მთავარი » ფაილები » საქართველო

კავკასიური იარაღი
2011-05-09, 10:54 PM

რუსულიდან თარგმნა კობა ჭუმბურიძემ

მთარგმნელისაგან

წინამდებარე კრებული 1992 წელს გამოიცა გროზნოში. მასში შესულია მე–20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე მკვლევარის პროზრიტელევისა და თანამედროვე იარაღთმცოდნის ჩახკიევის ნაშრომები, რომლებშიაც, გარდა კავკასიური იარაღის აღწერისა, იკითხება გმირული ეპოპეა მეზობელი ხალხისა, რომელმაც უდიდესი მსხვერპლი გაიღო თავისუფლებისათვის ბრძოლაში.

უახლესმა ისტორიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კავკასია მყარი ტრადიციული ღირებულებების მატარებელია და რომ იგი ნებისმიერ ფასად დაიცავს ისეთ მარადიულ იდეალებს, როგორიცაა სამშობლო და თავისუფლება.

კრებულში ნათლად ჩანს, რომ თუ არა ევროპული ტექნიკური პროგრესი, რომელზეც რუსეთს უფრო მიუწვდებოდა ხელი, კიდევ საკითხავია, თუ რა შედეგით დასრულდებოდა კავკასიის ომი.

რუსული გამოცემის წინასიტყვაობა

"სამოთხის ხმლები” … ასეთი პოეტური ტერმინი იხმარა ერთმა დასავლელმა ისტორიკოსმა თავის წიგნში, რომელიც ასახავდა "სარწმუნოებისთვის მებრძოლ” ჩეჩენ და დაღესტნელ მთიელთა ბრძოლას მეფის რუსეთის კოლონიური ექსპანსიის წინააღმდეგ მე-19 საუკუნეში.

გამომცემელნი ამ კრებულს უძღვნიან ფრიად მნიშვნელოვან, საინტერესო, გამოცანად დარჩენილ საკითხს – რა საშუალებით ახერხებდნენ ჩრდილოკავკასიელი მთიელნი (მე19 საუკუნის პირველ ნახევარში) მსოფლიოს უძლიერესი სამხედრო სახელმწიფოს, რუსეთის იმპერიის შეტევის შეკავებას ათწლეულების განმავლობაში.

ერთი ასეთი საშუალება იყო ჩინებული იარაღი, მეორე – თანამედროვე ტაქტიკა და სტრატეგია, მესამე – ფიზიკური სრულყოფილება და სიმამაცე.
თქვენს წინაშეა მცდელობა ჩრდილოკავკასიის მთიელთა იარაღის და ნაწილობრივბ სამხედრო-ფიზიკური აღზრდის განხილვისა.

კავკასიის მთის ხალხები ათასწლეულთა განმავლობაში გასამხედროებული ყოფით ცხოვრობდნენ. ამიტომ აქ მუდამ მაღალ დონეზე იყო ლითონის დამუშავება და ცივი იარაღის კეთება.

ამასთანავე მთიელები მაღალხარისხოვან იარაღს იღებდნენ გენუელთაგან, ვენეციელთაგან, თურქთაგან, ირანელთაგან და რუსთაგან.

მე-16 – მე-17 საუკუნეებში მთიელთა ჯაჭვის პერანგები და ჯავშნები, ხმლები და ხანჯლები ძვირად ფასობდა ირანისა და რუსეთის სამეფო კარზე. მათ დიდი სიამაყით უჩვენებდნენ უცხოელ ელჩებს.

მე-18 – მე-19 საუკუნეებში ჩრდილო კავკასიაში ცეცხლმსროლელი იარაღიც წარმოებდა. კავკასიის ომმა ცხადჰყო, რომ მთიელთა იარაღი არა თუ ტოლს არ უდებდა საუკეთესო ევროპულ ნიმუშებს, არამედ ზოგი მონაცემით სჯაბნიდა კიდეც.

სხვა რომ არ ვთქვათ, მთიულური „შაშკა" ევროპის ქვეყნების უმეტესობის და პირველ რიგში რუსეთის მიერ მიღებულია კავალერიის შეიარაღებაში.

წინამდებარე კრებული გათვალისწინებულია მკითხველთა ფართო წრისათვის, რომელსაც აინტერესებს ჩრდილოეთ კავკასიის მხარის წარსული, მისი ხალხის თვითმყოფადი ისტორია.

გ. ნ. პროზრიტელევი

კავკასიური იარაღი

კავკასიის ომმა უჭკნობი დიდებით შემოსა ორივე მეომარი მხარე. სიმტკიცე, სიმამაცე, თავდადება, ამაღლებული გმირობის უმაღლეს საფეხურამდე, იყო დამახასიათებელი "კავკასიელთათვის” როგორც რუსულ ჯარში, ისე მთიელებში.

უახლეს ისტორიაში ძნელი საპოვნია კავკასიის ომის სადარი ეპოპეა.

ეს ომი განპირობებული იყო მოწინააღმდეგეთა პიროვნული თვისებებით, რამეთუ, რომ არა მთიელთა ის მაღალი აღმაფრენა, რომლითაც მზად იყვნენ ყოველ წუთს აღმდგარიყვნენ თავიანთი მბრძანებლის მოწოდებაზე, მათ რუსები შეტაკების პირველსავე წელს გასრესდნენ და ომი 60 წელიწადს არ გაჭიანურდებოდა.

მათ განკარგულებაში კი ძალზედ მარტივი იარაღი იყო. მთელი ბრძოლა, ძირითადად, ცივ იარაღზე გადადიოდა – შაშკასა და ხანჯალზე.

ცეცხლსასროლი იარაღი, თოფი, დასამუხტი მოწყობილობის თავისებურების გამოისობით, ერთობ მოუხერხებელი გახლდათ.

იარაღს მთიელნი დიდ ყურადღებას აქცევდნენ. კარგი იარაღის დამზადების წესი მთიელ ოსტატთა საიდუმლოებას წარმოადგენდა და კარგი შაშკა და ხანჯალი ძვირადაც ფასობდა.

ცივ იარაღს ცალკეული ოსტატები ამზადებდნენ და თუმცა ამ ტიპის დიდი საამქროები არ არსებობდა, არსებობდნენ მთელს დაღესტანში ცნობილი ოსტატები.

ბევრ ხანჯალს დღესაც ატყვია წარწერა "ბაზალაი”, რაც მის მაღალ ხარისხზე მეტყველებს. ეს წარწერა კარგი ხანჯლის სინონიმადაა ქცეული.

მისი წარმოშობა ღრმა წარსულში ძევს და თქმულება გადმოგვცემს, რომ ოდესღაც დაღესტანში ცხოვრობდა დიდი ოსტატი, სახელად ბაზალაი. მის ნახელავს ბადალი არ ჰყავდა და მისი ხანჯლის პირს დამასკურიც ვერ აღემატებოდა.

მრავალი სასიკვდილო იარაღის გაჭედვა მოასწრო გიაურთა ჭირად ბაზალაიმ და მოკვდა ღრმად მოხუცი, ხოლო თავისი საიდუმლო გუბიაჩინელებს (გუბიაჩის აული) უანდერძა.

მისი სახელით აღბეჭდილი ხანჯლის პირი არაჩვეულებრივად ძვირად ფასობდა და ეს სახელი კარგი იარაღის მეტსახელად იქცა.

გუბიაჩინელი ოსტატები დღესაც განთქმულნი არიან. მათი ნამუშევარი ხესა და ლითონზე არა მარტო რუსეთში, საზღვარგარეთაც სახელს უხვეჭს ოსტატებს.

ფასეული ხანჯლები მორთული იყო ოქროთი, ნაჭდევებით, ნახატებითა და წარწერებით ყურანიდან. ამ წარწერებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა და ნაკეთობაც შესაბამისად ფასდებოდა.

კარგი იარაღი გვარით გადადიოდა. იგი მთელი ოჯახის სიამაყე იყო და მამაცთა, "ჯიგიტთა” საკუთრება. შაშკები კავკასიაში კეთდებოდა, მაგრამ განთქმული მაინც თურქული შაშკა იყო, ხოლო დამასკური პირი – იარაღის იდეალად მიჩნეული.

განთქმული იყო შაშკა, რომელიც მოდრეკის შემდეგ სწრაფად სწორდებოდა. იყო შაშკები, რომელთაც გატეხვის შიშის გარეშე ირტყამდნენ წელზე. ფასობდა ყირიმული შაშკაც.

ამ მიმართებით რუსები ჩამორჩებოდნენ მთიელთ და ყველა ოფიცერი და კაზაკი ცდილობდა კავკასიური შაშკა ეგდო ხელთ.

შაშკის ტარი ირთვებოდა ვერცხლით, მაგრამ ნამდვილი მეომარი "ჯიგიტი” არ დაგიდევდათ ამ მორთულობებს და ჩვეულებრივ ტარი შავი ან თეთრი ძვლისა იყო.

ქარქაში ტყავით იყო დაფარული და ვერცხლით გაწყობილი.

შაშკა იტარებოდა მხარიღლივ ქამარზე მარცხნივ, მაგრამ ხანდახან წელზე ირტყამდნენ ხოლმე, რაც ძველ ქვის სტატუებშიაც ჩანს. ეს ხერხი მეტწილად მხედართაგან გამოიყენებოდა და ჩვენს დროშიაც შემორჩა.

მხედრებს კაუჭებიც ჰქონდათ, რომელთაც, სავარაუდოა, მეტოქის ცხენიდან გადმოსათრევად ხმარობდნენ. ეს კაუჭები ძველ სტატუებზედაც ჩანს. ისინი ხის ტარზე მაგრდებოდა.

შაშკები გადრეკილი იყო და ილესებოდა გარე მხარე, თუმც კავკასიურ იარაღში იატაგანის მსგავსად შიდამხარე გალესილი შაშკებიც გვხვდება.

პირებს ჰქონდათ მორთულობა და არაბული წარწერები, ზოგიერთი სურა ყურანიდან, როგორც ხანჯლებზე. ასეთი ფასეული იარაღი შურის საგანი იყო და მათ ხშირად იტაცებდნენ, თუმც ამას ქურდობის მნიშვნელობა არ ენიჭებოდა.

მეგობრები ცვლიდნენ იარაღს და "ძმები” ხდებოდნენ.

ხანჯლები შემდეგი სახისა განირჩეოდნენ : ლეკურები, თავლინურები – დიდი და მძიმე, რომლითაც კი არ ჩხვლეტდნენ, არამედ ჩეხავდნენ. ყაბარდოული –მომცრო, წვრილი და შაპსუღური –მოკლე და ფართო. ყველაზე საშიში ჭრილობა ამ უკანასკნელისა იყო.

კავკასიურ იარაღში ცნობილია აგრეთვე "ყამად” სახელდებული ხანჯალი. იგი შედგება ორი ნახევრისაგან, რომელნიც, სურვილისამებრ, ერთ ხანჯლად მაგრდება, ან იყოფა ორივე ხელით სამოქმედოდ. ასეთი კავკასიური ხანჯალი, (ტიფლისელ ოსტატთა ხელობისა, გასული საუკუნის პირველი მეოთხედის) ინახება ერმიტაჟში, მაგრამ მთიელთა მიერ არ გამოყენებულა.

აუცილებელ საკუთნოს წარმოადგენდა საპირისწამლე და კვესი, რომლებიც ნაირგვარი ფორმისა და მასალისა იყო.

მთიელთა შორის გავრცელებული იყო ჭრილობის წამლობის, ტყვიის ამოღების, ამოვარდნილობისა და მოტეხილობის მკურნალობის ხელოვნება.

ჰყავდათ თავისი ქირურგები, ჰქონდათ მედიცინა, რომელიც, ძირითადად, ტრავმების მკურნალობას ეფუძნებოდა. ცნობილია განკურნების გასაოცარი შემთხვევები.

იყვნენ ისეთი ყოჩაღებიც, რომლებიც ერთი დაკვრით კვეთდნენ კაცს მხრიდან სარტყლამდე, ანუ, როგორც ამბობენ – თავით ფეხამდე.

შაშკის ტარი ყოველთვის გლუვი იყო და ბოლოგაფართოვებული, ხოლო ხანჯლის ტარს ჰქონდა ამობურცულობები, რათა მოძრაობისას ხელიდან არ დასხლეტილიყო.

შეტაკებისას, ხშირად, ხანჯალს ხელიდან გლეჯდნენ მეტოქეს – პირის შუაში ჩაავლებდნენ და სწრაფად და ღონივრად დაქაჩავდნენ ძირს, თუმც რაღა თქმა უნდა, ასეთი ილეთი დიდ ძალას მოითხოვდა.

ბრძოლის დროს, ზალპის შემდეგ, მთიელი ცხენოსნები გაშმაგებული ეკვეთებოდნენ მტერს. ყოველ მხედარს მარჯვენა ხელით შიშველი შაშკა ეპყრა, მარცხენით სადავე და კბილებით ხანჯალი.

თვითმხილველთ უთქვამთ, რომ ასეთი თავდასხმა, თავისებური კიჟინით თანხლებული, ერთობ შემზარავი იყო და ხშირ შემთხვევაში მოწინააღმდეგის გამოუცდელი ჯარი თავზარდაცემული ილტვოდა ამგვარი შეტევისას.

თუმც ძველმა ჯარისკაცებმა და კაზაკებმა იცოდნენ, რომ ეს აღტკინება ერთი–ორი წარმატებული ბათქით საგრძნობლად ნელდებოდა და მთიელები იფანტებოდნენ.

ამიტომ, საჭირო იყო პირველ მომენტში არ შემდრკალიყვნენ, ახლო მოეშვათ და შემდეგ მიეცათ ბათქი.

თოფებსა და პისტოლეტებს მთელს გუბიაჩის აულში ამზადებდნენ, მაგრამ სახელი მაინც თურქულ და ყირიმულ თოფებსა ჰქონდა.

არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ კავკასიური შაშხანა დიდი ღირსებებით გამოირჩეოდა. პირველყოვლისა – ძალზე მსუბუქი იყო. მთიელებმა, უწინარეს, ვიდრე რუსები ქვეითი ჯარის თოფებს დახვეწდნენ, თავიანთი თოფები ხრახნილლულიანი გახადეს და ამით შორსმსროლელობა მიანიჭეს.

ამას გარდა, კავკასიური შაშხანა სამიზნის მოწყობილობით ბევრად აღემატებოდა რუსულ ჯარისკაცულ იარაღს შტუცერების შემოღებამდე.

მთიელთა შაშხანისა და პისტოლეტის ნაკლი დამუხტვის ხერხში მდგომარეობდა – დენთი იყრებოდა ფალიაზე, თოფის გვერდზე და ალდებოდა კაჟის დაცემით ფოლადის ფირფიტაზე, რომელიც ფალიას ფარავდა. ნოტიო ამინდში დენთი სველდებოდა და აღარ ალდებოდა.

მოგვიანებით მთიელებმა თავისი იარაღის ჩახმახი ფისტონს მოარგეს და შაშხანამაც დიდი უპირატესობა მოიპოვა (კაჟის სასხლეტი 1840 წლამდე შემორჩა, რადგან, მართალია ფისტონი 1812 წელს გამოიგონეს, მაგრამ თოფს მხოლოდ 1840 წელს მოარგეს).

იმ დროს, როცა ჩვენს იარაღს რკინით მოჭედილი, ფართო და მძიმე კონდახი ჰქონდა, მთიელებისას ჰქონდა ვიწრო, მსუბუქი, ძვლით დაბოლოებული.
ქვეითთა იარაღს ხიშტი ჰქონდა და ხელჩართულ ბრძოლაზე იყო გათვლილი, ხოლო მთიელთა შაშხანა მხოლოდ სასროლად იხმარებოდა.

მთიელთა შაშხანის ზრო მეტწილად კოჟრიანი მერქნის, ან რაიმე მაგარი ჯიშის ხისაგან კეთდებოდა და ძვირფასი თოფები ტყავითაც იყო გაწყობილი. ეს მეტყველებდა ამ თოფის კუთვნილებაზე ცნობილი პირისადმი.

თოფი სიგრძით ორ არშინსა და შვიდ გოჯს აღწევდა და ასეთი თოფი ვარგისი იყო ქვეითთათვის, ოღონდ საჭიროებდა მოწყობილობას. ხმარობდნენ სადგარსაც, ოღონდ იშვიათად.

კონდახის ზომა ძირზე 4 გოჯს აღწევდა. მთლიანად თოფი ათიოდე გირვანქას იწონიდა. საცემი მოწყობილობის გამო, რომელშიაც წამყვან როლს კაჟი ასრულებდა, ამ თოფებს კაჟიან თოფებს ეძახდნენ.

სამიზნე მოწყობილობა მდებარეობდა ჩახმახის წინა გაფართოებაზე, რომელშიაც იყო ნახვრეტი, რომელიც, თავის მხრივბ სწორდებოდა ლულის დაბოლოებაზე მყოფ კორაზე. ჩახმახს ორი მოსამართი ჰქონდა. გამშვებს ერქვა სასხლეტი.

დენთის სატარებლად ჩოხის ("ჩერკესკა”) ორივე მხარეს, მკერდზე განლაგებულ ჯიბაკებში ("სამასრე”) მოთავსებული იყო ე.წ. "გაზირები”.

ეს გახლდათ ხის ორგოჯიანი მასრები, რომლებშიაც ეყარა დენთი ერთი ან ორი მუხტის ოდენობით. მასრები დარქმული იყო შალით, ან რაიმე ძონძით.

ლულაში ჩაყრილი დენთი იცობოდა, რისთვისაც იყენებდნენ ყველაფერს, რაც ხელთ მოხვდებოდათ – ჩოხის კალთის ნაკუწი, ქუდის სარჩული, ისე კი საჩურთს წინასწარ იმარაგებდნენ. შემდეგ იდებოდა ტყვია და კვლავ საჩურთი.

საჩურთი თოფში მაგრად უნდა ჩატკეპნილიყო. სხვაგვარად ნასროლს დიდი ძალა და სიშორე არ ექნებოდა. თუ ტყვია თავისი საჩურთით მძლავრად არ მიეტკეპნებოდა ქვედა (დენთის) საცობს, გასროლას დიდი უკუცემა ექნებოდა.

ჩასატკეპნად იხმარებოდა რკინის ან ხის ზუმბა. უკანასკნელს ლითონის ბუნიკი უკეთდებოდა. ზუმბა ღონივრად უნდა ჩაეკრათ ლულაში და თუ უკან ამოვარდებოდა, თოფი კარგად გატენილად ითვლებოდა. ზუმბა ლულისქვეშა საგანგებო ღარში თავსდებოდა. თოფს ზურგზე ქამრით გადაკიდებულს ატარებდნენ.

მთიელები ჩინებული მსროლელები იყვნენ და როგორც იტყვიან, ტყვიას ქარს არ ატანდნენ. დენთი და ბრპენი ძვირი ღირდა.

ტყვია ბრპენისა იყო, მრგვალი, პატარა და მისი ჭრილობა არ იყო დიდად საშიში. მოგვიანებით დაიწყეს თასმიანი ტყვიის გამოყენება ნაჭდევებითურთ. ესენი ზრდიდნენ დაზიანებას, ხოლო თასმა აბინძურებდა კიდეც.

ჰყვებოდნენ აგრეთვე მოწამლულ ტყვიებზე, მაგრამ პირადად მე ჩემთვის სანდო პირთაგან არაფერი მსმენია, თუმცა ბაბუა, ბიძა და ბიძაშვილები კაზაკები იყვნენ და ზოგი მათგანი ომში დაიღუპა კიდეც.

პისტოლეტიც ამავე მეთოდით იმუხტებოდა და იტარებოდა სარტყელზე ზურგსუკან.

პისტოლეტისა და თოფისათვის იხმარებოდა ფერადი შალითები, წითელი და ყვითელი მთიულური მაუდისა.

ყოველ მეომარს უნდა ჰქონოდა თოფის შესაკეთებელი საკუთნო, რომელსაც სარტყელზე მიბმულს ატარებდა. მარჯვნივ – "საქონე” იყო, ლითონის კოლოფი ქონით, რომელსაც იარაღის გასაპოხად და ჟანგისგან დასაცავად იყენებდნენ.

ამათ გარდა, ფოლადის სახრახნისი და მრგვალნახვრეტებიანი ფირფიტა ტყვიის ჩამოსასხმელად.

მარცხენა მხარეს, სარტყელზე ეკიდა ლითონის ბუნიკიანი თასმები, რომელთაც პირვანდელი დანიშნულება დაკარგული ჰქონდა, სარტყლის ლითონის ბუნიკზე კი მფლობელის ვინაობა ეწერა.

სარტყლის გვერდებზე განლაგებული იყო ნახევარმთვარის ფორმის ლითონის ღილები, რომელთა დანიშნულებაც ჩემთვის უცნობია, თუმც კი ადრე მათ უნდა ჰქონოდათ ასეთი.

ამათ გარდა იყო კავიც, მაგრამ დანიშნულება ასევე უცნობია. სარტყელი ტარებისას ძალზე ორიგინალურად იკვრებოდა, რასაც შეიძლება კავკასიური ვუწოდოთ.

სარტყლის ბოლოზე მაგრდებოდა ლითონის ნახევარწრე ხარიხით, რომელზედაც ყრუდ ეკერებოდა სარტყელი. სარტყლის მეორე ბოლო ეყრებოდა პირველ ნახვრეტში, მერე მეორეში – ხარიხაზე გადავლებით და სარტყელი შესანიშნავად იყო შეკრული.

სარტყელი ოქროთი და ვერცხლით ირთვებოდა, რასაც "ბალთანი” ეწოდებოდა. "ბალთანზე” იყო ნაკვეთი და სევადიანი ნახატი. ასეთ სარტყელს ვერცხლის სევადიანი ერქვა.

სარტყელი ისე ეკეთათ, რომ დაბოლოება მარცხნივ ყოფილიყო. სარტყელზე ცალკე თასმით ეკიდა ხანჯალი, რომლის მოხსნაც, სურვილისამებრ, შესაძლებელი იყო.

ხანჯალიც და შაშკაც ასევე სევადით იყო მოხატული.

ქარქაში იფარებოდა ტყავით ან ხავერდით.

კაზაკთა ახლო ურთიერთობამ მთიულებთან განაპირობა მათი შეიარაღების დამსგავსება მთიულურთან.

თავდაპირველად ეს შეიარაღება სულაც ბრძოლაში მოპოვებული იყო.

მხოლოდ მოგვიანებით მიიღეს კაზაკებმა გაუმჯობესებული თოფი.

1864 წლამდე იარაღი ერთნაირი იყო და კარგი მთიულური შაშხანა კი შურის საგანს წარმოადგენდა. ჩვენმა ქვეითებმა უფრო ადრე მიიღეს ფისტონიანი თოფი და "შტუცერები” და ამის შემდეგ ნემსიანი თოფი წარმატებით მეტოქეობდა შაშხანასთან.

მანამდე კი ხმარებაში გლუვლულიანი, მძიმე და არაშორსმსროლელი თოფები იყო.

მთიულურ თოფთან მიმართებით უნდა ითქვას, რომ მან თანმიმდევრული ცვლილებები განიცადა შორსმსროლელობის მიღწევის წადილით. ჩვენი მუზეუმის (აქ და მერმის იგულისხმება სტავროპოლის მუზეუმის 1915 წლის ექსპოზიცია) კავკასიური იარაღის კოლექცია მშვენივრად წარმოადგენს, თუ რა გადახდა თავს ამ თოფს.

საქმე იმაშია, რომ თავიდან თოფს ჰქონდა მოკლე, მსხვილკალიბრიანი, ბოლოგაფართოებული ლულა. ეს იყო რაღაც კარაბინის მსგავსი. ასეთი ტიპის იარაღი განეკუთვნება XVI–XVII საუკუნის დასაწყისს და გამოიყენებოდა კავკასიაში.

რა თქმა უნდა სავარაუდოა, რომ იგი დასავლეთიდან იყო გადმოღებული. ჩახმახი კაჟიანი ჰქონდა და გვაგონებდა მუშკეტონს (კაჟიანი იარაღი შემოდის XVII საუკუნის პირველ ნახევარში, XVIII–ში ჩნდება მუშკეტონი, მანამდე კი პატრუქით ალდებოდა).

შემდეგ საბრძოლო ცხოვრებამ წამოაყენა მოთხოვნა, რომ მოწინააღმდეგე შორ მანძილზე დაეზიანებინა და არა მხოლოდ ხმაურით დაეფრთხო. ამასთან, ასეთი იარაღი მოითხოვდა დენთის საგრძნობ რაოდენობას მუხტისათვის, დენთი კი ძნელი საშოვნი იყო.

თუმცა ამტკიცებენ, რომ დენთი უფრო ადრე იყო ცნობილი, ვიდრე დასავლეთში გამოიგონებდნენ, მაგრამ მონაცემთა უქონლობის გამო დარწმუნებით ვერ ვიტყვი, თუმც ვერც უარვყოფ. უნდა შევნიშნოთ, რომ ჩვენი კოლექციის თოფებს სიძველის კვალი ატყვიათ და შესაძლოა XVI საუკუნეზე ადრინდელობის.

ამ საკითხზე მუშაობას ცალკე გთავაზობთ ხსენებული კოლექციის ბაზაზე და ამიტომ დარწმუნებით აღარაფერს ვიტყვით, თუმც მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ისტორიული მონაცემები, რომ თოქთამიშის მიერ 1382 წელს წარმოებული მოსკოვის ალყის დროს მოსკოველნი ისროდნენ დენთით სიათებიდან და ზარბაზნებიდან, ხოლო თათრები ლინგიცის ბრძოლაში 1241 წელს იყენებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს და აქიდან გამომდინარე – დენთი XVI საუკუნემდე იყო ცნობილი.

თუმცა იყენებდნენ თუ არა კავკასიაში, ამის თაობაზე სარწმუნო წყაროები არ არსებობს (1494 წელს ფრანგთა მეფეს კარლოს VIII ჰქონდა არტილერია, ხოლო არაბები XIII საუკუნეში იყენებდნენ დენთიან ლითონის მილებს).

შორსმსროლელობის მიღწევის წადილმა ოსტატები აიძულა, უპირველესყოვლისა, დაეგრძელებინათ ლულა. ამ თვალსაზრისით ჩვენი კოლექცია მდიდარ მასალას იძლევა. ნათლად ჩანს თუ როგორ გრძელდებოდა ლულა თანდათან.

ამასთანავე შეინიშნება ლულისთვის განსაკუთრებული ხასიათის მიცემის მცდელობა.

და აი, თანდათან ლულას უჩნდება ხრახნილი, ხდება წახნაგებიანი. მუშავდება შაშხანა, იზრდება ტყვიის მანძილი თვით ტყვიის ფორმისა და საცემის შეუცვლელად. (თოფის ხრახნილზე მინიშნება არსებობს 1630 წელს.).

ამის შემდგომ ლულა მოკლდება და გრძელლულიანი თოფი მოძველებულად ითვლება, თუმც კი გრძელი ლულა განაგრძობს არსებობას.

უდავოა, რომ მთიელთა თოფის ცვლილება მათი მოწინააღმდეგის, რუსების შეიარაღების სრულყოფით იყო განპირობებული. თუმც მთიელებმა ვერ შეძლეს წამოსწეოდნენ რუსების ტექნიკის სწრაფ განვითარებას და შერჩათ კაჟიანი და ნაკლებ შორსმსროლელი თოფი.

ყოველ შემთხვევაში, მან შეასრულა თავის საქმე და იქცა ნიმუშად, შემდგომი სრულყოფისათვის, ხოლო თავის დროზეც საუკეთესოც იყო.
ლულის დამოკლება ევროპულ იარაღსაც დაეტყო და ამჟამინდელი კავალერიის კარაბინი, თუნდაც "ბერდანკა” და მითუმეტეს, უახლესი იარაღი სათამაშოდ გვეჩვენება 1848 და თუნდაც 1854–56 წწ. ქვეითთა თოფთან შედარებით.

რუსებთან უთანასწორო ბრძოლაში მთიელნი, რომელთაც ნახეს, რომ რუსული იარაღი თანდათან სჯაბნიდა მათსას, მივიდნენ საკუთარი პისტოლეტის გარდაქმნის აუცილებლობამდე.

ჩვენი კოლექცია იძლევა მთიელთა ამ მცდელობების ბრწყინვალე ნიმუშებს. მთიელებმა დაიწყეს სპილენძის პისტოლეტების კეთება, შემდეგ ორლულიანის, შემდეგ კი ოთხლულიანის.

უკანასკნელი ჩვენს ყურადღებას იპყრობს იმით, რომ აქვს საგანგებო მოწყობილობა, რომლის წყალობითაც ძალუძს ზემოთა ორი და ქვემოთა ორი ლულებიდან ერთდროული გასროლა კაფსულებში ხვრელების დაფარვით.

ზოგს ოთხი ლულა უბრუნავდა და თვითოეულს თავის კაფსულა ჰქონდა.

ეს მოწყობილობა შექმნილია რევოლვერის სისტემის გამოგონებამდე.

ბოლოს კი, როცა რუსებმა რევოლვერი შემოიღეს, მთიელები შეეცადნენ არც აქ ჩამორჩენოდნენ მათ და ცდილობდნენ კუსტარულად გაეკეთებინათ დოლიანი რევოლვერი. რუსული იარაღის შემდგომმა სრულყოფამ წერტილი დაუსვა მთიელთა მონდომებასა და გამომგონებლობას.

თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მათი ოსტატები თავის დროზე მართლაც იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მთიულური შაშხანა არასოდეს გახეთქილა. იგი მზადდებოდა განსაკუთრებული წესით სხვადასხვა ნაჭრებისაგან.

რაც შეეხება ოსტატებს, მათი ვინაობა თოფებზე არ გვხვდება. არ გვხვდება არც დამღა. არის მხოლოდ სურები ყურანიდან.

ცნობილი ევროპული დამღები – "მგელი”, "ეპისკოპოსის თავი” და "მავრის თავი” ასევე არ შეგვხვედრია.

მთიელებს არტილერიაც ჰქონდათ: ზარბაზნებს სპილენძისას ასხამდნენ, მაგრამ ისინი ხშირად სკდებოდნენ. ქვემეხთა უმრავლესობა რუსული წარმოებისა იყო, ბრძოლაში მოპოვებული.

არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ შამილის ჯარში გამოიყენებოდა მოძრავი ფარები, რომლებიც ბორბლებზე გადაადგილდებოდა და იცავდა უკანმავალ მებრძოლებს: ისინი ხის სქელი ფიცრებიდან და ძელებისგან მზადდებოდა.

იმ დროისათვის ეს საბრძოლო ხელოვნების უკანასკნელი სიტყვა იყო.
კავკასიურ იარაღს თავისი ისტორია აქვს. იმის მიუხედავად, რომ თავისი ფორმითა და ლითონით ოდინდელია, იგი თვითმყოფადობით გამოირჩევა ყველა დანარჩენისაგან და გარეგნული სახე და თავისებურებანი ადგილობრივი პირობების გავლენითა აქვს მოპოვებული.

კავკასიური იარაღი, ანუ კავკასიის ომის ეპოქისა და მოცემული დროის, სახეობათა მრავალფეროვნებით გამოირჩევა: მთელი ამ ხნის განმავლობაში არ შეცვლილა ხანჯალი და ხმალი, ანუ შაშკა.

მთიელთა ცხოვრების უფრო ადრეულ ეპოქაში იარაღი უფრო ნაირგვარი იყო, რასაც ცეცხლმსროლელი იარაღის უქონლობა განაპირობებდა. ამჟამად, ამა თუ იმ სამარხსა და ყორღანში ვხვდებით ისეთ საბრძოლო ნივთებს, რომლებიც არა თუ ახლა, კავკასიის ომის დასაწყისშიაც კი აღარ გამოიყენებოდა.

ჩვენ ვპოულობთ: საბრძოლო უროებს, კვერთხებს, გურზებს, კომბლებს, კისტანებს, შუბებსა და ისრებს. საცემი ცივი იარაღის ეს სახეობანი ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება, თუმც გასცდა თავის დროს და საგრძნობლად მოგვიანებით, რკინის ნივთებთან ერთად გვხვდება, როგორც წინაპართაგან შემორჩენილი ნაშთები.

იარაღის ასეთი შემონახვა გარდა საბრძოლო ღირსებებისა, გამოწვეული იყო შეთქმისა და შელოცვის რწმენით. ეს შელოცვები, ერთი მხრივ, იარაღს სიკვდილის მთესველს ხდიდა, მეორე მხრივ კი მის პატრონს – მოუწყვლადს.

ეს საცემი იარაღი, ძველ სამარხებში ნაპოვნი, ნაწილობრივ აქამომდე შემორჩა და მისი ნაშთები, მიუხედავად პრაქტიკული ღირებულების უქონლობისა, გამოიყენებოდა როგორც ღირსების ნიშანი.

მაგალითად, შამილს ჰქონდა: არღუნის შტურმის დროს, 1839 წლის 31 მარტს მოპოვებული კვერთხი, ახულგოს შტურმის დროს, 22 აგვისტოს მოპოვებული გურზი, დაღესტანში 1846 წელს მოპოვებული ბერდიში; შამილის თანამებრძოლ ანწუხის ნაიბს ჰქონდა საბრძოლო ნაჯახი.

ყველა ეს ნივთი პეტროგრადში, ერმიტაჟში ინახება. იარაღის ფორმა ბრინჯაოს ხანაში იყო ათვისებული, შენარჩუნდა ხანგრძლივად რკინის იარაღის დროშიც, ხოლო სავსებით გაქრა დენთის გამოგონების შემდეგ.

ამ გამოგონების შემდეგ ოსტატთა მთელი ყურადღება მიპყრობილი იყო ჯაჭვის პერანგის, აბჯრის, ფოლადის კვართის შექმნაზე, რომელთაც ტყვიისგან უნდა დაეცვათ კაცი.

ამოცანა რთული იყო და კავკასიელმა ოსტატებმა, შესაძლოა გარე გავლენითაც, ფრიად დამაკმაყოფილებლად გადაჭრეს იგი: ჯავშანი სრულიად იცავდა ტყვიისაგან ნემსიანი თოფის შექმნამდე.

მართალია კაჟიანი თოფიდან გატყორცნილი ტყვიის სისუსტე აიოლებდა ამ ამოცანას, მაგრამ ტყვია, როგორც იტყვიან, სხლტებოდა მეომრისგან ან მხოლოდ ალილავებდა და სხეულში ვეღარ აღწევდა.

ამასთანავე დაიწყო დამცავი იარაღის სხვა სახეობათა დაცემა: თორი და ფარი უსარგებლონი აღმოჩნდნენ. ჯერ კიდევ XVII–XVIII საუკუნის დასაწყისში ყაბარდოელთ ყავდათ "ჯავშნოსანთა” (ჯავშანი იყო ქერცლოვანი, ფირფიტოვანი და რგოლოვანი) რჩეული ლაშქარი, ფარმუზარადიანი, მაგრამ ყველაფერი ეს უსარგებლო აღმოჩნდა სიმძიმის, სიძვირის და მოწინააღმდეგის სიახლეებთან შეუსაბამობის გამო.

ცხოვრებისეულ პირობებს, ცხადია, უზარმაზარი გავლენა ჰქონდა იარაღზე და კავკასიის ვიწროებში, ფხიანი მოწინააღმდეგის არარსებობის პირობებში ცხოვრება საშუალებას იძლეოდა ტყავის აბჯრის, ტყავისავე ფარისა და თავსარქმელის ამარა გასულიყავი იოლად.

ასეთი აღჭურვილობა, თავის დროზე, უეჭველია აკმაყოფილებდა მოთხოვნებს და სამხედრო საქმეშიაც წინ წადგმული ნაბიჯი იყო, ოღონდ იმ პირობით, რომ მოწინააღმდეგე სამხედრო ტექნიკის განვითარებაში ფხასა და გამომგონებლობას არ გამოიჩენდა.

ჩვენს დროში "ხევსურული ფარები” და აბჯარნი, ადრე ესოდენ განთქმულნი, არც მეტი, არც ნაკლები –– სათამაშოებად გვეჩვენება. ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთი დამცავი აღჭურვილობა დანიშნულებას ამართლებდა, მაგრამ არსებობს მრავალი საბუთი იმისა, რომ კავკასიური ტყვია ვერ ხვრეტდა მათ.

მუზეუმში არის ერთი ასეთი ფართაგანი, აქლემის ტყავისა. თუმცა იგი თექურია, მაგრამ სრულიად იგივურია კავკასიური ფარებისა.

ამ ფარზე ჩატარდა ცდა. კაზაკმა ურიადნიკმა სახაზინო ნიმუშის კარგი შაშკით მძლავრი დარტყმა განახორციელა ტაბურეტზე დადებულ ფარზე. შაშკა ნამსხვრევებად იქცა, ხოლო ფარზე უმნიშვნელო კვალი დარჩა.

ამ ცდას ესწრებოდა სტატსკი სოვეტნიკი ს. მ. დოლინსკი, ამჟამად სტავროპოლის სწავლული საარქივო კომისიის წევრი.

მშვილდ–ისარი თოფის შემოსვლამ უსარგებლოდ აქცია. ამის მიუხედავად XVII საუკუნის დასასრულს და XVIII საუკუნის დასაწყისში დასავლეთ კავკასიის მთიელნი კიდევ იყენებდნენ, ხოლო 1812 წლის ომში მონაწილე ყალმუხები მშვილდით იყვნენ შეიარაღებულნი.

იმ შორეულ დროში ისარი დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. იგი იოლად აღწევდა ძვლამდე და სასიკვდილოდ აზიანებდა მოწინააღმდეგეს, განსაკუთრებით, როცა მოწამლული იყო. გათხრები ბრწყინვალედ ადასტურებენ ამ ცნობებს, როცა ვპოულობთ ხერხემალსა და მენჯის ძვლებში გარჭობილ ისრებსა და სატყორცნ შუბებს.

ისრის გაფრენის ძალა ფრიად მნიშვნელოვანი გახლდათ და მის წინააღმდეგ ჯავშანს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ცხადია, რომ ყველაფერი დამოკიდებული იყო მშვილდის ხარისხზე, ისარზე და კაცის ძალაზე. სუსტი ნასროლი მიზანს ვერ აღწევდა.

მოხუცები იგონებდნენ, რომ როცა ე.წ. "რუსული ხუტორები” იქნა დაკავებული (სტავროპოლთან ახლოს), მცხოვრებნი ჩერქეზთა ხშირ თავდასხმებს შეეგუვნენ. რაკი თავდაცვის საშუალება არ ჰქონდათ, ისინი მთიელ მტაცებელთა გამოჩენისას იცვამდნენ ამობრუნებულ ცხვრის ტყავს და ცდილობდნენ რაც შეიძლება შორს ყოფილიყვნენ თავდამსხმელთაგან. მთიელები მშვილდებით იყვნენ შეიარაღებულნი. მათი ნატყორცნი ისრები ხშირად ცხვრის ხშირ მატყლში ეჩხირებოდა და ზიანი არ მოჰქონდა.

მშვილდის გაუმჯობესება სასხლეტითა და ლარის მოსაჭიმით წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ დენთის გამოჩენამ ესეც უმნიშვნელო გახადა. უნდა აღინიშნოს, რომ კავკასიის მთიელებმა არ განავითარეს ამ სახეობის იარაღი და დარჩნენ დასავლეთის გავლენის გარეშე, რომელსაც ბრწყინვალე ნიმუშები აქვს ამ იარაღისა, არბალეტები ნამუშევრის სინატიფით და ლარის დაჭიმვის ძალით სრულყოფილების მწვერვალს წარმოადგენდნენ.

ჩვენი მუზეუმის კოლექციაში არის თიხისა და ქვის ტყვიები ჩრდილო კავკასიის ძველ სამარხებში ნაპოვნი. მათი პოვნა საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ არსებობდა სასროლები და არბალეტები, საიდანაც მათ ისროდნენ. უშუალოდ სასროლები და არბალეტები ნაპოვნი არ არის, მაგრამ შესაძლოა დაიკარგნენ, ან სხვა იარაღად იქნენ გადაკეთებული.

მათ არსებობაზე მიუთითებს უკანასკნელ დრომდე შემორჩენილი საბავშვო სათამაშო – ფიცარზე დამაგრებული მშვილდი და ლარის დასაჭიმი რაზა.

თუკი მშვილდი დასავლეთში 1558–1603 წლებში შემოინახა, შესაძლოა, რომ კავკასიაშიც იყო მისი რომელიმე სახესხვაობა ხმარებაში. თუმც ისიც შეიძლება ვიფიქროთ, რომ დენთის ადრე შემოღებამ განაპირობა სასროლებისა და არბალეტების არარსებობა.

აქ მშვილდი XVIII საუკუნემდე შემოგვრჩა. მის შემონახვას და სასროლებთან და არბალეტებთან შედარებით უპირატესობის მინიჭებას საფუძველიც ჰქონდა, რადგან მშვილდოსანი წუთში 12–ჯერ ისროდა, მეარბალეტე 3–4–ჯერ.

ალბათ აქ მშვილდიდან უშუალოდ თოფზე გადავიდნენ. ამგვარი შეიარაღებისას, როცა პიროვნული ძალა და სიმარჯვე გადამწყვეტი მნიშვნელობისა იყო, საბრძოლო მოქმედება, ხშირად, ცალკეულ მეომართა ორთაბრძოლებამდე დადიოდა და ძალიან საშიში იყო მოსახლეობის არამებრძოლი ნაწილისათვის, რომელიც ცეცხლითა და მახვილით ნადგურდებოდა.

ბრინჯაოს იარაღი არ იყო ისე ბასრი, როგორც მოგვიანებით ათვისებული რკინა და ფოლადი. ამ მიმართებით კავკასიელმა ოსტატებმა სრულყოფის მწვერვალს მიაღწიეს. ბაზალაის ხანჯლისთვის არ არსებობდა დაბრკოლება.

ზოგიერთ ქვაკაცებზე ვპოულობთ საბრძოლო უროებისა და მახვილების გამოსახულებებს, რომლებიც ამჟამინდელის მსგავსია, მაგრამ გრძელი მახვილი არ შეგვხვედრია.

კავკასიურ ქვაკაცებზე ვხვდებით იარაღს უროს ან ნაჯახის, ბრინჯაოს ხანჯლის ფორმისას, ბრინჯაოს ნაწიბურიან საყელოს, რომელიც კისერსა და კეფას იცავდა, როცა თავი ჩაფხუტით იყო დაცული. ჩაფხუტი დაბალ ქუდს ჩამოჰგავს, რომელსაც ჯვარედინად გასდევს ოვალური ნაწიბური და ასეთივე ნაწიბური არტყია ირგვლივაც. ზემო ნაწილი არ იყო მაღალი, მაგრამ მასიურობის გამო თავს იცავდა უკეთ, ვიდრე წოწოლა ჩაფხუტი.

კავკასიაში წარმოებული იარაღის განსაკუთრებული თვისებების მიუხედავად განთქმული იყო დამასკური ცივი იარაღი, თურქული ხმალი და გერმანული თოფი. შავზღვისპირელ კაზაკებს ჰქონდათ გამონათქვამი (ალბათ ზაპოროჟიელთაგან გადმოღებული): "ცხენი თათრულიო, მუშკეტი გერმანულიო, ხმალი თურქული და მარჯვე მარჯვენიო”.

კავკასიური ომის მთელი პერიოდის თითქმის ნახევარი შამილს ეკუთვნის. იგი 25 წელს იდგა იმამად, ხოლო წინა იმამების დროსაც თვალსაჩინო როლსაც ასრულებდა. ამდენად, როცა კავკასიურ იარაღზე ვლაპარაკობთ, ბუნებრივია გავიხსენოთ მთიელთა ეს მბრძანებელი და საბრძოლო მოქმედებათა მართვის მისეული სისტემა.

საერთო აღიარებით, შამილი არა მხოლოდ უიშვიათესი ნიჭის მეომარი იყო, არამედ უდიდესი ადმინისტრატორიც, რაც პიროვნულ ხიბლთან ერთად აქცევს მას თანამედროვეობის უდიდეს პიროვნებად.

ამდენად, ბუნებრივია, რომ 25 წლის განმავლობაში შამილმა არა მარტო რუსეთის, არამედ ევროპის ყურადღებაც მიიჯაჭვა.

მიუხედავად მთიელი მოსახლეობის ტომობრივი სიჭრელისა, გამჭრიახმა შამილმა სწორად შეაფასა მთიელთა ხასიათი და გრძნობდა რა მათ თანდაყოლილ საბრძოლო ჟინსა და სამართლიანობის გამახვილებულ მოთხოვნილებას, მან ამ თვისებებზე ააგო მართვის თავისი სისტემა.

ყურადღების ღირსია შამილის შემართებული ღვაწვა თავისი ხალხის ზნეობის განმტკიცებისთვის. "კავკასიის მეომარი ტომები, მიუხედავად თავისი ნატურის მრავალმხრივი სიმდიდრისა, უხეში ნაკლოვანებებითაც გამოირჩეოდნენ: სასმელის, ძარცვის, მკვლელობისა და გარყვნილებისადმი მიდრეკილებით. შამილმა ყურადღება მიაქცია და სერიოზული ბრძოლა გამოუცხადა მათ. იგი სასტიკად სჯიდა უმნიშვნელო გადაცდენისთვისაც კი. დანაშაულთა სიაში, მკვლელობისა და ძარცვის გვერდით, მოხვდა თუთუნის წევა–ყნოსვა, ცეკვა და სპირტიანი სასმელის მოწრუპვაც კი. ყველა ამ სიმკაცრეს იგი სამართლებრივ ხასიათს აძლევდა. ყველაფერს წყვეტდა სასამართლო, რომელიც საჯაროდ იმართებოდა. განაჩენი დაუყოვნებლივ მოჰყავდათ სისრულეში” (რომანოვსკი, "კავკასიის ომი”. გამოქვეყნებული ლექციები, 1860 წ.).

სასჯელთა სისტემაში უმთავრესი ადგილი დიდ და მცირე ჯარიმებს ეკავა, მაგრამ ღალატისთვის, დეზერტირობისთვის, ჯაშუშობისთვის დაწესებული იყო სიკვდილი, რომელსაც აღასრულებდა ჯალათი ცულით.

ნაკლები დანაშაულისთვის ხაროში სვამდნენ.

საინტერესოა, რომ ლაჩრობისთვის დამნაშავეს მარჯვენა ხელს ქეჩით უკრავდნენ, რასაც იგი მანამდე ატარებდა, სანამ საპირისპიროს არ დაამტკიცებდა.

მთიელთა საბრძოლო ორგანიზაცია იმაში მდგომარეობდა, რომ ყველა, 16–დან 60 წლამდე სამხედროვალდებული იყო, რითაც იქმნებოდა ერთიანი სამხედრო ფენა. ყველა ვალდებული იყო ჰქონოდა შაშხანა, პისტოლეტი და შაშკა. რაც შეეხება ხანჯალს, მას ლამის დაბადებიდან ატარებდა ყველა.

შამილი მხედრიონის შექმნაზეც ზრუნავდა და ყველა შეძლებულს ცხენის ყოლას ავალდებულებდა.

მებრძოლთა საჭირო რაოდენობას შამილი ადგენდა, ხოლო საჭირო შემთხვევაში ქუდზე კაცს ეძახდნენ. ჯარის ცალკეულ დანაყოფებს მიურიდები მეთაურობდნენ. ლაშქრის გარდა შამილს ჰყავდა ცხენოსანი ებგურნი, მურთაზიგეტებად წოდებულნი. ისევე, როგორც მიურიდები, მურთაზიგეტებიც საუკეთესო იარაღს ფლობდნენ.

დენთს, ცეცხლმსროლელი იარაღისთვის, დაღესტანში ამზადებდნენ. ვედენოში, უნცუყლსა და გუბინში გამართული იყო დენთის ქარხნები. თუმც დენთი დაბალი ხარისხისა იყო.

გოგირდისა და გვარჯილის ქარხნებს პლოხის, მუნოს, გუბინის, ოთაჩის, ხინდოკის მოსახლეობა და ხოისუბულისა და ანდალიალის საზოგადოებები აწვდიდნენ. სამხედრო ვალდებულების ნაცვლად, ამ აულთა მცხოვრებთ შამილი დენთის წარმოებას ავალდებულებდა, რადგან მათ უხეირო მეომრებად თვლიდა და ამ საქმიანობაში ოჯახზე მანეთნახევარსაც კი უხდიდა.

შამილისეული მართვის არსი შემდეგში იყო: მთელი მოსახლეობა დაახლოებით 1000 კომლიან სანაიბოებად იყო დაყოფილი. მათ ნაიბები ხელმძღვანელობდნენ. რამდენიმე სანაიბო ოლქს შეადგენდა.

ცნობილი ნაიბები იყვნენ: შუაბინ–მოლა, ჰაჯი–მურატი, ყაბით–მუჰამა. ნაიბებს ყოველ აულში ჰყავდათ ყადი და ზემდეგი. პირველი იმამი იყო მოლა აულ გიმრიდან ყაზი მუჰამედი, შემდგომში ყაზი–მოლად ცნობილი.

კავკასიის ომზე ლაპარაკისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ მიურიდიზმი, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა მთის მთელი მოსახლეობის ისტორიაში, თუმც კი იარაღთან მიმართებაში არაფერი არ მოუცია, გარდა ხანჯალზე დაფიცებისა (”ძიკრა”) და იარაღის განწმენდისა წმინდა ომისკენ მოწოდებისას.

________________________________________________________

დ. ი. ჩახკიევი

ვაინახთა იარაღი

მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩეჩენთა და ინგუშთა წინაპრებს განუწყვეტლივ უხდებოდათ მრავალრიცხოვან მტერთა თავდასხმების მოგერიება.

ამგვარ არამშვიდობიან, დაძაბულ ვითარებაში, ვაინახი გლეხი ერთდროულად უნდა ყოფილიყო მხვნელიცა და მწყემსიც, ქვისმთლელიცა და მეომარიც, რათა გადარჩენილიყო და თავისუფლებაც შეენარჩუნებინა. ნებისმიერ წამს შეეძლო საბრძოლველად მოეხმო მისთვის მთისა თუ კოშკის წვერზე დანთებულ კოცონს.

და მაშინ უნდა გაცემულიყო პასუხი ოდინდელ კითხვაზე – სიკვდილი თუ გამარჯვება. ამდენად, ვაინახის ცხოვრებაში, საგანგებო მნიშვნელობას იძენდა სამხედრო საქმე. იგი (ისევე, როგორც იარაღი), ჩეჩნებსა და ინგუშებში, დროის შესატყვისად, საკმაოდ მაღალი დონისა იყო, რამეთუ ემყარებოდა საკუთარ მდიდარ გამოცდილებას და აგრძელებდა საუკუნოვან ტრადიციებს, აგრეთვე შემოქმედებითად ითვისებდა ამ დარგში მომხდარ სიახლეებსა და გამოგონებებს.

ვაინახთა სამხედრო საქმე წარსულში რეალურად შეესაბამებოდა მათსავე სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებას, ყოფით გარემოს, ეპოქის სულსა და საარსებო მოთხოვნებს.

აქაური გამოცდილი მეომრები კარგად იცნობდნენ და ერთობ ჩინებულად იყენებდნენ ძველთაგან ხმარებული დამცავი და შესატევი იარაღის ძირითად ნიმუშებს, რომელთა ცალკეული სახეობანიც, სრულყოფის უწყვეტ პროცესში, მუდმივ ურთიერთგავლენას განიცდიდნენ.

ამასთან, ადგილობრივ მთიელთა შეიარაღების თუ ამ იარაღის ბრძოლაში გამოყენების სოლიდური, მდიდარი ცოდნა ნასაზრდოებია როგორც საკუთარი საუკუნოვანი მდიდარი ტრადიციებით, ასევე მეზობელთა მოწინავე გამოცდილების ყურადღებით შესწავლით. იარაღი ხომ მუდამ უფრო "საერთაშორისო” იყო, ვიდრე მატერიალური კულტურის სხვა საგნები.

მისი ახალი ნაირსახეობანი, უფრო სრულყოფილნი და უფრო გამოსადეგნი, უფრო სწრაფად ხვდებოდნენ მეზობელი ხალხის ხელში, ვიდრე სამკაული და შრომის იარაღი, რადგან ჩამორჩენა სამხედრო საქმესა და შეიარაღებაში დამოუკიდებლობის დაკარგვის ტოლფასი შეიძლებოდა გამხდარიყო.

თავდაცვის იარაღი

მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩეჩნებსა და ინგუშებს შესატევი იარაღისაგან საიმედოდ იცავდა აბჯარი, საბრძოლო თავსარქმელნი, ფარები, ხელნავები და საბრძოლო თათმანები.

მთიელ მებრძოლთა სხეულს ფარავდა თავიდან ტყავის, ხოლო შემდგომ უფრო საიმედო ლითონის რგოლოვანი საჭურველი – ჯაჭვის პერანგი და რგოლოვანი ჯავშანი, რომელთაც სწორსახელოიანი კვართის ფორმა ჰქონდათ, კვადრატული ჩაჭრილი თავგასაყარი (ხშირად საყელოიანიც) და ჭრილი თეძოზე.

იხმარებოდა აგრეთვე გაშლილი თარგის (ანუ გრძივ გახსნილი), მრგვალი თავგასაყარისა და გადაფენილ საყელოიანი ფორმის ტანსაფარი.

თითქმის ერთნაირი ფორმისა და რგოლთა ბმის მქონე ჯაჭვის პერანგი და რგოლოვანი ჯავშანი არსებითად განსხვავდებოდნენ ერთურთისგან კონსტრუქციული დეტალებით.

უმთავრესად ეს განსხვავება გამოიხატებოდა ლითონის რგოლთა დამზადების ხერხში (თუ პერანგში შედუღებულ–მოქლონვილია, რგოლოვან ჯავშანში მხოლოდ მოქლონვილია), დამაგრების ხერხში (პერანგში ორმხრივი, "სამსჭვალზე”, ჯავშანში – ცალმხრივი, "ხიჭვებზე”), მავთულის განივკვეთში (პირველში – მრგვალი, მეორეში – გაბრტყელებული), რგოლთა ფორმაში (პირველში – წრიული, მეორეში – ოვალური) და ზომაში (პირველის რგოლები შედარებით მოზრდილია).

სხვაობაა რგოლთა რაოდენობაშიც (ჯაჭვის პერანგში არანაკლებ 20 ათასი, რგოლოვან ჯავშანში – 60 ათასი და მეტი), ხოლო წონით მეორე პირველზე ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ საჭურველში რგოლები თავისებურად იყო განლაგებული: შედარებით მასიურნი – მხრებსა და მკერდზე, ნაკლები – კალთებზე, სახელოებსა და საყელოზე.

ეს განსაზღვრული მიზნით კეთდებოდა: ჯერ ერთი, რომ მსუბუქი და მოსახერხებელი ყოფილიყო და მეორეც – მეტად მოწყვლადი (ანუ შესატევი იარაღით უკეთ მისადგომი) ადგილები უკეთ ყოფილიყო დაცული. ამიტომ, მეიარაღე ასეთ ადგილებს აძლიერებდა მომსხო რგოლების ჩაწვნით, ხოლო ნაკლებმოწყვლად ზონებს მომცრო რგოლების ხარჯზე ამსუბუქებდა.

შესატევი იარაღის სწრაფი განვითარების გასაწონასწორებლად რგოლოვანმა ჯავშანმა, რომელიც ჯაჭვის პერანგის ევოლუციის და სრულყოფის საფუძველზე წარმოიშვა, არაუგვიანეს XV საუკუნისა, ფართო გავრცელება ჰპოვა ვაინახ მეომრებში.

თუმცა მას ჯაჭვის პერანგი სავსებით არ გაუძევებია ხმარებიდან, არამედ განაგრძობდა მასთან თანაარსებობას გასული საუკუნის დასაწყისამდე. ხანდახან მებრძოლი ორივე ზემოაღნიშნულ საჭურველს ერთიმეორეზე ჩაცმულსაც კი იყენებდა. ეს საჭურველნი საკმაოდ მსუბუქნი გახლდნენ და ერთნაირად მოსახერხებელნი მხედრისათვის და ქვეითისთვისაც.

საჭურველქვეშ მეომარი ატარებდა მჭიდრო დალიანდაგებულ (შალის ან ბამბის) ჩასაცმელს, რაც უფრო მოსახერხებელს ხდიდა საჭურვლის ტარებას. ჯაჭვის პერანგები და რგოლოვანი ჯავშნები საიმედოდ იცავდნენ პატრნებს იმ პერიოდშიც, როცა კავკასიაში გავრცელდა (მართალია ჯერ კიდევ არასრულყოფილი) ხელის ცეცხლსასროლი (პატრუქიანი და კაჟიანი) იარაღი.

ბურთულასებრი ტყვიები ძალზე იშვიათად ახერხებდნენ რგოლოვანი წნულის გახვრეტას, ისიც ძალზე ახლო მანძილიდან სროლისას.

ამასთან დაკვშირებით დიდად საინტერესოა XIX საუკუნის დასავლეთევროპელი სწავლულისა და მოგზაურის ვ.ი. კლაპროტის ცნობები, რაც ნათლად ახასიათებს ადგილობრივი საჭურვლის სიმტკიცეს, იგი გვამცნობს: "მათი ჯაჭვის პერანგები მეტწილად ძვირად ფასობენ; მათ შორის ხშირია ძალზე კარგი ნახელავი.

გამოცდის მიზნით მათ აფენენ ხბოზე და ესვრიან პისტოლეტს. როგორც წესი, ტყვია ვერ ხვრეტს მათ, ხოლო ხბო ოდნავ შეტოკდება ხოლმე. ჯაჭვის პერანგის ქვეშ ისინი ატარებენ დაბამბულ სამოსს, რაც ტყვიის ასხლეტას აუმჯობესებს.”

მეომრები საჭურველს შიგნიდან და გარედან ხშირად აკერებდენენ ჭრელ (ხანდახან ძვირფას) ქსოვილებს, რათა იგი სატარებლად მოსახერხებელი და შენიღბული ყოფილიყო. საჭურვლის მჭიდროდ მოსარგებად ხმარობდნენ სარტყელს და სხვადასხვა იარაღის ქამრებს.

საჭურვლის აღნიშნული სახეობანი წარსულში საკმაოდ ძვირად ფასობდნენ (მაგალითად ერთი ჯაჭვის პერანგის საფასურად, მისი ხარისხის შესაბამისად, იძლეოდნენ 10––დან 200 ხარამდე) და მათი ქონა შეეძლო მხოლოდ შეძლებულ და ცნობილ მეომარს.

საბრძოლო თავსარქმელად წარსულში ადგილობრივი მთიელნი იყენებდნენ ლითონის ნაჭედ მუზარადებს, ჯაჭვის სარქმელს და სპეციალურ დალიანდაგებულ ქუდებს. XVII საუკუნემდე ვაინახებში სჭარბობს კონუსური და სფერულკონუსური ფორმის მუზარადები, ხშირად რამდენიმე ნაწილისაგან მოქლონვილი და ჯაჭვის ზარადინით დაბოლოებული (კისრის, მხრების, ყურების და ნაწილობრივ სახის დასაცავად). ხანდახან ჩაფხუტებს აქვთ მომრგვალებული (ხშირად რგოლიანი) ან წვეტიანი დაგვირგვინება, საჩიხი (წინაფრა) და სამზერი ჭრილები.

ამ ჩაფხუტთა პოპულარობა და გავრცელებულობა განპირობებულია მათი სიმარტივით, საკმაო სიმტკიცით და საიმედოობით. მდოვრედ წაგრძელებული ფორმა და ვიწრო დაბოლოება ხელს უშლიდა პირდაპირი შვეული დაკვრის განხორციელებას საკვეთ–საჩეხი (მახვილი, ხმალი) და საცემი იარაღით (გურზი, კვერთხი და მისთანანი), რომელნიც სხლტებოდნენ ამგვარი ზედაპირიდან.

სიძვირის გამო ასეთი ჩაფხუტის ქონა ვაინახ მეომართა შეძლებულ ფენას თუ შეეძლო. ძირითადად ესენი იყვნენ ცნობილი მხედრები.

"მისიურკა” შედგებოდა ლითონის პოლოტიკისა და გრძელი გროლოვანი ბადისაგან. ამ კოსნტრუქციის წყალობით იგი მშვენივრად იცავდა თავს, სახეს, კისერსა და მხრებს.

სახელიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ "მისიურკა” ჩრდილო კავკასიაში აღმოსავლეთიდან შემოვიდა (არაბული სიტყვიდან "მისრ” – ეგვიპტე) და შედარებით მარტივი ფორმის, საიმედოობის, სიიაფის, მოსახერხებლობის და პრაქტიკულობის (განსაკუთრებით მთიან და ტყიან გარემოში) გამო ფართო გავრცელება ჰპოვა XVII–XIX საუკუნეებში ჩეჩნეთ–ინგუშეთისა და საქართველოს მთიელთა შორის, თანდათანობით გამოაძევა რა ხმარებიდან ნაჭედი ლითონის ჩაფხუტები.

აღსანიშნავია, რომ ბრძოლაში "მისიურკას” ხანდახან ჩაფხუტის ქვეშაც ატარებდნენ, როცა ამ უკანასკნელს ზარადინი შემოაცვდებოდა ხოლმე. შიდა მხრიდან ჩაფხუტებსა და "მისიურკებს” აფენდნენ დალიანდაგებულ (შალის ან ბამბის) შუასაფენს, რაც აიოლებდა ტარებას და გარკვეულწილად ფანტავდა თავსარქმელზე მიყენებულ დარტყმათა ძალას.

ამავე მიზნით ვაინახები დამატებით იყენებდნენ საგანგებო ჩაფხუტქვეშა ნაჭრის სარქმელს, ხოლო საბრძოლო თავსარქმელს, მჭიდროდ მოსარგებად, გვერდებზე ამაგრებდნენ თასმებს, რომელთაც ნიკაპქვეშ ინასკვავდნენ.

ხშირად ზარადინის ძირა ნაწილის შესაკრავად ხმარობდნენ სპეციალურ შიბს ან კავს.

ჩამოთვლილ ლითონის თავსარქმელებთან ერთად ვაინახები ძველთაგან ხმარობდნენ ფერადი ქსოვილის ან ტყავის დალიანდაგებულ საბრძოლო თავსაბურავსაც (მეტწილად ქუდებს). სწორედ ამ ნიმუშებით სრულდება მთელი ჩრდილო კავკასიის მთიელთა საბრძოლო თავსარქმელების მრავალსაუკუნოვანი ევოლუცია.

მეტწილად ისინი მრგვალი ფორმისა იყო და ორფეროვანი, მჭიდროდ დალიანდაგებული შალზე, სელზე ან ბამბაზე. ხშირად ამ თავსაბურავთა ქვედა კიდეები შემოკერებული იყო ფერადი ძაფებით ან ქსოვილის (ხანდახან ტყავის) ქობით.

შუა საუკუნეებში ასეთი ქუდები იმეორებდნენ ჩრდილო კავკასიაში გავრცელებული ლითონის ნაჭედი ჩაფხუტების ძირითად კონსტრუქციულ თავისებურებებს. თუმცა ასეთი თავსაბური საიმედოობით არ იყო ლითონის ჩაფხუტის ბადალი, მაგრამ მაინც საგრძნობლად ამცირებდა მახვილის, ხმლისა და სხვა შესატევი იარაღის დარტყმის ძალას.

ისიც აღსანიშნავია, რომ უბრალოობისა და სიიაფის გამო იგი ხელმისაწვდომი იყო რიგითი ვაინახი მებრძოლისათვის. ამასთანავე, ამ თავსარქმლის ტარება შეიძლებოდა ყოველდღიურად და იცავდა პატრონს მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისაგან.

ჩეჩენთა და ინგუშთა დამცავ შეიარაღებაში ერთი უძველეს სახეობათაგანია სხვადასხვაგვარი ფარები (”ტურსი”, "ტორჩი”, "ქხალქხანი” და სხვ.). ჩეჩნეთ–ინგუშეთში ცნობილი მათი ნიმუშები გამოირჩევიან მცირე ზომით, წრიული ფორმით და მოხერხებულობით როგორც ფეხოსანთა, ისე მხედართა ყველა დაცვით მანიპულაციაში.

ყველაზე მასობრივი და ძველი ვაინახებში იყო ბრტყელი, მოწნული ფარი, მკვრივი ტყავით დაფარული ხის ფარი, აგრეთვე მცირედამობურცული, ტყავგადაკრული ხის ფარი, რკინის სალტითა და უმბონით (რომლის დანიშნულებაც იყო პირდაპირი დარტყმის მოგერიება, ხელის მტევნის დაცვა და ფარის ცენტრის სიმტკიცის გაზრდა).

ამათ გარდა ვაინახი მეომრები ხმარობდნენ სხვა სახის ფარებსაც: ტყავის ბრტყელ, ლითონის კარკასიან, ლითონის ფიგურულ ბალთებიან და ამობურცულ მთელნაჭედ ლითონის ფარებს. უკანასკნელ სახეობათა ნიმუშებს ვაინახები იყენებდნენ უპირატესად ახლო ბრძოლებში, მჭიდრო ხელჩართულ შერკინებაში.

მჩეხავი–მკვეთი დარტყმების არეკვლას ვაინახები უმთავრესად ფარებით აწარმოებდნენ და მოცემული ნაირსახეობანი ძირითადად არც თუ ურიგოდ ასრულებდნენ ამ ფუნქციას. სავარაუდოა, რომ ისინი უმკლავდებოდნენ აგრეთვე ჯერაც არასრულყოფილ პატრუქიან და კაჟიან ხელის ცეცხლმსროლელ იარაღსაც.

ლაშქრობაში ფარი ჩვეულებრივ იტარებოდა მხარიღლივ, გრძელ ტყავის ქამარზე დაკიდებული.

ამ მხარეში მოპოვებული ფარები გამოირჩევიან თავისი საგულდაგულო გაწყობით (ცალკეულ შემთხვევებში კი მხატვრულ–მაგიური ლამაზი ორნამენტაციით), რაც უეჭველად მეტყველებს იმ მნიშვნელობაზე, რომელიც მათ ენიჭებოდათ და აგრეთვე მათ შემქმნელთა მაღალ ოსტატობაზე.

ადგილობრივ ფართა მეტად გავრცელებული ფერებია ყავისფერი, შავი და წითელი. აქვე შეიძლება აღინიშნოს, რომ XVI–XVII საუკუნის რუსული წყაროები ინგუშებს მოიხსენიებენ სიტყვით "კალკან”, რაც შეიძლება დავუკავშიროთ თურქულ სიტყვას "კალკან” – ფარი. ადგილობრივ სახარეთმცოდნეო ლიტერატურაში ასევე გამოთქმულია მოსაზრება, რომ ინგუშთა ეთნიური თვითსახელი ნიშნავს "ფაროსანს”.

საბრძოლო ვითარებაში ხელის დასაცავად პროფესიონალ მეომრებს ემსახურებოდნენ რკინის ან ფოლადის საიდაყვეები და საგანგებო ჯაჭვის თათმანები, რომელთაც ვაინახები შესაძლოა გასცნობოდნენ ჯერ კიდევ XIII საუკუნეში, მონღოლ–თათართა მიერ ჩრდილო კავკასიის დალაშქვირს დროს.

საიდაყვე შედგებოდა 2–3 მოხრილი ფირფიტისაგან (ერთი ამათგან დიდი იყო), რომლებიც ერთმანეთს რგოლებით ან ღერძაკებით უკავშირდებოდა და აბზინდიანი თასმებით იკვრებოდა. საიდაყვეს ფსკერზე გამოკრული იყო ფერადი ქსოვილის რბილი, დალიანდაგებული საფენი.

ბრძოლაში ვაინახი მეომრები საიდაყვეებით წარმატებით იგერიებდნენ მახვილის, ხმლის, ხანჯლისა და სხვა ცივი იარაღის დარტყმებს. არსებული გადმოცემით, ვაინახები საიდაყვეს დიდ ფირფიტას ბოლოს უმახვილებდნენ, რათა მჭიდრო შერკინებისას მეტოქისთვის მჩხვლეტი დარტყმა მიეყენებინათ.

ჩეჩენთა და ინგუშთა ჯაჭვის საბრძოლო თათმანი ორი ტიპისა იყო. პირველს განეკუთვნება ერთი ან ორი ფენა ჯაჭვით ნაქსოვი, ქსოვილის სარჩულიანი და ხელზე მორგებული, რომელიც შიშვლად ტოვებდა მხოლოდ თითებს (იარაღის უკეთ საპყრობლად). ამავე მიზნით ხელისგულიც კი არ იყო ჯაჭვით დაფარული.

ხანდახან კიდურა მომცრო რგოლებით თათმანი საიდაყვეზე მაგრდებოდა. უფრო ხშირად იგი თასმით მაგრდებობა უშუალოდ ხელზე. მარცხენა ხელი უთათმანო იყო რადგან ფარი იცავდა. ამის მიუხედავად, ვაინახები ხშირად მარცხენაზეც იცვამდნენ თათმანს.

მეორე ტიპს განეკუთვნება თათმანი, რომელიც მთლიანად წვრილი ჯაჭვითაა მოქსოვილი და ფარავს მთელს ხელის მტევანს ხელისგულიან–თითებიანად. ასეთი თათმანი, ჩვეულებრივ, მხოლოდ მარცხენაზე იხმარებოდა, რადგან იარაღის საპყრობად შედარებით მოუხერხებელი იყო.

ამდენად, ამ თარგის თათმანი პირველთან შედარებით ნაკლებად გავრცელებული იყო მთიელებში.

საიმედო დამცავის ხარისხის გამო ვაინახთა ამ დანიშნულების აღჭურვილობა წარმატებით ასრულებდა თავის ძირითად ფუნქციას მრავალი საუკუნის განმავლობაში და ასე მოატანა XIXსაუკუნის შუამდე.

შესატევი იარაღი

წარსულში ვაინახთა განკარგულებაში მყოფი შესატევი იარაღი იყოფა სატყორცნ, საჩხვლეტ, საჩეხ–საკვეთ, საცემ და ცეცხლმსროლელ ნიმუშებად.

სატყორცნი იარაღის სახეობებში პირველყოვლის უნდა აღინიშნოს ოდითგან სახელგანთქმული ვაინახური მშვილდები და ისრები.

გამოიყენებოდა მარტივი, რთული და რთულშედგენილი მშვილდები.

მარტივი მხოლოდ ხისაგან მზადდებოდა. შუა საუკუნეებში იგი საბავშო იარაღად იქცა. რთული მშვილდი შედგებოდა მერქნის ერთიანი ნაჭრისაგან და ემატებოდა სხვა მრავალი მასალა (რქა, ძვალი, მყესი, ტყავი, ჩლაქვი ანუ არყის ხის ქერქი და სხვ.).

ეს მშვილდები ვაინახთა მიერ გამოიყენებოდა ძველთაგან ვიდრე XIX საუკუნის დასაწყისამდე. რთულშედგენილი მშვილდის საფუძველს წარმოადგენდა რამდენიმე მტკიცედ შეწებებული ხის ნაწილი, ზემოთჩამოთვლილი დამატებითი მასალით შევსებული.

რთული და რთულშედგენილი ვაინახური მშვილდები გამოირჩეოდნენ მომცრო ზომით (მთიან არეში გამოსაყენებლად მოსახერხებელი რომ ყოფილიყო როგორც ქვეითის, ისე მხედრის მიერ), ერთობ საგულდაგულო გაწყობით (ხანდახან ლამაზი ორნამენტაციით ჩლაქვზე და ტყავის ზედაპირზე) და ფრიად საგრძნობი სიმძლავრით.

ისარი შედგებოდა ბუნიკის, ზროსა და ფრთისაგან. სიგრძე მერყეობდა 60–დან 90 სანტიმეტრამდე დანიშნულების შესაბამისად (მაგალითად შეჭურვილი მეტოქის, მხედრობის წინააღმდეგ თუ სხვა).

ისართა ბუნიკებს მრავაგვარი ფორმა ჰქონდათ (რომბისებრი, ფოთლისებრი, პირამიდული და მისთ.).

ასევე მრავალფეროვანი იყო ფრთის განივკვეთი (ბრტყელი, წახნაგოვანი, ლაპოტა და სხვ.). სხდასხვაგვარი იყო ბუნიკის ზროზე დამაგრების ხერხი (ჩამოსაცმელი და ჩასაყარი).

ზრო, როგორც წესი, მზადდებოდა მკვრივი, სწორფენოვანი მერქნისაგან (რცხილა, ნეკერჩხალი და მისთ.), ან ამავე მიზნით გამოიყენებოდა ახალი ამონაყარი, მსუბუქი, მაგრამ მაგარი, რბილი გულგულათი. საფრთე მასალას წარმოადგენდა მტაცებელ ფრინველთა (არწივი, მიმინო, სვავი და სხვ.) ფრთები.

მშვილდისა და ისრების შესანახად ვაინახები იყენებდნენ ჩლაქვის ან ტყავის შალითებსა და ხის ძირიან კაპარჭებს, რომელნიც ხშირად მდიდრულად ორნამენტირებულნი იყვნენ და ძვლის ფირფიტებით მორთულნი. კაპარჭი იტევდა 25–30 ისარს, რომლის ბოლოც გაფერადებული იყო ხოლმე. ისრები კაპარჭში ბუნიკით დაღმა ლაგდებოდა.

მშვილდის სროლისას ვაინახი მებრძოლეები მარჯვედ ხმარობდნენ ძვლის, ქვის და რკინის საგანგებო დამცავ რგოლებს (მშვილდი ძალიან დაძაგრული იყო) და ტყავის სათითურებს, რომელთა მეშვეობითაც, ტრადიციულთან ერთად, სროლა წარმოებდა "მონღოლური” და "ხმელთაშუა ზღვის” ხერხებით.

გვიანი შუა საუკუნეების ჩეჩნეთსა და ინგუშეთში ფართო გავრცელებას ჰპოვებს (განსაკუთრებით კოშკურა ნაგებობათა და გამაგრებულ ზღუდეთა დაცვისას) კონდახიანი მშვილდები. ისინი გამოირჩეოდნენ სიმძლავრით და სიზუსტით.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ მშვილდითა და ბოძალდით სროლის ურთულეს ხელოვნებაში, რომელსაც ბალღობიდან ასწავლიდნენ, ვაინახებმა უდიდეს ოსტატობას მიაღწიეს, რასაც მრავალრიცხოვანი წყაროებიც ადასტურებენ.

ხშირად, მეტოქის მეტად დაზიანების მიზნით, ბუნიკს ზროზე არამყარად ამაგრებდნენ, რათა ისრის ამოძრობისას იგი სხეულში ჩარჩენილიყო. გამოიყენებოდა აგრეთვე მოწამლული ისრებიც.

ხელჩართულ ბრძოლაში ვაინახთა განსაკუთრებით გამორჩეული იარაღი იყო საჩეხ–საკვეთი ტიპის ნაირსახეობანი – სწორი ორლესული მახვილი (”დოვთ”), ცალპირა ბრტყელი მახვილი, გადრეკილი ხმლები და დრეკადი შაშკები (”ტურრ”, "ტოვრ”).

მახვილები, ბრტყელი მახვილები, ხმლები, აღბეჭდილნი სოლიდური ხარისხითა და ნატიფი გაფორმებით XVII საუკუნის ბოლომდე აქტიურად იყვნენ ჩართულნი ჩეჩენთა და ინგუშთა შეიარაღებაში.

ამავე დროს, XVII საუკუნეში, მზარდი პოპულარობით სარგებლობს ცივი იარაღის მაღალხარისხოვანი ნიმუშები, რომლებიც გადმოიღეს და გარდაქმნეს მთიულურ ფოლადის შაშკებად (”ვოლჩოკ”, "გურდა”, "კალდამ”, "გუსარ”, "ტრანსილვანკი უზელ”, "დამასკური”, "ჩეჩნური”, "ინგუშური” და სხვ.).

ამასთან ვაინახებმა შედარებით მალე აითვისეს ნაირგვარი შაშკების დამზადების ურთულესი პროცესები და ცნობილი დამასკური ფოლადის წარმოების საიდუმლოებანი.

ვაინახური შეიარაღების არანაკლებ მნიშვნელოვანი ელემენტი იყო აგრეთვე ერთპირა საბრძოლო დანა (”დოქხა ურს”) და ორლესური ხანჯალი (”შალთა”), რომელნიც დიდი მრავალგვარობით გამოირჩეოდნენ (როგორც ფორმით ასევე ზომით) და გამოიყენებოდნენ როგორც საჩხვლეტი, ასევე საჩეხ–საკვეთი დარტყმისათვის.

ამ უკანასკნელთ, ჩვეულებრივ, ვაინახები ატარებდნენ მუდმივ და ყოველდღიურ ყოფაში და თვლიდნენ ტრადიციული სამოსის წამყვან ელემენტად.

ფართოდ ცნობილი სწორპირიანი "კავკასიური” ტიპის ხანჯლები ვაინახებში ჩნდება XVIII საუკუნის დასაწყისში ადგილობრივ საბრძოლო დანათა ცალკეული ტიპების განვითარების შედეგად და უმეტეს გავრცელებას პოულობს XIX–დან XX–ის დასაწყისამდე.

ხანდახან ვაინახური ხანჯალი დიდ ზომას აღწევდა – "ოთხი თითის დადება” სიფართესა და 70 სანტიმეტრამდე სიგრძეს.

ცნობილი ვაინახი მეომრები ძვირფას აღმოსავლურ იარაღსაც იყენებდნენ (თურქულს, ირანულს, ინდურს და სხვ.), ფოლადის გადრეკილი პირით და ნატიფი (მითიურ ცხოველთა გამოსახულებიანი) ვადაჯვრით. მრავალი ამ ხანჯალთაგან, ხატოვნად გაფორმებული, დამზადებული იყო "დამასკური”, "ეგვიპტური” ფოლადისაგან, შავი ბულატისაგან.

ხელჩართულ ბრძოლაში, მომხდურის უკეთ დაზიანების მიზნით, მძლავრი საჩეხი დაკვრის განსახორციელებლად ვაინახი მეომრები წარმატებით იყენებდნენ ლითონის ცულებსა (”ჯამბოლით”) და ნაჯახებს (”ჯომმაგ ", "ჯამმაგ ", "დიგ” და სხვ.).

საყურადღებოა, რომ ასეთი იარაღის გამოყენება შეეძლო ღარიბ მეომარს, ქვეითს, მოლაშქრეს. ბრძოლაში ცულები და ნაჯახები, არცთუ იშვიათად, სატყორცნ იარაღადაც გამოიყენებოდა. საინტერესოა, რომ ვაინახთა მიერ ხმარებული იყო ე.წ. "წვერისებური” ნაჯახიც, რომელიც ძველ რუსულ ნაჯახს ჩამოჰგავს.

საცემ იარაღად ადგილობრივი მოსახლეობა ოდითგან იყენებდა სხვადასხვა ტიპის მასიურ ხის კომბლებს (”ჩხონკარ”, "ჩონკარ”), ხშირად ლითონით მოჭედილს, წვეტებიანს, ქვისა და ლითონის გურზებს, მოგვიანებით კი რკინის კვერთხებს.

ასეთი იარაღის მრავალსახეობის (კერძოდ კი მრგვალი, ოთხწახნაგა, თორმეტკბილიანი და სხვა) აღმოცენება განპირობებული იყო მძიმედ შეჭურვილ მომხდურთან (აბჯარი, ჩაფხუტი, ფარი) წარმატებული შერკინების აუცილებლობით.

ეს იარაღიც საკმაოდ წარმატებით გამოიყენებოდა სატყორცნად.

ხელის (თოფი, პისტოლეტი) ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენა და გავრცელება (ჯერ პატრუქიანის, მოგვიანებით კაჟიანის) ჩეჩნეთ–ინგუშეთში ხდება არა უგვიანეს XV–XVI საუკუნის დასაწყისში, რამაც თავის გავლენა მოახდინა ადგილობრივ კოშკურა ნაგებობებზე (კერძოდ, მათ კედლებში გაჩნდა ვიწრო სათოფურები ცეცხლმსროლელი იარაღისათვის).

ვაინახებთან თოფი და იარაღი შემოდიოდა შავი ზღვის სანაპიროდან, ყირიმიდან, თურქეთიდან, აგრეთვე დაღესტნიდან და საქართველოდან.

ამიტომ ისინი ასეც იწოდებოდნენ: "თურქული”, "ყირიმული”, "დაღესტნური”, "ქართული” და სხვა.

ვაინახები იყენებდნენ აგრეთვე საკუთარი წარმოების თოფებს (”თოფ”, "თუოფ”) და პისტოლეტებს (”თაფჩა”) – მაგ. "ვაინეხ თუოფ” – "ვაინახური თოფი”, "ნოხჩიაინთაფჩ” – "ჩეჩნური პისტოლეტი” და ა.შ.

წერილობითი წყაროები, XVII საუკინის დასაწყისიდან მოყოლებული, მუდამ აღნიშნავდნენ, რომ ჩეჩნებსა და ინგუშებს ჰქონდათ "ვოგნენი ბოი”, "სიათა”, "ფუზი”, "თოფი”.

თუმცა არასრულყოფილება, შედარებითი სიძვირე, რიგი მნიშვნელოვანი მახასიათებლების (მაგ. სწრაფსროლა) უარესობა მაღალხარისხოვან მშვილდებთან შედარებით, ხელს უშლიდა ცეცხლმსროლელ იარაღს ხმარებიდან გამოეძევებინა დახვეწილი რთულშედგენილი მშვილდები ვიდრე XIX საუკუნის დასაწყისამდე.

მხოლოდ მოგვიანებით, მხარეში უფრო სრულყოფილი ცეცხლმსროლელი იარაღის გავრცელების შემდეგ, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ.

დენთის წინასწარარწყული ულუფა (”მუოლხ”, "მოლხაშ”) და ბრპენის ტყვიები (”შუოქალ”, "შოქალაშ”) ინახებოდა ხის ან ძვლის მასრებში – გაზირებში (”ბუსტამაშ”), რომლებიც იდებოდა "ჩერკესკის” გულზე დაკერებულ სამასრეებში.

ამავე მიზნით გამოიყენებოდა სპეციალური სავაზნეები, სადენთეები, ქისები და დამაგვარი ნაკეთობანი.

XIX საუკუნეში, კავკასიის ომის დროს, ჩეჩნებმა შეზღუდული რაოდენობით გამოიყენეს ზარბაზანიც (”იოქხა თოფ”).

გარდა პირდაპირი საომარი დანიშნულებისა, შესატევი იარაღის ცალკეულ ნიმუშებს ვაინახები სამეურნეო საჭიროებისთვისაც იყენებდნენ (ნადირობა და მისთ.), ასევე რიტუალურ და მაგიურ ღონისძიებებში (მათ სწირავდნენ სალოცავებს, მათზე იფიცებდნენ, ასრულებდნენ ძმადშეფიცვის წესს, იყენებდნენ მარჩიელობისას).

ძველთაგან მოყოლებული, ვაინახები დიდი ზრუნვითა და მოფრთხილებით ეპყრობოდნენ იარაღს, გადასცემდნენ მემკვიდრეობით, ინახავდნენ და ამდიდრებდნენ იარაღის დამზადებისა და მოხმარების ტრადიციას თუ საიდუმლოებას.

ხარისხიანი იარაღი მუდამ ძვირად ფასობდა და მნიშვნელოვანი სავაჭრო ექვივალენტის როლსაც ასრულებდა.

შუა საუკუნეების ვაინახურ საზოგადოებაში შეინიშნება ფეოდალიზირებულ სამხედრო დიდგვაროვანთა (განვითარებული სახელმწიფოებრიობის არქონის პირობებში) და მათი რაზმების გამოყოფა, რომელნიც საომარი აქციებისა და თავდაცვითი ღონისძიებების წარმოებით იყვნენ დაკავებულნი და ამით მდიდრდებოდნენ კიდეც.

სწორედ ისინი ფლობდნენ ყველაზე ძვირად ღირებულ, მაღალხარისხოვან (ხშირად შემოტანილ) ნიმუშებსა და საბრძოლო აღკაზმულობის სრულ კომპლექტებს, მიუვალ, ციხესიმაგრის ტიპის კოშკებს, აუცილებელ ჩვევებსა და სპეციალურ სამხედრო–ფიზიკურ მომზადებას.

ვაინახებთა უმეტესობა კი ძირითადად იაფ, "რიგით” იარაღს ატარებდა.

არსებული მასალები სრული სიცხადით წარმოაჩენენ საერთოს როგორც შეიარაღებაში, ასევე სამხედრო ხელოვნებაში ვაინახებსა და მეზობლებს (პირველყოვლის ყაბარდოელებს, ოსებს, აგრეთვე ხევსურებს, თუშებსა და საქართველოს სხვა მთიელებს) შორის.

სამხედრო საქმის განვითარება მათთან ხდებოდა ურთიერთგავლენისა და ურთიერთგამდიდრების პროცესში, ამ დარგში მომხდარი ცვლილებებისა და მიღწევების გულდასმითი გათვალისწინებით.

კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 415 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]