მთავარი » ფაილები » საინტერესო

“ყვითელი პრესის” ათი ყველაზე ყელში ამოსული შეკითხვა
2011-03-05, 0:14 AM

ყვითელი პრესის ნაწილი

"ქაღალდი არ წითლდება”ყვითელი პრესა
"ქაღალდი ყვითლდება” – დრო

პარადოქსია, მაგრამ  "ყვითელი პრესა” სწორედ ის ქაღალდია, რომლის გაყვითლებასაც ბევრი არავინ უცდის და ხშირად ისეთი პრაქტიკული მიზნებისთვისაც იყენებს, როგორიც ღუმელში ცეცხლის დანთება, ან კანალიზაციის გავლით, მტკვრისაკენ სამოგზაუროდ გზის დალოცვაა.

თუმცა, სანამ თბილისელი ჟურნალისტების რეიტინგული ღვაწლი საგაზეთო სტელაჟებიდან მდინარის ფსკერამდე არსებულ გზას გალევდეს, სჯობს სარკეში ჩავახედოთ და მათ მიერ დასმულ ათ ყველაზე გაცვეთილ, უაზრო თუ უსარგებლო შეკითხვას გადავხედოთ:

1. "ტანსაცმელს აქ ყიდულობთ თუ უცხოეთში?”

თანამედროვე ქართულ ტრადიციებსა თუ ვაგზლის ბაზრობაზე დაყრდნობით შექმნილი შეკითხვა, რომლის პასუხად ნებისმიერი ევროპელი უბრალოდ თბილად გაგიღიმებთ და სიბრალულით თავზე ხელსაც გადაგისვამთ. არა, საზღვარგარეთულ მაღაზიებს, რა თქმა უნდა, ევროპელებიც ხშირად სტუმრობენ, მაგრამ ისეთი ინდივიდები, რომელთათვისაც უცხოეთი, უპირველეს ყოვლისა, სარფიან (ან, სარაფნიან) "შოპინგებთან” ასოცირდება, ალბათ, მხოლოდ ჩვენ ვართ. მთავარია, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჩვენს ტანსაცმელს ვიღაც ხელს რომ გაუგლასუნებს, ხარისხს მოიწონებს და ქვედა ტუჩის ამობურცვის პარალელურად  "ვა, რა კარგი რამეა”–თი შეგვაქებს, "ჰო, გოგო, პარიზში რომ ვიყიდე ეს ის არის”– ჩვენც გაბრწყინებული და ამაყი სახით ვახაროთ.

რესპონდენტის სავარაუდო პასუხი: "რა თქმა უნდა უცხოეთში… აბა აქ სად ვიყიდო – ლი-LOL-ში?!”


2. ბავშვის სქესი წინასწარ თუ იცით/ სახელი თუ გაქვთ შერჩეული/გოგო უფრო გინდათ თუ ბიჭი?

რაღა თქმა უნდა, მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენაა, როდესაც რომელიმე ტელე–ბრითის ("ტელე–bright”) მომავალი შვილის სქესს(ჩვენი გულების გასახარად) წინასწარ ვიგებთ და მის მშობიარობამდე ნერვების დაწყვეტა აღარ გვიწევს. თუმცა, ჟურნალისტის, როგორც "მკითხველის ექოსკოპის” როლი მხოლოდ მაშინ ხდება განსაკუთრებული ხოტბა-დიდების შესხმის ღირსი, როდესაც ის მარტოდენ სქესს აღარ დასჯერდება და ბავშვის სავარაუდო სახელებსაც დაადგენს (როგორც წესი, ჩვენი რუბრიკის სტუმარი ერთ სახელს ვერასოდეს არჩევს და ცდილობს უდიდესი ინტრიგა ბავშვის დაბადებადებამდე შეგვინარჩუნოს). ამასთან, გარდაუვალია იმის აღნიშვნაც, რომ მის ქმარს პირველი ბიჭი უნდა, "აი, მისთვის კი ბავშვის სქესს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს”.

ამ ყველაფერს ბოლოს აუცილებლად  უნდა მოჰყვეს რესპონდენტის წინასწარმეტყველურ უნარზე ორიენტირებული შეკითხვა: "რამდენი შვილის ყოლას აპირებთ?”, რაზედაც ის უფლებამოსილებას მთლიანად ღმერთს მიანიჭებს და შვილების რაოდენობასაც მისი სურვილიდან გამომდინარე განსაზღვრავს: "იცით, რამდენსაც ღმერთი მოგვცემს…”

(სასიხარულო ამბავი: დღეს წავიკითხე, რომ ანრი ჯოხაძის იტალიაში მცხოვრებ ძმას – ომარს (დარწმუნებული ვარ, ყველამ იცით)თურმე ბიჭი შესძენია და მისთვის ნიკოლა დაურქმევია. მინდა მოგილოცოთ და დანარჩენ ჟურნალებსაც ვთხოვო, რომ თუ ვინმეს დედმამიშვილს ან მინიმუმ, ალალ ბიძაშვილს მაინც, ოჯახში მსგავსი მატება ექნება, არც მათ გამოგვაპარონ ხოლმე)

"თქვენი წარმატების საიდუმლო, თუ საიდუმლო არ არის"

3. "რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?”

საიდუმლო – ადამიანის გულის ოთხივე საკნის პატიმარი და ენის თანამზრახველი

"სამ ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია საიდუმლოს შენახვა, თუკი ორი მათგანი მკვდარია” ბენჯამენ ფრანკლინი

ერთადერთი, რაც სათაურში მოყვანილ ფრაზას სრულ გაბრწყინებამდე აკლია, ბოლოში "თუ საიდუმლო არ არის”–ის დამატებაა. თავად შეკითხვა კი, თავისი არსით სიტყვა "საიდუმლოს” პატივისა და ღირსების აყრაზე პირდაპირ რომ მიუთითებს, ესეც ფაქტია. როგორც ჩანს, ამ სიტყვას ჟურნალისტებისათვის სხვაგვარი დატვირთვა აქვს და არც მაინცდამაინც ისეთი რესპონდენტი გამოჩენილა ვინმე, მზაკვრული ხითხითის პარალელურად "იცით, საიდუმლოა”–ო რომ განეცხადებინა.

რესპონდენტის სავარაუდო პასუხი: "ნუ, პირველ რიგში, ალბათ, შრომისმოყვარეობა, ბევრი მუშაობა და მერე, ცოტა იღბალიც, რა თქმა უნდა”

პირველად იყო "სიტყვა"...

4. "მომიყევით, როგორ დაიწყო ყველაფერი?”

ქვეცნობიერი გამოძახილი ჟურნალისტის მიერ საკუთარი თავისათვის დასმული შეკითხვისა – "როგორ დავიწყო ინტერვიუ?”. რა თქმა უნდა, არაფერია იმაზე მარტივი, რომ ეს შეკითხვა დასვა და შემდეგი ხუთი წუთის მანძილზე ისმინო, თუ როგორ გაუსვა პირველი ხაზი ერთი მეზობლის ფლომასტერით მეორე მეზობლის შპალერზე ცნობილმა მხატვარმა, როგორ დაწერა პირველ სტრიქონში "ძ”–ს მაგივრად "ხ” და შესაბამისად "ძროხას”  ნაცვლად "ხროძა” გამოჩენილმა პოეტმა, როგორ ჩამოვარდა სკამზე ბობღვის დროს ლეგენდარული მოცეკვავე და როგორ დაეცა მუხლებით იატაკზე ისე, ბაბუამისს: "ეს ბიჭი მსოფლიოს დაიპყრობსო” მყისიერად რომ ათქმევინდა…

5. "რა რჩევას მისცემდით დამწყებ…”

"რომ ჰკითხო, ყველა პროფესორია…” – ქუჩაში მიმავალი აღშფოთებული კაცი

შეკითხვა, რომლის დასასრული მთლიანად რესპონდენტის პროფესიაზეა დამოკიდებული. ეს უკანასკნელიც "ექსპერტის როლს” ამაყად ირგებს და ისეთი ზოგადსაკაცობრიო თვისებების ("ბევრი იშრომოს, ბევრი იკითხოს, ბევრი ივარჯიშოს…”) ჩამოთვლას იწყებს, ყოველდღიურ ცხოვრებაში ნებისმიერ საშუალო სტატისტიკურ დედამიწელს რომ წაადგებოდა.

"კლიმატი იცვლება"

6. "წარსულში დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?”

კარგი ფსიქოლოგიური შეკითხვაა, რომელიც ადამიანის ქვეცნობიერზე პირდაპირი იერიშის მიტანასა და წარსული ცოდვ(ებ)ის ამოტივტივებას ისახავს მიზნად. თუმცა, არა საქართველოში, სადაც შეცდომას თითქმის არავინ აღიარებს და მთელი თავისი "შეგნებული არსებობა” (ეს კარგი სიტყვათშეთანხმება გვაქვს) სხვებისათვის "ცხოვრების ეტალონად” მიაჩნია. ასეთი შემთხვევებისას რესპონდენტი დაჟინებით ამტკიცებს, რომ ცუდი ცხოვრებისეული ეპიზოდების მიუხედავად  "მაინც არაფერს შეცვლიდა, რადგან ყველაფერი, ასეც და ისეც, ღვთის ნებაა”

7. "რას გრძნობთ?”

"ძალიან უბედური ვარ ამ პროექტში გამარჯვების გამო და რომ არ მეზარებოდეს, თავსაც მოვიკლავდი” სასოწარკვეთილი მაზოხისტი

ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე, რა პასუხს ელიან ჟურნალისტები მაშინ, როდესაც რომელიმე კონკურსში გამარჯვებულს მიკროფონებით მიადგებიან და სათაურში ნახსენებ შეკითხვას უსვამენ:

ა)  მხატვრული აღწერა – "როდესაც დამასახელეს, სიხარულის ტალღა ფეხებიდან დაიძრა, თავისუფლად გაიარა არტერიებში, ნიშნისმოგებით დაეჯღანა ნაღვლის ბუშტს, ბრაილის შრიფტით შედგენილი წერილი დაუტოვა ბრმანაწლავს, შვებით ამოისუნთქა ფილტვებში, გაძვრა საყლაპავ მილში, ეძგერა ენას და ხორხის უშუალო ჩარევის შედეგად  ხმამაღალ "YE–ES”–ად გარდაიქმნა.”

ბ) ოფიციალური აღწერა – "მოხარული ვარ, რომ დღეს ამ კონკურსში გავიმარჯვე. მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად არ ველოდი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო… [და "არაფრის"–მთქმელი ადამიანების გრძელი ჩამონათვალი]"

გ) ლაკონიური აღწერა – "ძალიან მიხარია, დიდი მადლობა”.

"შეწყვიტეთ ჩემი დევნა" – ევოლუციის თეორია

8. "რომელ ცხოველს მიამსგავსებდით საკუთარ თავს?”

აქ ჟურნალისტი ყოველგვარ ზეციურ ძალას უარყოფს და აღიარებს რა, ევოლუციის დარვინისეულ განმარტებას, რესპონდენტისაგან მისი უშუალო წინაპრის დასახელებას მოითხოვს. გამომდინარე იქიდან, რომ საკუთარი თავის ცხოველებთან გაიგივება ჩვენი ლექსიკისთვისაც ორგანული ნაწილია ("გააფთრდა”, "მაიმუნობს”, "გაღორდა”, "ძროხა ეგ”, "კამეჩივით/აქლემივით იცოხნები”, "შველივით კისერი”, "გაძაღლებული”, "გამგელებული”, "ლომგული” და ა.შ.) ოთხფეხა არსებებთან შინაგანი შტრიხების დაჭერა არც რესპონდენტებს უჭირთ ხოლმე.

9. "საზაფხულო რომანი თუ გქონიათ?”

სკანდალური სათაურის ("ვის შეზლონგზე ეძინა შორენა ბეგაშვილს და რას აკეთებდა ის წყალქვეშ ახალგაცნობილ ბიჭთან ერთად?”) შეთხზვისაკენ მიდრეკილი შეკითხვა, რომელსაც ქართული მეობიდან თუ გაგებიდან გამომდინარე ღიად და გულწრფელად მხოლოდ ერთეულები პასუხობენ. თუმცა, მათი პასუხებიც, მხოლოდდამხოლოდ "კი”–სა და "არა”–ს შორიახლოს ტრიალებს და მაქსიმუმ "ერთი ბიჭი იყო რა”–მდე მივიდეს, რომლის იქითაც უკვე აკრძალული ზონა იწყება და უცხო დიქტოფონთა შესვლა სასტიკად აკრძალულია.

(შენიშვნა: შორენა ბეგაშვილზე არსებული სათაური ჩემს ფანტაზიას ეკუთვნის, თუმცა მასში დასმულ შეკითხვაზე პასუხი, ყველანაირ ვარიანტში, მაინც: "ნიჟარებს აგროვებდა” იქნებოდა)

10. "როგორი ბავშვი იყავით?”

რესპონდენტის მახსოვრობის შესამოწმებელი შეკითხვა, რომლის პასუხები, როგორც წესი გაჭრილი კარალიოკივით ჰგავს ერთმანეთს და "წყნარი ბავშვი ვიყავი, მაგრამ ხანდახან ვცელქობდი კიდეც”–ს ვერ სცდება. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ზოგიერთები სიამაყით იმასაც კი იხსენებენ, რომ სკოლაში კარგად სწავლობდნენ და შესაბამისად, მათ მიერ ორგანიზებული შატალოებისას მასწავლებლებს მათზე ეჭვი საერთოდაც არ მიჰქონდათ.

"რატომ საშინაო დავალება არ დაგრჩა?"

პ.ს: "რომ რა ხანია ყველა პასუხს კითხვა მოარგე…” – გიორგი საჯაია


კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 259 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]