მთავარი » ფაილები » საქართველო

ილია ჭავჭავაძე ,,ქვათა ღაღადი’’
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (592.6Kb) ] 2011-03-17, 8:48 PM

სერიიდან განადგურებული ქართული არისტოკრატია. მხატვარი ლევან ჭოღოშვილი

ილია ჭავჭავაძე – ქვათა ღაღადი

„ეგრე მტრისა არ მეშინის,
რადგან ცხადად მაწყინარობს;
მოყვარესა-მტერსა ვუფრთხი,
მემოყვრება, მოცინარობს"…
რუსთაველი
I

ჩვენისთანა დაბრიყვებული, დაბალ ღობედ მიჩნეული ერი, ჩვენისთანა სახელგატეხილი ძნელად თუ სხვა მოიპოვება დედამიწის ზურგზე. ვინც გნებავთ, ან ზედ გვაბოტებს, ან გვქელავს და მიწასთან გვასწორებს. ლამის კავკასიის ქედს აქეთ ჩვენი ხსენება გააჩანაგონ, ქართველების სახელი დედამიწის ზურგიდამ აღგავონ და ჩალასავით ქარს გაატანონ, თითქო არც ოდესღაც ვყოფილვართ, არც დღესა ვართ… სულით დაბალნი ჭკუა გონებით ჩლუნგნი, ზნეობადაცემულნი, სულელნი, უსწავლელნი, გაუნათლებელნი, გაღატაკებულნი, ფლიდნი, პირის გამტეხნი, მხდალნი-ლაჩარნი – აი ჩვენის სულიერ და ხორციელ ავლა-დიდების სურათი! აი რანი ვყოფილვართ, რანი ვართ დღეს იმათის სიტყვით, ვისაც ასე თვისდა სასარგებლოდ მიუჩნევია ჩვენის სახელის გატეხა, ჩვენი მიწასთან გასწორება. წერით თუ სიტყვით, შინ თუ გარეთ წელებზე ფეხს იდგმენ, რომ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც ჩვენ სწორედ ასეთი უხეირონი და უღირსნი ვყოფილვართ და დღესაც ასეთნივე ვართ, თუ არ უარესნი.

ამისთანა დაღით შუბლზე გაისტუმრეს ქართველის სახელი ევროპაში, საცა-კი ენა და კალამი მიუწვდებოდათ. ასეთივე სახელი გაუთქვეს ქართველებს თვით რუსებ შორისაც. მართალია, ვისაც – ევროპელს თუ რუსს – საკუთარის თვალით მოუჩხრეკია ჩვენი ავი და კარგი, ზოგიერთს რასმე ჩვენთვის სანუგეშოსაც ამბობენ, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ცოტანი არიან ამათში იმისთანანი, რომელთაც „თვისი სიტყვის საფუძველი სხვის გულისთქმაზედ არ დაედვას", სხვის ფეხის ხმას არ აჰყოლოდეს, სხვის ჩაძახილი არ ამოეძახოს და აქ მოსვლისავე უმალ სხვის გულისთქმათა მახეში არ გაბმულიყოს.

სახელის გატეხას თქვენი ჭირიც წაუღია. სიტყვითა და კალმით ქვეყანას ეფიცებიან, ვითომც კავკასიის ქედს აქეთ ტიბრისა და ეფრატის სათავეებამდე, თითქმის შავის ზღვიდამ კასპიის ზღვამდე, ეგრეთწოდებული არმენია (ვითომც სომხეთი) ყოფილა ათადამ-ბაბადამ დღევანდლამდე, და თუ სადმე ვიღაც „ვრაცები" ყრილან – ერთი ათიოდე ბოსლის ადგილი თუ სჭერიათ და ისიც თითქმის სომეხთა მოწყალებით. თითონ ეს „ვრაცები" ვითარცა ერი არარად სახსენებელია, იმიტომ რომ გაწყვეტასა და გადაშენების გზაზე დგანან და, თუნდ ესეც არ იყოს, ჭკუა იმათ არ გააჩნიათ, რომ თავბედისა გაიგონ რამ, აღებ-მიცემობის უნარი ღმერთს იმათთვის არ უღირსებია, მეურმეობისა და ჩალვადრობის მეტი სხვა ხელობა არ იციან და ის პატარ-პატარა საბოსლეებიც-კი ვერ მოუხმარებიათ, რომელთაც, ქვეყნის სასაცილოდ, საქართველოს ეძახიან. ან როგორ მოიხმარებენ, რომ ამისათვის არც ჭკუა-გონება უჭრით, არც გამრჯელობა, არც სწავლა-ცოდნა, არც სურვილი აქვთ, არც ხალისი – იცოდინონ და ისწავლონ რამ ოუნდ იმავ სომხებისაგან, რომელნიც ვითომც ღვთისაგან და ისტორიით მოვლენილნი არიან, რომ კულტურის დროშით ხელში ააყვავონ და გააბედნიერონ არამც თუ მახლობელი აღმოსავლეთი, არამედ შორეულიცა, ერთობ მთელი ბრიყვი და უმეცარი აზია.

ამ სახით ხომ გვართმევენ ყოველს ეროვნულს ღირსებას, სთითხნიან ჩვენს ვინაობას, და რომ სულ მთლად ბოლო მოგვიღონ ქვეყნის წინაშე, გვიბათილებენ მთელს ჩვენს ისტორიასაც, ჩვენს ისტორიულს მატიანეებს, ისტორიულს ნაშთსა და სახსოვარსა, მთელს ჩვენს სისხლით-მოსილს ღვაწლს ქრისტიანობისათვის შეწირულსა, და ყოველს ამას თითონ იჩემებენ დიდის გაძვრენ-გამოძვრენითა. მართალია, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და სხვისა ღირსების ჩამორთმევით ან დაკლებით მათნი არც მოივლინებიან, არც გადიდდებიან, მაგრამ წადილის დაუჭირავსა ყური აქვს მოუსმენი და ენა გრძელი.

რისთვის არის ატეხილი ეს მტვერ-ბუქი, ეს ფუქსავატი ჭექა-ქუხილი? იმისთვის, რომ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც ამიერკავკასიაში ერთადერთი სომხის ერია, რომელიც ძველისძველადაც ყოფილა, დღესაც არის, და ამის გამო მომავალიც მისთვის უფრო უპრიანია, ვიდრე სხვისათვის, რადგანაც ისტორიულად დაამტკიცეს თვისი სულიერ-ხორციელი სიდიდე და ძალ-ღონე, თვისი შეურყევლობა და სიმაღლე ჭკუა-გონებისაო.

ვისი უნარია ყოველივე ეს? ეს რა შავი ყორანია, რომ თავს დაგვტრიალებს, ზედ დაგვყეფს და დაგვჩხავის? ჩვენ ადრეც გვითქვამს და ეხლაც ვიტყვით: ღმერთმა გვაშოროს იგი ბრალი, იგი ცოდვა – მთელს ერს სომხისა შევწამოთ, რომელიც მარტო ერთს გვარს გუნდს სომხებისას და იმ გუნდის მწიგნობარ-მეცნიერთ ეკუთვნის. თუმცა ასეა, მაგრამ მინამ კალამს ხელში ავიღებდით ამ წერილის დასაწერად, დიდხანს ჩავუფიქრდით ერთს ჩვენთვის დიდმნიშვნელოვანს გარემოებას. როგორ ჩამოგვართმევს წერილს მთელი ერი სომხებისა? ეს საკითხი უქმი საკითხი არ არის, როგორც ვნახავთ.

ერი, როგორც კრებული ისტორიით შედუღებულ ერთ-სულ და ერთ-ხორც მკვიდრთა, ყოველ პატიოსანისა და ჭკუათამყოფელ ადამიანისაგან უნდა პატივცემულ იყოს ყოველ შემთხვევაში, და მისი ასე თუ ისე გაუპატიურება, ავად ხსენება – დიდად სათაკილო საქციელია. ყოველს ერს თავისი საკუთარი სახე აქვს, თავისი საკუთარი გულთა თქმა, თავისი წადილები, თავისი სულთასწრაფვა, თავისი ღირსება. ამაების შეგინება ერთი იმისთანა სიბრიყვეა, რომელიც გონებაგახსნილს ადამიანს არ ეპატიება, არ შეენდობა. ეს ჩვენ კარგად ვიცით და ღმერთმა გვაშოროს იქ მთელი ერი ვიგულისხმოთ, საცა მარტო ერთგვარი გუნდია ცოდვილი. აი საფრთხე სწორედ აქ არის. აი აქედამ მოველით იმ მტვერ-ბუქსა, იმ კუდიან ქარსა, რომლის აყენებას არ მოერიდება იგი ერთგვარი გუნდი, რომ კაცს თვალები დაახუჭვინოს, თვალები აუბას.

ვინ იცის, რა ბუკსა და ნაღარას დაჰკრავს, რა საყვირს დააყვირებს ამ წერილების გამო იგი გუნდი, რომლის მხილება ჩვენ სახეში გვაქვს და რომელსაც ჩვეულებად დასჩემებია მათ შესახებ ნათქვამი მთელს ერს მოახვიოს თავზე, მთელს სომხობაზე გადაიტანოს. აქ განზრახვა აშკარაა. ერის სახელით ბრძოლას სამართლიანადა აქვს დიდი პატივი და საბუთი. ეს იმ გუნდს კარგად შეუგნია და ამიტომ კარგად იციან, რომ ერის სახელით წინათვე მოიბარებენ მსმენელს, წინათვე მოისყიდიან და, მაშასადამე, ნახევარი გამარჯვება უკვე ხელთა აქვთ. ხერხი სჯობია ღონესაო. რაკი ამ თვალთმაქცურს ხერხს ხელს მოჰკიდებენ, მერე ადვილია მთქმელსა და მხილებულს შესწამონ ერთა შორის განხეთქილების შთამოთესვა, ორის ერის ერთმანეთზე გადაკიდების უკადრისი სურვილი. აშკარაა აქ იმათი ქვედა-გრძნობული ანგარიში. ყოველ ამით სურთ შვილდ-ისარი, მათზე მიზიდული, თავიანთ თავს ააცდინონ და გულში თითონ ერსა ჰკრან გასაწბილებლად, ესეთი ხერხიანი ფარი იფარონ და საკუთარის ცოდვების მხილებას ამითი პირში კაპი ამოსდონ, ენა მოსჭრან.

მთელი ერი სომხებისა აქ არაფერს შუაშია. იგი, ვითარცა მშვიდობიანად მშრომელი და გამრჯელი, თავისს საქმეს ადგია – ვაჭრობაა თუ ხვნა-თესვა – და ფიქრადაც არ მოსდის და არც ეჭირება პასუხისმგებელი იყოს იმ ზოგიერთთა ცოდვების გამო, რომელნიც არამკითხე მოამბესავით მეტიჩრობენ და გარს დასტრიალებენ, როგორც მუმლი მუხასა. ერმა კარგად იცის, რომ ჭეშმარიტის ღირსების ქვეყანაში მოსაფენად საჭირო არ არის ბუკი და ნაღარა. კარგად იცის, რომ მატრაკვეცობა მისის ერთგვარ გუნდისა ვერაფერი თამასუქია არც იმისათვის, რომ ღირსება მისი ქვეყანაში გაითქვას, არც იმისათვის, რომ სხვისა ავად ხსენებით, სხვა ერის ძაგებით იქ გამოინასკვოს, საცა არ არის. ჭეშმარიტი ღირსება საქმითა თვისითა იღაღადებს მხრლოდ და არა ყვირილითა და დაფა-ზურნითა. ჭეშმარიტს ღირსებას ყვირილი არ უნდა. მისი ბუნება და თვისება ის არის, რომ მით უფრო სასახელოა და საგულებელი, რაც უფრო მდუმარეა. ნუ გგონიათ, ამ ბუნებას ღირსებისას კაცმა ჭკუა ვერ მიაწვდინოს, თუ გამეცნიერებული ღა განათლებული არ არის. ამისათვის საკმაოა საღი ჭკუა და უბრყვილო გული უბრალო გლეხკაცისაც. „კარგი ვარ, ამას ნუ იტყვი, თავს ნუ დაუწყებ ქებასა", ან „ვაჟკაცი წყნარი სჯობია, ჩალად არა ღირს მკვეხარი" – განა გლეხკაცის ნათქვამი არ არის?

სამწუხაროდ ჩვენდა, ამ ჭკვიანურ ანდაზის სიბრძნემდე ჯერ აქამომდე ვერ მიუღწევია იმ ერთს გუნდს სომხებისას, რომლის მეცნიერნი ქებადიდებას სომხებისას საყვირით ყვირიან და ამასთან, საცა გინდათ და არ გინდათ, ქართველებს მიწასთან გვასწორებენ და დედაბუდიანად გვთხრიან. სომხების ქება-დიდებასთან ჩვენ რა ხელი გვაქვს. ამისთანებში, თუნდაც გადაჭარბება, სხვისათვის უწყინარი და უტკივარი გულუხვობაა და სხვა არაფერი. ჩვენ სომხების არავითარი ღირსება, არავითარი სიკეთე არა გვშურს.

პირიქით, თუ სიკეთე, ღირსება რამ სჭირთ, იგი ჩვენთვის მხოლოდ სანატრელია და არა საშურველი. შურს ისა სწყინს და გულს უკლავს, – სხვას ჩემზე მეტი რადა აქვსო, ნატვრა-კი პატიოსნური სურვილია, მეც ის შევიძინო, რაც სხვას შეუძენია, მისდა სიკეთემდე, ღირსებამდე მივაღწიოო. შური ვერ იტანს სხვისა ღირსებას, ნატვრა-კი შეხარის. შური ებრძვის ღირსებას, ნატვრა-კი ეტრფის.

ამიტომაც ჩვენ ქება-დიდებას სომხებისას საბუთებს არ გამოვუჩხრეკთ, თუნდაც ცალიერი ბაქიობა იყოს. თუ საქებ-სადიდებელი აქვთ რამე, ღმერთმა შეარჩინოთ. თუ არა აქვთ, ღმერთმა მისცეთ. ჩვენ მარტო იმას ვჩივით, რომ სომხის მაქებ-მადიდებელი გუნდი ჩვენ, ქართველებს, გვთხრის, სულიერად და ხორციელად გვიბათილებს და სამარისაკენ გვიშვერს ხელსა, თითქოს მარტო ჩვენი არარაობაა მათის ღირსების მომასწავებელი, მათის ღირსების მანიშნებელი.

დროა ნიღაბი ავხადოთ იმ ერთს გუნდს სომხებისას, რომელთა მეცნიერნი ასეთს ყოფას გვაწევენ ქართველებს დიდისა და პატარის გამოუკლებლად. დროა გავითვალისწინოთ იგინი ისე, როგორნიც ნამდვილ არიან უნიღბოდ, უფერუმარილოდ. დროა ვიცოდეთ, საიდამ დაგვყეფს ჩვენ ჩვენი შავი ყორანი, საიდამ მოდის ეს ქვის-სეტყვა ჩვენს თავზე. დროა ჭკუას მოვიდეთ და არ შევუშინდეთ იმ ცრუპენტელა ლიბერალებს, იმ ჭეშმარიტის ლიბერალობის ბერიკებს, რომელნიც განგებ პირში ბურთსა გვჩრიან, რომ თავისი ოინბაზობა, ორპირობა და ცალგულობა მიაფუჩეჩონ და ზედ ლიბერალობის წმინდა კალთა გადააფარონ. ნუ გვამხილებთო ჩვენს ცუღლუტობას, ოინბაზობას, თორემ ეროვნულ შფოთის აღდგენას დაგწამებთ, რეტროგრადობის ბანაკში თავს ამოგაყოფინებთ, რადგანაც მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს ეროვნულ შფოთის ატეხა, ერთა შორის ღვარძლის შთამოთესვა სიბრიყვესა და გონების სიბნელეს მოასწავებს და ლიბერალობის შეგინებასაო. უფრთხიან ბალღები ამ ტყუილს ჭექა-ქუხილს ტყუილ ლიბერალობისას, უფრთხიან ყოველნი, ვინც სიტყვას გაუსინჯავად იჯერებს.

ლიბერალობა განა მალვაა, ანუ ხელის წაფარება ტყუილებისა, ოინბაზობისა, თაღლითობისა, თვალთმაქცობისა და ყოველგვარ ნამუს-ახდილობისა, და არა მხილება ყოველ ამისი? თუ საძრახავსა არ ამხგლ და სამარცხვინო ბოძზე არ გააკრავ, მაშ რის მაქნისიღაა ეგ თქვენი მოწონებული, თქვენი ქადებული დოყლაპია ლიბერალობა. მაშ ეს გამოჯავრება ყოველ საქმისა, ეს მზეზე გამოტანა ყოველი ფარულის და არა ფარულის ბოროტისა, – იმისდა მიუხედავად, შფოთს ასტეხს, თუ არ ასტეხს, – განა უწმინდესი და უპირველესი ღირსება არ არის ჭეშმარიტის ლიბერალობისა, რომელიც-კი მას შეუძენია დიდის ღვაწლითა და ზოგჯერ სისხლის ნთხევითაცა…

…ვის მოუვა ფიქრად, რომ ბოროტის მხილებას კრიჭა შეუკრას ვისისამე წყენის შიშითა, თუ არ დოყლაპია ლიბერალისა. საბუთიანს, მართალს მხილებას, თუნდა მთელის ერისას, გონიერი ერი მადლობით ეპყრობა და არა რისხვითა და შფოთითა. ჭეშმარიტი ლიბერალობა ის არის, რომ ჭეშმარიტება არავის წააწყმედნო, არავის გააქელვინო, ბოროტს ბოროტი ამხილო, მსჯავრდაუდებლად არ შეარჩინო და, თუ საამისოა, ცხვირიდამაც ძმარი ადინო. ბიძით ქვეყანა წახდებაო, ნათქვამია. მსჯავრდაუდებელი ბოროტი – მაცდურების მახეა და შიგ ადვილად გაიბამს თავს გულლბილი და ხასიათ დაუდგრომელი კაცი. „უსირცხვილოს თუ არ არცხვენ, ბიძით მორცხვიც გაურცხვდება".

გადმოწერე სრული ვერსია
კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 220 | რამოტვირთვები: 24 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]