) იმგვარადაა შექმნილი თუ მოწყობილი, რომ შესაძლებელი იყოს სიცოცხლის, და საბოლოო ჯამში ადამიანის არსებობა. აქედან მოდის თვით სახელი – ანთროპული პრინციპი (ანუ ადამიანური პრინციპი). ცხადია, რომ რადგან ადამიანი არსებობს, სამყარო იმგვარია, რომ ეს შესაძლებელი იყოს, და ამაში საოცარი არაფერია. საოცარი ის არის, რომ თუ თეორიულად განვიხილავთ სხვადასხვა შესაძლო სამყაროებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფიზიკური კონსტანტებით (როგორებიცაა ელექტრონის მასა, ელექტრონის მუხტი, სინათლის სიჩქარე, დიდი აფეთქების ენერგია, გრავიტაციული კონსტანტა და სხვ.), აღმოჩნდება, რომ უამრავ შესაძლებლობებში არც ერთი არ იძლევა სიცოცხლის წარმოშობის შესაძლებლობას ჩვენი სამყაროს გარდა. და ისმის კითხვა: რატომ არის სამყარო სწორედ ასეთი? ის შექმნა ღმერთმა, რომელმაც ყველაფერი იცის და რომელიც ადამიანის შემქმნელიცაა? ეს პასუხი რელიგიისა და რწმენის სფეროშია და არა მეცნიერებისა. მეცნიერების ფარგლებში ამ კითხვაზე პასუხი არ არის. მეცნიერებამ დასვა კითხვა, რომელსაც ვერ პასუხობს, ან იქნებ ჯერ ვერ პასუხობს?
ჩემი დღევანდელი მოხსენების უმთავრესი აზრი ის არის, რომ მეცნიერებას აქვს თავისი მეთოდი, თავისი სფერო, თავისი შეზღუდვები, ხოლო მეცნიერებისა და რწმენის ურთიერთმიმართება არ არის მარტივი, ცალსახა და ერთგვაროვანი. ხშირად მათი სფეროები გამიჯნულია. მაგრამ ვინაიდან ორივე წარმოადგენს ადამიანის საქმიანობისა და ინტერესის უმნიშვნელოვანეს სფეროს, მათ შორის ხშირად ყოფილა ურთიერთქმედება, – როგორც თანამშრომლობა, ისე კონფლიქტი.
სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ მეცნიერებასა და რწმენას შორის არსებობს მუდმივი კონფლიქტი და ერთის აღიარება მეორის უარყოფას ნიშნავს. ამგვარი აზროვნება მატერიალისტური და კომუნისტური პროპაგანდის შედეგია. ათეისტური იდეოლოგია ნერგავდა აზრს, რომ მეცნიერება და მისი წარმატებები ამტკიცებს რწმენის უსაფუძვლობას; რომ თუ რწმენა სწორია, მაშინ მეცნიერება უნდა ცდებოდეს და, პირიქით, – თუ მეცნიერებაა სწორი (და პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ის სწორია), მაშინ რწმენაა არასწორი. საოცარია, რომ მას შემდეგაც, როდესაც თითქოს კომუნისტურ-ათეისტური იდეოლოგია გადაილახა, აღნიშნული იდეა მეცნიერებისა და რწმენის ურთიერთდაპირისპირების შესახებ ცოცხლობს. და როდესაც ადამიანი იღებს რწმენას, მას ჰგონია, რომ ვალდებულია მეცნიერება უარყოს; ანუ იმის მაგივრად, რომ უკუაგდოს კომუნისტურ-მატერიალისტური თეზისი მეცნიერებისა და რწმენის ურთიერთგამომრიცხაობის შესახებ, ის სრულად რჩება მის ტყვეობაში და თავს ვალდებულად მიიჩნევს სკეპტიკურად მიუდგეს მეცნიერების მიღწევებს. ამით აიხსნება ევოლუციის თეორიის წინააღმდეგ გალაშქრების, ე.წ. კრეაციონიზმის დანერგვის მცდელობები და სხვ.
ჩემი დღევანდელი მოხსენების მიზანი სწორედ ის იყო, რომ მეჩვენებინა, რამდენად უსაფუძვლოა მეცნიერებისა და რელიგიის დაპირისპირების თემა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საჯარო ლექციები ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 30 ივნისი, 2006 წელი
კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 144 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]