მთავარი » ფაილები » მწერლობა

მებოსტნეთა ოჯახი - ”ი”ნგლისელები
2011-10-17, 10:39 PM



ოჯახის უფროსი - ალიკა
ასაკი - 39 წელი
პროფესია - ალიკა
ოჯახური მდგომარეობა - დაოჯახებული


დიასახლისი - ნუნუ
ასაკი - 34
პროფესია - ”კუხნя”
ოჯახური მდგომარეობა - ალიკას გააყოლეს




ალიკას სკოლა ძალით დაამთავრებინეს. გამჭრიახი გონებით, ანდა რომელიმე საგნისადმი მიდრეკილებით არასდროს გამოირჩეოდა. გაუმართლა - დირექტორი მამიდამისი იყო.

ცხოვრებაშიც დიდი უღერღილო ვინმე გამოდგა - ამაზრზენად წყნარი, უემოციო და სიცოცხლემისჯილი.
ბავშვობაში არც ლახტით ირთობდა თავს, არც ჭიაკოკონობა უხაროდა და არც დასასვენებლად ჩამოსულ მეზობლის თანატოლებს ეთამაშებოდა ბადმინგტონს.

მუშაობითაც დიდად არ იწუხებდა თავს, საზამთროსავით დამრგვალებულ მამამისს, იშვიათად თუ გაყვებოდა სათიბში, ისიც იმიტომ, რომ სხვა საქმის კეთება ბეზრდებოდა.

სხვა საქმე ეზოში ნაპოვნი ალვის ხის გამხმარი ტოტით ხელში უაზრო და უმისამართო ბოდიალი იყო.

ეფიქრა მაინც რამეზე!

სასიცოცხლო განაჩენის გამოტანიდან მეცხრამეტე წელს, მანქანებმა გაიტაცეს.

მთელი დღეები მაზუთში დასვრილი ხელებით ძრავის ნაწილებს ეთამაშებოდა, თვითონაც წვალობდა და მამის დატოვებულ ზილსაც აწამებდა.

შიგადაშიგ მეზობელს თეთრ ”აძინაცატს” გამოართმევდა, ბენზინისათვის გრიშა ძიას მიაკითხავდა, ”ბაკს” დედის პენსიიდან აწაპნული ფულით გაასველებდა და შლეგივით დააგრიალებდა საბჭოთა ”ურჩხულს”.

მანქანაში სასაცილოდ გამოიყურებოდა - ნამდვილი ”ი”ნგლისური ნიკაპი საჭესთან სიმბიოზს ქმნიდა, ცალთვალა ნიკიტასთან აკრეჭილი თავი კონსერვის ქილას მიუგავდა და გადასაპურჭყებლად, კედლის გუგულიანი საათივით, ”ატვიორკით” დამაგრებული ფანჯრიდან ჰყოფდა თავს.

ასაკის მატებასთან ერთად სასმლისადმი მიდრეკილება გაუძლიერდა და თუ ადრე, მხოლოდ ქელეხის სუფრაზე ყლურწავდა ღვინოს, ახლა ციკანიშვილებსაც ხშირად სტუმრობდა ჭაჭის საყიდლად.


ბოთლს, ქალაქიდან საგანგებოდა ჩამოტანილი ტყავის ქურთუკის სახელურში მალავდა, ფეხსაცმლის დანგრეული ფაბრიკის ბეტონის ფილაზე ”შემოქანდარებული” კი "აძინაცატის” პატრონთან და რამდენიმე უსაქმურ მოხუცთან ერთად მყრალ სპირტს სვამდა.

გამოცლილი ჭიქების პროპორციულად ხასიათიც უმჟავდებოდა და თანამესუფრეებს უხირდებოდა. რამდენჯერმე მოხვდა კიდეც, თუმცა ჭკუა ვერ ისწავლა.

სულ მთლად წახდებოდა ”ბიჭი”, დედამისს ნაირას რჩევა რომ არ გაეთვალისწინებინა და სარძლოს ძებნა არ დაეწყო.

მოიქოქა, ნაირა, მაგრამ რა მოიქოქა!

გაზაფხულზე ქორწილი გადაიხადეს და ალიკა ”დამშვიდდა”, ”დამშვიდდა” ნუნუც - ალიკას ცოლი.

ნუნუს არც ბავშვობა ჰქონია და არც ახალგაზრდობა, დიასახლისად იყო დაბადებული, ისევე როგორც დედამისი, ბებიაც და იმის დედაც, მოკლედ დედის ხაზით სულ, სულ ყველანი კუხარკები იყვნენ.

ნუნუ იღბლიანი იყო, ყველას ხომ არ უხდება ოცნებები?! ნუნუს აუხდა - გათხოვდა.

გათხოვდა და სამ წელიწადში სამი ბავშვი გააჩინა, ერთი ბიჭი, ორიც გოგო.

ალიკა არ მუშაობდა და მწირი მზითვების ამარა დარჩენილ ოჯახს გაუჭირდა.

გაუჭირდა და სახლი გაყიდეს, უფრო პატარა და მოუვლელი შეიძინეს.

ნუნუ იმედგაცრუებული დარჩა - უვარგისი ქმარი გამოადგა. მშიერი შვილების შემყურეს დედის ინსტინქტი გაუმძაფრდა და თვითონ დაიწყო ოჯახის რჩენა.

არაა, არ იფიქროთ თითქოს პროსტიტუციით დაკავდა. შეუხედავიც იყო და ვერც ”ი”ნგლისში იპოვნიდა ჩაკურატებული სხეულის მუშტარს.

ნუნუმ ”ი”ნგლისის ცენტრში პატარა, გაუმართავი დახლი იქირავა და ბოსტნეულის გაყიდვა დაიწყო.

ბოსტნეული თავიდან დედ-მამის ნაკვეთის ფეშქაში იყო, თუმცა ”სეზონზე” , ”ი”ნგლისში ჩასული ბოსტნეულის მსურველი ”დაჩნიკების” წყალობით, მალე საკუთარი ნაკვეთი იქირავა და თესლი ჩაყარა.

გამოფხიზლდა ალიკაც - ფულის სურნელმა ნიშადურის სპირტის მაგივრობა გასწია და რეინკარნირებული ოჯახის უფროსიც საქმეშია.

მებოსტნეთა ოჯახი ნელ-ნელა წელში გაიმართა, ალიკამ დიდი ფურგუნი იყიდა და საკუთარი ნაკვეთის მოსავლიანობის სიმწირის გამო, მარნეულის ”ოფტავოი ბაზარს” მიაშურა.

ნუნუ გაიფურჩქნა და გასუქებასთან ერთად ჭორფლებიც გაუმუქდა. გაჩხინკული ბავშვები, საჭმელზე სული რომ მისდიოდათ, შეფერიანდნენ და უფრო ბედნიერებიც იყვნენ, თუმცა სახის გამომეტყველება არ შეცვლიათ.

ვეღარც ალიკას ნახავდით უსაქმურად: ერთთავად ან ბოსტნეულის ყუთებს დაახრიგინებდა, ან მანქანის ”კაპოტში” იყო თავით და მაზუთიანი ხელებით ჩამძვრალი.

მალე ”ალიკოვიჩი” სკოლიდან გამოიყვანენს და მამას მიაბარეს განათლების მისაღებად.

კარგი მოსწავლე გამოდგა, მანქანის მართვაც ისწავლა და მებოსტნეობასთან დაკავშირებული სხვა სიკეთეებიც.

ძმის ბედი უფროსმა დამაც გაიზიარა და კლიენტებით დახუნძლულ დედას დამხმარედ დაუდგა.

აშენდნენ და აყვავდნენ მებოსტნეები.

ალიკამ საბჭოთა წარსული დაივიწყა და ოპელის მარკის ოცნება აიხდინა.

ნუნუმ უფროსი გოგოსთვის მზითვის შეგროვება დაიწყო და შვილს, კუხარკობასთან ერთად ჭრა-კერვასაც ასწავლიდა.

უმცროსი და - ბედის ნებიერა, სკოლაშიც დადიოდა და საკვებიც ქონდა, თუმცა ”სასჯელად” მამის ხასიათი გამოჰყვა.

ყველაზე მეტად ”ალიკოვიჩს” გაუმართლა. ოჯახის საქმეში ლუპით ჩაიხედა, უზრუნველი მომავლის იმედი გაუჩნდა, არც სწავლას აძალებდა ვინმე და ბონუსად მამის გერმანულ ”ურჩხულზე” ამხედრებული, ”შუფუწინსკის” უსმენდა.

მებოსტნეთა ოჯახი ამა წლის ზაფხულში ვნახე ბოლოს - სახლის სახურავს ცვლიდნენ და ეზოს ნანი-ნანატრ ღობეს ავლებდნენ.
კატეგორია: მწერლობა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 325 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]