მთავარი » ფაილები » შემეცნებით

იულიუს კეისარი
2011-02-20, 11:06 PM

მალე კეისარმა კვესტორობაც მიიღო და სწორედ მისი კვესტორობის დროს გარდაიცვალა მამიდამისი - გაიუს მარიუსის მეუღლე იულია, რომელსაც კეისარმა ბრწყინვალე დაკრძალვა მოუწყო; რომის ფორუმზე დაასვენა და სიტყვით მიმართა. მამიდაჩემი იულია - ამბობდა ორატორი - დედით მეფეთა შთამომავალია, მამით კი ღმერთებისო; აქ, წინაპრებად ანკუს მარციუსი (რომის მეოთხე მეფე) და ღმერქალი ვენერა იგულისხმებაო. საერთოდ იულიუსების გვარი, რომელსაც ჩემი ოჯახიც ეკუთვნის, სწორედ ღმერთქალ ვენერას შვილიშვილისგან, იულოსისგან მოედინებაო. აი, რატომ არის, რომ ჩვენი გვარისანი არიან ხელშეუხებელნი და თაყვანცემულნი ღმერთებივითო.

ხალხს განსაკუთრებით ის გაუხარდა, რომ იულიას დაკრძალვაზე კეისარმა მისი მეუღლის, გაიუს მარიუსის ქანდაკებებიც გამოიტანა. სულას ბატონობის შემდეგ, ვეღარავის წარმოედგინა, კიდევ თუ ვინმე გაბედავდა გაიუს მარიუსის, ვითარცა "ხალხის მტრის”, რეაბილიტაციას. ახლა კი, როცა კეისარმა თავისი დიდი ბიძის, "იტალიის მხსნელისა” და "სამშობლოს მამის” სახება "საიქიოს სამყაროდან კვლავ რომს მოაბრუნა”, არისტოკრატთა ბანაკი აღშფოთებამ მოიცვა, მაგრამ ხალხმა კეისრისადმი აღტაცებული ყიჟინითა და დაჭის გრიალით ჩაახშო მათი პროტესტი.

გარდაცვლილ ხანდაზმულ ქალზე სამგლოვიარო სიტყვის წარმოთქმა რომში ძველთაგანვე მიღებული სა საქებარი საქციელი იყო, მაგრამ ახალგაზრდა ქალებისადმი ასეთი პატივი საერთოდ არ არსებობდა და აქამდე არც არავის გაეგონა. მაგრამ მაშინ კეისარს ცოლიც გარდაეცვალა - ჯერ ჯიდევ სავსებით ახალგაზრდა კორნელია - და მის დაკრძალვაზეც წარმოთქვა ფრიად მგრძნობიარე სიტყვა დაქვრივებულმა ქამარმა. და ამ "ნოვატორობითაც” ძალიან მოინადირა ხალხის გული მაშინ კეისარმა. გარდაცვლილი კორნელიასაგან კეისარს დარჩა ერთადერთი ასული, იულია (მომავალში პომპეუსის ცოლი).

იმ წელს (ქრისტესშობამდე 67), მეუღლის დაკრძალვის შემდეგ, კეისარი, როგორც კვესტორი, პრეტორ ვეტუსთან ერთად, გაეშურა შორეულ ესპანეთში. და ერთხელ იქ, გემთმშენებლობის მოსახილველად ქალაქ გადესში ყოფნისას, ჰერაკლეს სახელობის ტაძარში შეიარა და იხილა ქანდაკება ალექსანდრე მაკედონელისა. კარგა ხანს უცქირა, მერე ნაღვლიანი ოხვრა აღმოხდა, თითქოს საკუთარი თავი დაიწუნა უმოქმედობისა და უსაქმურობისთვის - რამეთუ ახლა მე 33 წლისა ვარ და ალექსანდრეს კი სწორედ ამ ასაკში მსოფლიოც დაპყრობილი ჰქონდა და სიცოცხლეც დამთავრებული. და იმ წუთებშივე, მსოფლიოს ყველაზე დიდი დამპყრობლის წინაშე, გადაწყვიტა სასწრაფოდ დაბრუნებულიყო რომში და პირველივე ხელსაყრელი შემთხვევისთანავე დაეწყო ბრძოლა "უფრო დიად საქმეთა” აღსრულებისთვის.

კეისარი ნაადრევად გამოეშურა ესპანეთიდან, სანამ პროვინციის მმართველობის კანონით დადგენილი ვადა (ერთი წელიწადი) განესრულებინა. პირინეები სწრაფად გადმოიარა, ალპებიც და მდინარე პადუსის (პო) ჩრდილოეთ ლათინურ ქალაქებს ეწვია. ეს ქალაქები, რომელთაც "მოკავშირეთა ომის” დროს ლათინური მოქალაქეობა მოიპოვეს, ახლა რომაულ მოქალაქეობასაც მიელტვოდნენ თავგამოდებით. ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ კეისარი სწორედ ამ ქალაქთა მიმხრობითა და აჯანყებით დაიწყებდა რომში პოლიტიკური აღზევების კიბეზე ასვლას. მაგრამ კონსულებმა აზიაში გასაგზავნი ლეგიონები რომში დააყოვნეს, კეისარს კი დაყოვნებები და პაუზები არ უყვარდა, პადუსის ხეობა მიატოვა და პირდაპირ რომს მივიდა. მივიდა და, თითქოს პოლიტიკაზე არც ფიქრობდა და არც სცალოდა... ცოლი შეირთო, ეს იყო პომპეა - ასული კვინტუს პომპეუსისა და შვილიშვილი სულა დიქტატორისა.

ედილი 

მალე არჩევნები იწყებოდა და ედილობის მაძიებელთა შორის კეისრის სახელიც გამოჩნდა. მაგრამ კეისრის სახელს საფრთხეც დაემუქარა მაშინ. ზემოთაც ითქვა, რომ მისმა პოლიტიკურმა მტრებმა ხმა დააგდეს, თითქოს კეისარი და კრასუსი კატილინას შეთქმულებაში მონაწილეობდნენ; თითქოს, შეთქმულებს რომში ხოცვა-ჟლეტვა მაშინ უნდა დაეწყოთ, როცა სანიშნოდ კეისარი ბეჭიდან ტოგას ჩამოიცურებდა; მაგრამ აქამდე საქმე არ მივიდა, თვითონ კატილინას სულწასულობისა და უტაქტობის გამო და სხვა მისთანანი.

ხმებმა ხმებად ჩაიარა და სახალხო კრებამ კეისარი ედილად აირჩია. ამ გამარჯვების აღსანიშნავად და ხალხის სამადლობლად კეისარმა დიდი საცირკო სანახაობა გამართა - 320 წყვილი გლადიატორი გამოიყვანა და ერთმანეთს შეაწყვიტა "დიდი რომაელი ხალხის” თვალსასეიროდ. ცირკის არენაზე აქამდე არავის ენახა ასეთი სიმრავლე მეომრებისა, არც ასეთი სიმდიდრე შეიარაღებისა: გლადიატორები ერთმანეთს ხოცავდნენ ვერცხლის აღჭურვილობით.

სხვათა შორის, კეისარს გაცილებით მეტი გლადიატორი ჰყოლია გამზადებული იმ დღეს ცირკში გამოსაყვანად, მაგრამ მონა-მეომართა სიმრავლემ დააფრთხო კეისრის პოლიტიკური მომტერენი და სენატს საგანგებო დადგენილება მიაღებინეს, ამიერიდან კეისარს და სხვასაც აკრძალვოდათ განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი გლადიატორის შეგროვება.

იმავე 65 წელს, ედილმა კეისარმა ახლად აგებული ბაზილიკებით და კოლონადებით შეამკო და გაამშვენიერა ფორუმი, კომიციები და თვითონ კაპიტოლიუმი. მან პირდაპირ დაჩრდილა იმწლევანდელი კონსულნი - ლუციუს კოტა და ლუციუს მანლიუს ტორკვატუსი.

სწორედ იმჟამად აღმოსავლეთიდან საშფოთარი ამბავი მოიჭრა: ეგვიპტის სასახლის კარზე გადატრიალება მომხდარა და შეთქმულებს ტახტიდან ჩამოუგდიათ მეფე პტოლემაიოს X ალექსანდრე, "მოკავშირე და მეგობარი რომაელი ხალხისა”. კეისარმა მაშინვე ითხოვა სარდლობა და გამგზავრება ეგვიპტეში "წესრიგის აღსადგენად”. მაგრამ ოპტიმატებმა "მათი სენატის” საშუალების დასაწყისშივე ცივი უარით გააბათილეს საშიში მეტოქის თხოვნა.

მაგრამ კეისარებს ოპტიმატებს მაშინვე საკადრისი პასუხი გასცა: სასწრაფოდ ოსტატები შემოიყარა და გაიუს მარიუსის გამარჯვებათა აღმნიშვნელი ქანდაკებები ჩამოასხმევინა - სწორედ ისეთი, ოპტიმატების ბელადმა სულამ რომ დაამსხვრევინა თავისი სისხლიანი დიქტატურის ჟამს. და ეს ახალი ოქროცურვილი ქანდაკებანი ერთ დილით მოულოდნელად აღიმართნენ რომის ფორუმზე. ფორუმი ერთბაშად ხალხით გაიჭედა. აღტაცებით, სიხარულის ცრემლებით ათვალიერებდნენ და ულოლიავებდნენ თავინთი ბელადის, დიდი მარიუსის გამარჯვებათა მთხრობელ რელიეფებს - იუგურთაზე, კიმბრებზე, ტევტონებზე... და ხოტბას ასხამდნენ კეისარს.

ისევ ახმაურდნენ არისტოკრატები: კეისრის ეს მოქმედება ტირანიისკენ მის სრაფვას ნიშნავსო, რადგან არავის არა აქვს უფლება, მკვდრეთით აღადგინოს და პატივი სცეს იმას, ვინც და რაიც კანონებითა და სენატის დადგენილებით იქნა დაგმობილი და დასამარებელიო. მაგრამ ხალხმა უფრო ძლიერი ხმაურით ჩაახშო და ჩათრგუნა ოპტიმატები. კიდევ უფრო გამძლავრდა ხოტბა და ოვაციები კეისარისადმი.

მაშინ სენატი საგანგებოდ შეიკრიბა კეისრის საქციელის განსახილველად, საბრალდებო სიტვით გამოვიდა ფრიად გავლენიანი სენატორი, ლუტაციუს კატულუსი. "ჩვენს სახელმწიფოზე კეისარს იერიში მოაქვს უკვე არა საიდუმლო გზებითა და ხვრელებით, არამედ პირდაპირ საალყო მანქანებით”, - ამბობდა იგი. კიდევ რამდენიმე სიტყვა ითქვა კეისრის წინააღმდეგ. ბოლოს გამოვიდა თვითონ კეისარი. გამოვიდა და წარმოთქვა სიტყვა ისე ძლიერი და შთამბეჭდავი, რომ არამცთუ ბრალდება მოიხსნა, მთელი სენატი თავისი სიტყვისა და აზრის ტყვეობაში მოექცა.

ისევ არ აცალა სულის მოთქმა კეისარმა ოპტიმატებს და ახლა სასამართლოზე წარმოთქვა სიტყვა, რომლითაც გადაჭრით მოითხოვა, მკვლელებად ჩაეთვალათ ყველა, ვისაც სულას პროსკრიპციების დროსრომაელი მოქალაქის მოკვლისათვის სახელმწიფო ხაზინიდან ფული აიღო. მისი მოთხოვნა ძალაში შევიდა და ამით სულას კანონმდებლობის ერთი ძლიერი და უბოროტესი პასაჟი სრულად მოიკვეთა.

პრეტორი

63 წლის ბოლოს, მომავალი წლისთვის, კეისარი არჩეულ იქნა პრეტორად. იმავე ჟამს გამჟღავნდა კატილინის შეთქმულებაც. კეისარი მაშინ წინააღმდეგი წავიდა კატილინთა მიმდევართა სიკვდილით დასჯისა. იგი განუკითხაობად და რესპუბლიკური კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნევდა სწორედ იმას, რომ სენატი სახალხო კრებაზე აპელაციის გარეშე აპირებდა შეთქუმლთა ამოწყვეტას. ვნებათა ღელვას ნუ აჰყვებით და ხალხის დაუკითხავად ნუ გადაწყვეტთ რომაელი მოქალაქეების სიკვდილსო, - ამბობდა კეისარი. ამის უფლებას კანონი არ გვაძლევსო. უფრო მეტიც, კანონით, პოლიტიკური დანაშავეობა, სიკვდილს კი არა, მხოლოდ გაძევებას ითვალისწინებსო, თუ მაინცა და მაინც, შეპყრობილი დამნაშავენი რომიდან გავიყვანოთ, იტალიის ქალაქებში დავფანტოთ და მათი ქონების კო ნფისკაცია ვიკმაროთო. თან იმასაც მიანიშნებდა კეისარი სენატს, - ოპტიმატთა იმ მთავარ საყრდენს - ხალხის დაუკითხავად მოქალაქეთა დასჯა სწორედ ოპტიმატებისადმი პოპულართა შურისგებას გამოიწვევსო.

კეისრის ამ სიტყვამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და თითქოს, ეჭვიც აღარ იყო, რომ სენატის სრულ უმრავლესობას მისი წინადადებისათვის უნდა მიეცა ხმა, მაგრამ კატონის მკაცრმა სიტყვამ ისევ შეცვალა განწყობილება სენატორთა შორის. ჯერ კეისრის სიტყვით დამფრთხალი სენატორები დატუქსა კატონმა: კატილინა აშკარად ომს გვიწყებსო, აშკარა მტრები თვით რომის კედლებს შიგნით გვყავსო, - მტრები, რომლებიც მხილებული არიან სამშობლოს დამხობის ბოროტზრახვაში, მკვლელობაში, ძარცვაში, რბევაში, ცეცხლის წაკიდებაში - და თქვენ გინდათ ასეთი მტრები შეინდოთ, აპატიოთ, მაშინ როდესაც სახელმწიფოს ხსნა შეიძლება მხოლოდ მათი დაუყოვნებელი სიკვდილით. მას უკან თვითონ კეისარს მიუტრიალდა და მისდგა კატონი: შენ ლამაზ-ლამაზი კაცთმოყვარული ფრაზებით ვითომ ხალხის გულის მოგება გინდა; სენატსაც ხალხის სახელით აშინებ და სახელმწიფოს მტერთა აშკარა ქომაგობით ძირს უთხრი თვითონ სახელმწიფოს, იმის მაგივრად, რომ ჩვენი დიადი და მშვენიერი სამშობლო ეცოდებოდეს, კეისარი იცოდებს და მწარე ცრემლებს აფრქვევს მათთვის, ვინც, სჯობია, სულაც არ დაბადებულიყო ამ ქვეყანაზე.

ამას ამბობდა კატონი და თან სენატს იქითაც მიანიშნებდა, რომ გამორიცხული არ არის, კეისარი კატილინარების თანაშეთქმულებიც იყოს. ამიტომ კეისარს უნდა ეგრძნო, რომ შეთქმულთა გადასარჩენად მეტი თავის გამოდება უკვე მისთვის სახიფათო იქნებოდა. რაც თქვა, ისიც კმაროდა, - რაკიღა ნათქვამით ხალხის გულის მოგება ისევ გარანტირებული ჰქონდა და იმჟამად მისთვის მთავარი მხოლოდ ეს იყო და ეს. და, როგორც უკვე ვითიც, ციცერონისა და კატონის მოთავეობით, სენატმა შექმული თანამოქალაქენი სიკვდილით დასაჯა. ეს კი სენატისთვის გამარჯვება კი არა, დამარცხება იყო. ხოლო კეისრისთვის დამარცხება კი არა, გამარჯვება.

იმ დღეს სენატმა იმ სასიკვდილო განაჩენით სხდომა დაამთავრა და ყველანი უკვე გარეთ გამოდიოდნენ, რომ კონსულ ციცერონის მცველთაგან უფრო ახალგაზრდებმა მახვილები იძრეს და კეისარს მიაშურეს. მაგრამ გაიუს სკრიბონიიუს კერიონმა დაასწრო, კეისარს თავისი ტოგა შემოახვია და გაიტაცა. ციცერონმაც ანიშნა გაფიცხებულ მცველებს, თავი შეეკავებინათ.

ერთი თვე, ახალი, 62 წლის დადგომამდე, კეისარი საერთოდ არ გამოჩენილა ქალაქში. ახალი წლის შემოსვლისთანავე კი, ვითარცა პრეტორმა, უმაღლესმა მოსამართლემ, წესრიგისა და კანონიერების დამცველმა და თანაც, ღვთისმსახურების უზენაესმა ხელისუფალმა - მოითხოვა, სახალხო კრების წინაშე ანგარიშით წარმომდგარიყო ოპტიმატთა თვალსაჩინო ბელადი, კვინტუს ლუტაციუს კატულუსი, რომელსაც სენატისაგან მინდობილი გქონდა ადრე დამწვარი კაპიტოლიუმის აღდგენა. კატულუსს ანგარიშიც უნდა ჩაებარებინა და კიდევაც უნდა გადამდგარიყო, ხოლო კაპიტოლიუმის რეკონსტრუქციის მეთავეობა კეისარს პომპეუსზე გადასაცემად გქონია გამიზნული. მაგრამ ოპტიმატებმა გასაოცარი სიმტკიცე გამოიჩინეს და არ დაანებეს კეისარს თავისი რჩეულის დაჩაგვრა. ისინი პირდაპირ საბრძოლოდ დარაზმულნი მოაწვნენ ფორუმს და კაპიტოლიუმს. კეისარი ამას არ მოელოდა და ამჯერად ეკანდახევა ამჯობინა.

პრეტორის ამ პირველ, საახალწლო მარცხს მეორე უსიამოვნო ამბავით მოჰყვა. სახალხო ტრიბუნმა ცეცილიუს მეტელუსმა სახალხო კრებას წარუდგინა კანონპროექტრი, რომლის ძალით აღმოსავლეთდან იტალიაში უნდა დაებრუნებიათ პომპეუსი, ჯარით და სიკვდილით დაესაჯათ ციცერონი და ყველა მისი თანამდგომელი ოპტიმარი, რომელთაც წილი ედოთ კატილინარების გაუსამართლებელ ამოწყვეტაში. ამ კანონპროექტს მეორე სახალხო ტრიბუნი, კატონი, ვეტოს ადებდა. მაგრამ საქმე გაართულა კეისარმა, რომელმაც, ვითარცა პრეტორმა, მხარი დაუჭირა მეტელუსს. მაშინ სენატმა მიმართა უკიდურეს ზომას: საგანგებო სხდომაზე მიღებული დადგენილებით მაგისტრატურები ჩამოართვა ორივეს - ცეცილიუს მეტელუსს სახალხო ტრიბუნობა და იულიუს კეისარს პრეტორობა. ასეთი დადგენილება კი იმას ნიშნავდა, რომ სენატი, „ტვინი რესპუბლიკისა", თვითონვე ურყებდა ტვინს „თავისი" რესპუბლიკის საუკუნეებით დადგენილ და „დატკეპნილ" კანონმდებლობას. აკი თანამდებობიდან მაგისტრატის გადაგდება არ შეიძლებაო, უკანონოაო! აკი ამისთვის მოინელეს ტიბერიუს გრაკხუსი! და კიდევ სხვები...

ამიტომ კეისარმა ჯერ არაფრად ჩააგდო სენატის ეს უკანონო, რესპუბლიკის საწინააღმდეგო დადგენილება და ისევ განაგრძობდა კრების მეთაურობას და სასამართლოს ხელმძღვანელობას. მაგრამ, როცა ოპტიმატებმა იარაღი აიღეს და აშკარა ბრძოლა დააპირეს, კეისარმა პრეტორის ტოგა მოიხსნა, ლიქტორებიც მოიშორა და მარტოდმარტო, უხმოდ და უსიწყვოდ წავიდა სახლში.

ყველანი სახტად დარჩნენ. მერე ხალხი გამოერკვა გარინდებიდან , - გამოერკვა, აღრიალდა, მოაწყდა და მიაწყდა „უკანონოდ განაწყენებულის" სახლს და მოსთხოვა „ბელადს", - ახლავე დაბრუნდი და დაიბრუნე შენი სათანამდებო რწმუნებებიო, ან და გაგვიძეხ და ვაზღვევინებთ შენს შეურაცხმყოფელებსო. და გამოვიდა კეისარი. გამოვიდა და ისევ სახტად დატოვა ყველა: დამშვიდდით და დაწყნარდითო, არავითად შემთხვევაში ჩემთვის, ერთი ცალკე, კერძო კაცისთვის, სამშობლოს სისხლს როგორ დავაღვრევინებო, ჩემს მშობლიურ ხალხს ჩემი გულისთვის როგორ შევაწუხებო; რაც მოდა - მოხდა, ყურადღების ღირსად არა ღირს, დავივიწყოთ, დამშვიდდით, დაიშალეთ და თქვენ-თქვენს სახლებში წაბრძანდითო!

სენატის მაშინვე დაფაცურდა და დატრიალდა, კვლავ შეიყარა საგანგებოდ კეისრის ამ ახალი, კვლავ უცნაური და მოულოდნელი „კაზუსის" გამო. კეისართან სახლში „თავისი საუკეთესო წარმომადგენლები" აფრინეს, თხოვნა-ვედრებით წამოიყვანეს, კურიაში შეიყვანეს, მიეხვივნენ სენატორები - ბოდიშებით, ქება-დიდებითა, ქვედავრდომით, წეღანდელი „უღირსი და მოუფიქრებელი" დადგენილება გააუქმეს, პრეტორის უფლებებშიც აღადგინეს. კეისარმაც მაშინვე, სამაგიეროდ, ცეცილიუს მეტელუსს ხელი ააღებინა სენატისა და ოპტიმატთა საზიანო კანონპროექტზე.

ტრიუმვირატი 

ძვ წ. 70-ან წლებისთვის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა პოპულარების ახალი ლიდერი გაიუს იულიუს კეისარი, იგი მარიუსს ენათესავებოდა, ხოლო მისი მეუღლე ცინას ოჯახიდან იყო, ამგვარად კერისარი მარიუსის რეფორმების აქტიური მხარდამჭეი იყო. მისმა პოპულარობამ იმდენად იმატა რომ გნეუს პომპეუსი მის მხარეს გადავიდა.

ძვ. წ. 70 წელს პომპეუსი და მარკუს კრასუსი აირჩიეს კონსულებად. მათ დაუბრუნეს სახალხო ტრიბუნებს უწინდებური ძალაუფლება და აღადგინეს სულამდელი სასამართლოები. მიუხედავად თანაკონსულობისა კრასუსი და პომპეუსი ერთმანეთის მტრები იყვნენ.

ამ დროს ხმელთაშუა ზღვაში პირატობა ძალიან მომძლავრებული იყო. ეს რომის ვაჭრობას ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. პომპეუსს მიენიჭა სპეციალური უფლებამოსილება რათა გაენადგურებინა პირატები. სამ თვეში იგი წარმატებით გაუმკლავდა ამ ამოცანას.

ძვ. წ. 73 წელს მითრიდატე პონტოელთან მესამე ომი დაიწყო. იგი შეიჭრა რომაულ მცირე აზიაში, მგრამ ამ უკანასკნელებმა ლუციუს ლუკულუსის მხედართმთავრობით განდევნეს მითრიდატე, შეიჭრნენ პონტოში და წაართვეს მას ტერიტორიები. მითრიდატე გაიქცა პონტოდან და თავი სასომხეთს შეაფარა. ძვ. წ. 69 წელს კი დაიწყო საომარი მოქმედებები სასომხეთის წინააღმდეგ, მაგრამ მითრიდატემ დაამარცხა ისინი. ამის შემდეგ პომპეუსის მეთაურობით რომის ჯარებმა დაამარცხეს მითრიდატე, რომელმაც ამჯერად თავი კოლხიდას შეაფარა. მალე იგი ისევ დაბრუნდა პონტოში, მაგრამ იქ მის წინააღმდეგ აჯანყდნენ და ძვ. წ. 63 წელს მითრიდატემ მოიკლა თავი.� პომპეუსი კი მითრიდატეს დამარცხების შემდეგ გაემართა სირიასა და იერუსალიმისკენ, რომლებიც მან მოუერთა რომის იმპერიას. პომპეუსი იმპერიის აღმოსავლეთ ოლქებში სრული ძალაუფლებით სარგებლობდა, იგი თვითონ ნიშნავდა მეფეებს, არეგულირებდა ოლქებს შორის ურთიერთობებს და ა.შ. რომის შემოსავალიც საგრძნობლად გაიზარდა ამ ომების შემდეგ, პომპეუსი კი სახელმწიფოსი ყველაზე გავლენიანი პირი გახდა. როდესაც იგი დაბრუნდა რომში, ელოდნენ რომ იგი სულას პოლიტიკას გააგრძელებდა, მაგრამ მან არ სცადა ძალაუფლების ანალოგიური მეთოდით მოპოვება.

ეს არ აწყობდათ გაძლიერებულ პოპულარებს, რომლის ლიდერებიც კეისარი და კრასუსი იყვნენ. ოპტიმალების ლიდერი ამ დროისთვის გარდა მარკუს ტულიუს ციცერონი, მას დაუპირისპირდა ლუციუს სერგიუს კატილინა, რომელიც ოდესღაც სულას მომხრე იყო, მაგრამ ახლა სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა მოსახლეობის უღარიფეს ფენაზე დაყრდნობით. ციცერონმა შეძლო ამ აჯანყების წინასწარ ჩახშობა, რის შემდეგაც კატილინა რომიდან გაიქცა.

პომპეუსი ტრიუმფით დაბრუნდა რომში და აღმოსავლეთში გავლენის შესანარჩუნებლად სჭირდებოდა რომ სენატს დაემტკიცებინა მის მიერ იქ გატარებული ღონისძიებები, მაგრამ სენატს არ სურდა მისი გავლენის გაძლიერება. ამავე პერიოდში ესპანეთიდან დაბრუნდა კეისარი, რომელიც აპირებდა 59 წლის არჩევნებში კონსულობის მოპოვებას. ამრიგად , შეიქმნა არაფორმალური ალიანსის შექმნა, რომელიც ისტორიაში პირველი ტრიუმვიტარის სახელით შევიდა. კეისარი დაუახლოვდა ორ უძლიერეს ადამიანს იმ დროინდელ მსოფლიოში - გნეუს პომპეუსს და ლიცინიუს კრასუსს. ძვ. წ. 60 წ. მოხდა ისტორიული შეთანხმება სამ უძლიერეს ადამიანს შირის. ამ კავშირს - პირველ ტრიუმვირატს მათმა მეგობრებმა უწოდეს კავშირი ჭკუისა (კეისარი), ძალისა (პომპეუსი) და ფულისა (კრასუსი). მტრებმა - სენატორებმა და ოპტიმატებმა კი, ვარონის ფორმულით - სამთავიანი ურჩხული. სამივე ტრიუმვირს განსხვავებული ინტერესები გააჩნდა: პომპეუსს - მისი ჯარისკაცებისთვის მიწების დარიგება და აღმოსავლეთში მის მიერ გაცემული ბრძანებათა დაკნონება, კრასუსს — აღმოსავლურ პროვინციათა მმართველობა, კეისარს კი კონსულობა. კავშირის გასამყარებლად კეისარმა პომპეუსს საკუთარი ქალისვილი შერთო ცოლად.

კონსულობის ვადის ამოწურვის შემდეგ ტრიუმვირებმა მოახერხეს შემდეგ ვადაზე თავისი ხალხი გაეყვანათ კონსულებად, ხოლო კეისარმა 5 წლით მიიღო გალიაში მმართველობა, ეს მას ჯარის შეკრების უფლებას აძლებდა. ახალ ადგილას კეისარმა დაიწყო რომის ძალაუფლების გამაგრება. ეს პერიოდი ისტორიაში გალური ომების სახელწოდებით არის ცნობილი. რომში დაძაბულობა მაინც გრძელდებოდა. ძვ. წ. 56 წელს ტრიუმვირები შეიკრიბნენ ქალაქ ლუკაში, აქ მოილაპარაკეს რომ კრასუსი და პომპეუსი ისევ უნდა გამხდარიყვნენ, რის შემდეგაც პომპეუსს უნდა მიეღო მმართველობა ესპანეთსა და აფრიკაში, მას ლეგატების მეშვეობით უნდა ემართა, თვითონ კი რომში დარჩენილიყო, ხოლო კრასუსს უნდა მიეღო აღმოსავლეთი და პართიის წინააღმდეგ ომისთვის დაეწყო მზარება.�

ტრიუმვირთა წინააღმდეგ გამოვიდნენ სენატორული პარტიის წამყვანი ფიგურები - მარკუს ტერენციუს ვარონი და მარკუს პორციუს კატონი. თუმც, სენატი უძლური აღმოჩნდა ტრიუმვირთა წინააღმდეგ ბრძოლაში: 59წ. კონსულად აირჩიეს კეისარი, რომელმაც თავისი აგრარული პროექტი დაამტკიცებინა სენატს. კანონპროექტით გათვალისწინებული იყო 20 000 ადამიანის დასახლება ახლადგამოყოფილ მიწის ნაკვეთებზე; ძირითადად პომპეუსის ვეტერანებისათვის და მრავალშვილიანი მოქალაქეებისათვის. ეს კანონპქოექტი იულიუსის კანონების სახელით შევიდა ისტორიაში.

კეისარი გალიაში 

გალია ერქვა ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანას, მდინარე რეინიდან პირინეის მთებამდე - გალების, ანუ კელტების ქვეყანა.

კონსულობის შემდგომ კეისარი ცისალპიური გალიის მმართველად დაინიშნა. გალიით იწყება კეისრის აღზევება. 58-50 წწ. კეისარმა რომს მკვიდრად დაუმორჩილა ტრანზალპიური გალია (დღევანდელი საფრანგეთი, ბელგია, ჰოლანდია, შვეიცარია). 56 წ. გაზაფხულზე, ტრიუმვირები ხელმეორედ შეხვდნენ ერთმანეთს ქ. ლუკაში. მოლაპარაკებათა შედეგად, ტრიუმვირები უფლებები გაიზარდა: კეისარი კვლავ 5 წლით დაინიშნა გალიის მმართველად, პომპეუსი და კრასუსი - კონსულებად. კონსულობის შემდგომ პომპეუსმა 5 წლით მიიღო ესპანეთის მმართველობა, კრასუსი კი მდიდარი პროვინციის - სირიის სამმართველოდ წავიდა ჯერ კიდევ კონსულობის ვადის გასვლამდე. კრასუსი ახალი სიმდიდრეების დაუფლებას და პართიელებთან ბრძოლას გეგმავდა.

კეისარმა, პირველად რომის ისტორიაში დაიწყო სამხედრო მოქმედებები ბრიტანეთის კუნძულებზე; მან 55წ. ლეგიონები გადასხა ბრიტანეთში, რამოდენიმეჯერ დაამარცხა ადგილობრივი კელტური ტომები და ტემზაზედაც გადავიდა. სულ ორი ექსპედიცია მოაწყო კეისარმა ბრიტანეთში. 52 წ. კეისარმა სასტიკად ჩაახშო კელტთა აჯანყება, რომელსაც არვერნთა მეფე - ვერცინგეტორიქსი მეთაურობდა.

54 წ. დაიწყო კრასუსის ექსპედიცია პართიაში, რომელიც რომაელთა კატასტროფით დამთავრდა. კრასუსი მესოპოტამიაში შეიჭრა და რამოდენიმე ქალაქი აიღო, გამოსაზამთრებლად კი ისევ სირიაში დაბრუნდა, შემდგომ 53წ. კრასუსმა ხელმეორედ გაილაშქრა პართიელთა წინააღმდეგ. რომაელებს პართიელებთან ბრძოლაში აკლდათ უმთავრესი - კავალერია. კრასუსი, ამასთან ერთად გადამეტებით აფასებდა რომაელთა შესაძლებლობებს. ძვ. წ. 53 ს. კარრთან ახლოს მოხდა გადამწყვეტი შეტაკება რომალებსა და პართიელებს შორის. პართიულმა კავალერიამ დაჯაბნა რომაული ლეგიონები. ალყაში მოქცეული კრასუსი და მისი ჯარი იტანჯებოდნენ სიცხისა და წყურვილისაგან. ბრძოლაში დაიღუპა კრასუსის შვილი მამაცი პუბლიუსი. დაიღუპა თვით კრასუსიც, რომელსაც თავი მოკვეთეს და ოროდ II გაუგზავნეს. კარრის ბრძოლა იყო პირველი სერიოზული შეტაკება ორ უდიდეს სახელმწიფოს შორის. კრასუსის შემდგომ პართიის საკითხი უმთავრეს როლს თამაშობდა რომის საგარეო პოლიტიკაში.


კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 455 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]