მთავარი » ფაილები » საინტერესო

გავრცელებული ხარვეზები ადამიანის ფიქრებში
2011-03-04, 6:07 PM
ადამიანის გონება საოცარი რამაა. ცოდნა და ფიქრის უნარი გვაძლევს საშუალებას, სწრაფად დავამუშავოთ ინფორმაცია. შეიძლება თქვენ ერთ საკითხზე ფიქრობდეთ, მაგრამ ტვინის ქვეცნობიერი ათასობით სხვა იდეებს ამუშავებდეს. თუმცა სამწუხაროდ, ჩვენი ტვინი არაა სრულყოფილი, მას გააჩნია ხარვეზები, უშვებს შეცდომებს, რაც გარკვეულ სიტუაციებში ვლინდება. ეს ემართება ყველას, მიუხედავად ასაკისა, სქესისა, განათლებისა, ინტელექტისა და სხვა ფაქტორებისა. მოდი გავეცნოთ მათგან ასე თუ ისე, ფართოდ გავრცელებულ ხარვეზებს.


ხალხის აზრი. საქართველოში ფართოდ გავრცელებული ხარვეზი. ამ დროს იქცევი და საუბრობ ისე, რომ ასიამოვნო სხვას, აირიდო კონფლიქტი, ანუ იყო ისეთი, როგორიც უმრავლესობაა, რეალურად კი არ ხარ ასეთი. ამ მოვლენას "ჯოგის აზროვნებას” ან "ბრბოს აზროვნებას” უწოდებენ. მსგავსი რამ ესადაგება მოდას – იცვამ ისე, როგორც საზოგადოება, გაქვს ისეთი ჰობი, როგორიც სხვებს, ყიდულობ იმ მანქანას, რაც "მოდაშია” და ა.შ. ბევრი რამ ასევე იმიტომ გადადის "მოდიდან”, რომ ე.წ. უმრავლესობას აღარ მოსწონს.


რეაქტიული წინააღმდეგობა. ეს წინა პუნქტის საპირისპიროა. ამ შემთხვევაში ადამიანი აკეთებს იმის საპირისპიროს, რასაც მისგან სხვები ელიან. ძირითადად ამის მოტივი არის თავისუფალი არჩევანის შენარჩუნება. განსაკუთრებით ხშირია ეს მოვლენა მეამბოხე თინეიჯერებში, რომლებიც არავის უჯერებენ მათი ახლობლებისა და ნათესავებისგან და ამ გზით ცდილობენ დამოუკიდებლობის მოპოვებას. შეიძლება სულაც არ სურდეთ ამის გაკეთება, მაგრამ აზრი, რომ ეს არ უნდა გააკეთონ, ერთგვარად აიძულებს მათ ასე მოიქცნენ.


მოთამაშის ცდომილება. ეს არის მიდრეკილება, იფიქრო, რომ მომავალში მოსალოდნელი ცვლილებები წარსულში მომხდარ ფაქტებზეა დამოკიდებული, როცა სინამდვილეში ასე არაა. მაგალითად, თუკი მონეტას ააგდებ 10-ჯერ და ათჯერვე დაჯდება გერბი, შეიძლება იფიქრო, რომ მე-11 შემთხვევაშიც გერბი იქნება, რაც მცდარი მიდგომაა. უხეშად, გერბის მოსვლის ალბათობაც 50%-ია და საფასურისაც. ავიღოთ სხვა მაგალითი: მე ვთამაშობ რულეტს და ბოლო 4 დაჯდომა შავზე იყო. ახლა წესით წითლის დროა არა? არა. წითელზე დაჯდომის ალბათობა ისევ 47.37%-ია (38-დან 18-ია წითლის წილი). შეიძლება გაგიკვირდეთ, ამას რა ახსნა უნდაო, მაგრამ ამ მიდგომის გამო ძალიან ბევრი მოთამაშე დამარცხებულა აზარტულ თამაშებში.


რეაქტიულობა. მოვლენა, როცა ადამიანები იქცევიან სხვანაირად, როცა იციან, რომ მათ ვიღაც აკვირდება. გასული საუკუნის 20-იან წლებში მსხვილმა კომპანიამ "Hawthorne Works”-მა ჩაატარა ცდა, როგორ მოქმედებდა მუშებზე განათება. შედეგი საოცარი იყო: სხვადასხვანაირი განათება ზრდიდა შრომის ნაყოფიერებას. მაგრამ დასრულდა დაკვირვება და შედეგი ადრინდელს დაუბრუნდა, განათება აღარ მოქმედებდა. ეს იმის გამო მოხდა, რომ რეალურად, სინათლე არაფერ შუაში იყო. მთავარი მოტივატორი მუშაობისას იყო აზრი, რომ მათ აკვირდებოდნენ.


პარეიდოლია. გაკვრით ადრეც ვახსენე, ეს არის სიტუაცია, როცა რაიმე სურათს ან ხმას ადამიანი ისე აღიქვამს, როგორც თავად აწყობს და მიიჩნევს მნიშვნელოვნად. გავრცელებული ვარიანტებია, ცნობილი პოლიტიკოსების ან მომღერლების ჩანაწერის უკან დატრიალება და რაღაც არასასურველი სიტყვების "დაჭერა”, ასევე რაიმე ობიექტებში ან საჭმელში წმინდანთა სახეების დანახვა. ამ ბოლო საკითხზე შეგიძლიათ იხილოთ საინტერესო პოსტი. ხოლო რეალურად, როგორც წესი, ამ მოვლენას არანაირი სპეციფიკური მნიშვნელობა არ აქვს. მას ისეთი ხასიათი მიეცემა, როგორსაც მხილველი ისურვებს. ამ მოვლენაზე დაფუძნებით შეიქმნა რორშახის ტესტი.


თვით-ასრულებული წინასწარმეტყველება. ქცევა, როცა რაღაც აზრი შენს დამოკიდებულებაზე მოქმედებს და საბოლოოდ, ამის გამო მართლდება. მაგალითად, მოსწავლეს სჯერა, რომ გამოცდაში ცუდ ნიშანს მიიღებს. ამის გამო სწავლის ხალისი ეკარგება და ნაკლებ დროს უთმობს, წინა მასალასაც აღარ იმეორებს და ისიც ცუდად ახსოვს, რის გამოც მართლა ცუდ ნიშანს იღებს და იძახის, "აი, ხომ ვამბობდი?!” არადა, ამ დროს შეეძლო საპირისპიროდ მოქცეულიყო და კარგი შედეგი ჰქონოდა. მსგავსი რამ ურთიერთობებშიც ხდება. მაგალითად, ადამიანი შეყვარებულია და იწყებს ურთიერთობას, მაგრამ ეჭვი ღრღნის, რომ ეს ურთიერთობა ვერ შედგება. ამის გამო სხვანაირად იქცევა, ნერვიულობს, რაც შედეგად მართლა იწვევს უერთიერთობის გაფუჭებას. ამ მოვლენას კარგად იცნობენ და წარმატებულად იყენებენ მედიუმები.


შარავანდედის ეფექტი. მიდგომა, როცა რომელიმე ადამიანის ქცევებში ცდილობ, მუდმივად ცუდი იპოვო, ან მუდმივად კარგი. ეს ხშირად ხდება უფროსსა და დაქირავებულს შორის. მაგალითად, მე ვარ ფირმის ხელმძღვანელი. ჩემი თანამშრომელი ირაკლი უკვე სამი დღეა აგვიანებს. მე ვასკვნი, რომ ირაკლი ზარმაცია და სამსახური დიდად არ ანაღლებს, არც ჩემი პატივისცემა აქვს. რეალურად კი, შეიძლება ირაკლი შორს ცხოვრობს, ამ დღეებში მანქანა დაუზიანდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით დროზე მოსვლას ვერ ახერხებს. შეიძლება ცუდი ამინდის გამო შეყოვნდა და ა.შ. მაგრამ ირაკლის დაგვიანებაზე უფრო დიდი პრობლემა იმაშია, რომ მე არც ვცდილობ მიზეზის გარკვევას, არამედ უკვე გამომაქვს ნეგატიური დასკვნა, რომ ის ცუდი თანამშრომელია.


ჰიპერბოლური თამასუქი. ტენდენცია, როცა ადამიანს ურჩევნია, მიიღოს მცირეოდენი გასამრჯელო ახლავე, ვიდრე დაიცადოს და მიიღოს უფრო მეტი მომავალში. ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი კვლევა ჩატარებულა და როგორც აღმოჩნდა, დრო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია არჩევანის გაკეთებისას. მაგალითად, ადამიანების უმეტესობას ურჩევნია, ახლავე მიიღოს $20, ვიდრე ყოველწლიურად $100. მსგავსი გადაწყვეტილება გასაგები იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი მაშინვე მისაღები თანხა დიდი იქნებოდა, მომავალში მისაღები კი ნაკლები, თუნდაც ვალუტის კურსის გამო.


ვალდებულების ესკალაცია. მოვლენა, როცა ხალხი იმეორებს იმავეს, რამაც წარსულში კრახი განიცადა და წარუმატებლობა ისევ გარდაუვალია. ლოგიკური მოქმედება ასეთ სიტუაციებში არის ან მიდგომის შეცვლა და სხვა ხერხების ცდა, ან საერთოდ თავის განებება. მაგრამ უმეტესწილად, არათუ თავს ანებებენ, არამედ უფრო აფუჭებენ საქმეს. მაგალითად, თქვენ გადაწყვიტეთ, რომ შემოსავლის ნახევარი ბიზნესისთვის გადაინახოთ. 6 თვის შემდეგ აშკარაა, რომ ბიზნესი მარცხს მარცხზე განიცდის. სწორი გამოსავალი ან სხვა გზის მონახვაა, ან თავის დანებება. მაგრამ დაკარგული თანხა ისე გაშფოთებთ, რომ კიდევ აგრძელებთ ფულის დაზოგვას, შეიძლება მეტისაც და იგივე შეცდომას იმეორებთ იმ იმედით, რომ დაკარგული ფულის ამოგება მოხდება.


პლაცებოს ეფექტი. პირადად ჩემთვის ყველაზე საინტერესო მოვლენაა ამ სიიდან. პლაცებოს ეფექტისას ადამიანი ფიქრობს, რომ უმოქმედო ნივთიერებას რაიმეს განკურნება შეუძლია და იმ შედეგის მიღება, რაც მას სურს. პაციენტებზე ბევრჯერ ჩატარებულა ცდა, მათ შაქრის ნატეხებს აძლევდნენ და არწმუნებდნენ, რომ წამალი იყო. პაციენტების უმრავლესობა თვითშთაგონებით, რეალური წამლის გარეშე გამოდიოდა მდგომარეობიდან და უკეთ ხდებოდა. პლაცებო ჯერ კიდევ ამოუხსნელი საიდუმლოა მეცნიერებისთვის. ჯერ კიდევ დაუდგენელია ზუსტად, რა ხდება ამ დროს ორგანიზმში და რა იწვევს რეალურად ავადმყოფობის დამარცხებას.


კატეგორია: საინტერესო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 102 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]