მთავარი » ფაილები » რელიგია

რატომ ვერ პოულობენ ადამიანები სიმშვიდესა და ბედნიერებას
2011-04-09, 10:04 PM

ადამიანთა დიდი ნაწილი ცხოვრებაში სიმშვიდესა და ბედნიერებას ვერ პოულობს იმიტომ, რომ იქ არ ეძებს, სადაც შეიძლება ისინი იპოვოს.

ღარიბი ადამიანი დიდებული სასახლის გვერდით ჩავლისას, დახარბებული შეჰყურებს რა მას, ამოოხვრით ეუბნება საკუთარ თავს: „აი, სად არის ბედნიერება! აქ ყველაფერია: საუკეთესო კერძები, ძვირფასი ტანისამოსი, მოსამსახურეები, მთელი ცხოვრების მანძილზე რომ არაფერი გაგიჭირდება და ცხოვრებით დატკბები".

ამ სასახლის პატრონი ღარიბი გლეხის დანახვისას ასევე ჩაფიქრებული ამოიოხრებს: „აი, ვინ არის ბედნიერი! მისი ქოხისათვის უცხოა ყოველდღიური ფირიაქი, რომლითაც აღსავსეა სასახლე. მის ვიწრო სახლში, დაბალ ჭერქვეშ მხოლოდ სიმრთელე და გულწრფელი მხიარულება თავსდება, აქ სხვების მაღალფარდოვან და ვითომდა დიდმნიშვნელოვან შეხედულებებს არავინ ითვალისწინებს".

გლეხკაცი თაყვანისმცემლებით გარშემორტყმულ მაღალჩინოსანთან შეხვედრისას თავისთვის ფიქრობს: „როგორი ბედნიერია ის! მას ყველა პატივს მიაგებს, ემორჩილება, მისი სიტყვა კანონია, იჭერენ მის გამოხედვას, გამოიცობენ აზრებს, სურვილებს". ხოლო მაღალჩინოსანი გლეხკაცის შემთხვევით დანახვისას ასევე ფიქრობს: „რა კარგად არის! მან არ იცის არც გაწბილება, არც გაცრუებული იმედები, არც მძიმე ბრძოლები ცოლისა და ხელქვეითების თავისმოყვარეობასა და ანგარებისმოყვარეობასთან, არც შურის ვერაგი ზრახვები, რომლისგანაც ვერაფრით თავისუფლდება წარჩინებული ფენა". ყოველი მდგომარეობა მეტ სიხარულს, სიმშვიდესა და ბედნიერებას სხვაში ხედავს.

საიდან მოდის საკუთარი მდგომარეობისადმი ასეთი უკმაყოფილება? მისი საწყისი, რა თქმა უნდა, ღრმად იმალება ჩვენს ბუნებაში, რომელიც შექმნილია უსასრულო სრულყოფისათვის, სრული ნეტარებისათვის, რომელიც ამჟამად არ არის და არც შეიძლება არსებობდეს დედამიწაზე. ეს გახლავთ ცხოვრებაზე არასწორი შეხედულების შედეგი და ცოცხალი რწმენის უკმარისობის თვალსაჩინო მოწმობა. ჩვენ მიწაზე ვეძებთ სამოთხეს, გვსურს ვიკვებოთ სიცოცხლის ხის ნაყოფით. გვავიწყდება, რომ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ნაყოფის გასინჯვის დღიდან სამოთხეში შესასვლელი ჩაკეტილია ცეცხლოვანი ქერუბიმების მიუახლოებელი მცველებით. საკუთარ თავში ღვთის ხატების შემბღალავებს გვინდა, მთელი სამყარო თავისი სიმდიდრით მონურად გვემსახუროს. ხოლო სარწმუნოება გვასწავლის, რომ დედამიწა არის არა ნეტარების, არამედ სამოთხიდან განდევნილ დამნაშავეთა ადგილი, ზეციური სამშობლოსაკენ მოგზაურობის არე და არა მშვიდობიანი ნავსაყუდელი; შრომის, ღვაწლის, გარე და შინაგანი ბრძოლების ასპარეზი და არა საამო განსასვენებელი.

მოვაკვდინოთ ჩვენი სურვილები, მივცეთ მას სწორი, სარწმუნოებრივი მიმართულება, მაშინ კმყოფილნი ვიქნებით, ვიპოვით სიმშვიდესა და სიხარულს ჩვენი ახლანდელი მდგომარეობის დროსაც კი.

ხშირად აწმყოზე წუხილისას ისმის მისი შედარება წარსულთან. ამბობენ, რომ ადრე უკეთესი დრო იყო, ადამიანები მეტად ბედნიერად და მშვიდად ცხოვრობდნენ. ამის დაჯერება არაა ძნელი. ისინი ნაკლებად ერთობოდნენ ოცნებებით, მათ უკეთ ესმოდათ ცხოვრების მნიშვნელობა, იმიტომ რომ მეტად მორწმუნეები იყვნენ. ნაკლებად ჰქონდათ ფუფუნებისადმი მიდრეკილება, რამეთუ ცოცხლად გრძნობდნენ ყოველივე მიწიერის არარაობას, მეტს ფიქრობდნენ სამუდამო განსასვენებელზე, ისინი მეტად მომთმენნი იყვნენ შრომასა და გაჭირვებაში. ცხოვრებისეულ სირთულეებს თვლიდნენ ღვთის განგებულებად, ამიტომ კი არ წუწუნებდნენ, არამედ ლოცულობდნენ და უფლაი უმცირებდა მათ მრისხანე პერიოდს და უგზავნიდა განსვენების დღეებს. ამრიგად, რწმენა ადამიანებს უტკბილებდა ცხოვრებას, უმსუბუქებდა ტვირთს და კეთილმოაწყობდა მათ მყუდროებას. შენც შეხედე ყველა ცხოვრებისეულ მოვლენას და მდგომარეობას რწმენის თვალით და ყველაფერში დაინახავ უფლის ხელს, დამდაბლდები და დაწყნარდები.
რაში მდგომარეობს ჭეშმარიტი ბედნიერება?

ჩვენ ხშირად ვწუწუნებთ, რომ ძნელია ცხოვრება, რომ უბედურები ვართ... რატომ ხდება ეს? იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებთ არა ღვთის, არამედ საკუთარი ნებით. იმიტომ ხომ არ გვეძნელება ცხოვრება და ვართ უბედურები, რომ არ ვართ მინდობილნი ღვთის ნებას? დიახ, ძმებო! ღვთის ნებისადმი მორჩილების გარეშე ჩვენ ვერ მივაღწევთ ბედნიერებას. ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ ამაშია.
რაა საჭირო ბედნიერებისათვის?

თუ გინდა იყო ბედნიერი, ქრისტიანო, იცხოვრე ეკლესიური სწავლებით. ბედნიერია ის, ვინც არ ნატრულობს ბედნიერებას, ხოლო უბედურების არ ეშინია. ბედნიერებისათვის ადამიანები სად არ მოგზაურობენ, ყველგან დაეძებენ მას, ხოლო ის ჩვენშია, ჩვენს გულებში, სადაც ჩვენ თითქმის არც კი ვიხედებით.

მაშასადამე, თუ გინდა იპოვო ბედნიერება, ეძებე შენს გულში. თუ იქ არ არის, მაშინ ვერსად ვერ იპოვი.

„ქრისტიანის მეგზური" (პირველი ნაწილი)
თბილისი, 2005 წ.
კატეგორია: რელიგია | დაამატა: gi2gi
ნანახია: 151 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]