ლიბერალიზმი და მისი ეტიკეტი
2011-03-05, 0:13 AM


რაც შეეხება ლიბერალიზმის ბედს საქართველოში, სამი რამ მეცემა თვალში. პირველი: არის ხალხი (ცოტა, მაგრამ აქტიური), ვინც ლიბერალობაზე თავს დებს და ხმამაღლა წუწუნებს, რომ ქართველების უმრავლესობა ლიბერალურ ღირებულებებს არ იზიარებს.

მეორე: ლიბერალიზმს, როგორც ასეთს, იშვიათად თუ ვინმე ესხმის თავს. ტრადიციულად, ლიბერალებს ეკლესიასთან აქვთ პრობლემა, მაგრამ საპატრიარქო ბოლო ხანებში მხოლოდ "ფსევდოლიბერალებს” კიცხავს - შეიძლება დავასკვნათ, რომ ნამდვილი ლიბერალები მთლად ცუდები არ არიან. "ფსევდოლიბერალებს” დროდადრო ქვეყნის პრეზიდენტიც გადაწვდება - მაგრამ მის ბევრ მომხრეს სწორედ ჭეშმარიტ ლიბერალობაზე აქვს პრეტენზია. ჩვენი ჭრელი ოპოზიციისას რას გაიგებ, მაგრამ ხელისუფლებასთან ბრძოლისას ისინიც, ძირითადად, ლიბერალურ ღირებულებებზე აკეთებენ აპელირებას: ადამიანის უფლებებზე, პრესის თავისუფლებაზე, ქონების ხელშეუხებლობაზე. ვინღა დარჩა?

მესამე ტენდენცია სულ ახალია: დაიწყო ბრძოლა ლიბერალიზმის, როგორც ბრენდის, დასაკუთრებისთვის. იკვეთება ადამიანთა ორი ჯგუფი, რომელთაც, ევროპული სტანდარტით, მემარჯვენე და მემარცხენე ლიბერალებს დავარქმევ, თუმცა არც ერთი მეორეს "ნამდვილ ლიბერალად” არ ცნობს. მათი თვითგამორკვევა ინტერნეტ-ქსელებში დაიწყო, თუმცა პარალელურად ჟურნალების გარშემო ჯგუფდებიან: მემარცხენეთა ბუდე "ლიბერალია”, ხოლო მემარჯვენეთა რუპორად, სავარაუდოდ, "ტაბულა” იქცევა. საარჩევნო პოლიტიკის თვალსაზრისით, ამ ჯგუფების ბრძოლა ჯერჯერობით უმნიშვნელოა: მაგრამ მათ "დიდ მედიაზე” და ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეებზე გავლენის მოხდენაც შეუძლიათ.

ვინ არის ლიბერალური ლიბერალი? მე სწორედ ამ ბოლო ტენდენციამ მიბიძგა ამ სტატიის დასაწერად: ვინ არის "ჭეშმარიტი ლიბერალი” (შდრ. "კაცი” და "კაცური კაცი”)? რას მოასწავებს ბრძოლა ბრენდის დასაკუთრებისთვის?

პირველ რიგში, როგორც ლიბერალმა, მინდა გამოვთქვა კმაყოფილება: ის, რომ მემარჯვენე და მემარცხენე ლიბერალები ჩვენში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, თუნდაც შედარებით ვიწრო ელიტის შიგნით, კარგი ინდიკატორია. ეს მაჩვენებელია იმისა, რომ ქვეყნიდან, რომელსაც უნდა იყოს დასავლეთი, თანდათან ვყალიბდებით ქვეყნად, რომელიც არის დასავლეთი. ამ უკანასკნელის პოლიტიკური და იდეურ-ღირებულებითი ცხოვრების დინამიკას განსაზღვრავს სწორედ ბრძოლა ლიბერალიზის მემარჯვენე და მემარცხენე ვერსიებს ("მემარჯვენე ცენტრსა” და "მემარცხენე ცენტრს”) შორის.

ლიბერალიზმი ახალი დროის ("მოდერნის”) ცენტრალური მოძღვრებაა. ეს არ ნიშნავს, რომ ახალ დროს არ შეუქმნია სხვა გავლენიანი იდეები: მაგალითად, მარქსიზმი, ფაშიზმი, პოსტმოდერნიზმი, "ფუნდამენტალისტური” (სალაფისტური) ისლამი. მაგრამ ეს ყველა მეორადია და მხოლოდ ლიბერალიზმთან დაპირისპირებით იძენს აზრს. როცა ვიღაცაზე ვამბობთ: „ის თანამედროვე ადამიანია" (არა მხოლოდ გარკვეულ საუკუნეში დაბადებულის აზრით), ვგულისხმობთ, ფართო აზრით ლიბერალს. ლიბერალიზმის დასავლელი ოპონენტებიც რაღაცნაირად ლიბერალები არიან, რადგან რეალურ ცხოვრებაში უმეტესად ლიბერალებივით იქცევიან (მაგალითად, არ მოითხოვენ იდეურ მოწინააღმდეგეთა ფიზიკურ განადგურებას).

ისტორიულად და დღესაც, ლიბერალიზმს განსაზღვრავს რამდენიმე ძირითადი იდეა: (1) ადამიანის უფლებების აღიარება: ყველა ადამიანი ბუნებით თავისუფალი და თანასწორია, მისი მორალური ავტონომია ხელშეუვალია; მისაღებია მხოლოდ ის პოლიტიკური წყობა, რომელიც ამ უფლებებს იცავს; (2) სეკულარიზმი: პოლიტიკური ცხოვრება ავტონომიურია ეკლესიისაგან, საერო ხელისუფლების ლეგიტიმურობა საკრალური სფეროდან არ მომდინარეობს; (3) რაციონალიზმი: ლოგიკური აზროვნება ადამიანის განსაკუთრებით ღირებული უნარია; ადამიანებს შორის შექმნილი პრობლემები, როგორც წესი, რაციონალური დიალოგით და შეთანხმებით უნდა წყდებოდეს; (4) კერძო საკუთრება ეკონომიკური ცხოვრების ქვაკუთხედი და ადამიანის პიროვნული ავტონომიის გარანტია, მისი დაცვა სახელმწიფოს მთავარი ფუნქციაა; (5) ადამიანის ბუნება მყარია, ის არსებითად ვერ შეიცვლება და საზოგადოების რეფორმირება მხოლოდ ამის გათვალისწინებით შეიძლება. თითოეულ ამ დებულებას უამრავი სხვადასხვა ინტერპრეტაცია შეიძლება მისცე და ამით განისაზღვრება ლიბერალიზმის სახესხვაობები. მაგრამ, ვინც მათგან ერთ-ერთს მაინც არ ეთანხმება, ლიბერალი არ არის.

ძირითადი ფილოსოფიური განსხვავება მემარჯვენე და მემარცხენე ლიბერალებს შორის ისაა, რომ პირველები შედარებით სკეპტიკურად უყურებენ ადამიანის ბუნებას: ის მოაზროვნე არსებაა და ზნეობრივი ქცევის უნარი აქვს, მაგრამ დიდწილად მაინც ირაციონალური ემოციებით ხელმძღვანელობს და ამას არაფერი ეშველება. პროგრესი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში შესაძლებელი და მისასალმებელია, მაგრამ ადამიანების - როგორც მთავრობის, ისე ე. წ. "ხალხის” - ბოლომდე ნდობა არ შეიძლება და მათი პიროვნული ავტონომია გაწონასწორებული უნდა იყოს სხვადასხვა ინსტიტუტით: ტრადიციებით, რელიგიით, სახელმწიფო დაწესებულებათა სისტემით.

მემარჯვენე ლიბერალების საგმირო ეპოსია ამერიკის რევოლუცია. დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში ისინი, ძირითადად, კონსერვატორებად იწოდებიან, თუმცა ყველა დასავლელი კონსერვატორი არ არის ლიბერალი. ანგლო-საქსურ ქვეყნებში კონსერვატიული იდეოლოგიის ისტორიული მამამთავრები არიან შოტლანდიელი დევიდ ჰიუმი და ირლანდიელი ედმუნდ ბერკი - მაგრამ ისინი ყველა ძირითადი ნიშნით ლიბერალები არიან და ასეთებად აღიქმებოდნენ თავიანთ ეპოქაშიც. დიდ ფრანგ ლიბერალ ალექსის დე ტოკვილს კი მისივე თანამედროვეები არისტოკრატ-კონსერვატორად რაცხდნენ. დღევანდელ შეერთებულ შტატებში განსაკუთრებით მებრძოლი და, ჩემი აზრით, თანმიმდევრული ლიბერალები თავს „ნეოკონსერვატორებს” უწოდებენ.

მემარცხენე ლიბერალები უფრო ოპტიმისტები არიან და მიაჩნიათ, რომ ადამიანებს - სახელდობრ, მთავრობაში მოსულებს - შეუძლიათ გონივრული ჩარევებით მთელი საზოგადოების კეთილდღეობა უზრუნველყონ (უბედური სიყვარულის და სხვა პიროვნული პრობლემების გამოკლებით). მათი საგმირო ეპოსია საფრანგეთის რევოლუცია. ადამიანის ირაციონალური ბუნების ისეთი გადმონაშთები, როგორიცაა რელიგია და ნაციონალიზმი, შეიძლება და უნდა დაიძლიოს. სახელმწიფოს ტრადიციული - პოლიციური და სამხედრო-უსაფრთხოებითი - ფუნქციები მაქსიმალურად უნდა შეიკვეცოს, ხოლო ახალი (სოციალური პროგრამები) გაიზარდოს. ამ ლოგიკის რადიკალ (და არალიბერალ) მიმდევრებს, კომუნისტებს, იმედი ჰქონდათ, რომ ადამიანის ბუნებასაც გარდაქმნიდნენ და მის ეგოიზმსაც დაძლევდნენ, მაგრამ თანამედროვე დასავლელი მემარცხენეების უმრავლესობა ასე შორს არ მიდის და, არსებითად, მაინც ლიბერალად რჩება.

ვინ არ არის ლიბერალი? თუმცა, ეს სათუოა ისეთ ინტელექტუალურ მიმდინარეობასთან მიმართებაში, როგორიცაა პოსტმოდერნიზმი. მისი ძირითადი სამიზნე სწორედ მოდერნის ძირითადი იდეა - ლიბერალიზმია, ხოლო საგმირო ეპოსი - 1968 წლის სტუდენტური გამოსვლები, სადაც "ბურჟუაზიულ” (ანუ ლიბერალურ) ღირებულებებს მაო ძე-დუნის და ფიდელ კასტროს პლაკატებით ებრძოდნენ. პოსტმოდერნის ყველაზე დიდმა მოაზროვნემ, მიშელ ფუკომ, გმირად დასავლური ლიბერალიზმის შეურიგებელი მტერი - აიათოლა ჰომეინი გაიხადა. თუმცა, ჰომეინისგან განსხვავებით, პოსტმოდერნისტები დასავლური კულტურის უძღები, მაგრამ მაინც შვილები არიან, ამიტომ სოციალური ჩვევებით და ინსტინქტებით ლიბერალებად რჩებიან. მათ ქართველ მიმდევრებსაც დასავლურ უნივერსიტეტებში შეეყარათ ეს ჩვევები და შეხედულებები, ამიტომ მშობლიურ ლანდშაფტში ისინიც ლიბერალებად ჩანან.

ჩვენში ლიბერალიზმს ჰყავს ნამდვილი მოწინააღმდეგეებიც, მაგრამ ჯერჯერობით მათ მეტ-ნაკლებად დალაგებული იდეის ჩამოყალიბება ვერ შეძლეს: მხოლოდ მასონებს, პიდარასტებს, ჩამშვევებს და სოროსელებს აგინებენ (ესენია მათ ენაზე "ლიბერალის” სინონიმები). ქართული ანტილიბერალიზმის მრუმე ნაზავს შეადგენს ნოსტალგია ბრეჟნევზე, ჯიგრულ-კაიბიჭური გაგება, ინტელიგენციური ამპარტავნება, "ქართული ჯიშის” ნაციონალიზმი, ფარისევლური ვითომ-მართლმადიდებლობა და უბრალო ადამიანური შური ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე წარმატებული ლაწირაკების მიმართ. ეს არ არის ოპონენტი, ვისაც შეიძლება ებრძოლო: ეს ჭაობია, რომელშიც შეიძლება ჩაეფლო.
კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 883 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]