უწიგნურთა უმეცრება და „წიგნიერთა“ სიბრიყვე
2011-03-24, 0:27 AM
რამდენიმე წლის წინ, ჩემი ძმა და მისი მეგობრები (სკოლა, ის-ის იყო, დაამთავრეს) მესტუმრნენ და ბაქი-ბუქით წამეტრაბახნენ, ერთ-ერთ ბარში ვიღაც მაგარი „ნაშა" როგორ ოსტატურად „დაკერეს". ასეთი  რა ჰქენით-მეთქი, დავინტერესდი. მოდურ ბარში მსხდარან, გვერდით მაგიდასთან ვიღაც სიმპათიური გოგო იჯდა. მისი ყურაღების მისაქცევად ყმაწვილებმა ხმამაღალი საუბარი გააბეს და ერთმანეთს გასულ ზაფხულს ვენეციაში წარმოსახვითი მოგზაურობის ამბებს ახსენებდნენ. ოინმა გაჭრა და გოგონამ ბიჭების მაგიდასთან გადმოინაცვლა.  აი, მანდ დაიწყო, რაც დაიწყო. ეშხში შესული „ნორჩი მოგზაურები" გოგოს  თავს აწონებდბენ და აზარტით მოუთხრობდნენ, რომ თურმე ერთ დღეს ვენეციაში „იქაური ნავით" სეირნობდნენ, ამ დროს რომელიღაც აივნიდან მომხიბვლელმა იტალიელმა ქალმა გადმოჰყო თავი და ბიჭებს „ფიესტა, ფიესტა" დაუძახა. ჩემი ძმა ფეხზე წამოხტა, ნავში შემთხვევით აღმოჩენილი ყვავილების თაიგული ქალს სტყორცნა და ამ ჩოჩქოლში წყალშიც გადავარდა. არ დაიბნა, წყლიდან თავი ამოყო და ქალს მხიარულად შესძახა: „სიესტა, სიესტა!"-ო. ქალთან ერთად ის დღე როგორ გაატარეს, აღარ მოვყვები, მაგრამ ფაქტია, რომ ტყუილმა შედეგი გამოიღო - ქართველი გოგონა, ვენეციელ ქალს თავი რომ მოაწონეს, ისეთ ვაჟკაცებს, აბა, როგორ დაიწუნებდა?!
ბევრი ვიცინე და „ახალბედა კაზანოვებს" მერე მოვუყევი, სინამდვილეში რა მოხდა: მათი ნაამბობის მიხედვით, ბიჭები გონდოლათი სეირნობდნენ, ვენეციელმა ქალმა რატომღაც ესპანურად მიაძახა: „დღესასწაულიო", ანუ „მოდით, ბიჭებო, კარგად გავერთოთო". ვენეციური არხის ბინძურწყალნაყლაპმა ჩემმა ძმამ კი აღტაცებულ ქალს, ასევე ესპანურად „რა დროს ეგაა, წადი ქალო, დაიძინე", უპასუხა („სიესტა" ხომ შუადღის ძილია). სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ვერც ჩემი ძმა და ვერც მისი მეგობრები და, მით უმეტეს ქართველი გოგონა, უკვე „გასაერთაშორისოებულ" ტერმინებში მაინცდამაინც ყოჩაღად ვერ ერკვეოდნენ.
ბავშვების რა მიკვირს, ეს გაუგებრობა მათ უმწიფრობას დავაბრალოთ. არაერთი ე.წ. „ინტილიგენტი" ვიცი, „გენოკოლოგთან" „შიკოლათით" და „კანიაკით" ხელდამშვენებული რომ მიდის. „კალიდორი" და „მანიქაშიც" არაერთხელ გექნებათ გაგონილი. ბევრი მოდასაყოლილი იურისტისგან მსმენია, „ცივილიზებულს" (განვითარებულს) „ცივილურში" (სამოქალაქოში) რომ ურევს და, ვერავინ დამაჯერებს, ამ ტერმინების მნიშვნელობა რომ არ იცოდეს, უბრალოდ, „რუსთავი-2"-მა ხელის ერთი მოსმით სიტყვები: „ცივილური" და „ფოიერვერკი" დაამკვიდრა. ნეტავ ასეთი ენთუზიაზმით მართლა საჭიროსაც ვსწავლობდეთ! ალბათ „შამპანიურის" მოყვარულებსაც იცნობთ, ახლობლები „რეამინაციაში" რომ უწევთ, ან „წალამალა" თავი სტკივათ... და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი შესანიშნავი სიტყვა „გვქონია": სამსე, სტაიანჩიკი, ბასანოჭკი, კასტუმი, კასტრული, მარშუტკა, "ნაპალეონი"... „მანქნების" მარკებს არ იკითხავთ? „ბენვე", „რენაულტი", „პეჟოტი", „ლამბორჯინი", „ხა-5" და სრულიად შედევრი და ჩემპიონი - ვიღაცამ ინგლისური „Jeep"-ი, კაცმა არ იცის, რა ენაზე, მაგრამ „ლეერად" წაიკითხა და „მუავტო.ჯი"-ზე დადო გასაყიდად. ადამიანმა უცხო ენა რომ არ იცის და ზოგიერთი სიტყვის დაწერილობაში ვერ ერკვევა, დიდი ცოდვა არ არის, მაგრამ არც იმით დაშავდება რამე, ასეთ შემთხვევაში თავი რომ არ გაიმასხრო და ვინმე მცოდნეს ჰკითხო.
ერთხელ ერთმა მეგობარმა ფრანჩესკო როზის „კარმენი" მომიტანა. ჩვენც სიამოვნებით ვუყურებდით. ხელოვნებათმცოდნეობის მესამე კურსის სტუდენტი შემოგვესწრო და ფილმის მსვლელობამ ჩაითრია. გოგოს ეჩქარებოდა, წასასვლელი იყო და შეგვეხვეწა: „მითხარით რა, როგორ მთავრდებაო". მერიმე რომ წაკითხული არ გაქვს, არც ამით ფუჭდება რამე, მაგრამ ხოსემ რომ კარმენი მოკლა, უნდა იცოდე და „ჰაბანერა" მაინც უნდა გქონდეს მოსმენილი. და, კარგი ბატონო, ნუ გეცოდინება ოპერის ავტორი ვინ არის.
ვან გოგის მზესუმზირების დანახვისას, ერთი ჩემი ნაცნობი ისტორიკოსივით არ უნდა ჰკითხო რეპროდუქციის პატრონს, ტილო მისი დახატული ხომ არ არის და „ვან გოგენზეც" არ უნდა გიჟდებოდე. ამაზე დოსტოევსკის საბრალო „იდიოტი" გამახსენდა, ერთმა ჩვენმა „светская львица"-მ საქვეყნოდ ამაყად რომ განაცხადა: მართალია, ქართულ კლასიკას არ ვიცნობ, მაგრამ მამაჩემმა ევროპულ შედევრებს მაზიარა და დოსტოევსკის „კრეტინი" წაკითხული მაქვსო. ერთ სკოლაში საახალწლოდ „მაკნატუნაზე" დასასწრები ბილეთები დაარიგეს. მასწავლებელმა მშობლებს დაურეკა: „ნინო ანანიაშვილი მონაწილეობს და ბავშვი აუცილებლად წაიყვანეთო". ერთ-ერთმა მშობელმა იკითხა, ეგ რომელ თეატრშია და ვინ თამაშობსო.
შეიძლება კითხვა არ გიყვარდეს და სწავლით თავს არ იკლავდე, მაგრამ ზოგადი განათლების ნასახი მაინც აუცილებლად უნდა გქონდეს. საღამოობით ოჯახური საუბრებიდან, ტელევიზორიდან, ფილმებიდან და თუნდაც ინტერნეტიდან ის მაინც უნდა იცოდე, რომ მთვარე პლანეტა კი არა, თანამგზარია; პირამიდები ეგვიპტეში დგას; ოტელო მავრია; „ვეფხისტყაოსანი" რუსთაველმა დაწერა; ჰამლეტის მონოლოგების მადლიერი მსმენელი საბრალო იორიკის თავის ქალაა; ოპერაცია „ვალკირია" მარტო ჰიტლერის წინააღმდეგ შეთქმულება კი არ იყო, ვაგნერის სახელგანთქმული ოპერაა და საერთოდ, ასე მითიურ პერსონაჟებს ერქვათ; შტრაუსი რომ ორი იყო; მიქელანჯელო, რაფაელი, დონატელო და ლეონარდო კი, სანამ მუტანტ კუ ნინძებად იქცეოდნენ და ქვეყნის გადარჩენით დაკავდებოდნენ, წინა ცხოვრებაში ხანდახან ხატავდნენ კიდეც და ა.შ....


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1197 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]