მთავარი » ფაილები » საინტერესო

მისალმება და მადლობის თქმა სწორად იცით?
2011-03-05, 0:46 AM

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ კარგი მანერები გარშემომყოფების კეთილგანწყობის მოპოვებაში გვეხმარება. სამწუხაროდ, თავაზიანობის ეტიკეტს ყოველთვის არ ვიცავთ.

მსოფლიოში ყველაზე თავაზიანი ერი იაპონელები არიან. იქ მიღებულია ბოდიშის მოხდა მაშინაც კი, როდესაც დამნაშავე არაფერში ხართ. მაგალითად, თუ ფეხზე დაგაბიჯებენ, პატიებას ითხოვს ის, ვინც მოუხერხებელი იყო და ისიც, ვისაც თითებზე დააბიჯეს, იმიტომ, რომ არასწორად იდგა და სხვებს ხელს უშლიდა. უსასრულოდ მადლობის გადახდა – ესეც იაპონელების ჩვევაა. მადლობას იხდიან იმ საქმისთვისაც, რაც რამდენიმე წლის წინ შესრულდა და ამას იმიტომ აკეთებენ, რომ, ეტიკეტის თანახმად, საჭიროა საუბარი ისე წარმართოთ, რომ თანამოსაუბრეს განწყობა არავითარ შემთხვევაში არ გაუფუჭოთ. ამიტომაა, რომ იაპონელები არასდროს კამათობენ და "არა”–ს არ ამბობენ.

თავაზიანობა – ეს პატივისცემა–დაფასებაა როგორც თანამოსაუბრის, ასევე საკუთარი თავის.

მისალმება

ოდესღაც ადამიანებს შეხვედრისას თითქმის მთელი რიტუალური ცეკვის შესრულება უწევდათ. ახლა ამას თავის მსუბუქად დაკვრა ცვლის. აღმოსავლეთში ერთმანეთს თავს უფრო ენერგიულად უკრავენ, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში, თუნდაც იმავე იაპონიაში, ამავდროულად ესალმებიან კიდეც. რაც ყველა ქვეყანაში უცვლელია, ეს არის შეხვედრის დროს ჯანმრთელობის, მშვიდობიანი დილის, დღის, საღამოს სურვება.

მისალმების მთელი ეტიკეტი არსებობს: პირველად მამაკაცი ესალმება ქალს, უმცროსი – უფროსს, დაქვემდებარებული – ხელმძღვანელს. უცნობ ადამიანს (განსაკუთრებით თუ ასაკით უფროსია) ბატონობით ან ქალბატონობით მიმართავენ. დაგვიანებული უკვე შეკრებილ სტუმრებს პირველი ესალმება. და კიდევ, მისალმების დროს თანამოსაუბრეს თვალებში უნდა შეხედოთ.

ყველას მადლობა

მიღებულია მადლობის გადახდა უმნიშვნელო სამსახურისთვისაც კი, მაგალითად, როდესაც რესტორანში მენიუს მოგაწვდიან ან პალტოს ჩაცმაში დაგეხმარებიან.

საჩუქრისა და დახმარებისთვის შეიძლება ადამიანს მადლობა განმეორებით გადაუხადოთ. ეს სასიამოვნო ჟესტია. მაგალითად, გარკვეული დროის შემდეგ საუბარში გაიხსენეთ, რომ ნაჩუქარი შარფი ძალიან მოგწონთ ან მეგობრის მიერ მოცემული რჩევის სისწორეში დარწმუნდით.

სამსახური გაგიწიეს? მხოლოდ სიტყვიერი მადლობის გადახდა არასაკმარისია. მადლიერების ნიშნად საჩუქარი გაუკეთეთ, ხოლო საქმიანი პარტნიორი რესტორანში დაპატიჟეთ.

გახსოვდეთ, მადლობის გადახდა უნდა იყოს დროული. ვთქვათ, დღესასწაული ღია ბარათით მოგილოცეს. ეცადეთ, არაუგვიანეს ორი დღისა უპასუხოთ.

თუ შეიძლება… გეთაყვა…

ყოველ თქვენს თხოვნას, თუნდაც უმნიშვნელოს, თან უნდა ახლდეს სიტყვები: "გეთაყვა”, "თუ შეიძლება”. მაშინ უარს არ მიიღებთ. არსებობს პატარა ეშმაკობა: უარყოფით ფორმულირებას, მაგალითად, "ხომ ვერ შეძლებდით” მოერიდეთ. ადამიანის ტვინისთვის გაცილებით სასიამოვნოა პოზიტიური გამოთქმები: "შეგიძლიათ პატარა სამსახური გამიწიოთ?” ან "გეთაყვა, არჩევაში დამეხმარეთ”.

შეუცვლელია თავაზიანი სიტყვები სიტუაციებშიც, სადაც საჭიროა დანაშაულის გამოსწორება, მაგრამ, როგორც წესი, მხოლოდ ბოდიშის მოხდა არასაკმარისია, ასევე საჭიროა თქვენი ქცევის მიზეზის ახსნა.

პატიებას მესამე პირის საშუალებით ნუ მოითხოვთ. როგორი ცუდიც უნდა იყოს თქვენი საქციელი, ძალა მოიკრიბეთ და ბოდიში პირადად მოიხადეთ. ამავე დროს სასურველია, ეს გააკეთოთ ინციდენტის შემდეგ, მაშინვე. თუ საუბარია სერიოზულ შეცდომაზე, არ ეცადოთ, ბოდიშის მოხდის დროს ყველაფერი ხუმრობაში გაატაროთ. ამით თანამოსაუბრეს კიდევ მეტად გაანაწყენებთ.

დაგვიანებაც ბოდიშის მოხდის საბაბია. იგულისხმება არამხოლოდ საქმიან შეხვედრაზე, ასევე პაემანზე დაგვიანებაც.

ზოგჯერ დუმილი ჯობს

კეთილი სიტყვები დროული უნდა იყოს. ზოგიერთ შემთხვევაში დუმილი ნამდვილად ოქროდ ფასობს.

მოკლედ წარმოთქვით. სამუშაოზე მოერიდეთ ასეთი ტიპის გრძელ ფრაზებს: "დიდსულოვნად მაპატიეთ, სამსახურს ხომ ვერ გამიწევთ?”. ადამიანებს მათი მოსმენის დრო არ აქვთ.

დაიჭირეთ მომენტი. სანამ ვინმეს თხოვნით საგონებელში ჩააგდებთ ან ბოდიშს წარმოთქვამთ, თანამოსაუბრეს თქვენთვის მოსასმენად მოხერხებული დრო შეურჩიეთ. ვთქვათ, ტელეფონით საუბრობს. უმჯობესია, ნებართვის თხოვნის შემდეგ მისი მაგიდიდან ავტოკალამი უხმოდ აიღოთ და მადლობა ჟესტით გადაუხადოთ.
კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 109 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]