მთავარი » ფაილები » საინტერესო

როგორ ვწეროთ უკეთ
2011-05-18, 11:29 PM


ამჯერად თქვენს ყურადღებას რთული სიტყვების ანუ კომპოზიციების მართლწერაზე შევაჩერებ, რადგან, ამ ნიუანსების ცოდნის შემთხვევაში, თქვენი წერითი უნარ-ჩვევები შესამჩნევად გაუმჯობესდება.

კომპოზიცია ეწოდება ორი ან მეტი დამოუკიდებელი ფუძისგან შედგენილ ერთ დამოუკიდებელ სიტყვას. იგი წარმოიქმნება ორნაირად: ერთი და იმავე სიტყვის გაორკეცებით და სხვადასხვა სიტყვების შეერთებით.

გაორკეცებული სიტყვები იწერება ორგვარად: შერწყმულად ან დეფისით. შერწყმულად იწერება იმ შემთხვევაში თუ:

  • გაორკეცებული სიტყვები შეერთებულია "და” კავშირით (გზადაგზა, ხელდახელ, პირდაპირ);
  • გაორკეცებული სიტყვის შემადგენელი კომპონენტის დამოუკიდებელ სიტვად გამოყენება არ ხერხდება ან ამ დამოუკიდებელ სიტყვას განსხვავებული მნიშვნელობა აქვს (ბუტბუტი, თავთავი).

გაორკეცებული სიტყვები დეფისით იწერება იმ შემთხვევაში თუ შემადგენელი კომპოზიტები თავისუფლად გამოიყენება ცალკე ხმარებისას (ცალ-ცალკე, ნელ-ნელა, მალ-მალე, გზა-გზა).

თუ კომპოზიტი ორცნებიანია ანუ უდრის მისი შემადგენელი სიტყვების მნიშვნელობის ჯამს, კომპოზიტის შემადგენელ კომპონენტებს შორის დაისმის დეფისი (მაგ: სახლ-კარი, მთა-ბარი, დედ-მამა და სხვ.).

თუ კომპოზიტი ერთცნებიანია ანუ ის არ უდრის მისის შემადგენელი კომპონენტების მნიშვნელობის ჯამს და აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა, დაიწერება შერწყმულად (მაგ: ცისკარი, ბიძაშვილი, თაყვანისცემა, თავქუდმოგლეჯილი, თმაწვერულვაშგადათეთრებული).

როგორ დავადგინოთ ერთცნებიანია თუ ორცნებიანი კომპოზიტი? თუ კომპოზიტის შემადგენელ სიტყვებს შორის "და” კავშირი ჩაისმის ისე, რომ კომპოზიტით გამოსახატი შინაარსი არ დაირღვეს, იქნება ორცნებიანი კომპონენტი, თუ ეს არ ხერხდება, მაშინ – ერთცნებიანი.

ამ ყველაფერს უნდა დავუმატოთ ერთი აუცილებელი წესი. ცხადია, კომპოზიტებიდანაც შესაძლებელია ახალი სიტყვების წარმოება თავსართ-ბოლოსართებით. თუკი ორცნებიანი ანუ დეფისიანი კომპოზიტიდან თავსართ-ბოლოსართით წარმოიქმნა ახალი სიტყვა, იგი დაიწერება შერწყმულად და არა დეფისით.

იმედი მაქვს, ეს ყველაფერი ოდნავ მაინც დაეხმარება დაინტერესებულთ ;) თუ რამის დამატება მოგინდებათ ან შენიშვნები გექნებათ, არ დაიზაროთ და მომწერეთ ;)

კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 178 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]