მთავარი » ფაილები » რელიგია

მამა ანდრია 1966 - 1993
2011-03-06, 6:56 PM


(პაატა ყურაშვილი) საეკლესიო პირი. მამა ანდრია სულ რამდენიმე წლის მოქცეული იყო ქრისტეს სარწმუნოებაზე, როდესაც მოწამეობრივი სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე.


განათლებული და სრულიად განწმენდილი,
არამიწიერი, ღვთაებრივი ნათელით,
ის ღირსი გახდა უდიდესი ასკეტური ღვაწლისა -
მოწამეობრივი ცხოვრებისა ქრისტესთვის.
მორჩილი მარიამი
1966 წლის 3 აპრილს ქალაქ ბაღდათში ელგუჯა და ლამარა ყურაშვილებს ვაჟიშვილი შეეძინათ. ქართველი მხედართმთავრის, გიორგი სააკაძის ვაჟის პატივსაცემად პაატა დაარქვეს. ფიზიკური ძალით გამორჩეული ახალგაზრდა სკოლაში სპორტზე დადიოდა, იყო ჩემპიონი კარატესა და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. უყვარდა ლიტერატურა, ჰყავდა ბევრი მეგობარი, მათთან ერთად ილხენდა და დროს ატარებდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ტექნიკურ სასწავლებელში განაგრძო, პარალელურად რადიოქარხანაში მუშაობდა, იმსახურა ჯარში. თითქოს არაფრით გამოირჩეოდა, მაგრამ მშობლებმა და აღზრდამ დიდი კვალი დაამჩნია მის ცნობიერებას - ყურაშვილების რვაშვილიანი ოჯახიდან ოთხი საეკლესიო მოღვაწე გამოვიდა.
ჯარიდან დაბრუნებულ პაატას სამშობლოში ვითარება შეცვლილი დახვდა. ეკლესიისა და რელიგიისადმი მეტი ინტერესი გაჩნდა. ერთ დღეს პაატამ ბაღდათის ბიბლიოთეკას მიაკითხა. სამკითხველოს დირექტორის ილია კარკაძის (შემდგომ მამა ილია) რჩევით შინ რამდენიმე სასულიერო წიგნი წაიღო და იმ დღიდან სრულიად შეიცვალა მისი ცხოვრება. ბევრს კითხულობდა, სახლიდან თითქმის არ გადიოდა, ქრისტიანული სარწმუნოებისადმი ინტერესი უფრო და უფრო უღრმავდებოდა. რამდენიმე ხნის შემდეგ პაატამ შეიტყო, რომ სასულიერო პირის მიერ არ იყო მონათლული, ამიტომ ნათლობა მამა ილიას სთხოვა და 1991 წელს ხელახლა მოინათლა. იმავე წელს, დიდმარხვაში პაატა პირველად ეწვია წმიდა ანდრია მოციქულის მონასტერს სხალთაში (აჭარა). შინ დაბრუნდა, მაგრამ მალე ისევ აჭარაში გაემგზავრა, თან სახლიდან ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი წაიღო და მონასტერში დარჩა. ცოტა ხნის შემდეგ პაატა მამა ილიას გელათის მონასტერში ეწვია, ოჯახის წევრებიც ინახულა და სოფლის ტყეში, მღვიმეში განმარტოვდა. მშვიდ, სიტყვაძუნწ ადამიანს არ გასჭირვებია რამდენიმე კვირა მარტო, დღე და ღამე ლოცვაში გაეტარებინა. განდგომით ყოფნის შემდეგ პაატა ისევ სხალთაში დაბრუნდა.
1992 წლის 3 აპრილს დაბადების დღეზე პაატა ბერად აღკვეცეს და ანდრია პირველწოდებულის პატივსაცემად ანდრია უწოდეს. იმავე წლის აგვისტოში მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს. ამის შემდეგ მამა ანდრია ასკეტურად ცხოვრობდა, ფსალმუნებს ყოველდღე სრულად კითხულობდა, დღეში 200 მეტანიას ასრულებდა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს დაუჯდომელს უკითხავდა და ჯანმრთელობის პარაკლისს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხატთან იხდიდა, თითქმის არაფერს ჭამდა, საწოლის ნაცვლად ფიცრებზე ეძინა. არც ფიზიკურ შრომას ერიდებოდა, მიწას ამუშავებდა, პურსა და სეფისკვერს თვითონ აცხობდა. დიდთოვლობას არ შეუშინდა და სხალთაში ჩარჩენილმა 5 თვე მონასტერში მარტომ გაატარა. დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამდა, თუ ვინმე ეტყოდა, თანამედროვე მამები ადრეულ საუკუნეთა წმიდა მამებს მეტოქეობას ვერ უწევენო. მათ პასუხს მოციქულ პავლეს სიტყვებით სცემდა: ”იესო ქრისტე გუშინ და დღეს იგივეა უკუნისამდე”. როგორც ამბობდა, სულიერად ყველაზე ახლოს წმიდა სილუან ათონელთან იყო.
მალე მეუფე დანიელმა მამა ანდრია სამოღვაწეოდ აფხაზეთში გადაიყვანა და მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სოხუმიდან 15 კილომეტრით დაშორებულ კამანში წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესიის წინამღვრად დანიშნა. მის დანიშვნამდე ეკლესიაში მღვდელმსახურება არ ტარდებოდა, ამიტომ მონაზონმა მარიამმა და მორჩილმა მარიამმა (დედა-შვილი ზოია და მანანა ანუები) მამა ანდრია უფლის მიერ მოვლენილად მიიღეს.
აფხაზეთის ომის დროს მრევლს ხშირად სასოწარკვეთილება და შიში იპყრობდა, მაგრამ მოძღვრის მოკრძალებული ღიმილი, უწყინარი საუბარი და სიმშვიდე ნუგეშით ავსებდა და ათბობდა ომისგან გატანჯულ ხალხს. თავმდაბალი და მორიდებული, მოკრძალებული და თავაზიანი, მომთმენი და დიდსულოვანი, სულიერად განწმენდილი მოძღვარი არასოდეს ბრაზდებოდა. ადამიანურ სისუსტეს საოცარი სულგრძელობითა და სიყვარულით მიუტევებდა. რაც გააჩნდა, უსაზღვროდ გასცემდა და როცა გაჭირვებულს ეხმარებოდა, ბავშვივით ხარობდა.
1993 წლის 5 ივლისს კამანი ჩაიკეტა. აფხაზებმა სოფელი ალყაში მოაქციეს. ფიზიკურად ძლიერი და გონებით სავსე 27 წლის ახალგაზრდა მტერს არ შეუშინდა. სიკვდილი ძალიან ახლოს იყო, ამიტომ მამა ანდრიამ ყველას მოუწოდა, ღირსებითა და მორჩილებით მიეღოთ ღვთის მიერ მოვლენილი მძიმე განსაცდელი. სიმშვიდე არც მაშინ დაუკარგავს, როცა მტერი კამანში შევიდა და ბრძოლის ხმა უკვე ეკლესიის ახლოს ისმოდა. ეკლესიაში ყვირილის ხმა შემოესმათ, კამანის ინვალიდთა სახლის მოხუცები დახმარებას ითხოვდნენ. მამა ანდრია არ შეშინდა და ტყვიების წვიმაში მოხუცებისაკენ გაეშურა. სულ მალე ბრძოლა ეკლესიის ეზოში გაჩაღდა.
ღამის 3 საათზე მოძღვარმა ეკლესიაში მყოფნი აზიარა, დილის ხუთის ნახევარზე ისინი ალყაში მოაქციეს. მამა ანდრიას კურთხევით ეკლესიის აღმდგენმა იური (გიორგი) ანუამ მტერს კარი გაუღო. ცოტა ხნის შემდეგ მამა ანდრიაც გაიყვანეს ტაძრიდან. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, მუხლებზე დადგა და ლოცვა დაიწყო. კისერში ესროლეს. იმის ნაცვლად, რომ წინ დაცემულიყო, როგორც ჩვეულებრივ ხდება, მამა ანდრია ზურგით დაეცა. ეკლესიაში გამოკეტილებმა მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გაიგეს, რომ მათი მოძღვარი მოკლეს. მამა ანდრიას სხეული მიწაზე იდო, სახეზე ოდნავ შესამჩნევი ღიმილი დასთამაშებდა.
კამანის ეკლესიის მრევლმა თვალნათლივ იხილა სასწაული. ივლისის თაკარა სიცხეში მამა ანდრიას სხეული უხრწნელი დარჩა. გვამს ჭრილობიდან სისხლი ისევ სდიოდა და მკვლელობის ადგილას დაღვრილიც არ დედდებოდა. ამ სასწაულს აფხაზებიც შეესწრნენ. ბევრი მათგანი შენდობას ითხოვდა, წუხდა და თვალზე მომდგარ ცრემლს ვერ მალავდა. მათგან ზოგმა მამა ანდრიას მკვლელზე შურისძიებაც მოინდომა, მაგრამ სხვებმა ამის უფლება არ მისცეს. მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ თავად აფხაზებმა აცნობეს მრევლს, რომ მამა ანდრიას მკვლელი ნაღმზე აფეთქებულიყო.
მამა ანდრიას სხეული 7 ივლისს, წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე, კამანში ეკლესიასთან ახლოს დაკრძალეს. საფლავზე ხის ჯვარი აღმართეს. მამა ანდრიამ ქართულ ეკლესიებსა და მონასტრებს უანდერძა დიდებულად თარგმნილი „სამი გასაღები შინაგანი ლოცვისათვის".
კატეგორია: რელიგია | დაამატა: gi2gi
ნანახია: 269 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
  • gi2giSpam 2011-06-05

    ძალიან სასიამოვნოა თქვენნაირი ადამიანების სტუმრობა ჩვენს ვებ.გვერდზე ! იქნებ წყარო მიგეთითებინათ უფრო ზუსტად სადანაც ასწორებთ !.. ან წყაროს ლინკი !!!

  • უზუსტობას გავასწორებ: 1.რადიოქარხანაში არ მუშაობდა, მავთულბადის საამქროში. 2.ჩვენმა ოჯახმა ხუთი სასულიერო პირი (მამა ანდრიას ჩათვლით) მისცა ქვეყანას

  • კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]