მთავარი » ფაილები » საქართველო

დედა ენა
2011-04-14, 1:10 AM

იაკობ გოგებაშვილი - "დედა ენა”

იაკობ გოგებაშვილი – Iakob Gogebashvili

დედაენა, ან მშობლიური ენა ზოგადად განიმარტება როგორც ადრეულ ბავშვობაში შეთვისებული ენა. ამ განმარტებაში გვხვდება მცირეოდენი ვარიაციები, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია შემდეგი: «მშობლიური ენა არის ენა, რომელზედაც ლაპარაკობდნენ ინდივიდის ოჯახში მის ადრეულ ბავშვობაში, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ იგი მოცემულ მომენტში ლაპარაკობდეს მასზე» (გაეროს სოციალურ და ეკონომიკურ საქმეთა დეპარტამენტი, 1959). კანადაში ჩატარებული ენობრივი აღწერებისას გამოიყენებოდა შემდეგი განმარტება: „ენა, რომელიც ინდივიდმა აითვისა ადრეულ ბავშვობაში და დღემდე ესმის".

ადამიანი სამყაროს წიგნის საშუალებით შეიმეცნებს, ნებისმიერი წიგნი ასო-ნიშანთა ისეთი კომბინაციებისაგან შედგება, რომ შევძლოთ თავდაპირველად სიტყვის, შემდეგ წინადადებებისა და ამ წინადადებებში ჩაქსოვილი აზრის გაგება-გაანალიზება. აზროვნების ამ მექანიზმის გათავისებაში ყოველ ჩვენგანს სახელმძღვანელო წიგნი _ ”დედაენა” ეხმარება.

”დედა ენა” ყოველი ჩვენგანის პირველი წიგნია.

ძველ დროს სკოლებში ქართული ენის ხსენებაც კი აკრძალული იყო, არისტოკრატიას ქართულად ხმის ამოღება ერცხვინებოდა, ინტელიგენცია რუსულად აზროვნებდა, ქართული ენის შესასწავლად ორგვერდიანი ნაბეჭდი ანბანი არსებობდა, ისტორიასა და გეოგრაფიას ვინღა ჩიოდა. ასეთი განწირულების ჟამს გამოვიდა ასპარეზზე იაკობი.

იაკობ გოგებაშვილი - Iakob Gogebashvili

იაკობ გოგებაშვილმა ”დედა ენა” შექმნამდე ოცი წლით ადრე, 1865 წელს, შეადგინა "ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეებისთვის” („დედა ენა ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი სახალხო შკოლებისათვის"). დიდმა პედაგოგმა მშობლიური ენის სამყაროში შესაღწევ ჯადოსნურ გასაღებს "აი იას” მაშინვე მიაგნო, წიგნს კი უძვირფასესი სახელი "დედა ენა” 1876 წელს დაარქვა. ოცწლიანი მეთოდოლოგიური, ფსიქოლოგიური, პედაგოგიური დახვეწის შემდეგ, 1876 წელს, მან გამოსცა ქართული ენის ორიგინალური სახელმძღვანელო დაწყებითი სკოლებისათვის – ”დედაენა”.

იაკობ გოგებაშვილი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდა პირველი საყმაწვილი სახელმძღვანელოს მორალურ, ზნეობრივ და პატრიოტულ კრიტერიუმებს. მის პირად არქივში უამრავი მასალა ინახება იმის შესახებ, თუ რა მონდომებით ცვლიდა ავტორი თითოეულ სიტყვას ყმაწვილთათვის შესათავაზებელ მოთხრობასა თუ ლექსში, როგორ აზუსტებდა და ხვეწდა მეთოდურ ნიუანსებს, რომ მარტივიდან რთულისკენ სვლა ბუნებრივი, სასურველი და სახალისო ყოფილიყო, როგორ საყოველთაო განხილვის საგნად აქცევდა თითოეული ასოს მოხაზულობას და, რაც მთავარია, როგორ ცდილობდა ყოველი სიახლე დამყნო უძველეს ქართულ მწიგნობრულ გამოცდილებაზე.

"თუმცა ამ წიგნის შედგენაზედ ერთგულად და კაი ხანი ვიშრომეთ, მაგრამ ყოველგვარი სიხარულით მაინც ვერ შევამკეთ და ნაკლოვებანი ვერ ავიცილეთ” – წუხდა ავტორი. "დედა ენას” "ვეფხისტყაოსნის” ბადალი უწოდეს, რადგან ხალხისათვის ყველაზე საყვარელი და პოპულარული წიგნი გახდა. "დედა ენის” არსებობა ერის არსებობას ნიშნავს, ენის სიცოცხლე – ერის სიცოცხლეს.

„დედა ენაში" ორი წლის კურსის მასალაა. წერა-კითხვა ისწავლება ბგერითი ანალიზურ-სინთეზური მეთოდით. 1906 წლიდან „დედა ენა" 2 წიგნად გამოდის: პირველში მოთავსებულია წერა-კითხვის შესასწავლი მასალა, მეორეში — საყმაწვილო მხატვრული თხზულებები, ხალხური შემოქმედების ნიმუშები და საბუნებისმეტყველო, გეოგრაფიული, ისტორიული და ეთნოგრაფიული შინაარსის მეცნიერულ-პოპულარული სტატიები.

„დედა ენას" საფუძვლად უდევს მაღალი დიდაქტიკურ-მეთოდიკური პრინციპები, გამსჭვალულია ხალხურობის სულისკვეთებით. ავტორის სიცოცხლეში (1912 წლამდე) იგი 33-ჯერ გამოიცა. ი. გოგებაშვილის გარდაცვალების შემდეგ „დედა ენის" გამოეცემა მიენდო სპეციალურ კომისიას, რომელსაც ლ. ბოცვაძე ხელმძღვანელობდა. 1876-1925 წლებში „დედა ენა" 45-ჯერ გამოიცა. ძირითადად ი. გოგებაშვილის ბგერითი ანალიზურ-სინთეზური მეთოდია მომარჯვებული ვ. ძიძიგურისა და ა. გვახარიას „დედა ენის" 1935-1943 წლების გამოცემებში.

ი. გოგებაშვილის „დედა ენის" საფუძველზეა შედგენილი და 1944 წლიდან სისტემატურად გამოდის ნ. ბოცავიძისა და ე. ბურჯანაძის „დედა ენა" (2 წიგნად) I და II კლასელებისათვის (ამჟამად I კლასის „დედა ენა" 2 ნწილად გამოდის). ი. გოგებაშვილის „დედა ენის" მიხედვითაა აგებული ვ. რამიშვილის მიერ შედგენილი მოსამზადებელი კლასის „დედა ენა" და იმ I კლასის „დედა ენა", რომელმაც გაიარა მოსამზადებელი კლასი (პირველად გამოიცა 1973). 1976 წელს ზეიმით აღინიშნა „დედა ენის" 100 წლისთავი; საიუბილეოდ დაისტამბა 1876 და 1912 წლების გამოცემები.

იაკობ გოგებაშვილის ”დედაენა” ყოველმხრივ სრულყოფილებაზე ისიც მიუთითებს, რომ თითქმის საუკუნე-ნახევრის შემდეგაც თანამედროვე ”დედაენა” ამ დიდი მოღვაწის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოს პრინციპებს ემყარება.

საანბანე ნაწილის აგების პრინციპი, წიგნის თემატური მხარე იყო საფუძველი იმისა, რომ 1960 წელს ვენესუელის ქალაქ კარაკასში გამართულ მსოფლიო ენების საანბანე სახელმძღვანელოების საერთაშორისო გამოფენა-კონკურსზე იაკობის „დედა ენის" მიხედვით შედგენილმა სახელმძღვანელომ პირველი პრემია და საპატიო მედალი დაიმსახურა.

ქართულ სინამდვილეში კი "დედა ენა” არის ერთადერთი წიგნი, რომელსაც ხალხმა ძეგლი დაუდგა.

დედა ენა, მოქანდაკე, ელგუჯა ამაშუკელი, 1983 წ.

იაკობ გოგებაშვილის "დედა ენაში” ჩაიდო ფსიქოლოგიური საფუძველი, რომელიც, მოგვიანებით, დიმიტრი უზნაძის „განწყობის თეორიაში" ჩამოყალიბდა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

1990 წლიდან 14 აპრილი საქართველოში დედაენის დღედ აღინიშნება. დედაენის დღის დაწესების მიზეზი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები გახდა – საქართველოს მოსახლეობამ გააპროტესტა სსრკ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. 1977 წელს ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული. ამ ინიციატივას საპროტესტო აქციების მთელი სერია მოჰყვა, რომლის შედეგად შეტაკება ათასობით მომიტინგესა და საბჭოთა მთავრობას შორის გარდაუვალი გახდა. თბილისში, რუსთაველის გამზირზე ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი ხელისუფლებისგან ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას ითხოვდნენ. ანალოგიური დემონსტრაციები ბათუმშიც გაიმართა. პროტესტმა შედეგი გამოიღო და კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსრ-ს სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოცხადდა.

ლიტერატურა:

  • http://ka.wikipedia.org/wiki/დედა_ენა
  • რამიშვილი ვ., ქსე, ტ. 3, გვ. 421, თბ., 1978
კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1011 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
  • zazakutaladzeSpam 2011-04-28

    zaza

  • კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]