მთავარი » ფაილები » საქართველო

მირზა გელოვანი
2011-02-20, 5:04 PM


მირზა გელოვანი, თბილისი, 1939 წ.

მირზა (რევაზ) გედეონის ძე გელოვანი, (* 2 მარტი, 1917, სოფ. ნაქალაქარი, ახლანდელი თიანეთის რაიონი

― † ივლისი, 1944, დაკრძალულია ბელარუსში ვიტებსკის ოლქის ბერენკოვიჩის რაიონის სოფ. სანიკის საძმო სასაფლაოზე), ქართველი პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1975, სიკვდილის შემდეგ).

ბიოგრაფია 

19361939 წლებში ცხოვრობდა თბილისში, თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში. მუშაობდა

გამომცემლობა "ფედერაციაში", "საბჭოთა აფხაზეთის" რედაქციაში. მისი ლექსები 1935 წლიდან იბეჭდებოდა "ჩვენს თაობაში" და სხვა ჟურნალ გაზეთებში. 1939 წელს წითელ არმიაში გაიწვიეს. დაიღუპა სსრკ–გერმანიის ომის მიწურულს. დაკრძალულია ბელარუსიში, ვიტებსკის ოლქის ბერნეკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე.

მირზა გელოვანი იმ ახალგაზრდა პოეტთა თაობას ეკუთვნოდა, რომლებმაც თვითმყოფადი, ხალასი და ალალ–მართალი ლექსებით თავისებური ხიბლი შემატეს თბილისის ლიტერატურულ ცხოვრებას. მირზა გელოვანმა შექმნა თავისთავადი პოეტური სამყარო. მისი ლექსები (განსაკუთრებით სამიჯნურო) გამოირჩევა ნათელი სახეებით, ლაკონიზმით, ემოციურობითა და ექსპრესიულობით. აღიარება მოუტანეს ლექსებმა: "თუშის ქალი წყაროზე", "ცხრაკარა", "შავლეგო", "მელოდე", "მთაწმინდიდან სმოლენსკამდე", "იჯექი წყნარად", "მთვარე", "შემოღამება საბადურზე", "მახსოვს", "ხრეშად დაცვივდა სიტყვები"; ასევე აღსანიშნავია ბალადა "აონი", პოემა "შავნაბადა" და სხვ. მირზა გელოვანმა სულ სამიოდე წელი იტრიალა დედაქალაქის ლიტერატურულ წრეებში, ხოლო შემდეგ, ომში წასული პოეტი, დროდადრო სამშობლოში აგზავნიდა ნაჩქარევად დაწერილ ლექსებსა და წერილებს, რომლებშიც თბილისის მონატრება ჩანდა:

"წუხელ ვებრძოდი ცეცხლსა და ურაგანს

და საშინელი ბრძოლების ნისლში

მე მომეჩვენა, სადღაც , ჩემს უკან

აელვებული იდგა თბილისი”.

გამოცემულია მისი ლექსების კრებულები: "ლექსები" (1954), "შავნაბადა" (1956), "ცხრაკარა" (1960), "უბის წიგნაკიდან" (1964), "თეთრი მიწა" (1972), "ფრონტული ლექსები" (1975).

მირზა გელოვანს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია (1973). თბილისში, ვაჟა–ფშაველას პროსპექტზე, არის მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკა. თელეთში, თბილისის მახლობლად, დგას მისი ძეგლი.


კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 285 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]